[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს შავი ზღვისპირეთში ამდენ ხანს სომხების აქტიურობა შეინიშნებოდა, ახლა კი მათ რუსები და უკრანელებიც შეურთდნენ. საქმე ეხება აჭარასა და ურეკში უძრავი ქონების შეძენას და კაპიტალის დაბანდებას.
აჭარის უმსხვილესი უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმირეალთორის“ წარმომადგენლის იმედა წულუკიძის ინფორმაციით, წელს ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელმა მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა.
„მოთხოვნა უმეტესად, საცხოვრებელ ფართებზეა, თუმცა იყიდება კომერციული ფართებიც. ამ უკანასკნელზე ქირა უფრო სჭარბობს. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, მშენებარე კორპუსებში ბინები თითქმის ყოველდღიურად იყიდება. ბათუმში ბინებს ყიდულობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უკრაინელები, რუსები, ყაზახები. გასაყიდი ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე 400 დოლარიდან იწყება და ადგილის, სართულისა და ხედის მიხედვით 2000-3000 დოლარამდე აღწევს“, - ამბობს იმედა წულუკიძე.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გაყიდვების სტრუქტურაში ლიდერი ბათუმია (61.4%). მეორე და მესამე პოზიციებს კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები (შესაბამისად 23.6% და 12.5%) ინაწილებენ. ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების წილი ამ სტრუქტურაში უმნიშვნელოა და ჯამურად 2.6%-ს შეადგენს (ა.წ. 6 თვის მაჩვენებელი).
იმედა წულუკიძის თქმით, ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელი, თუმცა ის ბათუმის მაჩვენებელთან ვერ მოვა. ამის მიზეზი შეიძლება მშენებარე კორპუსების ნაკლებობა იყოს.
„ამ ეტაპზე ქობულეთში უმეტესად სასტუმროები შენდება, საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობა კი შედარებით ნაკლებია“, - განმარტავს „კომერსანტთან“ საუბრისას წულუკიძე.
აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელთან შედარებით -1.7-ჯერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში 2011 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.
თუკი უკრაინელები, რუსები, ყაზახები საქართველოს შავი ზღვისპირეთში ბინებისა და სახლების შეძენით არიან დაკავებული, სომხებს უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვთ. ჩვენი მეზობლები სასტუმროებს და ინფრასტრუქტურას უმიზნებენ.
ანალიტიკური ცენტრის, „ალტერნატივას“ დირექტორის ტატული მანსერიანის ინფორმაციით, საქართველოში, ტურიზმის სექტორში შემოდინებული სომხური ინვესტიციების მოცულობამ 300 მლნ დოლარი შეადგინა. მისი განცხადებით, ტურისტული სეზონის პერიოდში თანხა 100 მლნ დოლარს აღწევს და ამას ემატება ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.
სომეხი ბიზნესმენების ინტერესს საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი, მანსერიანი ქვეყანაში განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმებს უკავშირებს. „კაპიტალის გადინება სომხეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას სერიოზულ საშიშროებას უქმნის, თანხების გადინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება კი საქართველოა“, - აცხადებს მანასიანი.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია ინფორმაცია თუ რა ოდენობის კაპიტალი ჩადეს სომხებმა აჭარაში, მაგრამ მათი აქტიურობა თვალშისაცემია. ქობულეთის ტურისტულ ზონაში მეზობლები სასტუმროებს დიდი მონდომებით აშენებენ, იქვე რესტორნებსაც აშენებენ, ხოლო ურეკში უძრავ ქონებას იჯარით იღებენ. ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ სომხები შავ ზღვის სანაპირო ზოლში დასამკვიდრებლად თანხებს არ იშურებენ.