აქტიური პოლიტიკური პროცესების დროს, არჩევნებია ეს თუ რაიმე დიდი პოლიტიკური აქცია, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკოსები ყველაზე დიდ საფრთხობელად მუდმივად იყენებენ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას. ასეა ახლაც, რაღაც ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს მიიჩნევს რუსეთის აგენტად, ნაწილი - სალომე ზურაბიშვილს. თუმცა საინტერესოა, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობის" დროს შოუების დადგმით ხდებოდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებული პირების გამოვლენა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკვე 6 წელია, რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე არც ერთი პირი არ გამოვლენილა.
თანაც ეს მაშინ, როდესაც სწორედ ბოლო წლებში მთელ ევროპასა და აშშ-ში გააქტიურდა საუბარი იმაზე, როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას. გარდა ამისა, წელს დიდი სკანდალი მოჰყვა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის - სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას და მიუხედავად იმისა, რომ, მოსკოვის მტკიცებით, მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის რიგითი მოქალაქეები ბრიტანეთში სამოგზაუროდ იყვნენ წასულები, ლონდონმა რამდენიმე დღის წინ პასპორტის ნომრებით გაშიფრა, რომ ეს "რუსი ტურისტები" გრუ-ს პოლკოვნიკები არიან. რუსეთის სხვა სპეცსამსახურს, კერძოდ ეფ-ეს-ბე-ს, უკავშირდება 2006 წელს ყოფილი რუსი ჯაშუშის - ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლა, ხოლო 2004 წელს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მანქანაში ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ზელიმხან იანდარბიევის, აფეთქებისთვის დააკავეს გრუ-ს 2 ოფიცერი, რომლებიც ყატარმა რუსეთს გადასცა და მოსკოვში მათ გმირობა მიანიჭეს.
როგორ მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში და რატომ ვერ პოულობენ რუსეთის აგენტებს ბოლო წლებში?
დღეს რუსეთში სამი ძირითადი სპეცსამსახურია: ფე-ეს-ბე, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, ეს-ვე-ერი, საგარეო დაზვერვა და გრუ, რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ძირითადად ეს-ვე-ერ-ისა და გრუ-ს ფუნქციაა უცხოეთში ღია და საიდუმლო მასალების მოპოვება, თუმცა ეფ-ეს-ბე-საც მიენიჭა დაზვერვის ფუნქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო ე.წ. პოლიტიკური მკვლელობების შემკვეთი და განმახორციელებელი ჯგუფი, რომელიც სამივე ამ სამსახურს აქვს.
როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ბესო ალადაშვილი ამბობს, რუსული სპეცსამსახურების მიერ ღია მკვლელობები მსოფლიო მასშტაბით 2004 წლიდან იწყება, როდესაც გრუ-ს ორმა ოფიცერმა ყატარში მოკლა იანდარბიევი, ფარული მკვლელობა კი უამრავი აქვთ ჩადენილი და მათ შორის ყველაზე ძლიერ და სანდო სპეცსამსახურად გრუ მიიჩნეოდა.
ალადაშვილის თქმით, საქართველოში სამივე რუსული სპეცსამსახური აქტიურად მუშაობს. საბჭოთა დროს ეფ-ეს-ბე და გრუ გაერთიანებული იყო, მას "კა-გე-ბე", სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ერქვა და რუსეთს დღესაც ხელს აქვთ "კაგებეს" მთელი არქივი - აგენტურები, ფსევდონიმები, ოპერატიული მასალები და რუსები მას დასაშანტაჟებლად იყენებენ, მათ შორის საქართველოშიც.
"როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-ი) ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო აგენტურის შეგზავნა, გადაბირება და ამ მოძრაობის გახლეჩა. შემდეგ აფხაზეთის ომშიც აქტიურად მუშაობდა რუსული სპეცსამსახურები. შევარდნაძის ხელისუფლების დროს იგორ გიორგაძისა და შოთა კვირაიას მოსვლით რუსული აგენტურა იყო სახელისუფლებო შტოებში და ღიად მოქმედებდნენ. 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძის აფეთქების შემდეგ შეიცვალა ვითარება და რუსეთის სპეცსამსახურები ისე ღიად ვეღარ მოქმედებდნენ," - აღნიშნავს ალადაშვილი.
მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სპეცსამსახურებში მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი კადრები დაინიშნა, რამაც ისინი შეასუსტა.
