„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი პროკურატურაში 4 ოქტომბერს არის დაბარებული. საგამოძიებო უწყების ცნობით, ზაზა ოქუაშვილის გამოკითხვა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იგეგმება. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის უკვე გამოკითხეს აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, მონაწილე პირები. პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერების ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია ექსპერტიზები.
პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და საქმე სასამართლოშია წარმართული. სისხლის სამართლებრივი დევნა იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და მისი პირველი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ დაიწყო. ამ ეტაპზე, სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია და საქმე დასკვნით, ფინალურ ეტაპზეა გადასული.
პროკურატურის სამართალწარმოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ნადარეიშვილი სიცრუეს უწოდებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად გამჭვირვალე იყო, გამოძიების პროცესში უშუალო კავშირი ჰქონდათ, როგორც ზაზა ოქუაშვილთან, ისე სხვა დაზარალებულებთან.
„დეპარტამენტის თითოეული განხორციელებული ქმედება ტელეკომპანია „იბერიას“ შესანიშნავად მოეხსენება. ვერ ვიტყვი, რომ ოქუაშვილის განცხადება სიცრუეა. შესაძლოა, ეს მისი აღქმაა. ვერ გეტყვით, ზაზა ოქუაშვილმა რა ინტერპრეტაციით ან რა ვარაუდის საფუძველზე შეიძლება ეს განაცხადოს. დეპარტამენტის მიერ 162 მოქალაქეზეა ქონება დაბრუნებული.
59 მსჯავრდებულის მიმართ წარმართულია შუამდგომლობა და არაერთი მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. ამდენად, ვერ დავეთანხმები და კატეგორიულად უარვყოფ დეპარტამენტის მიერ რაიმე სახის ინფორმაციის მოძიებას სხვა მიზნით. დეპარტამენტმა ის განახორციელა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა“, – აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
პროკურატურა ახლა იმ ჩანაწერებს სწავლობს, რომელიც ტელეკომპანიების – „იბერია“ და „რუსთავი 2“–ის ეთერით ვრცელდება და რომლის მთავარი ფიგურანტები არიან: ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ექს–მინისტრი ლევან ყიფიანი, ექს–პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრები – ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვანო ჩხატრიშვილის ნაწილში ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. პარალელურად აიდიოჩანაწერების ავთენტურობას სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს.
იუსტიციის მინისტრი ინტერესით ელოდება „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების შედეგებს. თეა წულუკიანის განცხადებით, რადგანაც გამოძიება დაწყებულია, უნდა დაინტერესდნენ არა მხოლოდ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს, არამედ ყველა მომდევნო ჩანაწერითაც.
„ამით უნდა დადგინდეს, ვის რა როლი ჰქონდა, რადგან ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართული თუ არა. სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი. შესაბამისად, ისევე, როგორც თქვენ, მეც ინტერესით ველოდები, რა მტკიცებულებებს დადებს გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თავი მხრივ „ომეგა-ჯგუფის“ წარმომადგენლები ისევ ამტკიცებენ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში კომპანიის წილების გადანაწილების შესახებ არის საუბარი.
ჩანაწერების შინაარსს არ ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომლის განცხადებით, რეალურად, საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ომეგა ჯგუფის“ მიერ დადგმულ სპექტაკლთან.
„ვნახე ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც, მათ შორის იმის თაობაზე, რომ არც ერთი ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავრცელდა, არის ის, რომ ეს არის მონტაჟი, სხვადასხვა ჩანაწერი. ერთი ჩანაწერიც კი არ არის, სხვადასხვა საუბრის მონტაჟია. ადამიანები რაღაც ვერსიებზე ლაპარაკობენ და შესაბამისად, გაუგებარია.
