ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც "ოცნების" შავ საქმეებს აგვარებს

რა ვიცით, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც პირველად 2013 წლის 7 ნოემბერს მთავარი პროკურორის რანგში გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ 2 თვით, რადგან დიდი სკანდალის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება და ამის შემდეგ 5 წელია, მისი სახელი მუდმივად ახალ-ახალ სკანდალებთანაა დაკავშირებული.

ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძე "ქართული ოცნების" შავი საქმეების მომგვარებელია და ამიტომაცაა ხელშეუხებელი. არაფორმალური მმართველობა, ბიზნესრეკეტი, ძალადობა, იძულება, მუქარა, კორუფცია - სხვადასხვა დროს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ გამოთქმული ამ ბრალდებების მიუხედავად, პროკურატურას მისთვის ბრალდება არც ერთ საქმეზე არ წარუდგენია. მის სახელთან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, როგორც "რეზონანსს" განუცხადეს, საქმე ჯერ ისევ ძიების სტადიაშია და ბრალი არავის არ აქვს წაყენებული.

ფარცხალაძის სკანდალური საქმეები

ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა 2013 წლის 7 ნოემბერს, 30 დეკემბერს კი მან თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა და ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა მისი გადაყენება მოითხოვეს.ერთ-ერთი სკანდალი მის დიპლომს ეხებოდა, რომლის მიღებაც 19 წლის ასაკში შეძლო და ბრალდებოდა, რომ მთავარ პროკურორს დიპლომი გაყალბებული ჰქონდა. გარდა ამისა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა, რომ 2001 წელს იგი გერმანიაში ბოტასების მოპარვის გამო იყო ნასამართლევი. ეს თავადაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.

ამას გარდა, ფარცხალაძე პროკურორობის 2-თვიან პერიოდშიც გაეხვია სკანდალში. საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის დავალებით საკნიდან გაიყვანეს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. გამოძიება მოგვიანებით, 2016 წელს, დაიწყო, მაგრამ 2017 წლის თებერვალში შეწყდა, ფაქტის დაუდასტურებლობის მიზეზით. შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და მისი არასათანადოდ გამოძიება დაადგინა.

მთავარი პროკურორობიდან გათავისუფლების შემდეგ იყო ბრალდება, რომ ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის კუთვნილი ავტომობილი ემსახურებოდა, რაც დასტურდებოდა ფოტოებითაც. თუმცა საგამოძიები სამსახური ამ ფაქტს უარყოფდა.

ფარცხალაძის სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა 2017 წლის მაისში, როდესაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას თბილისის ერთ-ერთ კლუბში თავს დაესხა. თავდასხმის ამსახველი ვიდეოც გასაჯაროვდა, პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ძიება ჯერ არ დასრულებულა.

მაშინ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური ფარცხალაძესა და მერიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებს იკვლევდა, სადაც ფარცხალაძეს 2 მილიონი ლარი აჩუქეს კომპენსაციის სახით და სწორედ ამის გამო დაესხნენ თავს.

როგორ გამდიდრდა ფარცხალაძე პროკურორობის შემდეგ

პროკურორობისას შევსებული დეკლარაციით, ფარცხალაძე ფლობს: თბილისში 150 კვ.მ ბინას, მისი ცოლი ფლობს საცხოვრებელ სახლს 76 კვ.მ ფართით. ფარცხალაძის საბანკო ანგარიშებზე ირიცხება 30 000 ლარი. ამავე პერიოდში მას 100 000 დოლარის იპოთეკური სესხი და 20 000 დოლარის კრედიტი აქვს აღებული.

2017 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ოთარ ფარცხალაძის ქონებისა და ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და, ამ მონაცემებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ქონება, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, რამდენჯერმეა გაზრდილი.

