დაპირისპირება „ოცნებაში“: ფარული ჩანაწერების აუთენტურობის შემთხვევაში ორი დეპუტატი პარტიის დატოვებას აპირებს

დაპირისპირება „ოცნებაში“: ფარული ჩანაწერების აუთენტურობის შემთხვევაში ორი დეპუტატი პარტიის დატოვებას აპირებს

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში" - ტელეკომპანია „იბერიის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვაობაა. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ პროკურატურამ სასწრაფო წესით უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერები აუთენტური. უფრო მეტიც, „ომეგა ჯგუფის" სკანდალის შემდეგ, შესაძლოა „ქართული ოცნების" ორმა დეპუტატმა კაკი ზოიძემ და რომან კაკულიამ პარტია დატოვონ. თუმცა იქვე ისინი იმედს იტოვებენ, რომ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მათ აზრს, სავარაუდოდ, „ოცნების" წევრების ნაწილიც იზიარებს, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ხმამაღლა მხოლოდ ორი დეპუტატი საუბრობს.

ამ თემაზე პირველი, ვინც ღია განცხადებებს აკეთებს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაა. ამბობს, რომ „იბერიასთან" დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერის ყველა ფიგურანტი უშუალო კავშირში არ არის „ქართულ ოცნებასთან", ეს „ოცნების" მმართველობის პერიოდში ხდება და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

დეპუტატის თქმით, ის ამ ჩანაწერებს გულგრილად ვერ უსმენს, რადგანაც მმართველი გუნდი პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირს ამ თემასთან ვერ აიცილებს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებისა, ჩვენ ვერ შევქმენით დღემდე სასამართლო გადაწყვეტილებათა ის ხარისხი, როდესაც შეგვიძლია მშვიდად დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს ტრაფარეტული ფრაზა იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტების გამომხატველი. სხვა არჩევანიც არ გვაქვს. იმედია, აბსოლუტურად ჯანსაღად წარიმართება გამოძიებაც, სასამართლომდეც უნდა მივიდეს და საზოგადოებას კითხვები არ დარჩება ამ ნამდვილად შემაშფოთებელი ტექსტებისგან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ. ნამდვილად არ მინდა, ვიყო გუნდის წევრი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთი ტიპის საქმიანობებთან. ეს ყველაფერი თუ გამოაშკარავდება და გახდება რეალობა, მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებასაც და დავტოვებ პარტიას.

რა თქმა უნდა, რომ „ქართულ ოცნებას" საზოგადოების მხრიდან ის დიდი მხადაჭერა აღარ აქვს და მე ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მოსახლეობის განწყობა. მე ვხვდები და ვესაუბრები მათ. ამიტომ ძალიან ბევრ კითხვებზე პასუხის გაცემა და ახსნაა საჭირო.

სარალიძის საქმეზეც, სიმართლე გითხრათ, პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ და ასეთი განწყობა ძალიან ბევრ ჩემს თანაპარტიელს აქვს, მაგრამ ალბათ ამ უწყებასაც აქვს გარკვეული მიზეზები, რის გამოც ვერ ხერხდება თუნდაც სარალიძის საქმეზე ამომწურავი პასუხების გაცემა. უფრო არაკოპენტურობის ბრალი მგონია, რასაც ცვლილებები სჭირდება. წარმოუდგენელია შვილმკვდარ მამას გამოხვიდე და უთხრა უკაცრავად მტკიცებულებები ვერ ვიპოვეთ და სახლში დავიშალოთო", - აცხადებს კაკულია.

ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რითაც „ოცნებასთან" ერთად მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ამაზე აღნიშნავს, რომ კაკულიას თავისი ემოცია და შეხედულებები აქვს. მისი თქმით, ცხრა წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში რაღაც ჩანაწერები ვრცელდებოდა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა. ამიტომ ასეთი ჩანაწერების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, პროკურატურა რა განცხადებას გააკეთებს და გამოძიებით რა ფაქტები გამოვლინდება.

„დარწმუნებული ვარ, პროკურატურა აქტიურობს და როცა სათანადო მტკიცებულებები ექნება, განცხადებას გააკეთებს. ჩემი აზრით, გამოძიებას და მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. სასამართლოს უმაღლეს წერტილამდე აყვანას 200 წელი უნდა, როგორც ეს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია. დღევანდელი სასამართლო ცა და დედამიწასავით განსხვავდება იმისგან, რაც ჩავიბარეთ. პროცესების 99,9% გამამტყუნებელი იყო და პროკურატურის ბრალდებებს ემთხვეოდა. ეს ჩავიბარეთ და დღეს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ წასულია", - განაცხადა ძიძიგურმა.