კახა შარტავა: „როცა მოქალაქეს საკუთარი ვანოსი ეშინია, ის რუსულ ტანკზე ამხედრებულ ვანიას ყოველთვის გაექცევა“

კახა შარტავა: „როცა მოქალაქეს საკუთარი ვანოსი ეშინია, ის რუსულ ტანკზე ამხედრებულ ვანიას ყოველთვის გაექცევა“

[როზი ჯღამაია]

ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, რამაც ბოლო დროს დეპრესიაში მყოფი საზოგადოება ოდნავ გამოაფხიზლა. სომხეთის პატრიარქის თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქთან შეხვედრის უხერხული დეტალები, რამაც თავად სომხური საზოგადოება აღაშფოთა. ძალიან მალე, ამას მოყვა სხვადასხვა კონფესიებისთვის რელიგიური სტატუსის მინიჭება, ისე, რომ საზოგადოებისთვის აზრი, თუნდაც ზრდილობის გამო, არავის უკითხავს. სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირი კაპიტულაციად შეაფასა საზოგადოების ნაწილმა არა იმიტომ, რომ რელიგიური გაერთიანებისთვის სინოდი სტატუსის მინიჭებას დათანხმდა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება გიგი უგულავას მუქარის და სოსო თოფურიძის საპატრიარქოში სტუმრობის ფონზე მოხდა. ბოლოს კი, ფოტორეპორტიორების დაკავება ჯაშუშობის საქმეზე, რომელიც თავად შსს-მ დაამტკიცა, რომ ბუნებაში არ არსებობს და აღიარებები, რომელიც არარსებულ დანაშაულზე გაკეთდა.

 

თუ ცოტა ხნის წინ, სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი სქართველოს გამთლიანება იყო, ის, რაც ბოლო დროს ხდება სულ უფრო აუფერულებს ქვეყნის გამთლიანების მოთხოვნას.

 

დღეს შედეგებზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ არ ვსაუბრობთ მიზეზებზე, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ამიტომ, ვფიქრობთ, ინტერვიუ, რომელიც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერთან კახა შარტავასთან ჩავწერეთ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველებისთვის.

 

ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ხელისუფლება შესაძლოა წავიდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე?

– მე ვფიქრობ, ჩვენი გადასაწყვეტი ეგ სინამდვილეში არ არის, და არც არავინ მაგას არ გვეკითხება. ეს სერიოზული პროექტია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო.

ვფიქრობ, რომ შეკითხვა – ხელისუფლება გადადგამს თუ არა ნაბიჯებს ამ მიმართულებით? - სინამდვილეში დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლებამ ამის მოსამზადებელი ეტაპები უკვე  გაგვატარა და საქართველო ამის თანამონაწილე გახადა.

 

რუსეთს ერთი სული ჰქონდა კოდორში და ე.წ. არარსებულ სამხრეთ ოსეთში  მთლიანად, ძველ საზღვრებში დამდგარიყო. ხელისუფლებამ კოდორის ზემო აფხაზეთად, ხოლო არარსებული სამხრეთ ოსეთის გამოცხადებით, ფაქტობრივი გარემოება შექმნა იმისთვის, რომ რუსეთს იქ დადგომის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაგრამ, მისთვის ამ ტერიტოროების პირდაპირი გადაბარება შეუძლებელი იყო, ამას სჭირდებოდა სისხლი და ომი. ეს ომი მოხდა და რუსეთი იქ დგას. აწი კი, თანდათან წამოვა საუბარი იმაზე, რომ რას ერჩით ამ რუსეთს, აქვს მანდატი, ის დგას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, იმიტომ, რომ კოდორი, ზემო აფხაზეთი - აფხაზეთია, და ის შიდა ქართლი, რომელიც მთლიანად სამხრეთ ოსეთში მოექცა, სამხრეთ ოსეთია.

შემდეგი ეტაპი კი, ამის ლეგალიზება იქნება და ეს ხდება მარტივად.

 

მარტივად რას ნიშნავს, უჩვენოდ?

