[მერაბ ბრეგაძე]
ფოტორეპორტიორებსა და მთავარ პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. დაკავებულებს პირობითი სასჯელით გაანთავისუფლებენ. რეპორტიორები საპროცესო შეთანხმებაში არც ერთ ლარს არ გადაიხდიან. უფლებადამცველების შეფასებით, ფოტოკორესპონდენტების საქმეში ხელისუფლებამ საზოგადოებასთან სრული მარცხი განიცადა.
რაც შეეხება პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, ზურაბ ქურციკიძეს კვლავ ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ. სისხლის სამართლის კოდექსის 314- მუხლის პირველი ნაწილი - ესაა კვალიფიკაცია, რომელიც ქურციკიძის საქმეს მიეცა.
საქმეზე მომუშავე პროკურორ გურგენიძის დასკვნით, “ზურაბ შოთას ძე ქურციკიძემ (დაბ. 1973 წლის 01 იანვარს, პ/ნ 01013025931) ჩაიდინა ჯაშუშობა, ე.ი. უცხო ქვეყნისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წელს (ზუსტი თარიღი უცნობია) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ქურციკიძე, ქალაქ მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს, 1000 აშშ დოლარის აღებისა და შემდგომში გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე, კონფიდენციალური (აგენტურული) თანამშრომლობისათვის გადაბირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს) საქართველოში მყოფი კოორდინატორის ამჟამად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილი ანატოლი სინიცინის მიერ.
მან იკისრა ვალდებულება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღმოეჩინა რუსეთის ფედერაციის დასახელებული სადაზვერვო სამსახურისათვის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო-ოპერატიული საქმიანობის განხორციელებაში. ამ მიზნით, ანატოლი სინიცინის უშუალო ორგანიზებით, ზურაბ ქურციკიძემ დაამყარა ფარული ურთიერთობა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქ.თბილისის რეზიდენტურის ხელმძღვანელთან სერგეი ოკროკოვთან და მითითებული სამმართველოს საფარქვეშ მოქმედ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქესთან ფსევდონიმით ალექსეი (შემდეგში ალექსეი), რომლისგანაც სისტემატურად ღებულობდა დავალებებს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობებისა და სხვა მონაცემების მოპოვების და მათთვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულის სანაცვლოდ ზურაბ ქურციკიძეს ალექსეი პერიოდულად უხდიდა ფულად სახსრებს. ზურაბ ქურციკიძეს, ასევე, ხშირი სატელეფონო კავშირი ჰქონდა უშუალოდ ანატოლი სინიცინთან“.
„ზურაბ ქურციკიძემ, სადაზვერვო ამოცანების გადასაწყვეტად, მატერიალური სარგებლის შეთავაზებით, ერთობლივი ჯაშუშური საქმიანობისთვის დაიყოლია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორი ირაკლი გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც, თავის მხრივ, 2000 წელს ცხინვალის რეგიონში სამსახურებრივი მივლინებით ყოფნისას, ე.წ. ოსეთის უშიშროების კომიტეტის მუშაკების ხელშეწყობით, კონფიდენციალური (აგენტურული) თანამშრომლობისათვის გადაიბირეს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა.
ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს უმაღლესი თანამდებობის და საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირების უსაფრთხოების ორგანიზების, მათი გადაადგილების მარშრუტების, შეხვედრების განრიგების და გეგმების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების შეგროვება, მათ შორის ცალკეული საიდუმლო დოკუმენტების ფოტოგადაღება, რასაც ზურაბ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ მთავარ სადაზვერვო სამმართველოს.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ალექსეის მითითებით, ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ, საომარი მოქმედებების ზონაში, გადაიღეს საქართველოს სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადაადგილების, დისლოკაციის, ჯარისკაცების მორალური მდგომარეობის და ა.შ. ამსახველი ფოტომასალა, რაც მიაწოდეს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. ზურაბ ქურციკიძე ალექსეისგან მიღებულ ფულს უნაწილებდა ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს. ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში ეხმარებოდა ამ უკანასკნელის მეუღლე ნათელა გედენიძე.
