მე, ვიტალიკა და პოლიციის უფროსი

მე, ვიტალიკა და პოლიციის უფროსი

[ნატო გოგელია]

კარგად არ მახსოვს 2001 თუ 2001 წელი იყო. ჩემს ტელეფონზე უცნობი ნომერი დაიწერა.

„გამარჯობათ, თქვენთან შეხვედრა მინდა, კარგ ინფორმაციას მოგაწვდით“, - ისეთი ინტრიგა იყო, უარი არ მითქვამს. შეხვედრა მეორე დღეს, ერთ-ერთ კაფეში შედგა.

როგორც „რესპონდენტმა“ მითხრა, ეს საუბარი ჩვენ ორ შორის უნდა დარჩენილიყო... წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიენცია გაუქმდებოდა. თანხმობა მივეცი და მანაც დაიწყო:

„შენზე ბევრი რამ ვიცი. ყველა შენი ნაბიჯი, შენი ოჯახის წევრების მოღვაწეობა... ერთი სიტყვით, თუ არ გინდა მათ პრობლემები შეექმნათ ჩვენთან (ეს ჩვენ დღემდე არ ვიცი ვინ არის ნ.გ.) ითანამშრომლებ“, - ეს ისეთი კატეგორიული ტონით მითხრა, დავიბენი. მერე შემეშინდა. მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მომცა...

ერთი კვირა ისე გავიდა არავინ შემხმიანებია... მეც დამავიწყდა ეს ამბავი და მივიჩნიე, რომ რომელიმე მეგობარი გამეხუმრა...

თუმცა, ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ის სამსახურთან დამხვდა - ჩემი ოჯახის წევრების ფოტოებით!

ბევრი არ გვისაუბრია და თანამშრომლობაზე დავთანხმდი. მას შემდეგ ბევრი დღე და ბევრი წელიწადი გავიდა... როდესაც ტელეფონზე SMS-ს  ვღებულობ სიტყვით „ვირთხა“, ვიცი, რომ მალე გამოჩნდება. ჩემგან გურიის ხელისუფლების კულუარები აინტერესებს! ისიც უნდა ვუთხრა  ამ ყველასგან მიტოვებულ მხარეს რომელმა ჩინოვნიკმა გადაუარ-გადაუფრინა! მოკლედ რომ ვთქვა - დეტალები. ჰონორარი არც თუ ცოტაა. თუ ბედმა გამიღიმა და უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკი მოხვდა ჩემს „ბადეში“ იცოცხლე... იმ წელიწადს საზღვარგარეთ ვატარებ ზაფხულის ცხელ დღეებს.

ჩემს „პარტნიორს“ ვიტალიკა ჰქვია. ეს „კა“ რა არის ვერ გავიგე. ალბათ, ბავშვობაში, მოფერებით ასე ეძახდნენ. ცოტა ხნის წინ ესემესი გამომიგზავნა - „ვირთხები მალე გაიქცევიან“. სიმართლე გითხრათ, აგენტურული საქმიანობის დიდი სტაჟის მიუხედავად ვერ მივხვდი სად უნდა გაქცეულიყვნენ ვირთხები. თავისთავად, მათი გაქცევის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან როგორც გურიაში იტყვიან „ჭირის დღესავით მეზარებიან“, მაგრამ ის ვერ გავიგე სად აპირებენ გაქცევას. მე თუ მკითხავ არსად არ უნდა გავუშვათ... ერთ ხაფანგში უნდა მოვამწყვდიოთ და გავჟუჟოთ.

ჰო, მთავრის თქმა დამავიწყდა. ჩემი „ნაჩალნკი“ მამით რუსია და დედით ამერიკელი. არ ვიცი თავად რომელ ეროვნებას „აწვება“, არც ის ვიცი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, მაგრამ ის ვიცი, რომ ინფორმაციაში ფულს მიხდის.

დღემდე არ მეგონა ამით თუ რამეს ვაშავებდი, რადგან რასაც ვიგებ, ვამოწმებ და ვწერ. განსხვავებულ რამეს „ვიტალიკასაც“ არ ვეუბნები, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ წვრილმანს, რომლის თქმასაც ზოგჯერ ვერიდები, რადგან არ მინდა ჩემი მკითხველი მეტისმეტად დავამძიმო. ხანდახან არ ვასახელებ იმ ადამიანებს (ამ შემთხვევაში გურულ ჩინოსნებს ვგულისხმობ), რომლებსაც ზემდგომები დედის პრო...ს თავზე ახურავენ (მათ შვილებს ვუფრთხილდები) და ესენი მადლობას უხდიან.

ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჩემი და ვიტალიკას ურთიერთობა დაძაბა. კარგა ხანია არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით გამოგზავნილ მესიჯს „ვირთხები მალე წავლენ“. მართალია, ვიტალიკა მაიმედებს მღრნელების ამ საზიზღარი წარმომადგენლების მალე წასვლით, მაგრამ მე მაინც არ მჯერა. ჯერ ხომ დასაღრნელი ბევრი დარჩა. ამიტომ, გადავწყვიტე ეს ყველაფერი მეთქვა. არ მინდა „აუტკივარი თავის ატკივება“. მით უმეტეს, რომ შსს ამღიარებლებს სასჯელიდან ათავისუფლებს.

ეს აღიარება მხოლოდ ფურცელზე არ გამიკეთებია. წუხელ, ჩოხატაურში, ვლადიმერ სიხარულიძე დააკავეს. ადამიანი, რომელმაც ჩოხატაურის გამგებელს სასამართლოში უჩივლა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო (თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა).

სიხარულიძე პატრულმა ღვედის გამოუყენებლობის გამო გააჩერა და ჯარიმაც გამოუწერა, თუმცა, როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, პოლიციელებმა სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ მანქანაში ჩატენეს და სამმართველოში გადაიყვანეს. გულზე ახალნაოპერაციები  სიხარულიძე პოლიციაში ცუდად გახდა და ბადრაგის თანხლებით საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა, მას ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად თითქმის მთელი ღამე ვცდილობდი დაკავების რეალური მიზეზების გარკვევას. რამდენიმე საათი ისე გავიდა  განმარტება არავის გაუკეთებია. დაახლოებით ღამის თორმეტი საათისთვის ჩოხატაურის პოლიციის უფროსი, ბესო სიხარულიძე, რომელიც დადასტურებულია, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავს არენაზე გამოჩნდა.

ბედნიერი ღიმილით იმდენ ხანს იდგა პოლიციის წინ, ისეთი მიამიტი და კეთილი სახით, რომ სურვილი გამიჩნდა და ჩემი ამბავი, რომელზეც ზემოთ გიამბეთ მისთვისაც მეთქვა.

დიახ, უამრავი მოწმის თანდასწრებით პოლიციის უფროსს  ხმამაღლა განვუცხადე, რომ აგენტი ვარ და ვიმსახურებ დაკავებას.

ისიც ვაღიარე, რომ მიყვარს ადამიანები, რომ ჩემი საქმით ხალხის ინტერესების დაცვას ვცდილობ, რომ არ შემიძლია გულგრილად ვუცქირო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო არ ეხმარება, მაწუხებს რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიაა და წამლებს ცეცხლის ფასი უკიდია. საშინელებაა, როცა პოლიცია შემოსავლების სამსახურად იქცა და ადამიანების ბედს მხოლოდ ერთი ზარი წყვეტს მათი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. ერთი სიტყვით ყველაფერი ვაღიარე. ვთქვი მთავარი - მე ვარ აგენტი!

მეც და ვიტალიკაც!

თუმცა, პოლიციის უფროსიდან პასუხად მივიღე: - აღიარება მასე არ ხდება! ბესო სიხარულიძემ არ დამიკონკრეტა როგორია სხვა სახის აღიარება. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვაცხადებ - დამიჭირეთ, ბატონებო, მე აგენტი ვარ!

P.S. ეს სტატია რომ გადავიკითხე „იმედის“ მოდელირებული „ქრონიკა“ გამახსენდა. თურმე რამდენი რამ შეძლებია ადამიანის ფანტაზიას. თუმცა, არც ვლადიმერ სიხარულიძის დაკავება და არც ჩემი და პოლიციის უფროსის დიალოგი, სადაც აღიარება გავაკეთე ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ამას ბევრი ადამიანი დაადასტურებს. მოკლედ, ვანოს და მის გუნდს საქმე გავუადვილე.  ჩემი აღიარებითი ჩვენება უკვე გამზადებულია. შესაძლოა, რაღაც დეტალები კიდევ დაემატოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაში, თუკი ამას ვანო მთხოვს. მისთვის „ხათრის გატეხვა“ ბუნებრივია, მომერიდება.