"ოცნების" შავი დღე

ხელისუფლებაში მოსვლის მე-6 წლის იუბილეს "ოცნება" ბიზნესრეკეტზე სკანდალური ბრალდებით ხვდება
მოსთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს 4 მილიონი "ბიჭების დასაფინანსებლად"; ნაცემი და შიშველი ლევან ყიფიანი სარდაფში გამოკეტა თუ არა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ - სკანდალურ ჩანაწერებს ბოლო არ უჩანს და ამ ძალიან მძიმე ბრალდებებით შეხვდა "ქართული ოცნება" 1-ელ ოქტომბერს - არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის მე-6 წლის იუბილეს.

გუშინ ბრალდების თითქმის ყველა ადრესატმა გააკეთა კომენტარი, რომ ოქუაშვილის განცხადება სიმართლე არ არის, მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე დუმს, როგორც ყოველთვის და ასევე არ გამოჩენილა ლევან ყიფიანიც, თუმცა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ "უახლოეს დღეებში ბატონი ლევანი ამ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთებს საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვან განცხადებას".

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყიფიანი დაადასტურებს თუ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ფარცხალაძემ ის სარდაფში ნაცემი გამოკეტა და ავთენტიკურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ბიზნესმენ ოქუაშვილს სთხოვენ ფულს.

ასევე მოლოდინია, რომ შესაძლოა, ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის შეხვედრისა და 4 მილიონის მოთხოვნის ჩანაწერიც გავრცელდეს, რადგან ოქუაშვილმა ირიბად უკვე დაადასტურა ის, რომ ეს ჩანაწერიც არსებობს.

არის თუ არა ავთენტიკური ჩანაწერები - პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება პირველი აუდიოჩანაწერის გავრცელების საფუძველზე უკვე დაწყებულია და ყველა შემდეგი საჯარო ჩანაწერი მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს დაერთვება, თუმცა ავთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

სკანდალურ ჩანაწერებს გუშინ დიდი ხმაური მოჰყვა. 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია, ელიტური კორუფციის ცხადი ნიშნები არსებობს და არავის აქვს მოლოდინი, რომ საქმე გამოძიებული იქნება, ამიტომაც არასამთავრობოები სიტუაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გაცნობას გეგმავენ.

არასამთავრობოები ბიზნესმენებსაც მოუწოდებენ, რომ თუკი შანტაჟი მათზეც განხორციელდა, ინფორმაცია გაასაჯაროონ.

მწვავე იყო ოპოზიციის შეფასებებიც. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანა მაფიის პრინციპით იმართება და ეს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დასრულდეს.

გაკეთდა მოწოდება, რომ აღიძრას სს-ის საქმე ყველა ჩანაწერზე ცალ-ცალკე და დაიკითხოს ამ ჩანაწერის ყველა ფიგურანტი, მათ შორის - ივანიშვილიც და გახარიაც, პარალელურად კი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც გაისმა.

"ოცნების" წარმომადგენლები, როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო რეკეტზე ბრალდებებს "გაუგებარსა" და "დადგმულ სპექტაკლს" უწოდებენ. "ოცნებაში" თვლიან, რომ ოქუაშვილის შეთხზული ამბის გამო ივანიშვილის პროკურატურაში დაბარების საფუძველი არ არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოქუაშვილი აბსურდული ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თურმე ყველაფერს იწერდა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს დაადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი, ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა და რა გამწვავებასაც არ უნდა ცდილობდეს ის, ბიზნესმენი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომლებიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი.

ამასთან, ეკა ბესელიას მტკიცებით, მთავარი არა შინაარსი, არამედ იმის დადგენაა, როგორ მოხდა ჩანაწერების მოპოვება, რადგან, მისი განმარტებით, უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელება კანონით ისჯება.

განცხადება გააკეთა მთავარმა ადრესატმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ოქუაშვილთან შეხვედრა მართლაც ჰქონდა, თუმცა - მხოლოდ პრობლემების მოგვარებისთვის და მას არანაირი თანხა არ მოუთხოვია, როგორც ამას თავად ბიზნესმენი ამბობს.

ივანიშვილმა "ოცნების" წევრებს ერთგვარი დავალებაც მისცა, როდესაც ოქუაშვილზე კითხვებს დაუსვამენ, ივანიშვილთან შეხვედრის დამადასტურებელი ჩანაწერის წარდგენა მოითხოვონ.

"ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი... ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრისა და შეხვედრის შესახებ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრა და იქ ყოფნა ასევე დაადასტურა გიორგი გახარიამაც და მანაც იგივე მიზეზი დაასახელა, რაც ივანიშვილმა - დახმარების სურვილი.

 გარდა ამისა, შს მინისტრმა თქვა, რომ ის გასცემს პასუხს კითხვებზე ყველგან - თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც, ხოლო ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც აქვს.

მას შემდეგ, რაც "ომეგა ჯგუფის" ფინანსური პრობლემები გახმაურდა, არაერთი სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა, თუმცა გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი და თავად "ომეგა ჯგუფის" მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა.

ოქუაშვილის მიერ მოყოლილი ბიზნესრეკეტის ისტორია ასეთია: ოქუაშვილს 4 მილიონის მიტანა პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა შეხვედრაზე, რომელსაც იმ დროს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.

"ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ 4 მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. "ბიჭები" თვითონ იყო რეალურად", - აცხადებს ოქუაშვილი.

