[თეონა ხარაბაძე]
„ახლები“ ფრაქციებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ქმნიან. ამაში, შესაძლოა, გასაკვირი არც არაფერი იყოს. მაგრამ, ეს ფრაქციები მაინცდამაინც ახლა რომ იქმნება და თანაც „ნაციონალების“ უშუალო მონაწილეობით, ცოტა უცნაურად ჩანს.
როდესაც „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ძალიან ბევრი ვარაუდი გამოითქვა, თუ მათ ამის სანაცვლოდ რა მიიღეს. ცხადია, იმ მილიონის გარდა, რასაც ბარიერის გადალახვის შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მიიღებენ.
ამ ხელმოწერისას ბევრი ვარაუდი იყო იმაზეც, რომ ხელისუფლება მათ სწორედ ბარიერის გადალახვას დაჰპირდა. არის ეს ასე თუ არა, ახლა ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. რელაურად კი ყველაფერი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელმოწერის სარგებელი არა მხოლოდ ხვალინდელი ქათამი იყო, არამედ დღევანდელი კვერცხიც.
ყოველ შემთხვევაში, „ახლების“ პოლიტიკური გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე უკვე შეინიშნება. მაგალითისთვის ვანის შემთხვევაც საკმარისი იქნება. დაახლოებით ერთი თვის წინ, ანუ იმ დროს, როდესაც „ახლებმა“ და ხელისუფლებამ საარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს, „ახლებმა“ ფრაქცია შექმნეს ვანის საკრებულოში.
შეგახსენებთ, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თვითმმართველ ერთეულში ფრაქციის შექმნისთვის მინიმუმ სამი კაცია საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები შარშან მაისში ჩატარდა და ეს წესი უკვე ერთი წელია მოქმედებს, „ახლებმა“ ეს დღემდე ვერ მოახერხეს. ერთი წლის შემდეგ, ვანში, უკვე, საკუთარი ფრაქცია აქვთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მათ ვანში ამის გაკეთება თორთლაძის და „ნაციონალების“ დახმარებით მოახერხეს.
ვანის თვითმმართველ ორგანოში „ახლების“ ფრაქციას „ახლების“ სიით გასული ლელა ადეიშვილი ხელმძღვანელობს. (ცნობისთვის, ამ ფრაქციის შექმნის შემდეგ მას 600 ლარიანი ხელფასიც დაენიშნა). ფრაქციის წევრები კი არიან, თორთლაძის პარტიის წევრი ვინმე რამიშვილი და ნაციონალების წევრი ვინმე ცერცვაძე. სხვათა შორის, ეს ცერცვაძე სოფელ გორას რწმუნებულის შვილია.
თუკი მამის თანამდებობას გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ამ ნაციონალს ასე ერთბაშად ოპოზიციური ხედვები ვერ შეაწუხებდა და, რომც შეეწუხებინა, ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ამის გამოთქმას ვერ გაბედავდა.
სწორედ ამიტომაც არის გასაკვირი ის, რომ „ახლების“ ფრაქციაში ნაციონალების წევრი ხვდება. თანაც, უბრალოდ „ნაციონალი“ კი არა, სოფლის რწმუნებულის შვილი. თუკი ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრი იქნება, ეს ნაციონალი ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციაში როგორ მოხვდა.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ორმაგ სარგებლიანობასთან გვაქვს საქმე. ერთის მხრივ, „ახლები“ ვანის ადგილობრივ ორგანიზაციას აძლიერებენ. ფაქტია, რომ ვანის თვითმმართველ ორგანოში საკრებულოს შექმნა უბრალო ამბავი არ არის. მით უმეტეს, თუკი ბოლო დროს „ახლების“ მხიდან გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანა საარჩევნო შეთანხმება და პარტიული სტრუქტურის გაძლიერება იყო.
მეორეს მხრივ კი, ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან სათქმელი ექნება, რომ ოპოზიცია მხოლოდ დედაქალქში კი არა, რეგიონებშიც ძლიერდება და ყველა ასეთ ფაქტს დაუსახელებენ და თანაც თავსაც მოიწონებენ.
თუმცა, ამ ფრაქციაში „ნაციონალის“ გაწევრიანებაზე არანაკლებ საინტერესო თორთლაძის პარტიის წევრის ყოფნაა. ყოველ შემთხვევაში, თუკი თორთლაძესთან დაკავშირებით „ახლების“ პოზიციებს გავისხენებთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ მისი პარტიის წევრი ამ ფრაქციაში გაწევრიანებულიყო.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ვანში „ახლების“, „ნაციონალებისა“ და თორთლაძის ერთობა უკვე შედგა და არც ის არის გამორიცხული, ამ ერთობამ სხვა თვითმმართველობებში უფრო მჭიდრო ფორმები მოძებნოს.