„ომეგას“ საქმის პოზიტივი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ფორმის გამოყენებით დაალაგოს სამზარეულო“

„ომეგას“ საქმის პოზიტივი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ფორმის გამოყენებით დაალაგოს სამზარეულო“

გიორგი ქობულიას განცხადებით, დავალიანების გადახდას თავს ვერავინ აარიდებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვლის, რომ „იბერია ჯგუფის“ ბრალდებები მთავრობის მიმართ უკავშირდება იმას, რომ კომპანიამ დავალიანების გადახდას თავი აარიდოს. მისი თქმით, ეს არის ძალიან დიდი თანხა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ.

„ასეთ შემთხვევაში მგონია, ცოტა უხერხულია, როცა ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს მიმართული უფრო იმისკენ, რომ თავიდან აირიდონ დავალიანების გადახდა. დავალიანების გადახდას თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს. ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი. გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

„ომეგა ჯგუფს“ რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე კომერციული ბანკების ვალი აქვს, ამის შესახებ თავად ბანკები საუბრობენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია „ომეგა ჯგუფის“ საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კომპანიამ განაგრძო ახალი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დაგროვება და გაზარდა იგი 52,830,844 მილიონამდე, მათ შორის ძირი თანხა 26,4 მილიონიდან გაზარდა 40 მილიონამდე.

კერძოდ, 2015 წელს, „ომეგა ჯგუფმა“ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.

2016 წელს, კომპანიის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი; 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი.

დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ, დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი. 2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი. 2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი. შემოსავალების სამსახურის ინფორმაციით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს ტელეკომპანია „იბერიასაც“ და ის 86,811 ლარს შეადგენს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად გამოიყენა და დღეს ამ კომპანიას 50 მილიონი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. შესაბამისად, თეა წულუკიანის განცხადებით, ბიზნესმენი ყველაფერს კადრულობს, რათა ეს თანხა არ გადაიხადოს.

„რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს ორი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, რათა ხალხის ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნას თანხა, ამ კომპანიამ აიცილოს და არ გადაიხადოს.

მეორე – 11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად იქნა გამოყენებული და დღეს კომპანიას 50 მილიონი ლარი აქვს ვალი ხალხის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, რათა ხალხს თანხა არ გადაუხადოს. ეს არის ჩვენი ხალხის თანხა, რომელიც შემდეგ ნაწილდება საგანმანათლებლო პროექტებზე – პენსიებზე, მშენებლობებზე, პოლიციის გაძლიერებასა და ჯარზე. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია, საგადასახადო დავალიანება დაფარული იყოს“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ მოვლენებში ჯერჯერობით ზაზა ოქუაშვილის ინტერესები იკვეთება, რომ არ გადაიხადოს გადასახადები. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არ დაიჯერებენ.

„უცნაურად მეჩვენება კითხვა, ვისი ინტერესები იკვეთება. ჯერჯერობით, რომ ვუყურებ, იკვეთება ოქუაშვილის ინტერესი, რომ ფული არ გადაიხადოს ბიუჯეტში, სხვა ინტერესს ვერ ვხედავ. თითქოს, ივანიშვილი ოთხი მილიონის გადახდას აიძულებდა – ეს არის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არ დაიჯერებენ. რეალურად, თემა იქ არის ფულის გათეთრების, გადარიცხვისა და უცნაური გატანა–გამოტანის. სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც იფარება ხშირ შემთხვევაში სკანდალური განცხადებებით და რაღაც ჩანაწერების დემონსტრირებით“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ექსპერტი, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ისტორია, როდესაც სისტემა მთლიანად რუხ ზონაშია გადასული, რომლებიც ცდილობენ ამ სიტუაციიდან ხელის მოთბობას და რაც ყველაზე სამწუხაროა ამას ბიძინა ივანიშვილის სახელით აკეთებენ. როგორც გია ხუხაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, აქ ისტორიაში დაჩაგრული, თეთრი და ფუმფულა მხარე არ არსებობს.

„ყველა გასვრილია, ყველას თავისი პასუხისმგებლობის წილი აქვს და ამაშია საქმე. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის ოქუაშვილის მორალური მხარე და მისი შეფასება არ არის საინტერესო, ამ ტიპის პერსონაჟებს რა დალევს. ჩვენთვის პრობლემაა არის თუ არა რამე დანაშაულში ეჭვმიტანილი რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი, ან ხელისუფლების სახელით მოქმედი რომელიმე ინტერესთა ჯგუფი. ჩვენ ესენი უნდა გავასამართლოთ.

ოქუაშვილმა ეს რატომ ჩაწერა, დაამონტაჟა თუ არა, და რომ ის არის ცუდი კაცი, სულ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ფაქტობრივი გარემოებები. ეს არის სარდაფი, ბანკი და ა.შ. რა იყო ყველაფერ ამაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების წილი.

თუ ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ რაღაცა ასეთი აკეთონ, ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ მარტო ოქუაშვილის მიმართ აკეთებენ ამას. იმიტომ, რომ ეს არის უკვე სისტემა. თუ ერთის მიმართ აკეთებენ, ე.ი. სხვების მიმართაც კეთდება და იქ შეიძლება კარგი ხალხიც აღმოჩნდეს, თავი რომ გავანებოთ ინსტიტუციურ ბაკჰანალიას. შესაბამისად, წესით ხელისუფლების ღირსების საქმე უნდა იყოს გამოიძიოს“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის არ სჯერა, რომ ივანიშვილი ვიღაცისგან 4 მილიონს თხოვდა. თუმცა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე არსებობენ სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მისი სახელის ბოროტად გამოყენებით საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ.

„აქიდან გამომდინარეა ხელისუფლების რეაქცია გასაკვირი. ივანიშვილი ოქუაშვილზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული საქმის გამოძიებით. თუკი ასეთი რამე ხდება მის ორბიტაზე, შესაბამისი პირები მკაცრად იქნან დასჯილები. როდესაც ჩვენ ვისმენთ, რომ თავი იმისი იყო და ტანი სხვისი, შესაძლებელია სრულიად დაუსმსახურებლად ივანიშვილი საკუთარ თავზე იღებს ამ დანაშაულს. აი, აქ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს ამას? ვფიქრობ, რომ ეს არის მისი ბოლო შანსი. ისეთი კრიტიკული მასა დაგროვდა, საზოგადოებაში ისეთი განწყობაა, რომ დღეს უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება.

„ომეგას“ საქმის პოზიტივი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ფორმის გამოყენებით დაალაგოს სამზარეულო. სამზარეული, რომელშიც ყველაფერი დალპა. თუ ამას არ გააკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, საზოგადოება არ აპატიებს. უკვე იმაზე ლაპარაკი, რომ არაფერ შუაში არ არის და ვიღაცეები მისი სახელით სარგებლობენ, ძალიან გაჭირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.