„საქმეს არ ვიღებ თუ ვიცი, რომ კატასტროფა მელოდება, ვიცოდი, რომ ჩხარტიშვილი 100%-ით მართალი იყო“

„საქმეს არ ვიღებ თუ ვიცი, რომ კატასტროფა მელოდება, ვიცოდი, რომ ჩხარტიშვილი 100%-ით მართალი იყო“

ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილზე სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არის დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული. ბიზნესმენის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს გამიზნულ ფალსიფიკაციათან.

ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ –Audio Forensic Services 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, სამივე ჩანაწერი, სადაც ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო–ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ერთ–ერთ 02.06 წუთიან ფარულ ჩანაწერში, სადაც ასახულია ვანო ჩხარტიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ირაკლი ჩუბინიშვილის დიალოგი, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი, რაც რეკორდული მიგნებაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩხარტიშვილის დაცვა მიმართავს საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაადგინოს, თუ სად და ვის მიერ განხორციელდა უკანონო ფარული ჩანაწერები და სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერების გამიზნული ფალსიფიცირება და დამონტაჟება.

for.ge ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.

ლონდონის ექსპერტიზის დასკვით დასტურდება, რომ ტელეკომპანიებისიბერიადარუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, რომელიც ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის, არის დამონტაჟებული. საუბრის რა ნაწილია დამონტაჟებული?

ზაზა ხატიაშვილი: შეუძლებელა აზრის გამოტანა საუბრის რა ნაწილია დამონტაჟებული. „რუსთავი 2“ და „იბერია“ აჩვენებდა როგორც ფარულ ჩანაწერს. ფარული ჩანაწერის დამონტაჟება ვინმეს გაუგია? მაგრამ ესენი ფარულ ჩანაწერს აჩევენდნენ დამონტაჟებულად და ეს არის კატასტროფა. ვანო ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ 100 პროცენტით მართალი ვარ, ასეთი რამეები საერთოდ არ გვითქვამს და ეს არის მონტაჟიო.

ვინაიდან „იბერია“ და „რუსთავი 2“ აპელირებდა იმაზე, რომ ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოს მიმართა, რადგან ინგლისში არის ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლო, ასევეა ექსპერტიზის ცენტრები. ამიტომ მივმართე ლონდონის ყველაზე გავლენიან და ცნობილ ექსპერტიზის ბიუროს. ბატონ პოლ ბეიკერს დაავალეს ამ ექსპერტიზის ჩატარება.

ანალოგიური შინაარსის 400-ზე მეტი ექსპერტიზა აქვს ჩატარებული და მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო არავის არ გაუხდია. დასკვნა არის შოკი მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ექსპერტი წერს, რომ 2 წუთიან და 6 წამიან მონაკვეთში არის 8 სხვადასხვა საუბრის 6 მონტაჟი. სანამ ამ სახის ექსპერტიზას არ ჩავატარებდით, შეუძლებელი იყო გაგვეგო, რა სახის სიბინძურეს ჰქონდა ადგილი. წარმოიდგინეთ, რომ 8 სხვადასხვა საუბრიდან 6 მონტაჟია გაკეთებული, ასეთი სიბინძურე ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ მახსოვს.

რამდენადაც ვიცი, დამატებით 4 სხვადასხვა სახის ექსპერტიზას დასკვნას ელოდებით...

– დიახ. არის ასეთი ექსპერტიზის ცენტრი – დიდი ოთხეული, ერთ–ერთი ლონდონში მდებარეობს, სადაც ასევე ვატარებთ ექსპერტიზას, რათა დავადასტუროთ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალიან დიდი ბინძურ პროვოკაციას, დამონტაჟებული მასალის გავრცელებას, რომელსაც არ შეიძლება რამე შეხება ჰქონოდა სიმართლესათან. ამ დასკვნის მიღების შემდეგ, მე ვთხოვ საქართველოს სამართალდამცავ სისტემას, რომ გაარკვიონ სად დამონტაჟდა და ვინ დაამონტაჟა.

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლონდონიდან მიიღეთ, გადაეცით პროკურატურას, როგორც მტკიცებულება?

– მე ფაქტი გავასაჯაროვე და პროკურატურას შეუძლია აიღოს. როგორც კი მეორე დასკვნა ჩამოვა, ამის შემდეგ ორივე დასკვნას ერთობლივად წარუდგნენ პროკურატურას. სავარაუდოდ 1 კვირაში დასკვანა ხელთ გვექნება. ჩვენ ასევე ვითხოვთ პროკურატურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საგადასახადო დისციპლინის უხეში და მასშტაბური დარღვევის დანაშაულებრივ ფაქტზე და გამოარკვიოს, თუ რატომ ეგუებოდა წლების განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება „ომეგა ჯგუფისგან“ მილიონობით ლარის გადაუხდელობას, ხომ არ დგას ამ ფაქტის უკან კორუფციული გარიგებები და ხომ არ უკავშირდება „ომეგას“ ბოლოდროინდელი ხმაური მთავრობიდან მათი სავარაუდო მფარველების წასვლას.

