[საბა წიწიკაშვილი]
კონტროლის პალატის რევიზორების ყურადღების მიღმა დარჩენილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემოწმების ფუნქცია კერძო აუდიტორულმა ფირმებმა შეითავსა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობა 2007 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ შეამოწმეს. „ქართლის ხმამ“ მოიპოვა ეს დოკუმენტი. ის 2010 წლის 31 მაისს შპს „ვაგი აუდიტმა“ შეადგინა. აუდიტის დასკვნა გორის მუნიციპალიტეტის, მხოლოდ 2007, 2008 და 2009 წლების ბიუჯეტების შედგენისა და შესრულების კანონიერებას ეხება. დანარჩენი წლების 2010, 2011 და 2012 წლების აუდიტორული დასკვნის დასაწერად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექსპერტები ჯერ არ მიუწვევია.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს „ვაგი აუდიტის“ ექსპერტები – ვახტანგ მანძულაშვილი, გია ედიშერაშვილი და მ. რაძმაძე 2010 წლის მაისში დაიქირავა. დასკვნის შესავალ ნაწილში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ფინანსური პოლიციის და პროკურატურის მიერ ამოღებულია 2007, 2008 და 2009 წელს სხვადასხვა სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“. შესაბამისად, აუდიტორულ ფირმის წარმომადგენლებს ამ პერიოდის სამუშაოებზე ნაწარმოებ ფაქტებზე მოსაზრებების გამოთქმის საშუალება არ მიეცათ, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთლიანად ანგარიში უტყუარად და სამართლიანად ასახავს 2007, 2008 და 2009 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოების ანალიზს.
„ქართლის ხმის“ ყურადღება მიიპყრო თვით აუდიტორული ფირმის მიწვევის თარიღმა. 2010 წლის მაისში ფაქტობრივად შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი აღარც ჩამოდიოდა გორში, მის მოვალეობას ერთი თვე პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი ასრულებდა. საუბარი ახალი გუბერნატორის დანიშვნის შესახებ, აქტიურად მიდიოდა. გარდა ამისა, პროკურატურიდან დამატებითი მასალების გატანა მოხდა. 2010 წლის მარტში კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფარული კამერის საშუალებით კარალეთის გამგებელი ზვიად ბერიანიძე ქრთამის აღების ეპიზოდზე გამოიჭირეს. ამ კამპანიას აუდიტის შემოწმებაც დაემთხვა.
რა წერია დასკვნაში საინტერესო? ჩვენს შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ანგარიშის ბოლო გვერდია, სადაც აუდიტის ექსპერტებს რეკომენდაციები აქვთ შემუშავებული. ვიდრე ამ რეკომენდაციებს შევეხებით, მანამდე ანგარიშში მოყვანილ შენიშვნებზე ვისაუბრებთ.
2007 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 12-ჯერ დაზუსტდა, საბოლოოდ მისი მოცულობა 16 მლნ 140 ათასით განისაზღვრა. აუდიტის მოსაზრებით, 2007 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი არასწორად იყო გათვლილი. არასაგადასახადო შემოსავლების გათვლა კი სათანადო გაანგარიშებას არ ემყარებოდა. ექსპერტები 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, სახელმწიფო საკჲუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზურფუქტი, ქირაოვნობა, იჯარა და სხვ) ყურადღების გამახვილებას ითხოვენ.
2007 წელს, აუდიტის შეფასებით, დარღვევებია საწვავის ტალონების გაცემასთან და ჩამოწერასთან დაკავშირებით. კერძოდ ტალონების გაცემა მიღება-ჩაბარების აქტებით, ტალონების რაოდენობითა და ნომრების ჩვენებებით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებელი პირების მიერ საწვავის ხარჯვის შესახებ დოკუმენტაცია არ წამოებდა.
რაც შეეხება კულტურის სფეროს, აუდიტს მიაჩნია: „სასურველი იქნება, თუ კულტურისა და სპორტის სფეროში ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა სრულყოფილად, წლის დასაწყისშივე იქნება შედგენილი სათანადო ხარჯთაღრცხვით და დამტკიცებულ ბიუჯეტს თან დაერთობა. ამასთან ამ ღონისძიებებზე შესაბამის სპორტულ და კულტურულ დაწესებებულებთან გაფორმდება ხელშეკრულება ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით მიზნობრივი სუბსიდიების გამოყოფის თაობაზე“.
აუდიტს ასევე მიაჩნია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხარჯებიც სასურველია პროგრამის სახით დაიგეგმოს. „შესაძლებელია, შედგენილ იქნას ბავშვთა კვების და სხვადასხვა ღონისძიებების პროგრამა, რომელიც ამ სფეროში მონიტორინგის ჩატარების საშუალებას იძლევა“ – წერია დასკვნაში.
2008 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 20-ჯერ შევიდა ცვლილება. საბოლოო მოცულობა 41 მლნ 133 ათასს ლარს შეადგენდა. აუდიტის მოსაზრებით, ამ პერიოდშიც საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი არასწორად იყო გათვლილი. „კერძოდ, არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები“. ამავე წლის ბიუჯეტშიც არასაგადასახადო შემოსავლების გათვლა არ ემყარებოდა სათანადო გაანგარიშებას. სწორედ ამ „გაუთველობას“ უკავშირებს აუდიტი ბიუჯეტში ასეთ ხშირ ცვლილებებს.
აუდიტს მიაჩნია, რომ 2007 წლის მსგავსად, 2008 წელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნას არღვევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან არ ხდება საკრებულოს წინაშე ბიუჯეტის პროექტის სათანადო წესით წარდგენა. სხვა შენიშვნები 2008 წლის მონაცემებზე, აუდიტს არ გააჩნია.
