როგორ გარბის დრო და რა ჩქარა მოვიდა სოხუმის დაცემის 25 წლისთავიც. საშინელი დრო იყო და უარესით გაგრძელდა შემდეგაც. დრო გარბის. ნელ-ნელა იმ ქვეყნად ინაცვლებენ ჩვენი მეომარი გმირები, ვინც მაშინდელ უთანასწორო ბრძოლას გადაურჩა კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის იმპერიის კარგად გაწვრთნილ ბოევიკებთან. მარტო ამ წელს 7 მეგობარი დამეღუპა გულის ავადმყოფობით.
არ უნდა დავივიწყოთ და არც ჩვენს მომავალ თაობას დავაკლოთ შთაგონება იმისა, რომ ეს ორი ძირძველი კუთხე ჩვენია და ისტორია ამის ნებაც არ მოგვცემს! მუდმივად უნდა ვიფიქროთ და ვემზადოთ სამშობლოს გასაერთიანებლად.
ამაზე უამრავი სტატია მაქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და წიგნიც გამოვეცი 2010 წელს სათაურით "ოფიცრის მწარე მოგონებები".
დღეს ჩვენს მკითხველს შევთავაზებ ჩემი მეგობრის, პოლკოვნიკ ედუარდ (ედიკა) ლაგვილავას მოგონებებს სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით. ის მაშინ ბოლომდე იბრძოდა და ბოლოს მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. აი, რას იხსენებს პოლკოვნიკი:
"როგორც იქნა, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საომარი მოქმედებები შეწყდა, თითქოსდა დამთავრდა შავბნელი ძალების მიერ ინსპირირებული ძმათამკვლელი ომი. ორი თვეა არ ისმის ქვემეხების გუგუნი. გახიზნულები, სტუდენტები დაბრუნდნენ სოხუმში და დაიწყო ჩვეულ რიტმში ცხოვრება. აფხაზეთის შსს დაუბრუნდა თავის ჩვეულ საქმიანობას, მაგრამ აფხაზეთი ამ დროს ორად არის გაყოფილი.
1993 წლის 16 სექტემბერი ჩვეულებრივად გათენდა. შსს-ის სამძებრო განყოფილების რამოდენიმე თანამშრომელთან ერთად ვიმყოფებოდით სოხუმის საძღვაო პორტში თურქეთიდან ჩამომდგარი გემის სიახლოვეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ორმა მგზავრმა ნარკოტიკები უნდა ჩამოიტანოს. ცუდად გვენიშნა შორიდან მოსული გუგუნი, რა ხდება? ქვემეხებია, სადღაც არტილერიამ დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წუთში რადიოსადგურით მიკავშირდება სამძებრო განყოფილების უფროსი გიორგი მხეიძე, მიატოვეთ ყველაფერი, ომი განახლდაო. სამინისტროში რომ მივედით, უკვე შეიარაღებული თანამშრომლები მწკრივში იდგნენ და უსმენდნენ სულმნათი ჟიული შარტავას ერთ-ერთ ბოლო დანაბარებს - „ომი არავის დაინდობს! ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, ახლობლებს დაცვა სჭირდებათ, სანამ ისინი ქალაქიდან გააღწევენ."
რამდენიმე წუთში ჩავსხედით იკარუსებში და გავემართეთ გუმისთისკენ. მაიაკში, სადღაც სომხურ სკოლასთან არტილერიამ დაგვფანტა, ტრანსპორტით მოძრაობა უკვე შეუძლებელი იყო.ფეხით, დამოუკიდებლად, ვისაც როგორ შეეძლო, პატარ-პატარა ჯგუფებით, გრადების, ქვემეხებისა და ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ წავედით დანიშნულების ადგილისკენ.
მდინარე გუმისთის სანაპიროზე, ეშერის ტერიტორიაზე არის საცდელი მეურნეობა, სადაც უკვე მოწინააღმდეგე გადმოსულიყო. იქ დაგვხვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეექვსე ბატალიონის მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც უკვე ბრძოლაში იყვნენ ჩართული. ჩვენც დავიკავეთ პოზიციები და შევეცადეთ მოწიააღმდეგის უკუგდებას მდინარის მეორე მხარეს.
ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა და დამთრგუნველი, როდესაც ამ მოწინააღმდეგეებში გეგულება სხვა ათასი ჯურის მომხდურებთან ერთად შენი თანამოძმე, კოლეგა, მეგობარი, რომლებთანაც წლები ერთად გაგიტარებია... მაგრამ რა გაეწყობა, შენ ვერ შეძელი ამის თავიდან აცილება, ომი კი ომია! ბრძოლებით ვიკავებთ მდინარის პირას გათხრილ რკალისებურ სანგარს, რომელიც რკალის მარჯვენა მხარეს, ჯერ კიდევ დაკავებული აქვთ შემოტევაზე გადმოსულებს, ახლო მანძილზე მუშაობს მოწინააღმდეგის ნაღმმტყორცნები. სანგრის ერთ-ერთ სათოფურში აღმოვჩნდით მე და სამინისტროს სამეორნეო განყოფილების უფროსი პეტრე მეჟევიკინი. უცებ, თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე, გონს მოსულმა ვიგრძენი, რომ დაჭრილი ვარ თავისა და გულმკერდის არეში, მოწინააღმდეგემ პირდაპირ სანგრის სათოფურში ჩაგვიგდო ხელყუმბარა. გადავრჩი უფლისა და შსს-ის თანამშრომლის მოწმობის წყალობით, რომელშიც ჩალაგებული მქონდა პატარა ფურცლები სხვადასხვა ჩანაწერებით. დაჭრილია პეტრე მეჟევიკინიც. პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელია... ბრძოლის ველიდან მე გამოვყავარ ჩემს თანამშრომელს ელგუჯა ჯანჯღავას, მეჟევიკინი გამოჰყავს თამაზ ხვიტიას, რომელმაც, რატომღაც წამიერად დატოვა ის, იქვე სანგრის კედლებს მიყუდებული, უთხრა, რომ ორ წამში დაბრუნდება. ამის შემდეგ თამაზ ხვიტია არავის უნახავს... მეჟევიკინმა დაინახა მხოლოდ ის, თუ როგორ მიუშვა მის მხარეს ავტომატური ჯერი სანგრის მიწაყრილზე გამოჩენილმა თავზე შავლენტწაკრულმა „ბოევიკმა". ვეჟენიკინი გამოიყვანეს სხვა თანამებრძოლებმა. ფეხში დაჭრილია სამძებრო განყოფილების უფროსი გიორგი მხეიძე, დაჭრილების გამოყვანას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის შს მინისტრი, გენერალი დავით გულუა.