ასევე მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს, დაიცვან მედიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები და შეწყვიტონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვანო ჩხარტიშვილზე პატივისა და ღირსების შემლახავი მასალების ტირაჟირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ აღიარებულ საერთაშორისო მედია ინსტიტუტებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, აშშ–ის კონგრესს, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გავრცელების ფაქტები.

ამავე ექსპერტიზის ბიუროში შეუძლია „რუსთავი 2“–საც და „იბერიასაც“ დანიშნონ ექსპერტიზა და გაარკვიონ ზაზა ხატიაშვილის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა მართალია თუ არა. „იბერიას“ ჟურნალისტებს მივეცი ექსპერტიზის ბიუროს მისამართი, ასევე ექსპერტიზის პირველი პირი და ვუთხარი, რომ ჩაატარეთ და გაარკვიეთ არის თუ არა მონტაჟი. სხვათა შორის „იბერიას“ ჟურნალისტები წერდნენ – მერე რა რომ მონტაჟიაო. წარმოგიდგენიათ რა ხდება?!

როდის შედგა ჩარტიშვილსა და ოქუაშვილის შეხვედრა და ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი?

– ეს საუბარი შედგა 2017 წელს იმ ოთახში, სადაც ჩავატარე ბრიფინგი. შეხვედრას ვადასტურებ, მაგრამ შედგა საუბარი სავარაუდო ბიზნეს პარტნიორობაზე და ქართული თამბაქოს წარმოების გადარჩენაზე. ეს შეხვედრა შედგა ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. შემდეგ ვანო ჩხარტიშვილმა უთხრა, რომ შენ გაქვს სახელმწიფოს ვალი და სახელმწიფოს ვალს როგორ გაისტუმრებ მითხარიო. ამ ადამიანს უნდოდა, რომ ამ შექმნილი სადისტრიბუციო კომპანიიდან მომხდარიყო მისი ვალების გასტუმრება, რაზეც ვანო ჩხარტიშვილმა უთხრა, რომ ეს მისთვის წამგებიანი იყო და ამის შემდეგ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ესენი ადგნენ და 2017 წლის ჩანაწერი 2018 წელს გამოიყენეს და თან დამონტაჟებული სახით.

თუ ფარულ ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი რამე ისეთს ამბობს, რატომ დაამონტაჟეს?! ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის მთლიანი ჩანაწერი რაზე იყო საუბარი. სანამ ამ საქმეს ავიღებდი, შეხვედრა მქონდა საკმაოდ გავლენიან აიპ მენეჯერთან, ვუთხარი რას ფიქრობთ–თქო და მითხრა, რომ დამონტაჟებულია და ამის მერე ავიღე ეს საქმე. საქმეს არ ვიღებ თუ ვიცი, რომ კატასტროფა მელოდება. ვიცოდი, რომ ჩხარტიშვილი 100 პროცენტით მართალი იყო, გადავწყვიტე, რომ დამეცვა მისი ინტერესები.

თვითონ ჩხარტიშვილის პოზიცია როგორია, რას ამბობს, რატომ დაუკავშირა ოქუაშვილმა ეს საქმე მას და შემდეგ ივანიშვილს? როდესაცრუსთავი“–მა ეს ჩანაწერი გაავრცელა ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ ჩხარტიშვილი უცნაურ თამაშს თამაშობს, რაც გაუგებარიაო...

– ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ არანაირი შეხება არ აქვს იმ სიბინძურესთან, რაც გავიდა ტელეკომპანიების მეშვეობით. არანაირი სურვილი არ აქვს შევიდეს ამ დებატებში. უბრალოდ, ჩვენ რომ ხელთ გვექნება ექსპერტიზის ორივე დასკვნა, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაადგინოს ვინ და სად დაამონტაჟა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და, რა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, როგორც არ უნდა ყვიროდნენ და როგორ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებდნენ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ადვოკატი, ვიცავ კონკრეტულ პიროვნებას.

მე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამ საქმეს მოვიგებ. ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ის ადამიანი, ვინც დაამონტაჟა და შემდეგ გაავრცელა. საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევ ჩამოიყვანოს აშშ–ის ფედერალური ბიუროს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაადგენს სად დამონტაჟდა ეს მასალა. შემდეგ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა.

თუ ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება ამ საქმეში, სხვანაირად ამ საქმეს ბოლომდე ვერ მივიყვანთ და ყოველთვის გაჩნდება ეჭვები. მინდა გითხრათ, რომ ინგლისში აკრძალულია ასეთი დამონტაჟებული მასალის გაშვება ეთერში, გერმანიაში ასეთი მასალების გავრცელება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც კი დავიწყე ამ საქმეს ბოლომდე მიყვანა, ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა ბინძური ცილისწამება.