– ომის შედეგად დაკარგული რეგიონების და ტერიტორიების ფონზე, როცა  დანარჩენ ტერიტორიებზე ადგილობრივ არჩევნებს ატარებ, ეს ნიშნავს, რომ შენ შენი პოლიტიკური არეალი ცხოვრებისა უკვე შემოფარგლე ამ დარჩენილი რეგიონებით. ქართულმა საზოგადოებამ კი არ დასვა შეკითხვა – რა დროს ადგილობრივი არჩევნებია, რადგან ადგილობრივი არჩევნების ჩატარება არა მხოლოდ ხელისუფლების ლეგიტიმაცია იქნება წინა გაყალბებული არჩევნების შემდეგ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თვალში, საქართველოს მხრიდან დღევანდელი სტატუს-ქვოს აღიარება იქნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდით, მაშინ, არანაირი არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, ან ერთადერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდებოდა, ეს იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების შემცვლელი არჩევნები, იმიტომ, რომ  საზოგადოებას მისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა იმ შეცდომებისთვის, რამაც მოიტანა ომი და ტერიტორიების დაკარგვა.

 

თუ იმ გზით მიდიხარ, რომლითაც ჩვენ წავედით, ეს არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ფაქტობრივად მიდის ლეგალიზებაზე დღევანდელი სტატუს-ქვოსი, რაც ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ შეიქმნება წინაპირობა იმ ტერიტორიების აღიარებისა და არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

 

საერთაშორისო საზოგადოებას ნათქვამი აქვს, რომ საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას პატივს სცემს და არსებობს ყოველთვის შესაძლებლობა, რაღაც ახალი გარემოების შექმნისა, ამის მოსურნენი  აუცილებლად ეცდებიან, რომ ისევ და ისევ, საქართველოს ხელისუფლებას ათქმევინონ ეს. ოღონდ ხელისუფლება სანამ ამაზე ლაპარაკს დაიწყებს, ჯერ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს მსგავსი მოსაზრებები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

 

თქვენ თვლით, რომ პროცესმა შეუქცევადიხე მიიღო?

– ამ ეტაპზე, ეს არის შეუქცევადი პროცესი, ვინაიდან ამ პროცესს მართავს ქვეყნის შიგნით ის, ვინც განკარგავს და განაგებს ქვეყანას და წინააღმდეგობის საშუალება არ არსებობს. გარე წინააღმდეგობას ვერ მოვერევით, სანამ ვერ ვერევით შიდას და ამიტომ, ან, ამ შიდა წინააღმდეგობას მიუსწრებ და აშორებ, სანამ გარე წინააღმდეგობებზე გადახვალ, ან არა და, გარე და შიდა წინააღმდეგობა ერთად ერთმანეთს დამატებული, მოგვერევა სუყველას.

 

ეს პროცესი აუცილებლად იქნება შეუქცევადი, ვინაიდან მას უკვე დასახელებაც აქვს – ე.წ. სინგაპური. ეს არ არის რაღაც სახუმარო, ფანტასტიკური და ზღაპრული თემა.

იმის მიღწევას, რასაც ესენი გვთავაზობენ, ანუ, ამ დიდი სამრეცხაოს გაკეთება, შავი ფულისთვის და კიდევ სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესისთვის,  სჭირდება ქვეყნის განსახელმწიფოებრიობა. ანუ, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მთავარი რესურს-საშუალება დაკარგო და ხმაც ვერ ამოიღო. ტერიტორიები უნდა დაგიპატარაონ ისე, რომ ეროვნული ორგანიზმის თვითრეალიზების შესაძლებლობა აღარ გქონდეს და სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ფუნდამენტი არ გქონდეს. ამიტომ, პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო, და ბუნებრივია, ეს პროცესი თანმიმდევრულად მიდის იქეთკენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე დარჩება საქართველო... და, არა მარტო მათ გარეშე, ალბათ.

 

თქვენ რაღაც სცენარებზე საუბრობთ...

– ამ იდეის ავტორები არა მარტო რუსეთში არიან და იყვნენ, 90-იან წლებში დასავლეთშიც ბევრი იყო და ვრცელდებოდა ეს იდეები.

 

რისთვის, რა საფრთხეს ხედავდნენ?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რეგიონებში კონტროლისა და საბჭოთა კავშირის კვლავ აღდგენის საფრთხისგან თავის დასაცავად. ეს იდეები იყო აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის დაკავშირება და რუსეთისგან და საქართველოსგან მისი გამოყოფა და ა.შ.

დაახლოებით ბოდვამდე მისული იდეები სერიოზულად იყო დამუშავებული და ძალიან ბევრი ინტერესთა ჯგუფი, მათ შორის, ტრანსნაციონალური კორპორაციათა ჯგუფები დაინტერესებულნი არიან აქ, ამ ტიპის სამრეცხაო დერეფნის შექმნით.

თუმცა, არის ერთი პრობლემა, ეს ჯგუფებიც, ისევე, როგორც ოფიციალური საერთაშორისო პოლიტიკა, ჩვენთან შემოდის ერთი და იგივე ლოზუნგით, დემოკრატია, ლიბერალიზაცია და ა.შ.

 

შენ კი როცა ამას უპირისპირდები და ისეთი ლოზუნგებით გამოდიხარ, რომელსაც შეიძლება ოდიოზური დაარქვან (მაგალითად, ეროვნულ სახელმწიფოზე და ქართველების გადარჩენაზე ლაპარაკობ), საბოლოოდ განწირული ხარ განადგურებისკენ, რაც მარგინალიზების მეშვეობით ხდება. მაგრამ, როცა პასუხობ - კი ბატონო, სწორედ ეს გვინდა, რითიც მოდიხარ, მოიტა ის დემოკრატია, მოიტა სამართლიანი არჩევნები, მოიტა ადამიანის უფლებები, - მაშინ გიჩნდება შანსი, რომ რაღაცნაირად, მათ წინააღმდეგობა გაუწიო. ოფიციალურ საერთაშორისო პოლიტიკას მაინც პოლიტიკური წარმატება სჭირდება და მისთვის იმ შედეგის მიღწევა, რა ლოზუნგითაც შემოვიდა, იქნება გამარჯვება. მათ გაცილებით ნაკლებად შეიძლება აინტერსებდეთ ის, რაც აინტერსებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც ზურგში უდგანან მიხეილ სააკაშვილს და ერთად შოულობენ ფულს.

 

სხვათაშორის, ეს სერიოზული ჯგუფებია - ნარკოკარტელები, იარაღის კონტრაბანდის თუ სხვადასხვა ჯგუფები. მათთვის აქ კარგი სამზარეულო კეთდება. ეს ჯგუფები, რა თქმა უნდა, კბილებით დაიცავენ ამ რეჟიმის ინტერესებს და არათუ მესამე და მეოთხე, ოცწლიან ვადასაც მისცემენ.

 

ესენი სერიოზული და გავლენიანი ჯგუფები არიან და სადღაც იატაკქვეშეთში არ მოძრაობენ. ეს არის ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკები, რომლებიც ამავე დროს, ერთმანეთში ჭიდაობენ რაღაც ფასეულობების დემონსტრირებაშიც და საკუთარ გავლენას ახდენენ სხვადასხვა რეგიონებზე იმით, რომ თავიანთ ფასეულობებსაც ამკვიდრებენ სადღაც. ეს ოფიციალური საერთაშორისო, დემოკრატიული პოლიტიკა, თუნდაც ლოზუნგის დონეზე, ახლა ჩვენთვის ის საშველია, რომელიც პოლიტიკურ იარაღად შეიძლება გამოვიყენოთ.

 

თითქოს შეთქმულების თეორიებზე ლაპრაკობთ...

– ეს არ არის შეთქმულების თეორიათა დონეზე. თითოეული მათგანის, ასეთი ტიპის ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელს ყოველდღე ვხედავთ ჩვენ ტელევიზორში. არა მარტო თბილისში, ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და მათ ყოველთვის აჩვენებენ. მათი იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ მათი შემოთავაზებითა და ქმედებებით.

 

მაგალითად?

– მაგალითად, იმ იდეის ავტორებმა, რომლებმაც მოაფიქრებინეს, შესთავაზეს სინგაპურიზაციის ვარიანტი მიხეილ სააკაშვილს, შესთავაზეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების შანსი იქნება კოდორისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, თითქოს, ამით დაიწყებოდა დაბრუნება და მეორე სამხრეთ ოსეთის გაკეთება. ესენი არიან იმ ე.წ. თითქოს, ვირტუალური ჯგუფების წარმომადგენლები. კონკრეტული მათი სახელები და გვარები ამ თითოეულ მოვლენასთან ერთად შეიძლება იყოს ასოცირებული და ამ ასოციაციას რომ მიაგნო და მეტ-ნაკლებად, უშუალოდ წარმოიდგინო, ვინ რაში იყო ჩარეული, ეს რეჟიმი უნდა ჩამოაშორო ძალაუფლებას. სანამ ესენი არიან, ვერასოდეს ამ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც მათ უკან დგანან, ჩვენ ვერ მივაგნებთ.