17-18 სექტემბერია, პეტრე მეჟევიკინთან, სოხუმის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რუზგენ ბერიშვილთან და სხვა დაჭრილ თანამებრძოლებთან ერტად ვიმყოფებით აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში. გამოცხადდა ჰოსპიტალის ევაკუაცია: „ დაჭრილები აეროპორტში და თვითმფრინავით თბილისში".. ბიჭები მელოდებიან, მე ვერ მივდივარ. სოხუმში არ ვიცი სად არიან დარჩენილი ჩემი ცოლის ძმა მამუკა ბჟალავა და დედაჩემი ბაბუცა თოდუა, რომელიც ჩემზე ფიქრით ათენებდა და აღამებდა მთელი ომის განმავლობაში და ვერაფრით „მოვიშორე" სოხუმიდან.
... დაცლილ ჰოსპიტალში ვრჩები მარტო, დათრგუნული, იმედდაკარგული, ჭრილობებშეხვეული, სამოქალაქო ტანსაცმელიც არა მაქვს. საღამოს, როგორც იქნა ქსელური ტელეფონით ვუკავშრდები შს სამინისტროს სამორიგეო ნაწილს, სადაც ელგუჯა ჯანჯღავას ვთხოვ - ჩემს სამეზობლოში, კელასურში კვარაცხელიას ქუჩაზე, მომიძებნოს დედაჩემი, ცოლის ძმა, მანქანით მოვიდეს ჰოსპიტალში და წამიყვანოს აეროპორტში. სოხუმი ინტენსიურად იბომბება, ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, ჰოსპიტალი შეიძლება აიღონ ზევიდან, სატელეფონო კავშირი უკვე გაწყვეტილია... მაგრამ მაინც ველოდები.
გარიჟრაჟზე, შარაგზაზე გამოჩნდა ჩემი სამსახურეობრივი ავტომანქანა, ელგუჯამ გადამარჩინა - დედა ცოცხალია, ცოლის ძმა შოკშია.
აეროპორტში სხვა დაჭრილებთან ერთად, როგორც იქნა შეგვტენეს თვითმფრინავში.
დაბომბვების ქვეშ, დახუნძლული თვითმფრინავის აფრენა და სიმაღლის აღება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები.
ასე აღმოვჩნდი თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, ცენტრალურ კლინიკაში, რომელიც იმ დროს იყო სამხედრო ჰოსპიტალი.
და კიდევ ერთი მოგონება, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და წლებია ჭიასავით მღრღნის...
შუა ომია, სოხუმიდან სოფ. შრომის გზაზე, მარცხენა მხარეს, მთის ძირში, თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფებით მთის კალთას ამოფარებულ რკინის კონსტრუქციის მიტოვებულ შენობაში, მიმდებარე ტერიტორია და სოფელი შრომა მასიურად იბომბება.
უცებ, ყველაფერი შეწყდა, სიჩუმემ დაისადგურა, ნახევარ საათში შარაგზიდან შემოდის და შორიახლოს ჩერდება ავტომანქანა, თუ არ ვცდები „ ვოლგა", გადმოდის ედუარდ შევარდნაძე ორიოდე თანმხლებ პირათან შემოდის შენობაში ყველას ხელის ჩამორთმევით გვესალმება, გვამხნევებს, რომ „ეს ომი ჩვენთან დამთავრდება ღირსეულად", ჯდება მანქანაში და მიდის... ნახევარ საათში ინტენსიური დაბომბვა განახლდება.
ნეტავ რა იყო ეს?
ძალიან დასანანია, რომ თავის დროზე საღ აზრს ვერ მიეცა გასაქანი და ამ ომში აღმოვჩნდით ჩართული.
არასწორად და არაადეკვატურად დაწყებული ვერასდროს ღირსეულად ვერ დამთავრდება.
დიდი გულისტკივილით ქედს ვიხრი ამ ძმათამკვლელ და მზაკვრულ ომში დაღუპულების, მათ შორის აფხაზი დაღუპულების წინაშე, უფალმა ზეცაში დაამკვიდროს მათი სულები, ცოცხალთა ურთიერთ მიტევებისა და შერიგების მოლოდინში."
მაიზერ გელოვანი წლების მანძილზე მუშაობდა "რეზონანსის" სამხედრო მიმომხილველად. ის არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი. აფხაზეთის ომის დროს უფროსი ლეიტენანტი იყო, დღეს გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკია.