კრემლი საქართველოს, უკვე მერამდენეჯერ, „ტერორისტების მომზადებაში“ ადანაშაულებს. თბილისში ამ განცხადებას ჩრდილო-კავკასიაში ტერორიზმის გაძლიერებას, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირებენ. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.
“რუსული მხარე საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს”, – ამის შესახებ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა.
სიმაკოვის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია სპეციალური ბანაკები, სადაც „ბოევიკებს“ ამზადებენ. იქ კრებენ კავკასიელებს, როგორც წესი, დამნაშავეებს ან მათ, ვინც სამართალს ევროპის ქვეყნებში ემალებოდა. მათ ამზადებენ და ჩვენთან მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან აგზავნიან“, – აცხადებს სიმაკოვი.
მისივე თქმით, მცირე ხნის წინ რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ასევე, მოკლეს ერთი „ბოევიკი“, ხოლო ორი დააკავეს.
„დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მათ ავსტრიასა და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ისინი იქ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა გადაიბირეს და საქართველოში გაუშვეს, რათა შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ემოქმედათ“, – განაცხადა სიმაკოვმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ამას ჩრდილო-კავკასიაში ტერორიზმის გაძლიერებას, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეიგონში განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირებს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ „ამ განცხადებებს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია“.
„როგორც ჩანს, ეს არის მცდელობა მათი მხრიდან პასუხი გაეცეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საქართველო დასახელებულია სანიმუშო ქვეყნად ტერორიზმთან ბრძოლაში“, – მიაჩნია ბაქრაძეს. ამასთან, იგი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული ტერორისტული აქტები სამწუხარო ფაქტია, თუმცა მისი თქმით, ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკის შედეგი.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ჩრდილო-კავკასიაში ტერორიზმს ყოველდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირება და მეტი მსხვერპლი მოჰყვება, მაგრამ ამის საფუძველი და მიზეზები მათ უნდა ეძებონ არა საქართველოში, არამედ საკუთარ პოლიტიკაში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე და დასძენს, რომ „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ძალისმიერი პოლიტიკა და ტერორიზმის წახალისება არის სწორედ ის პოლიტიკა, რაც ბუმერანგივით უბრუნდება რუსეთს ჩრდილო - კავკასიაში.
„საქართველოსკენ თითის გამოშვერას ჯობია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა საკუთარ ქვეყანას მიხედონ“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წარმომადგენელის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„რუსეთის ფედერაციას ურჩევია საკუთარ ქვეყანას მიხედოს და ყოველი აფეთქების შემდეგ თითი საქართველოსკენ არ გამოიშვიროს. თუმცა, როგორც ჩანს მათ საკუთარ ტერიტორიაზე ვითარების გაკონტროლების ძალა არ აქვთ“, – თქვა თემურ იაკობაშვილმა.
„პანკისის ხეობის მიმართულებით რუსეთის მიერ ბოევიკების განადგურების მიზეზით ოპერაციის მომზადების საფრთხე არსებობს“, – ასე შეაფასა რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
„ამ ეტაპზე პანკისის ხეობის მიმართულებით ოპერაციის დაწყების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც კრემლი საქართველოში ბოევიკების ბანაკებზე საუბრობს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არასდროს არ მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იმ დიდი პიარის ნაწილია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ“, – აცხადებს არეშიძე.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან მუდმივად იმის ძახილი, რომ საქართველოში ბოევიკების დაჯგუფებები იმყოფებიან, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობას უკავშირდება.
„კრემლს სურს, რომ მსოფლიო დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერორისტების მფარველი ქვეყანაა“, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.