რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით
„ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ აგრძელებს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას. ამჯერად რუსმა გენერლებმა საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთმა „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადება გამოიყენა.
გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობლი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა. ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.
რუსი გენერლების განცხადებას პასუხი მოჰყვა შეერთებული შტატებიდან. პენტაგონის არმომადგენელი ერიკ პაჰონი „რია ნოვოსტისთან“ აცხადებს, რომ „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება და ის საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის.
რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს თბილისშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან მომდინარე მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.
"უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.
ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.
ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზებისდიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.
ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.
საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს.
„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს – სამწუხაროდ მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე.
რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაცატარებდნენ ლაბორატორიაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი მსგავსი დეზინფორმაციის წყარო გახლდათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც გაავრცელა მორიგი ცრუინფორმაცია ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ცდების ჩატარების თაობაზე.
საქართველოს მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების კვლევები არ ჩატარებულა და არ ტარდება, მით უმეტეს ამერიკელი ექსპერტების მიერ. ამასთან, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა როგორც საქართველოსი, ასევე რეგიონალური ბიოუსაფრთხოების განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.