 

იმის თქმა გინდათ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად რაღაც თეორიები მუშავდება?

- ეს ელემენტარული ინტერესების, ეკონომიკურ-პოლიტიკური ინტერესების ამბავია და არავითარი რაღაც მაგიურ-მისტიკური შინაარსი ამას მაინცდამაინც ქართველი ერის ამოწყვეტისა თუ განადგურების არ აქვს. ელემენტარულ ინტერესთა შემოტევაა, რომელსაც ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესით ვერ ვუპირისპირდებით, ვინაიდან სათანადო სახელმწიფო კარკასი არ გაქვს. გამოსავალი ისაა, რომ მათი ინტერესის რეალიზატორი თუ იდეების შემფუთავი ფასეულობების გამოყენება უნდა მოახერხო და ეს შეუტრიალო უკან ისეთნაირად, რომ ამის წინააღმდეგ ღიად მაინც ვერ გებრძოლოს და ვერ დაგიპირისპირდეს, რადგან ღია ბრძოლაში, ყველა შემთხვევაში, გერევიან. ეს არის ის რთული პოლიტიკური პროცესი, რასაც ჩვენ დავარქვით საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი და მოლაპარაკებები.

 

თქვენ ფიქრობთ რომ ინტერესების შემოტევას საარჩევნო გარემოს შეცვლით დაუპირისპირდებით?

- ამის დანიშნულება სინამდვილეში გახლავთ ის, რასაც ჩვენ ახალგაზრდობის მეშვეობით ვახორციელებთ. მეტ-ნაკლებად, საქართველოსთვის შესაფერისი ბუნებრივი სახელმწიფოებრივი ფუნქცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არის გამოსაკვეთი და შესათავაზებელი, ისე, რომ მთლიანი საქართველო უფრო საინტერესო გახდეს საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ვიდრე მისი დანაწილება. ერთადერთი გარანტი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, არის ასეთი ტიპის ფუნქციის ქონა, რაც სხვებისთვისაც სარფიანი იქნება, ანუ რეგიონულ პოლიტიკაში, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ როლის თამაში?

 

ჩვენ ეს მოვსინჯეთ ახალგაზრდული ჯგუფების მეშვეობით, რომლებმაც წამოიწყეს პოლიტიკური თამაშების პროექტი და, რომელიც სამხრეთ კავკასიურ თამაშებამდე მივიდა. ახლა შავი ზღვის აუზის პოლიტიკური თამაშები იქნება და საერთო კავკასიურ ახალგაზრდულ პარლამენტამდე შეიძლება მივიდეს, სადაც შეიძლება დავინახოთ კონფლიქტებისა და კრიზისების ურთიერთდაპირისპირებების მოგვარების რაღაც ისეთი ახალი ჩანასახი, რომელიც შესათავაზებლად ივარგებს მსოფლიოსთვის და საქართველო შავი ფულის გასარეცხი დერეფნის მაგივრად, შესაძლებელია, გახდეს დემოკრატიული დერეფანი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მართვის საკვანძო წერტილებით.

 

სწორად დასაქმებული სახელმწიფო მოგცემს შეასაძლებლობას სწორად დასაქმდეს ადამიანი და მაქსიმალური თვითრეალიზების შესაძლებლობა მიეცეს არა მხოლოდ ბაზრობაზე, არამედ მასშტაბური ამოცანების გადაჭრისათვის აუცილებელი ცენტრებისა თუ სტრუქტურების ირგვლივ. ამის რეალურობა რომ, ჰაერიდან მოტანილი არ არის, დასტურდება იმით, რომ ამ პროექტებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და კონკრეტულ შედეგებს იძლევა უკვე საქართველოს მიღმა რეგიონებში.

