[მანანა ნოზაძე]
ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და საზოგადოების სოლიდარობის აქციები უკვე ორი კვირაა, გრძელდება. ადვოკატები აცხადებენ, რომ ახლა ხელისუფლების ერთადერთი მიზანია, რამენაირად გიორგი აბდალაძისგან მეორე ”აღიარებითი” ჩვენება მიიღოს, რომელიც პირველთან შედარებით უფრო სრულყოფილი იქნება და ნაკლებ კითხვებს გაუჩენს საზოგადოებას. ადვოკატ ეკა ბესელიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მოვალეა, ფოტორეპორტორები მორალური დაცემისგან გადაარჩინოს და მათ გასამხნევებლად გვერდით დაუდგეს.
რაც შეეხება პროცესუალურ გარიგებას, ფოტორეპორტიორების ადვოკატები ამას ხელისუფლებისგან შეთავაზებულ უკანონობად მიიჩნევენ. მათი აზრით, საპროცესო გარიგებას ისინი მხარს არ დაუჭერენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რათა უკანონობის თანამონაწილენი თავადაც არ აღმოჩნდნენ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავად ხელისუფლებასაც აღარ სჯერა ამ ”აღიარებითი” ჩვენებების, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ფატალური.
”თვითონ ხელისუფლებაშიც ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ამას დაიჯერებს. განსაკუთრებით - გიორგი აბდალაძის ჩვენებით, ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ სერიოზული პროცესები დაიწყო. ამის გამო მინდა, ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჟურნალისტების მიმართ. მედიის წარმომადგენლებმა სამართლიანობის სახელით, დღეს შეძლეს ის, რაც საქართველოში ვერც პოლიტიკოსებმა და ვერც ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას დააშვებინეს ფატალური შეცდომები”.
ხუხაშვილის აზრით, გიორგი აბდალაძის ე.წ. აღიარებითი ჩვენება სრული აბსურდი იყო. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რანაირი ძალადობრივი მეთოდითაც არ უნდა შეკეროს საქმე ხელისუფლებამ, ამ საქმეზე საბოლოო ვერდიქტს მაინც ქართველი ერი გამოიტანს.
„ჭაღარა გამოვიდა და ბორჯომს სვამდა“ და ესეც რაღაცებს თუ ჩამოვაშორებთ „აღიარებით ჩვენებას“, პრინციპში, იქ არსად ჩანდა, რომ რასაც ფოტორეპორტიორი სჩადიოდა, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს სცილდებოდა. იქ იყო ბევრი შეუსაბამობა. ხელისუფლება მიხვდა, რომ დაუშვა ფატალური შეცდომა და დღეს ცდილობს, უკანა რიცხვით დავარცხნოს საკმაოდ აწეწილი საქმე. ამას კი, ჩემი აზრით, სასურველი შედეგი აღარ მოჰყვება“, - აცხადებს ექსპერტი.
„ხელისუფლებას უკვე უნდა ესმოდეს, რომ ვერდიქტი ამ საქმეზე გამოგვაქვს ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას. როგორც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ძალადობრივი მეთოდებით დღეს საქმე შეკეროს და სასამართლოში საპროცესოთი ან სხვა მეთოდით მიიღოს გადაწყვეტილება, შეცდომა უკვე დაშვებულია. სიმართლე გითხრათ, ჯაშუშებად გადაბირების დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ დაშინებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ თურმე ქურციკიძემ აბდალაძე და გედენიძე დააშინა. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი”.
გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლებამ მათი ბრალეულობის დასადასტურებლად დღემდე ვერაფერი ფასეული ვერ წარადგინა, ხოლო ის, რაც წარადგინა, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ექსპერტის მოსაზრებით, თუ ასე გაგრძელდა და ხელისუფლება ისევ შეეცადა, რომ არსებულ შეცდომებს კიდევ ახალი დაუმატოს, ეს საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღას კიდევ უფრო გაზრდის.
”ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც დაიქირავა EPA-მ და ოჯახმა, ქურციკიძის დაკითხვაზე არ შეუშვეს. კი ბატონო, „ძალა აღმართს ხნავს“ პრინციპით, შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება. მაგრამ ცოტა წინ რომ გაიხედოს ხელისუფლებამ, ამ ტიპის ქმედებები მხოლოდ ამძიმებს თავად ხელისუფლების მდგომარეობას და გამოსავლისკენ არ არის მიმართული. დღეს ამ საქმეზე გამოტანილი სამართლიანი გადაწყვეტილება მთლიანად ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების ინტერესებშიცაა, რადგან, უბრალოდ, სხვა გზა არ დარჩენიათ. შესაძლოა, დღეს ადამიანს მოერიო, მაგრამ მე მგონი, სამყარო მაინც ისეა მოწყობილი, რომ უსამართლობა დასჯადია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჯაშუშთა გადაბირების რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა არცერთი მათგანი ქართველ რეპორტიორებს არ მიესადაგება.
„გადაბირების სხვადასხვა მეთოდთა შორის შეიძლება იყოს დაშინება, ფული, დაპირება, მილიონი რამ. ადამიანის საკუთარ ჭკუაზე მოქცევა შეიძლება როგორც ძალით, ისე - სხვა დაინტერესებით. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის განმარტებით სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ჯაშუშობის სუბიექტი არის უცხოეთის მოქალაქე და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. თავის მხრივ, ტერმინი „ჯაშუში“ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი ან მოქალაქე ეწევა ჯაშუშურ საქმიანობას“, - აცხადებს სესიაშვილი.
მისი თქმით, ჯაშუში არ არის ჩვენი მოქალაქე. ამდენად, ესეც პრობლემაა ჩვენი საგამოძიებო უწყებისთვის. ისინი ცდილობენ, მოხდეს გადაკვალიფიცირება და უფრო დამაჯერებელი სურათი შექმნან.
„თავისთავად, ეტყობა, საქმე აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო, არანაირი მტკიცებულება, ფაქტები არ არსებობდა. დღეს ხელისუფლება კერავს საქმეს, რათა როგორმე ფაქტები დროსა და მოვლენებს დაუკავშირდეს. რა ზღაპარიც მოყვა გიორგი აბდალაძემ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ეს საქმეც ისეა შეთითხნილი, რომ აქ სიმართლის, რეალობისა და სიცრუის გარჩევა ძალზე ძნელია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ირაკლი სესიაშვილის აზრით, ფოტორეპორტიორების საქმე პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, რადგან ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, არჩევნებთან მიმართებითაა.
„ამიტომ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ხდება ზაფხულში. ხელისუფლება ცდილობს, ამ მომენტით ისარგებლოს, გაწმინდოს საზოგადოება ზედმეტი ელემენტებისგან, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს მეტი შიში საზოგადოებაში. როცა იჭერ ოპონენტს, ცემ და უსწორდები სხვა პოლიტიკური ძალების ან ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილ ჯგუფებს, ეს გასაგებია, მაგრამ, როცა იჭერ შენიანს და მას მტრის ხატსა და რუსეთს უკავშირებ, ეს კიდევ ცალკე შიშის ფაქტორია“.
ექსპერტის აზრით, ამ ადამიანებს ალბათ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ, რომ როგორმე სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობა არ ჰქონდეს გამოძიებას.
„ალბათ ცოტა ხანს გააჩერებენ ციხეში და მერე გამოუშვებენ თავისუფლებაზე იმ პირობით, რომ ისინი ხმას არ ამოიღებენ და ქვეყანას არ დატოვებენ. მათ პირობითი სასჯელი ექნებათ, მერე კი უკვე არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყება და აღარავის ეცლება ამ საქმისთვის“, - აღნიშნავს სესიაშვილი.