2011 წლის 07 ივლისს ზურაბ ქურციკიძე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მთავარი სადაზვერვო სამმართველოსათვის გადასაცემად განკუთვნილი ინფორმაცია, მათ შორის, 3 ცალი CD დისკი, რომლებშიც ჩაწერილია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებანი:
ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის საცხოვრებელი ბინების და ირაკლი გედენიძის სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმები და ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (აღნიშნულით დადასტურებულია, რომ ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს მოპოვებული და CD დისკზე შენახული ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რაც მათ, თავის მხრივ, გადასცეს ზურაბ ქურციკიძეს), ინფორმაცია ანატოლი სინიცინს, სერგეი ოკროკოვსა და ზურაბ ქურციკიძეს შორის სატელეფონო ნომერზე შემომავალ-გამავალი ზარების შესახებ, ბრალდებულ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის და ნათელა გედენიძის დეტალური აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები, საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ზურაბ ქურციკიძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლით,- დავადგინე:
1. ზურაბ ქურციკიძე ცნობილი იქნეს ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2. ზურაბ ქურციკიძეს აღნიშნული დადგენილება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის მეშვეობით“.
მთავარი პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ „ფოტორეპორტიორებმა გამოძიებას საიდუმლო სამსახურებისა და მათთან კავშირზე მყოფი პირების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია“:
„ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, არამხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ, დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ“.
ამასთან, დაკავებულ ფოტორეპორტიორებსა და მთავარ პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პროკურატურამ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა შუამდგომლობით, მოხდეს დაკავებულთა პირობითი მსჯავრით გათავისუფლება:
„ვშუამდგომლობ :
1. დაამტკიცოთ ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათელა გედენიძესთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მეშვეობით 2011 წლის „22„ ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება; 2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოთ განაჩენი სისხლის სამართლის №081210711001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებული ზურაბ შოთას ძე ქურციკიძე (დაბ. 1973 წლის 01 იანვარს, პ/ნ 01013025931) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული გიორგი რამაზის ძე აბდალაძე (დაბ. 1972 წლის 09 აგვისტოს, პ/ნ 60001052817) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ირაკლი გიორგის ძე გედენიძე (დაბ. 1973 წლის 05 დეკემბერს, პ/ნ 01010009743) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ნათელა ვასილის ასული გედენიძე (დაბ. 1978 წლის 10 სექტემბერს, პ/ნ 01016000228) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით“.
საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდრობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, “ხელისუფლება ფოტოგრაფების საქმეში დამარცხდა". როგორც ბესელია აცხადებს, „უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პროკურატურა ჯაშუშობის მუხლით ბრალდებულთათვის პირობით სასჯელს ითხოვს და ეს სწორედ საქმეში მტკიცებულებების არქონით არის განპირობებული“:
„როგორც მოსალოდენლი იყო, ხელისუფლებამ დაცვის მხარესთან სამერთლებლივი არგუმენტებით ჭიდილი ვერ შეძლო და ისეთ აკრძელულ მეთოდს მიმართა, როგორიცაა ბრალდებულისთვის ადვოკატის აცილების განცხადების დაწერის მოთხოვნა.
ხელისუფლება ფოტოგრაფების საქმეში დამარცხდა, ვინაიდან საზოგადოება ამ ადამიანების ჯაშუშობაში ვერ დაარწმუნა და სწორედ ფაქტების არარსებობის გამო დახურა მთელი საქმე მაშინ, როდესაც ამის სამართლებლივი საფუძველი არ არსებობდა. საქმის მასალები არ გააცნეს არც ერთ დაკავებულ პირს. მათ დღემდე არ იციან, რა მასალები დევს საქმეში და ისინი არც დაცვის მხარეს გადაეცა.
ამასთან, სამივე დაკავებულისგან ყველა ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით არის მიღებული. ეს ჩვენებები სამართლებლივი ღირებულების მატარებელი არ არის, დაკითხვის ოქმი კი, რომელსაც დაკითხვაში მონაწილე 4 იურისტიდან არცერთმა არ მოაწერა ხელი, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად ვერ ჩეითვლება და მას სერიოზულად არც ერთი საერთაშორისო სასამართლო არ აღიქვამს“.
