რა ახალი თემებით ეცდება

რა ახალი თემებით ეცდება "ოცნება" სკანდალის გადაფარვას - ექსპერტთა ვერსიები

"ომეგა ჯგუფის" ირგვლივ დაწყებული სკანდალი გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესრეკეტზე ფარულ ჩანაწერებს ბოლო არ უჩანს, "ოცნების" ხელისუფლება ჯიუტად ისევ იმ ძირითად აზრს ავითარებს, რომ ერთი - ჩანაწერები ფალსიფიცირებული და ყალბია და მეორე - ამ ჩანაწერებში ბიზნესის რეკეტი არსად მტკიცდება.

მხოლოდ ამ მესიჯებით შემოიფარგლება "ქართული ოცნება", თუ კიდევ რაიმე ახალ სტრატეგიას უნდა ველოდოთ იმ ნარატივის გასამტკიცებლად, რომ ჩანაწერები და ბრალდებები უსაფუძვლოა?

პოლიტოლოგებს უჭირთ საუბარი, რა შეიძლება მოიფიქროს შავ დღეში ჩავარდნილმა "ქართულმა ოცნებამ". როგორც პროგნოზირებენ, კვლავ გაგრძელდება განცხადებები, ერთი მხრივ, "სისხლიან 9 წელზე" და, მეორე მხრივ, იმაზე, რომ ივანიშვილის მისამართით ბრალდება "კომიკურია", "ანეკდოტების სიაში შევა" და "ფალსიფიცირებულია".

იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ალტერნატიული ფარული ჩანაწერებიც გავრცელდეს ინტერნეტში, ვთქვათ, იმაზე, თუ როგორ გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა" არეულობას.

როგორც წესი, ყველა ხელისუფლების დროს, როდესაც მმართველ ძალას პრობლემები ექმნება, ის ცდილობს, სხვა, ახალი თემა შემოაგდოს და ამით გადაფაროს, ამით გადაატანინოს საზოგადოებას ყურადღება. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაზე ფარული ჩანაწერები ქვეყნდებოდა და ასეა "ოცნების" ხელისუფლების მმართველობისას, როდესაც, მაგალითად, "უკრაინულ ვიკილიქსზე" გამოქვეყნდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჩანაწერები არეულობის გეგმაზე.

ასევე, არცთუ იშვიათად "ოცნება" თავის გადასარჩენად თუ ყურადღების გადასატანად აცოცხლებდა-ხოლმე ე.წ. გახმაურებული საქმეების ფინალში გასვლის ანონსს. მაგალითად, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმის "ახალი დეტალებიც" გამოქვეყნებულა და საქმის გახსნის ბოლო ეტაპიც არაერთხელ დაანონსებულა.

როგორ შეიძლება გადაფაროს "ხელისუფლებამ "ომეგა ჯგუფის" სკანდალი, რას უნდა ველოდოთ ახლა?

გია ნოდია აცხადებს, რომ "ოცნების" ყველაზე პოპულარული თემაა და ეცდება, ყველაფერი გადაფაროს "სისხლიანი 9 წლის" თემით, თანაც ირონიაში გადაიტანოს სკანდალური ბრალდებები. ხელისუფლება, ასევე, ელოდება რაღაც ახალ თემას, რომ ხალხის ყურადღება ახალ ამბავზე გადაიტანოს.

"თუკი კონკრეტული სხვა თემა ვერ მონახა, "ოცნების" ყველაზე პოპულარული თემაა "სისხლიანი 9 წლის" მუდმივი განმეორება. ეს არის მთავარი გადამფარავი თემა. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, რაღაც ირონიაში და ხუმრობაში გადაიტანოს ეს ამბავი - რომ ეს ღიმილის მომგვრელია, რომ სასაცილოა, რომ მილიარდების მფლობელ ბიძინა ივანიშვილს რად უნდა ვიღაცის 4 მილიონი და ცდილობს, რომ ეს თემა ასე გააზავოს, არაფრად ჩააგდოს და დაელოდოს, რომ ხალხს დაავიწყდება და რაღაც სხვაზე გადაიტანს ყურადღებას.

"ახლა კონკრეტულად რა თემა გამოჩნდება, რომელზეც ხალხი ყურადღებას გადაიტანს, ამ თემას თვითონ მთავრობა გამოაჩენს თუ ცხოვრება მოიტანს, ეს სხვა საკითხია. თუმცა მთავრობა ახალ თემას ელოდება, ელოდება, რომ ხალხი ილაპარაკებს 3-4 დღე და შემდეგ მოსწყინდებათ," - ამბობს ნოდია.

