[გიორგი ბექაური]
ახლოვდება შემოდგომა და მთელი მთავრობა სიმინდისა და ხორბლის პროგრამების „გაპრავებას“ იწყებს. არადა, უბრალო სტატისტიკური მონაცემების შედარებისას ნათელია, რომ მარცვლეულის პროგრამები (განსაკურთების სიმინდისა) დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის პროგრამა, რომელიც საქართველოში წელს პირველად განხორციელდა, დამაკმაყოფილებელზე უკეთეს შედეგს იძლევა. ასეთი დამაკმაყოფილებელი კომენტარი და კმაყოფილი გამომეტყველება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე სოფლის მეორნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მიერ პროგრამების შედეგების მოსმენის შემდეგ გააკეთა.
კვეზერელის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მოსავლის აღება პრაქტიკულად დასრულებულია. „ამერიკული ხორბლის ყანებში საშუალო მოსავლიანობა 3 ტონაა, რაც წინა წლების განმავლობაში საოცნებო მაჩვენებელი იყო. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. ამ ხნის განმავლობაში ერთ ჰექტარზე 1,8 ტონა, ანუ 1800 კგ მოსავალი მოდიოდა, დღეს კი, პრაქტიკულად, გაორმაგებული მაჩვენებელი მივიღეთ.
კახეთის ნათესებიდან მოსავლის 85%-ია აღებული. რაც შეეხება შიდა ქართლს, კვეზერელის თქმით, ამ ყანებიდან მოსავლის აღება უკვე დაწყებულია და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
3 დღის წინათ სიმინდის ყანების მონიტორინგი დასრულდა და ამ მომენტისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელზე უკეთესი შედეგის პროგნოზის საშუალებას იძლევა. კერძოდ, მოსალოდნელია, საშუალოდ, 6 ტონა მოსავლის აღება, რაც გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით, გასამმაგებული შედეგია“, - განაცხადა კვეზერელმა.
მისივე თქმით, წელს მოსავლის ექსპორტზე გატანაც იგეგმება, კერძოდ, მეზობელ ქვეყნებში მინიმუმ 100 000 ტონა მოსავლის ექსპორტი განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ხორბლის სათესლე მასალის მარაგებითაც დაინტერესდა. ამასთან დაკავშირებით კვეზერელმა განაცხადა, რომ დაგეგმილია 125 000 ჰა ფართობზე 32 ათასი ტონა სათესლე მასალის გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ მთელი ის ფართობები, რომლებიც ხორბლისთვისაა გათვალისწინებული, სრულად იქნება ათვისებული.
ეს სახელისუფლებო მონაცემებია, რომელიც წამდაუწუმ იცვლება და რაც მთავარია არაზუსტია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ კახეთის გუბერნატორი აცხადებდა, რომ 1 ჰა-ზე 4-5 ტონა ხორბლის მოსავალი მიიღეს. შემდეგ ეს ციფრი 3,8 ტონამდე ჩამოვიდა, ახლა კი საშუალო მოსავლიანობა 3 ტონის ზღვარზეა.
სხვათა შორის, ასეთი მაღალი მოსავლიანობა ამინდის დამსახურება უფროა, ვიდრე ამერიკიდან შემოტანილი ჯაგერის ტიპის სათესლე მასალისა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ისევ და ისევ სტატისტიკური მონაცემები. იმ გლეხებმა, რომელთაც ქართული ჯიშის ხორბალი დათესეს, წინა წლებისაგან განსხვავებით, წლეულს საკმაოდ დიდი მოსავალი მიიღეს - 1 ჰა-ზე 2,5-3 ტონა. ასე რომ, ქართულ და ამერიკულ სათესლე მასალას შორის დიდი სხვაობა თურმე არ ყოფილა.
რაც შეეხება ჰიბრიდულ სიმინდს, უზუსტობა კიდევ უფრო მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიბრიდული იმპორტირებული ამერიკული, 14 ათასი ტონა სიმინდი მთლიანად დაითესა. იმერეთში, იმპორტირებული სიმინდი 8 ათას ჰექტარზე დაითესა, ხოლო კახეთში 14 ათას ჰექტარზე, თუმცა სოფლის მეურნეობის ექსპერტის პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, ნალექიანი ამინდების გამო, ნათესების ნაწილი გაფუჭდა.
დასავლეთ საქართველოში, ძლიერი წვიმების გამო, ამ კულტურის დათესვა ისედაც დაგვიანდა, რაც მოსავლის რაოდენობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ექსპერტების პროგნოზით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ სიმინდის ექსპორტი დაგეგმა, ფაქტობრივად, ჩავარდა.
„გარკვეულ სავარგულებზე ეს სიმინდი თავიდან დასათესი გახდა, შესაბამისად, დაგეგმილი მოსავალის მიღება შეუძლებელია“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
საქართველოში, დაახლოებით, 1000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაიტბორა. სავარგულების განადგურების მიზეზი, უხვ ნალექთან ერთად, მოშლილი წყლისგამტარი სისტემებია, რომლის მოწესრიგების შემთხვევაში, ზარალის მნიშვნელოვანი შემცირება იყო შესაძლებელი.
და ბოლოს, სოფლის მეურნეობის მინისტრი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოფლის მეურნეობაში აქამდე ზედაპირულადაც ვერ ერკვევა. მის მიერ დასახელებული საშუალო მონაცემი (1 ჰა-ზე 6 ტონა სიმინდი) სულაც არ არის სარეკორდო, მით უმეტეს ჰიბრიდული სიმინდისთვის. ნორმალურ პირობებში 1 ჰექტარზე ჩვეულებრივი ჯიშის სიმინდი 5-6 ტონა ყოველთვის მოდის, ხოლო ქართული ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობა გაცილებით მაღალია (10-13 ტონა). ასე რომ, ამერკული მრავალმილიონიანი ჰიბრიდული თესლით ჩვეულებრივი მოსავლის მიღება წარმატებად ვერ ჩაითვლება.