რა ქონებას ფლობდა ფარცხალაძე 2017 წელს: მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, კოსტავასა და ყიფშიძის ქუჩებზე, რომელთა ფართიც, ჯამში, 220 კვ.მ-ია; ყიფშიძეზე ორი კომერციული ფართი, ჯამში, 305 კვ.მ; ორი კომერციული ფართი ფალიაშვილზე, ჯამში, 479 კვ.მ; მშენებარე ბინა თბილისში (77,5 კვ.მ), დაბა ბაკურიანში ორი ბინა, ჯამში, 51 კვ.მ; ტაბახმელაში, სოფელ წავკისში, 4089 კვ.მ 4 მიწის ნაკვეთი.

გაზრდილია მისი ცოლის ქონებაც. მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, ჯამში, 251,9 კვ.მ; ორი ავტოსადგომი, ჯამში, 31,2 კვ.მ და ბინა ბათუმში 44,12 კვ.მ.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ყოფილი მთავარი პროკურორის ბიზნესსაქმიანობის შესახებაც. მან 2015 წლის სექტემბერში "როიალ დეველოპმენტის" 40%-იანი წილი იყიდა 50 დოლარად, 2016 წლის ივნისში კი გაყიდა 155 000 დოლარად. 2014-2016 წლებში ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს "მიტერას" 100% იყიდეს 2500 დოლარად და 2016 წლის აგვისტოში გაყიდეს 65 000 დოლარად.

2016 წლის ივნისში იყიდა შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" 100% 235 000 დოლარად, შეძენილი ქონების საერთო ღირებულება კი 1,1 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მერიასთან კორუფციული გარიგების საქმის კვლევის გამო დაესხა თავს და ეს საქმე სწორედ მისი მიერ ნაყიდ შპს "ბი-ეს-არ-სი-დი-ჯი დეველოპმენტს" შეეხებოდა. ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებულ აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მერიამ ფარცხალაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ ნაყიდ კომპანიაზე 2,6 მილიონი ლარის კომპენსაცია გასცა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, როცა მისი საბაზრო ღირებულება, მაქსიმუმ, 600 000 ლარი იყო, ხოლო ამ კომპანიის თავდაპირველი მფლობელი, რომელიც 2012 წელს გზის გაყვანის შედეგად დაზარალდა, 4 წელი უშედეგოდ ითხოვდა მერიის მხრიდან კომპენსაციას.

ბოლო სკანდალი - ბიზნესტერორი და ცემა

ოთარ ფარცხალაძის სახელი ბოლოს ფარულ ჩანაწერებში გამოჩნდა და ბიზნესრეკეტისა და სპორტის ყოფილი მინისტრის - ლევან ყიფიანის სარდაფში შესაძლო ჩაკეტვისა და ცემის სკანდალს დაუკავშირდა.

"ომეგა ჯგუფის" მფლობელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით ოთარ ფარცხალაძე მას 4 მილიონ ლარსა და სიგარეტის ბიზნესიდან წილს სთხოვდა. შუამავლის როლი ლევან ყიფიანს ჰქონდა დაკისრებული და იმის გამო, რომ იგი ამ საქმის იმდროინდელ პრემიერ კვირიკაშვილთან გარკვევას შეეცადა, ფარცხალაძემ "არასწორი სიარულისთვის" დასაჯა, სარდაფში ჩააგდო შიშველი, სასტიკად სცემა და გაუპატიურებით დაემუქრა.

ლევან ყიფიანმა ჩანაწერის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კატეგორიულად უარყო, რომ ფარცხალაძესთან რაიმე კონფლიქტი მოუვიდა და დააანონსა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელსაც შეიტანდა. სარჩელი ჯერ შეტანილი არ არის. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ცალკე არ დაიწყება და ეს ეპიზოდი დაერთვება "ომეგა ჯგუფის" საქმეს, სადაც ყველა გასაჯაროვებული ჩანაწერი ერთადაა თავმოყრილი.

თავად ფარცხალაძე, ამ ბრალდებების ნიაღვრის მიუხედავად, მედიასთან არ გამოჩენილა, არც რაიმე განცხადება გაუვრცელებია.