[თეონა ხარაბაძე]
ორი კვირის წინ საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმომწერმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ მომავალი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართებოდა და გასატარებული ცვლილებების პროექტს წერილობითი ფორმით წარმოადგენდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალების“, „ქრისტიან-დემოკრატების“, „ედპ“-ს, „ჩვენ თვითონ“-ის და „ახლების“ შეხვედრა 7 ივლისს პარლამენტში გაიმართა და ეს განცხადებები სწორედ მაშინ გაკეთდა.
მართალია, ამ შეხვედრას ახალი „რვიანიდან“ (საარჩევნო შეთანხმებას ხელი რვა პარტიამ მოაწერა) მხოლოდ დასახელებული პარტიები ესწრებოდნენ, მაგრამ, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ძირითად მოთამაშეებად სწორედ სამი პარტია - „ნაცმოძრაობა“, „ქდმ“ და „ახლები“ ითვლებიან.
სხვა საკითხია, მათი ეს გადაწყვეტილება რამდენად სწორი და საზოგადოებისთის მისაღებია. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, თავად ამ ჯგუფის მიერ გაჟღერებული დაპირებები რამდენად სრულდება.
7 ივლისის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ მომავალი შეხვედრა ორ კვირაში უნდა გამართულიყო და ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებოდა წერილობითი დოკუმენტი საარჩევნო შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებით.
მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ყველაზე მარტივი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება იქნებოდა, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტართა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის გადაწყვეტილება სწორედ საარჩევნო შეთანხმების ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტართა რაოდენობა რეფერენდუმით არის განსაზღვრული და მისი შეცვლა ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს.
ორი-სამი კვირის წინ, როდესაც საარჩევნო შეთანხმება გაფორმდა, ყველაზე საკამათო საკითხად სწორედ პარლამენტის რაოდენობის გაზრდა იქცა. მაგრამ ხელისუფლებამ, „ახლების“ დახმარებით, ყველანაირად სცადა, რომ ეს საკითხი სათავისოდ შემოებრუნებინა. ყოველ შემთხვევაში, გაკეთდა განცხადებები, რომ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი იყო უკანონო და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილელებისთვის საფუძველი ვერ გახდებოდა.
„ნაციონალების“ ლოგიკით კი, თუ საფუძველი არ ყოფილა რეფერენდუმი და მხოლოდ სააკაშვილის ნება-სურვილით გადაწყდა, რატომ არ შეიძლება, რომ ახლაც ამავე ბრძანებით შეიცვალოს? მაგრამ ამისთვის ფორმალურად მაინც არის საჭირო იმ პირობების დაცვა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს. კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართოს სათანდო ინიციატივით. შემდეგ პარლამენტი ქმნის საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვისთვის კომისიას, რომელმაც ცვლილების საზოგადოებრივი განხილვა ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ კი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში, მინიმუმ სამი კვირა მაინც სჭირდება.
თუკი ხელისუფლების დაპირებას გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო შეთანხმების საკითხები კანონმდებლობაში ოქტომბრისთვის უკვე ასახული უნდა იყოს, ამიტომაც ადვილი გამოსაანგარიშებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისთვის კომისია უკვე უნდა იქმნებოდეს.
მაგრამ, ამ კვირაში გასამართი შეხვედრა, სადაც სწორედ შეთანხმების წერილობითი ვარიანტი უნდა წარმოედგინათ, მოულოდნელად გადაიდო. არადა, პარლამენტის ვებ–გვერდზე დაანონსებულიც კი იყო, რომ საარჩევნო ცვლილებების სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა გუშინწინ უნდა გამართულიყო. შეხვედრა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მომავალი კვირისთვის გადაიდო. ამის მიზეზი კი არავის დაუსახელებია.
თუმცა, იმის ვარაუდი კი შეიძლება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტიც კი არა აქვთ მზად. ეს კი, ცხადია, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, ცვლილების ამ ფორმით გატარების მიზანშეწონილობა კითხვის ქვეშ საერთშორისო საზოგადოების მხრიდან ხომ არ დადგა.
ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია და ზუსტი პასუხი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ფაქტი კი ის არის, რომ ხელისუფლების პირობა პირველივე ჯერზე დაირღვა და ვერც ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და არც საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი მომზადებულა.
თუკი ეს საკითხი თვის ბოლომდე არ მოგვარდა, იმას ნიშნავს, რომ ვადა უკვე სექტემბრისთვის გადაიწევს და ამ შემთხვევაში ხელისუფლება უკვე მეორე პირობას დაარღვევს, რაც ცვლილებების კანონმდებლობაში ოქტომბრამდე ასახვას ითვალისწინებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლება რიგგარეშე ბიუროს სხდომის გამართვას აგვისტოს დასაწყისთვის გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს ახალი საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს, აგვისტოში გეგმავს.
შესაბამისად, ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ბიუროს შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სესიაც დაინიშნოს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო, საჯარო, სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. დიმიტრი ლორთქიფანიძეს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ბიუროს სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა, დაუდასტურებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიურო 6-7 აგვისტოს შეიკრიბება.