"ჩემი აზრით, ამ დროს რუსეთმა მოახერხა ჩვენს სპეცსამსახურებში თავისი ხალხის გაყვანა, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ეს ხალხი კიდევ შემორჩენილია. სააკაშვილის პერიოდში ვნახეთ დადგმული შოუები, ვითომ ჯაშუში სიმონ კილაძე, ვახტანგ მაისაიას, "ენვერის" საქმე, ფოტოგრაფების საქმე. ესენი თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები იყო. ამ ფარსის ქვეშ კი რუსეთის აგენტურა მუშაობდა, რაც გამოჩნდა 2008 წლის ომშიც. რატომ ვერ ავლენენ რუსეთის აგენტებს? სპეცსამსახურებში, სულ მცირე, 2 პრობლემაა. ერთია არაპროფესიონალიზმი, დაბალი დონე და მეორეა - რუსეთის აგენტურა საკუთარ თავს ხომ არ გამოავლენს? ჩვენი მთავარი სპეცსამსახური გადასულია მუნიციპალიტეტის რიგითი მოხელეების დაკავებაზე, ამ დროს მთავარი ფუნქცია უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენაა. გამორიცხულია, საქართველოში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად არ მუშაობდნენ, როდესაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს ნატო და ევროინტეგრაცია," - დასძენს ალადაშვილი.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთს საქართველოში დიდი ინტერესები აქვს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რუსეთის სამივე სპეცსამსახურს ჰქონდეს სინქრონული კავშირი, თავისი დიდი ქსელებით და მიძინებული აგენტურით.
იგი ამბობს, რომ ორი ტიპის რეზიდენტურა არსებობს - ლეგალური, რომელშიც შედიან დიპლომატები, მედია, ტურისტები, ის პოლიტიკოსები, გავლენის აგენტები, რომლებიც არ მალავენ განწყობას და არალეგალური, რომლებიც ფარულად მოქმედებენ და მათი გამოვლენა ძალიან რთულია.
"საქართველოში ლეგალური რეზიდენტურა მეტ-ნაკლებად შეზღუდულია დიპლომატიური ურთერთობის არარსებობის გამო. არალეგალური რეზიდენტურა კი ძალიან დიდია და ეს არის მთავარი გამოწვევა. საქართველოში ასეთი რეზიდენტების გამოვლენა, ფაქტობრივად, არ მომხდარა. 2006 წელს გრუს 4 აგენტი გამოააშკარავეს, რასაც რუსეთიდან მოჰყვა დიდი ემბარგო და ქართველების მასობრივი გამოძევება. ასევე, 2005 წლის იანვარში გორში მოხდა დივერსია, ელექტროგაყვანილობის ხაზები ააფეთქეს და 3 ადამიანი დაიღუპა. ეს მოხდა გრუ-ს სპეციალური ოპერაციების ხაზით. მაშინ დააკავეს 3 ადამიანი. დანარჩენი კი იყო პოლიტიკური შოუ. მათ შორის დიდი შოუ იყო 2010 წელს სპეცოპერაცია "ენვერი". არალეგალური რეზიდენტურა სახიფათოა იმიტომაც, რომ მას ქვეყანაში დივერსიული ღონისძიებების გატარება შეუძლია, მაგალითად, იატაკქვეშა საბრძოლო ჯგუფების შექმნა, დივერსიების მოწყობა," - ამბობს მაისაია.
მისი თქმით, საქართველოში ჰგონიათ, რომ საგარეო ფლანგზე მხოლოდ ეს-ვე-ერი და გრუ მოქმედებენ, მაგრამ ასე არ არის, აქტიურად მოქმედებს ეფ-ეს-ბეც.
"მაგალითად, ეჭვი მაქვს, რომ ლიტვინენკო მოწამლა ეფ-ეს-ბემ. მაგალითად, ამერიკელების წინააღმდეგ კიბერშეტევა გრუ-სა და ეფ-ეს-ბე-ს ეგიდით შექმნილმა ჰაკერებმა განახორციელეს. ასევე, სოლსბერისში გრუ-ს ჯგუფმა მოწამლა სკრიპალები. პუტინის ბრძანებით, 2006 წელს შეიქმნა დეპარტამენტი და დაევალა სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება. ეფ-ეს-ბეში არსებობს სპეციალური ჯგუფი, "ლიკვიდატორების ჯგუფი", რომელიც ქვეყნის გარეთ სპეციალურ ოპერაციებს ატარებს ლიკვიდაციების სახით," - დასძენს მაისაია.