 

ასეთი ტიპის ახალგაზრდულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების შედეგად დაბადებულ და მოტანილ იდეებზე შეიძლება დაინახო ბაზისი იმ სახელმწიფოსი, რომელმაც ფუნქცია შეიძლება დაუბრუნოს შენს ქვეყანას და ეს იყო, პრინციპში, საკეთებელი.

 

თუ ჩვენ ამ ფუნქციას ვერ გამოვკვეთთ, არავინ არ დაგვინდობს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თავისთავად, ქართველების ბედნიერებისთვის არავის არაფერში არ აინტერესებს. აინტერესებთ ეს ფუნქცია და თუ, ქვეყანა ამ ფუნქციას თვითონ ვერ ასრულებს, ცდილობენ ამ ფუნქციის განაწილებას, მიტაცებას და ამ პოლიტიკურ ველზე დაჯდომას.

 

თუ ეს ფუნქცია არ მოახერხე და არ შესთავაზე სამეზობლოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობას ისე, რომ მან ამაში მეტი სარგებელი დაინახოს, ვიდრე შენს დაშლაში, არანაირი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია არ გვექნება. თუ ვახერხებთ იმის დემონსტრირებას, რომ შესაძლებელია, სხვადასხვა პრობლემური სიტუაციების გადაჭრაში ახალი ელემენტი შეიტანოს ქართულმა ნატურამ და ქართულმა პოლიტიკამ, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებ სხვით, ბუნებრივად სვამ  საკითხს – თუ თქვენთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საინტერესოა მე ეს როლი განვახორციელო, პარალელურად, ჩემი საკუთარი პრობლემების მოგვარებაც მჭირდება.

 

და ამ პრიორიტეტების ჩამონათვალი როგორი უნდა იყოს?

ამ პრობლემებში შედის ვალები, ბაზრები, ტერიტორია, ადამიანის უფლებები, ლტოლვილები, დევნილები და ა.შ. მათ სათავაზობ, რომ კომპლექსში დავიწყოთ თქვენი და ჩვენი პრობლემების ერთად მოგვარება, იმის მაგივრად, რომ საქართველომ გამუდმებით ნერვები უშალოს და აწვალოს მსოფლიო საკუთარი პრობლემებით და რუსეთთან გართულებული ურთიერთობებით და ა.შ.

გარკვეული ბაზისი, მონახაზი ამ ახალგაზრდულმა პროექტებმა გააკეთა. ახლა უკვე ამის მიყვანა რეალურ პოლიტიკამდე შესაძლებელია.

 

ანუ, აქცენტი მთლიანად მომავალ თაობაზე გადადის?

- უფროსი თაობის პოლიტიკოსებით ამას ვერ მოვახერხებდით, რადგან იმდენი შეცდომა, ურთიერთდაპირისპირება, ჩადენილი ცოდვა თუ სისხლი დაგროვდა. ახალგაზრდებს მეტი შანსი აქვთ ამ კონტაქტის და საერთო შეხების წერტილების მოძიებისა. მათ შორის, თუ ამ პროექტში ერთვებიან აფხაზეთის და შიდა ქართლში დარჩენილი ახალგაზრდობაც. თუ ეს  ახალგაზრდული პარლამენტი გამოვიდა, ჯერ არ ნაღიარებ აფხაზეთში და შიდა ქართლში (რომელსაც სამხრეთ ოსეთს არქმევენ რატომღაც), ეს ახალგაზრდები იქნებიან ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლები თავიანთი ტერიტორიებისა და მშობლიური კუთხეებისა.

ამ ლეგიტიმურობის უფლებით შეეძლებათ დანარჩენ ამ ახალგაზრდობასთან ერთად ილაპარაკონ მართლა იმ მომავალზე, რომელიც ინტეგრაციას თუ დაშლას გულისხმობს, გამთლიანებას თუ დამოუკიდებლობას გულისხმობს და ეს შეიძლება გახდეს ფუნდამენტი პრობლემების მოგვარებისა.

 

ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ?

- მანამდე ჩვენ გვჭირდება მორიგი საფრთხეებისგან დაცვა, რომ ვითარება იქამდე არ მივიდეს, როცა უკვე ჩარევას აზრი არ აქვს და ვერაფერს ვერ მოასწრებ. ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ, ელემენტარული შეცდომების დაშვებით.