მისი თქმით, ეს ჩანაწერები ისეთ მყისიერ გავლენას არ მოახდენს, თუნდაც როგორიც ციხის ვიდეოებმა მოახდინეს და ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ ხელისუფლების იმიჯი შეილახება და ვიღაცისთვის უფრო რთული გახდება იმის მტკიცება, რომ "ოცნება" სამართლიანობას აღადგენს და ბიზნესში არ ერევა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლებაში იმაზე დაიწყებენ ფიქრს, რა ახალი თემით გადაფარონ სკანდალი, ამას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

"რა უნდა მოიფიქრონ, რა უნდა ჩაეწერათ ზაზა ოქუაშვილზე? ნუ, შესაძლოა, რაღაც პოლიტიკურ გადატრიალებაზე გაჩნდეს ჩანაწერები, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან მოკლევადიანი იქნება. ტაქტიკური, პოლიტტექნოლოგიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, მაგრამ სისტემურად ხელისუფლება საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

"ეს არ არის ის თემა, რომელსაც ახლა 2 დღით გადააგორებ და მერე დამთავრდება. ამას უფრო გრძელვადიანი პროცესები მოჰყვება, ბუნებრივია და ყველა უნდა იყოს ამისთვის მზად. ასე რომ, მე არ ვიცი, კონკრეტულად რას მოიმოქმედებენ, მაგრამ ამას რომ გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება, ეს ფაქტია," - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი თვალსაზრისით, ამ სკანდალის საპასუხოდ ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს და დაადგინოს ჭეშმარიტება, ხოლო იმის მტკიცება, რომ ფარულ ჩანაწერებში ბიზნესრეკეტი არ მტკიცდება, პოლიტიკური სიბეცეა.

"ეს პოლიტიკური სიბეცეა იმიტომ, რომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა - ხელისუფლება ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ხელისუფლება ვალდებულია, როდესაც მის მიმართ მძიმე ბრალდებები ისმის, გამოიძიოს და ჭეშმარიტება დაადგინოს, რაც მისი უფლება კი არა, მისი ვალდებულებაა. თუ ამას არ აკეთებს, ის ეჭვმიტანილად რჩება.

"ჯერჯერობით რასაც ხელისუფლება აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ, ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას. თუკი გააგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ჩანაწერებით არაფერი მტკიცდება, მოკლე ვადაში, შესაძლოა, ამან არაფერი მოიტანოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოება ამას არც ერთ ხელისუფლებას არ პატიობს.

"ამიტომაც ეს ხელისუფლება, შესაძლოა, ახლა არ დაისაჯოს და ამ ისტორიების კვალდაკვალ დრამატული ცვლილებები არ მოხდეს, რადგანაც სრულფასოვანი ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ თუ ხელისუფლებამ რაღაც სერიოზულად არ შეცვალა, გადაულახავი პრობლემა ექნება 2020 წელს," - მიაჩნია ხუხაშვილს.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ "ოცნება" ისევ ძველ მეთოდებს იყენებს და ბრალდებების საპასუხოდ "სისხლიან 9 წელზე" და წინა ხელისუფლების დროს არსებულ სასტიკ ბიზნესრეკეტზე საუბრობს.

"ოცნება" უკვე ცდილობს საპასუხო "შავი პიარის" აგორებას მოძველებული მეთოდებით - რომ ბიზნესი როგორ ტერორში იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს და რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები. ისევ დაიწყება საუბარი, როგორ მოკლეს გირგვლიანი, ზურაბ ჟვანია და როგორ კლავდნენ ხალხს ქუჩაში. ამის განმეორებას ყოველდღე ეცდებიან.

"პარლამენტის თავმჯდომარემ ტერმინი "ჰოლოკოსტიც" გამოიყენა. თუმცა ეს ძალზედ მოძველებული მეთოდებია. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს "ოცნების" საპასუხო შავი პიარის ის ფორმაც, როდესაც სკოლის მოსწავლეები შეკრიბეს და აყურებინეს ძალადობისა და გაუპატიურების კადრები. შესაძლოა, ეს კადრებიც გააცოცხლონ.

"არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოიფიქრონ და რის გაკეთებას დაგეგმავენ. გამორიცხული არც ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის გადატრიალებაზე საუბრის ჩანაწერებიც გავრცელდეს, თუმცა გადატრიალების ნიშნები არ არსებობს და ეს დამაჯერებელი ვერ იქნება," - მიიჩნევს ჩიტაძე