რაც შეეხება 2009 წელს, ამ პერიოდში აუდიტმა 11 ცვლილება დაინახა 18 მლნ-იან ბიუჯეტში. გასულ წლების მსგავსად, 2009 წელსაც სახელმწიფო საკუტრებაში არსებული ქონების მართვაში გადაცემიდან შემოსავალი ვერ შესრულდა.
სახელმწიფო შესყიდვების დებულების შესრულების არაერთგზის დარღვევის ფაქტები შეამჩნია აუდიტმა. ასე მაგალითად. თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 5 000 ლარს აღემატებოდა, სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო ეცნობებინა შესყიდვების პროცედურების დაწყების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. აუდიტმა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის ან მომსახურების ღირებულება 50 000 ლარს, სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში 120 000 ლარს აღემატებოდა, შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების დადების შემდეგ, ვალდებული იყო ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „24 საათში“ გამოექვეყნებინა. აუდიტმა ეს ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
აუდიტის დასკვნით, ზოგ შემთხვევაში საჯარო მოხელეები გამგებლის ბრძანებას არ ასრულებენ. მაგალითად, შპს „გორგაზმშენთან“ 2008 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხელოს გადახდა. მიმწოდებელმა დაარღვია სამუშაოს ჩაბარების ვადები, ხოლო გამგეობის მხრიდან ზომები არ გატარებულა. ეს ინსპექტირების ჯგუფს უნდა გაეკეთებინა, რომელსაც გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ხელმძღვანელობდა.
აუდიტმა 2008-2009 წლებში, გორში გარეგანათების ექსპლუატაციისა და აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ვერ მოიძია, რადგან დოკუმენტები შიდა ქართლის პროკურატურაში წაუღიათ.
აუდიტს ასევე არ მოეწონა გამგეობის საბუღალტრო წარმოების მეთოდლოგია, რომელიც წლების განმავლობაში პრაქტიკაში იყო დანერგილი. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ბუღალტერიის მუშაკთა სამსახურებრივ მოვალეობებს არ განსაზღვრავდა, რიტაც თითოეულმა მუშაკმა არ იცოდა თავისი კონკრეტული ვალდებულებები და არ აგებდა პასუხს მათი შესრულებისთვის. აუდიტმა კონკრეტული რეკომენდაციები ჩამოუწერა ბუღალტრებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საქმის წარმოება, აღრიცხვა, ანგარიშგება და ინვენტარიზაცია. როგორც აღმოჩნდა, ექსპლუატაციაში გადაცემული ყველა მატერიალური მარაგი არ იმყოფებოდა იმ პირებთან, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ექსპლუატაციისა და შენახვისათვის. არ იცავდნენ სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების წესს.
საბოლოოდ, ჯამში, აუდიტმა 2010 წლის 31 მაისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას 10 რეკომენდაცია მისცა:
1. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დასაბუთებას, პრიორიტებების განსაზღვრას, საბიუჯეტო განაცხადების მიღებას, სადაც ასახული იქნება გასატარებელი ღონისძიებები.
2. გამგეობის სამსახურებისა და საშტატო ერთეულის ამოცანები, ფუნქციები და უფლება მოვალეობები, დაყვანილ იქნეს თითოეულ საჯარო მოხელემდე, რათა ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ვალდებულებებს.
3. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, აუცილებლობას წარმოადგენს ხელშეკრულებათა პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი.
4. სათანადო ყურადღება დაეთმოს დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის სწორად შედგენას. საჭიროებს დამკვეთისა და შემსრულებლის მხრიდან დასაბუთებას და შეთანხმებას.
5. მთავრობის, სარეზერვო ფონდებიდან თანხების მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს სათანადო გაანგარიშებას, პროექტებს და ხარჯთაღრიცხვებს. შემოსავლების, ადგილობრივი წყაროების, გადასახადელების სწორად დაგეგმვა.
6.სამუშაოთა შესრულების პროცესში დაინერგოს ფარული სამუშაოების აქტების შედგენის და ამ სამუშაოთა მონიტორინგის ჩატარების პრაქტიკა.
7. სახელმწიფო შესყიდვებთანდ დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წინადადებების მომზადების პრაქტიკა დაინერგოს. სადაც ასახული იქნება შესასრულებელი თუ უკვე შესრულებულ შესყიდვებთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხი.
8.ძირითადი საშუალებების მოვლა შენახვის და უკეთ დაცულობის მიზნით, ქონება ჩაბარდეს პასუხისმგებელ პირს და ყოველწლიურად ჩატარდეს რიცხული ქონების ინვენტარიზაცია.
9.ანგარიშვალდებულმა პირებმა ყოველთვიურად წარადგინონ ბუღალტერიაში დოკუმენტი (აქტი) საწვავის ჩამოწერის შესახებ, მასზე მიმაგრებული ავტომანქანის მიერ საანგარიშო პერიოდში გარბენილი კილომეტრების ჩვენებით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს როგორც საწვავის ხარჯვის რეალობა, ასევე საბურავების და ზეთის შეცვლის დროულობის განსაზღვრა. საჭიროდ მიგვაჩნია ავტომანქანის რემონტამდე დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაუტარდეს დათვალიერება, სადაც მოხდება დეფექტური ნაწილების აღდგენა და შესაბამისი დეფექტური აქტის შედგენა.
10. საბიუჯეტო სახსრების უკეთ კონტროლის და თანხების არამიზნრობრივი ხარჯვის რისკის ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საბიუჯეტო თანხის გაცემამდე საფუძვლიანად შემოწმდეს ხარჯვის უზრუნველყოფისთვის წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტები, ხოლო თანხის ანაზღაურება განხორციელდეს ბანკის (გადარიცვის) მეშვეობით.