 

თუნდაც – ადგილობრივი არჩევნები. მასში მონაწილეობა არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გამო იყო ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ ასე ვხედავდით, რომ ამ წუთას ცხინვალისა და კოდორის და სოხუმის თითქოს, საბოლოოდ დაკარგვის ფონზე, ჩხოროწყუში, თელავში და რუსთავში არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი მხრიდან ნიშნავდა მათზე უარის თქმას. ამიტომაც ვთვლიდით, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო ჩვენი მხრიდან გამართლებული ამ ყველაფერში მონაწილეობა. ვთვლიდით, რომ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თუ ვიღაც პოლიტიკური ჯგუფები იტყოდნენ - თქვენ ხომ მთელი საქართველო დაეთანხმეთ - ვიღაცა მაინც დარჩენილიყო საქართველოში, რომელსაც ექნებოდა სათქმელი - არა, არ დავთანხმებულვართ და არც ვაპირებთ დათანხმებას. აქედან გამომდინარე, ისეთ საკითხებთან გათამაშება, რომლის გადაწყვეტას, სინამდვილეში, ჩვენ არავინ გვეკითხება, არის ძალიან სახიფათო.

 

როგორ ჩანს, საქართველო რა პოზიციას დაიჭერს აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება-არაღიარების მიმართ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელოა არ აქვს?

- თუ რომელიღაცა სეცესიონისტურ ტერიტორიას თუ სეპარატისტთა ჯგუფს ეუბნები, რომ მე შენ გაღიარებ, ეს შენთვის, სახელმწიფოსთვის მომგებიანი და რაღაცის დემონსტრატორი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როცა შენ მომგები, ანუ  გამარჯვებული ხარ. ანუ, მათი აღიარება შენი კეთილი ნებაა. მაგრამ, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, ისედაც ამას გიკეთებენ და აგაკნავლებენ, ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის და ასეთ შემთხვევაში ჯობია, ეს უშენოდ გააკეთონ ისევ, იმიტომ, რომ ამაში კეთილი ნება არ დევს, დამარცხების აღიარება დევს, რომელიც რაიმე წარმატების მიღწევის პერსპექტივას კარგავს.

 

იმ ადამიანებისთვის და ტერიტორიისთვის, ვისაც თითქოს დამოუკიდებლობას ჩუქნიან, იქნება თუ არა ეს წარმატება და სარგებელი, ამაზე ფიქრის არც თავი გაქვს და არც უფლებას გიტოვებენ. ამიტომ ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ საქართველოში, რომ ეშინიათ საკუთარი ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლების, პოლიციის, დასმენების, მოსმენების, ეშინიათ ყველაფრის, ვერანაირად ვერ იქნებიან გადამწყვეტი იმ საკითხისა, მთლიანი უნდა იყოს საქართველო თუ არა.

 

არც პუტინი, არც ობამა, არც საერთაშორისო საზოგადოება იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი პრობლემები ადგილზე ვერ მოუგვარებიათ და ყველაფრის ეშინიათ, არავინ არ შეეკითხება გჭირდებათ თქვენ აფხაზეთი თუ არა? როცა მოქალაქეს საკუთარი ვანოსი ეშინია, ის რუსულ ტანკზე ამხედრებულ ვანიას ყოველთვის გაექცევა. ჩვენ გვჩვევია, რაღაც უახლოეს პრობლემას ვერ ვაგვარებთ, გლობალურ მასშტაბებზე ვლაპარაკობთ ხოლმე - აფხაზეთს როგორ დავიბრუნებთ, რუსეთს როგორ დავამარცხებთ და ა.შ. თითქოს ვინმე გვეკითხებოდეს. არაფერს არც  აფხაზები და არც ოსები შეგვეკითხებიან მანამდე, სანამ არ ნახავენ, რომ აქ, სადაც ვართ, რაღაც პრობლემების მოგვარების თავი გვაქვს და თან ისე, რომ იმათთვისაც საინტერესო და სასურველი ხდება ეს.