ამ შეხვედრის შემდეგ ოქუაშვილმა ოფშორში დაარეგისტრირა კომპანია, დანიშნა დირექტორები და წინა დღით შექმნილ ფირმაში გადარიცხა 4 მილიონი.

გადარიცხვიდან მეორე დღეს ფული კომპანიის დირექტორად დანიშნულმა პირმა და ლევან ყიფიანმა გაიტანეს "თი-ბი-სი" ბანკიდან, თანაც დარღვევით, ერთი, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა თანხის გატანა და მეორეც, დარეგისტრირებიდან 3 თვეზე მცირე დროში დიდი თანხის განაღდებას ფირმის სადამფუძნებლო დოკუმენტის გარეშე კანონი კრძალავს.

თუმცა, როგორც ოქუაშვილი ამბობს, გახარიას მხრიდან დიდი ზეწოლის შემდეგ ბანკის მმართველებმა მამუკა ხაზარაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ თანხის განაღდებაზე თანხმობა თქვეს. ამასთან, ოქუაშვილის თქმით, თავიდან მასთან მოლაპარაკებებს ოთარ ფარცხალაძე აწარმოებდა.

შეხვედრაც ჰქონდა საბურთალოს ბაზართან ფარცხალაძესა და ყიფიანთან, სადაც ფარცხალაძემ უთხრა, რომ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის დავალებით იყო მისული და ოქუაშვილს 4 მილიონი უნდა გადაეხადა, რისი გადახდაც მან არ ისურვა.

ამ შეხვედრის შემდეგ ლევან ყიფიანი საქმის გასარკვევად იმდროინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან წავიდა. კვირიკაშვილთან საქმის გარკვევის გამო, "ზედმეტი სიარულისთვის" ფარცხალაძემ, ივანიშვილის დავალებით, ლევან ყიფიანი დასაჯა - სარდაფში ჩააგდო, გააშიშვლა, რამდენიმე საათი სცემდა და გაუპატიურებით დაემუქრა.

სწორედ ამის შემდეგ საქმეში პირადად ივანიშვილი ჩაერთო და მოითხოვა 4 მილიონი. მისივე განცხადებით, პარალელურად გრძელდებოდა ლევან ყიფიანისაგან მუქარა "ომეგა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორებთან.

როგორც ოქუაშვილი აცხადებს, ივანიშვილი მას "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასაც სთხოვდა. გარდა ამისა, ოქუაშვილი ინტერვიუში ვანო ჩხარტიშვილზეც საუბრობს. ამბობს, რომ სწორედ ჩხარტიშვილმა დაარწმუნა, ფარცხალაძეს შეხვედროდა და ჩხარტიშვილი და გახარია ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.

ბიზნესმენი მიანიშნებს, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც მოქმედი პირი თავად ბიძინა ივანიშვილია.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ბრალდებების საპაუხოდ ამბობს, რომ ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების - "იბერიისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ყველა ჩანაწერი მონტაჟია.

ბრალდებაზე საპასუხო განცხადება გაავრცელა "თი-ბი-სი" ბანკმაც. მასში ნათქვამია, რომ ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

ბანკი განმარტავს, რომ ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით და ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება.

ბანკი ასევე აცხადებს, რომ "მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ".

ბანკის მხრიდან ფაქტის უარყოფის პარალელურად, "რუსთავი 2" ავრცელებს "თი-ბი-სი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალთან გადაღებულ ფოტოებს, როგორ დებს ერთი ადამიანი სპორტულ ჩანთას შავ ჯიპში. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის დღეა, როდესაც, ოქუაშვილის თქმით, მისი კუთვნილი თანხა ბანკიდან გამოიტანეს.

მეორე ფოტოზე ჩანს ბანკის მოსაცდელში მსხდომი ლევან ყიფიანი და კიდევ ერთი პირი - ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელიც "კურიერთან" საუბარში ადასტურებს, რომ სწორედ მის სახელზეც იყო დარეგისტრირებული კომპანია და ყოფიანთან ერთად სწორედ მან გაიტანა "თიბისი" ბანკიდან 2 ტრანშით და შავ ჯიპში ჩადო "ომეგა ჯგუფის" მიერ ჩარიცხული მილიონები.

ხაჩიშვილის თქმით, თანხის გაცემამდე ლევან ყიფიანი სისტემატურად უკავშირდებოდა ოთარ ფარცხალაძეს, რომ 7-ის ნახევარზე ბანკში ბუცხრიკიძე და ხაზარაძე მოდიან და ამის შემდეგ მათ ფული გადასცეს.

ის, რომ მილიონი დოლარის ბანკიდან გატანაში პირადად ოთარ ფარცხალაძე იყო ჩართული, სატელეფონო საუბრის ამონაწერითაც დასტურდება. ბანკიდან ფულის გატანის დღეებში ყიფიანმა და ფარცხალაძემ 12-ჯერ ისაუბრეს.

სატელეფონო ზარები ზუსტად იმ დროს არის განხორციელებული, როდესაც ზეწოლის ქვეშ მყოფი "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები ბანკის შენობაში იცდიდნენ.

გარდა ამისა, "რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ლევან ყიფიანი ტელეფონზე "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელს უყვება ფარცხალაძეთან კონფლიქტის შესახებ.

მართალია, ყიფიანი გვარს არ ახსენებს, მაგრამ ამბობს, რომ სისხლიანი არის, იმიტომ რომ, შეაგინა და კონფლიქტი მოუვიდა კაცთან, რომელიც ჯერ ძველი ბიჭი იყო, შემდეგ - პროკურორი.