დასკვნა ამბობს, რომ იმ საუბარში, რა სახითაც ის იყო წარმოდგენილი, იყო 7 ჩარევა და არის რამდენიმე საუბრის კოლაჟი. შესაბამისად, ხმები იყო ავთენტური თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმ სახით, რა სახითაც ჩანაწერი წარმოდგენილი იყო, ეს ჩანაწერი არ დადასტურდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი ამ სახით ავთენტური არ არის“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას ხელისუფლებაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კრიზისი არა მთავრობას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, ვერც კანდიდატი კრეფს საკმარის ხმებს. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, საჭიროა ისევ იმ ხელწერით აპოკალიფსის განცდის შექმნა, რათა მოხდეს ამ შემთხვევაში ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა.
„მეორე მხრივ, „ომეგას“, როგორ ჩანს, აქვს კრიზისი, რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტედ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას და შესაბამისად, ეს არის სპექტაკლი ინსცენირებული ამ სტრუქტურების მხრიდან, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის ეთერში გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს ჩანაწერების შინაარსზე ვიდრე კითხვებს რამდენად ავთენტურია და კანონიერი გზით მოპოვებული ჩანაწერები, პასუხი არ გაეცემა.
„საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს. ეს უკვე აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელია. ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ფალსიფიცირებულია ერთ–ერთი ჩანაწერი.
ეს თავდაყირა აყენებს ვერსიას, რომ ჩანაწერები უნდა მივიღოთ როგორც უტყუარი ფაქტი. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი იწვევს კითხვას – არის თუ არა ავთენტური და კანონიერი გზით მოპოვებული. მე ვერ ვიმსჯელებ მის შინაარსზე, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13–მა ა–ო განცხადება გაავრცელა. ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.
საიას თავჯდომარეს სულხან სალაძეს არ აქვს იმედი, რომ ამ საქმეს პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს.
„წინა კვირაში პროკურატურა საუბრობდა, რომ დანიშნული იყო ექსპერტიზები და პროცესი მიმდინარეობდა, გუშინ ჩვენ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოვისმინეთ პრაქტიკულად, რომ არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ეს თავისთავად არის შეტყობინება გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის, რომ თუკი ვინმე გამოძიებას იფიქრებს რეალურად, მოლოდინი ალბათ, არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეთ“, – განახადა სულხან სალაძემ.
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი არასამთავრობო სექტორს ურჩევს, რომ საჭიროა მოხდეს ფაქტების გადამოწმება, ვიდრე ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება.
„ნება მომეცით, გიგაურისა და მისი მეგობრების მიერ შედგენილ დასკვნას და მოსაზრებებს კითხვის ნიშნები დავუსვა. როდესაც ისინი საუბრობენ ყოველგვარი შემოწმების და სამართლებრივი პროცედურების გარეშე რაიმე დასკვნების გამოტანაზე, აშკარად ჩანს ტენდენციურობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, პირველ რიგში, დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს ჩანაწერში, თუ ვინმეს განცხადებაში. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის გადამოწმებას არ მოვახდენთ, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს მტრებს უხარია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ზაზა ოქუაშვილი თაღლითია, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან“, – აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომლის განცხადებით, რაც ხდება, დაუშვებელია.
„ძალიან დიდი ხანია, ცნობილია, რომ ოქუაშვილი არის თაღლითი – ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროინდელი. რაც ხდება, საზოგადოებამ არაფრით უნდა დაუშვას. სამარცხვინო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც სერიალებივით ვრცელდება ჩანაწერები. „რუსთავი 2“ სხვას არაფერს აკეთებდა არასოდეს, რადგან მაგათ ერთი დანიშნულება აქვთ – დიდი სიცრუე. ამ სიცრუეში ყველანი ერთად გაერთიანდნენ – გიგაური, ოქუაშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია. ახლა კიდევ კანდიდატი მოიყვანეს რუსეთის „კაგებედან“ – გრიგოლეტო. წრე შეიკრა ნათელი, ღია – ყველა ხედავს ყველაფერს, რაც ხდება და როგორც ხდება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ყველაფერს სწორად გაშიფრავს და სწორ დასკვნას გამოიტანს. ეს დასკვნა 28 ოქტომბერს იქნება ცნობილი ყველასთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.