 

ეს ამოცანები გვაქვს დასაძლევი, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ დამოუკიდებლობა-არდამოუკიდებლობაზე, ერთი მხრივ, თან არავინ შეგვეკითხება და საუბედუროდ, მე ეჭვი მაქვს, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი რომც გადადგას, რომელიც სინამდვილეში, იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, მოახერხებს, რომ საზოგადოება ამის თანამონაწილედ აქციოს. მცირე ჯგუფი დავრჩებით ვინც დავიწყებთ წივილს, კივილს, როგორც ვკიოდით, რომ არ შეიძლება კოდორის გაზემოაფხაზეთება და ორი სამხრეთ ოსეთის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებამ ეს პროექტები ისე მიიღო, როგორც წარმატების წინაპირობა. ახლაც შეიძლება იგივე რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ.

 

დღეს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ვისმენთ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რეალურად, აქვს თუ არა საქართველოს რაიმე ბერკეტი დაბლოკოს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება. არ ვლაპარაკობ მიზანშეწონილობაზე, მაინტერესებს მხოლოდ ფაქტის შეფასება.

- არც ამას გვეკითხება ვინმე, თუმცა, რომც მოხერხდეს ამ საკითხებზე შეთანხმება, ხელისუფლება ამას აუცილებლად ისე მიაწვდის ქართულ საზოგადოებას და ისე შეუფუთავს,  ხმას არ ამოგაღებინებს. თუ ამოიღებ და, არავინ დაგიჯერებს, რომ ეკონომიკურ საზღვრებს ვთმობთ. ბოდიში მომითხოვია და გადაყლაპავენ, როგორც აქამდე გადაუყლაპავთ და ცუდი ვინ იქნება, იცით, ამ შემთხვევაში? ის, ვინც გამოვა და იტყვის, ნუ ყლაპავთ, ხალხო. ამიტომ, სანამ ასეთი რამე მომხდარა, იქნებ მოხერხდეს ისეთი ტიპის საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების  ისეთი დაკავშირება საერთო საქმესთან (თუნდაც ამ საკითხზე), რომ ერთობლივად  უფრო გასაგებად მივიტანოთ საზოგადოებამდე. ერთად ამოღებული ხმა წინააღმდეგობის რაღაც შანსს გააჩენს, ვიდრე თვითოეული ჩვენგანის ცალ-ცალკე აღებულის.

 

ამ ტიპის პრობლემების წინაშე ვდგავართ. აღშფოთება მხოლოდ ან იმის ყვირილი, აბა, ვინ ეთანხმებით ამას, ვინ არ ეთანხმებით, ვინ ხართ რაღაცაზე ხელის მომწერი და ვინ არა, ამას არ შველის. ის კონკრეტული სამუშაო კიდევ, რომელიც ძალიან სერიოზულ რუტინას მოითხოვს და ხშირად გაუგებარია, რადგან ერთჯერად ემოციაზე არ არის აწყობილი და იმაზე, რომ, ხვალვე დავამთავრებთ ყველაფერს,  სამწუხაროდ, ძალიან ცოტას უნდა.

 

თუ ყველაფერის ისევ ისე გაგრძელდა, მაშინ, საქართველოსთვის ერთადერთი  გამოსადეგი და გარდაუვალი ვარიანტი არის ის, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს. ეს არის ე.წ. სინგაპურიზაცია - დემოკრატიულ სინგაპურს რომ ეძახიან. ეს არის ყირამალა ფუნქცია საქართველოსი, რომელში თანამონაწილეობა გაცილებით იოლია, ვიდრე ამის წაღმა გადმობრუნება და იმ ფუნქციამდე მისვლა, რომელზეც გესაუბრეთ, რადგან ეს გაცილებით რთულია. რთული რახან არის, საკუთარი პატრიოტიზმისა და საქართველოსადმი სიყვარულის ერთჯერადი თვითდემონსტრირებით ეს არ კეთდება. ამას გამუდმებული, ნაბიჯ-ნაბიჯ სერიოზული შრომა სჭირდება და თანდათანობით მისვლა იქამდე, რასაც ამის რეალიზების რესურსის გამოყენება და თუნდაც, ადამიანების რაღაც ნაწილის შეგნებამდე მიტანა ჰქვია. მაგრამ ეს მუშაობა, სამწუხაროდ, ძალიან  ბევრს არ სურს. გაცილებით ადვილია, ხშირად იდგე ტელევიზორში და ერთი და იგივე ილაპარაკო.