[მერაბ ბრეგაძე]
აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტის უზეირ ჯაფაროვის პროგნოზით, „ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უახლოეს პერიოდში საქართველოში აუცილებლად გამოჩნდება“.
როგორც ექსპერტი „ეხოსთან“ საუბრისას აცხადებს, „რადარების კავკასიის რეგიონში განთავსების შესახებ მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, დღევანდელი დღისთვის კი აშშ-ში ამ საკითხზე გაძლიერებულად მუშაობენ“:
„ვფიქრობ, რადარი საქართველოში დაიდგმება, რამდენადაც აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გარისკავს, რადგან არსებობს რუსული და ირანული ფაქტორი, მათ კი აღნიშნული ფაქტი არ მოეწონებათ. რა თქმა უნდა, ამ რადარის ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება ნეგატიურ სიტუაციებს წარმოშობს.
არ ვფიქრობ, რომ გარკვეული ქვეყანა აზერბაიჯანს შეუტევს, მაგრამ ურთიერთობა აუცილებლად გამწვავდება, გარკვეულ საკითხებში ჩვენი რესპუბლიკა მისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვის დროს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე დარჩება“.
ამასთან, ჯაფაროვის თქმით, „ვაშინგტონისთვის აზერბაიჯანი სათადარიგო ვარიანტია, ძირითადად კი საქართველო განიხილება, რომელიც თავადაც დაინტერესებულია, ამერიკული სისტემა მის ტერიტორიაზე განთავსდეს, რამდენადაც იგი საქართველოსთვის ერთგვარი „ქოლგა“ იქნება გარე საფრთხეებისა და ზემოქმედებებისგან დასაცავად“:
„ჩვენი ქვეყანა შესაძლოა, ყურადღების ცენტრში იმ შემთხვევაში მოექცეს, თუ საქართველოში მოვლენები არა იმ სცენარით განვითარდება, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს გათვალისწინებული. აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები შესაძლოა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს“.
რაც შეეხება აღნიშნული სისტემის კავკასიის რეგიონში განთავსებას, როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტი აღნიშნავს, „ეს ერთგვარი დამამშვიდებელი ფაქტორია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, სურთ ხასიათი გაუფუჭონ საკუთარ მეზობლებს ან იმ ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკური ან სხვა მაჩვენებლებით მათ აჭარბებენ. ამიტომაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული სისტემა უახლოეს პერიოდში ჩვენი მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდება“, - დასძენს ჯაფაროვი.
თავის მხრივ, სამხედრო ანალიტიკოსის, ირაკლი ალადაშვილის აზრით, „საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში ამერიკული რადარი რუსეთის სამიზნე გახდება“.
„აშშ-ის ძველ ადმინისტრაციას ანტისარაკეტო სარადარო სისტემის ევროპაში, კერძოდ, პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების გეგმა ჰქონდა. ობამას ადმინისტრაციამ უმცროსი ბუშის გეგმები შეცვალა. ახალი გათვლებით, ევროპაში ამ სისტემის განთავსება 4 ეტაპად უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი ხმელთაშუა ზღვაში ანტირაკეტებით აღჭურვილი კრეისერების განთავსებას ითვალისწინებდა. ასეთ სამხედრო ხომალდებს ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტში შემოსული „ანციო“ და „მონტერეი“ განეკუთვებოდა. ამ თემაზე აშშ თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინთონი თურქეთში იმყოფებოდა და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს მართავდა. მაგრამ თურქეთს საკუთარი პირობა აქვს: თუ ეს რადარი მის ტერიტორიაზე განთავსდება, მისგან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ისრაელს არ უნდა გადაეცეს.
არადა, აშშ ერთიან რადიოლოკაციურ ველში ისრაელთან ერთად ერთვება. ამის გამო რესპუბლიკელმა სენატორებმა პრეზიდენტ ობამას რადარის საქართველოს ტერიტორიაზე დამონტაჟება შესთავაზეს.
ამასთან, ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ირანული რაკეტების აღმოსაჩენად საქართველოში, ან აზერბაიჯანში განთავსებულ რადარს უფრო დიდი ტექნიკური შესაძლებლობები ექნება, ვიდრე თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებულს“, - აცხადებს ალადაშვილი, თუმცა აქვე დასძენს, რომ „ეს პოლიტიკური საკითხია“.
კერძოდ, მისი მონაცემებით, ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფონზე საქართველოს ტერიტორიაზე რადარის განთავსებით მოსკოვის გაღიზიანებას ერიდება.
ამასთან, ალადაშვილის თქმით, რადიოლოკატორის სამხრეთ (ირანის) მიმართულებით დროულად განთავსება ამერიკისთვის დღის წესრიგში დგას, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ანტისარაკეტო სისტემამ ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, ირანთან უფრო ახლოს განლაგებული რადარიდან უნდა მიიღოს.
შესაბამისად, ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელ ექსპერტს გარკვეული კულუარული ინფორმაცია მართლაც ჰქონდეს, მით უფრო - თურქეთ-აზერბაიჯანის ახლო ურთიერთობების გათვალისწინებით.
რაც შეეხება იმას, რამდენად მომგებიანია მის ტერიტორიაზე რადარის განთავსება თავად საქართველოსთვის, ალადაშვილის განცხადებით, საუბარი არა მბრუნავ, არამედ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ირანისკენ (შესაბამისად, რუსეთის საწინააღმდეგოდ) მზერ რადიოლოკატორს ეხება.
ამასთან, მისივე განმარტებით, რადარს თავისი უცხოელი მომსახურე პერსონალი და თავდაცვითი სისტემა მოჰყვება, რაც საქართველოს საჰაერო თავდაცვას გარკვეულწილად გააძლიერებს.
ამავდროულად, ალადაშვილმა მოსკოვის მოსალოდნელ რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება:
„ყველას გვახსოვს, როდესაც პოლონეთში - 10 ანტისარაკეტო, ხოლო ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო რადარის დამონტაჟების საკითხი დადგა დღის წესრიგში, მოსკოვმა საპასუხოდ კალინინგრადის ოლქში ამ ორი ქვეყნის „რადარების“ წინააღმდეგ მიმართული „ისკანდერის“ სისტემის განლაგების შესახებ განაცხადა.
შესაბამისად, ახლაც საქართველოში რადარის განთავსების შემთხვევაში, იგი ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული რუსული ბაზების შეიარაღების სამიზნეში აღმოჩნდება“.