ბესელიას თქმით, „აბდალაძის ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და სასამართლო განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმებას მხარს არ უჭერდნენ, ამიტომაც აიძულა ხელისუფლებამ აბდალაძე, ადვოკატებისთვის აცილება მოეთხოვა და მისთვის სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ“:
„ხელისუფლებას ღია სასამართლო განხილვის შეეშინდა და ეს ნაბიჯი მისი მხრიდან მარცხის აღიარებაა. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საქმეზე მონიტორინგს ვაგრძელებთ და ცხადია, რომ ეს საქმე ასეთი გადაწყვეტილებით არ დასრულდება“.
გარდა ამისა, ბესელიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულმა ფოტოგრაფებმა, ყოველ შემთხვევაში გიორგი აბდალაძემ გამოძიებას სხვა ჯაშუშების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებს, ბესელიას შეფასებით, მათ „არანაირი სამართლებლივი ღირებულება არ აქვს, ვინაიდან გუშინდელი ჩვენება ზეწოლის შედეგად იყო მიღებული“.
„ალია-ჰოლდინგი“ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს უკვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ გამოძიებას ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დასამტკიცებლად არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნია და საკუთარი უკანონობის მისაჩქმალად ერთადერთი გზა - საპროცესო შეთანხმების გაფორმება აირჩია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე ვერასოდეს გაიგოს. საპროცესო შეთანხმებების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებს და საზოგადოებას არასოდეს მოგვეცემა საშუალება, გავიგოთ, თუ რა მოხდა რეალურად.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის უდანაშაულობაში, რადგან გამოძიებამ ვერ წარმოგვიდგინა ვერც ერთი რეალური მტკიცებულება, გარდა საშინელი ზეწოლით მიღებული აღიარებითი ჩვენებებისა. გამოძიებამ უარი თქვა ღია სასამართლო პროცესზე და საქმის სამართლიანად წარმართვაზე. „ალია-ჰოლდინგი“ ვერ მიიღებს მონაწილეობას იმ უკანონობაში, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს. ჩვენ ვერ დავუშვებთ უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას.
აქედან გამომდინარე, „ალია-ჰოლდინგმა“ ხელშეკრულება გაუწყვიტა იმ ადვოკატებს, რომლებიც გიორგი აბდალაძის სამართლიან ინტერესებს იცავდნენ და დღესაც მის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან. „ალია-ჰოლდინგი“ მადლობას უხდის ადვოკატებს ეკა ბესელიას, მერაბ ჩიქოვანს, რამაზ ჩინჩალაძეს და ლადო მაჭარაშვილს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის სამართლიანი ინტერესები დაეცვათ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი სიტყვის დასაცავად“.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ მისიებს დაკავებულ ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების მოპოვება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა და ფოტორეპორტიორების საქმეში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით კი, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მედიამ „სერიოზულად იბრძოლა“, ადვოკატთა კორპუსმა კი პროფესიონალიზმის გარდა „მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია აჩვენა“:
„მართალია საქმის დასასრული არ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურად - აღიარებითი ჩვენება ლაქად გასდევს მთელს ამ საქმეს (რადგან ის არ გამოირჩევა დამაჯერებლობით და ვერ აბათილებს საზოგადოებაში არსებულ მყარ რწმენას, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია), მაგრამ ის უდავოდ უნდა ჩაითვალოს მსგავს სიტუაციაში ქართული საზოგადოების, პრაქტიკულად, უპრეცენდენტო გამარჯვებად. ჟურნალისტთა კორპუსმა ძალიან სერიოზულად იბრძოლა, ადვოკატებმა კი პროფესიონალიზმის გარდა აჩვენეს მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია“.
რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით ზოგადად ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას, ექსპერტი გარკვეულწილად უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების მორალური დაცვა ვერ შეძლო:
„პირველი ამოცანა, რომ ისინი ციხეში არ დარჩენილიყვნენ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევასრულეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მორალური დაცვა ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მომხდარი მაინც შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების უკეთეს ეტაპად. აქამდე არ ყოფილა პრეცენდენტი, როცა ქართულ საზოგაოდებას სერიოზული შედეგის მიღება მოეხერხებინოს“.