„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონდოლიზა რაისი ჩაფრინდა ბათუმში და მას აჭარელი ხალხი გულთბილად შეხვდა. რაც შეეხება მის გამგზავრებას, ჩემთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის. მათი საქართველოში სტუმრობა არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, ეს არის შემეცნებითი ვიზიტი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ რეგიონის დათვალიერება სურთ“, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პიარში გაწაფულმა საქართველოს ხელისუფლებამაც კი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
დილის 6 საათზე ბათუმის პორტში შესული გემიდან კონდოლიზა რაისი 3 საათის შემდეგ, ბათუმის აეროპორტში გაემართა და დუბლინში გაფრინდა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ლიდერების აღნიშნული ტურნე, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობას ითვალისწინებდა, გლობალური მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა სულაც არ ყოფილა, მაგრამ თავად ფაქტი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის უხერხული და უსიამოვნო.
როგორც ყოველთვის, ზედმეტმა მონდომებამ საქართველოს ხელისუფლებისთვის უკუშედეგი გამოიღო და გაპიარებული მოლოდინების პასუხად, როგორც კახა კაციტაძე ამბობს, სააკაშვილს და მთელს მის მთავრობას ქალბატონმა რაისმა ისეთი სილა გააწნა, რასაც ყველაზე მძიმე კოშმარშიც ვერ წარმოიდგენდა ჩვენი ხელისუფლება.
უფრო კონკრეტულად კი, რას ნიშნავდა კონდოლოზა რაისის ეს ჟესტი, ამაზე ფილოსოფოსი და ანალიტიკოსი კახა კაციტაძე ისაუბრებს.
– ქალბატონი რაისის მხრიდან ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ იგი არ შეხვდა საქართველოს ხელისუფლებას. სხვა რა? წინა დღეებში დუბლინში გოლფი უთამაშია, პარტია არ ჰქონდა დასრულებული, ბათუმში გაახსენდა და უკან გაბრუნდა? ეს იყო საშინელი სილა საქართველოს ხელისუფლებისთვის.
რატომ?
– როგორც ვხვდები, ამას ორი მიზეზი ჰქონდა – პოლიტიკური და პირადი.
უფრო კონკრეტულად?
– კლინტონის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებამ აღიქვა აბსოლუტურად არაადეკვატურად, ანუ, მათი ნებისმიერი შერეკილი ქმედებების მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან. უფრო შორს მიმავალი თვალსაზრისით, ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან.
პირად მიზეზში რას გულისხმობთ?
–ეკა ტყეშელაშვილს შეგიძლიათ კითხოთ. მე ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი წყაროების დასახელება მომიწევს, რომლებიც საერთოდ არ არიან ქართველები. ტყეშელაშვილს კი შეგიძლიათ კითხოთ, 2008 წლის 7 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტთან ბოლო სამი მოლაპარაკება რა იყო, რა თემას შეეხებოდა; რა იყო პირადად კონდოლიზა რაისის თხოვნა და ამ თხოვნაზე საქართველოს ხელისუფლებამ რა რეაგირება მოახდინა. ამიტომ ვამბობ – ქალბატონი რაისი ზუსტად ისე მოიქცა როგორც უნდა მოქცეულიყო. როგორც მაშინ გაუწია საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიში მის პირად თხოვნას, ზუსტად ასე გაუწია მანაც ანგარიში.
რამდენადაც ცნობილია, მაშინ პირადად რაისის თხოვნა იყო, რომ არ ავყოლოდით რუსეთის პროვოკაციას. გარდა ამისა, კიდევ იყო რაიმე, რაც დღემდე არ ვიცით?
– მე რაც შემეძლო გასაგებად ვთქვი.
საინტერესო იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების ვერიის მოსმენა, ალბათ, მათ სხვა ახსნა ექნებათ...
– ხელისუფლებას ვინტები ძალიან მოეშალა. ნაციონალურ არხებს ალბათ, მისცემენ მითითებებს, რომ ეს თემა საერთოდ ჩაფარცხონ, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამაა. როგორც უკვე ვთქვი, აქ ორი ასპექტია, პირველი – რაისმა რომ სილა გააწნა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ გაცილებით სერიოზულია ის, რომ რაისი არ შეიძლება არ გამოხატავდეს ამერიკული ისტემბლიშმენტის პოზიციას. მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ხელისუფლების არაპროგნოზირებადობა, ეს დამოკიდებულება სულ უფრო გაღრმავდება. აქ უკვე, მხოლოდ პრეზიდენტზე აღარ შეიძლება საუბარი, არაადექვატური არის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ, მთელი ხელისუფლება. არ ნახეთ ანაკლია? ან, როდესაც პრეზიდენტმა კონფედერაციის თემა დააბრეხვა. გამოდის ერთი პოლიტოლოგი და ამბობს, პრეზიდენტს ძალიან ღრმა და შორს მიმავალი იდეა ჰქონდაო. შემდეგ, გამოდის დარჩიაშვილი და იძახის, ეს მხოლოდ მეტაფორა იყოო. მეტაფორა თუ იყო ნინო კალანდაძემ როგორ გააკეთა კომენტარი, რომ ჯერ მხოლოდ ტექნიკური საკითხებია გადაწყვეტილიო? ამიტომ, თუ ასე გაგრძელდება, ეს ყველაფერი რაისის ამ ქმედებით არ დასრულდება. ჩვენ მივიღებთ ამერიკელების და, განსაკუთრებით, ევროპელების მხრიდან ქმედებების მთელს კასკადს.
მეორე მხრივ, არ იმჩნევა, რომ დასავლეთი ცდილობდეს ოპოზიციის დახმარებას მის გასაძლიერებლად.
– რატომ უნდა დაეხმაროს?
თავის დროზე ოპოზიციის დასახმარებლად დასავლეთმა პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების და მედიის გაძლიერება დაიწყო და ასე მოვიდა სააკაშვილი...
– დღეს არავის სცხელა საქართველოსთვის. ჩვენ ვართ უაზრო სტერეოტიპების ქვეშ, რომ მსოფლიო არის ისევ ამერიკისა და რუსეთის ჭიდილი. უამრავჯერ დავწერე, რომ ამერიკა რუსეთს კი არა, მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ აღარ განიხილავს.
ეს ნიშნავს რომ საქართველო აღარ აინტერესებს დასავლეთს?
– არა, ეს არასწორი ნათქვამია, ჩვენ თვითონ ჩვენი თავი იმ ლინგვისტურ სივრცეში შევიყვანეთ, სადაც არ გვაქვს ენა, რომ აღვწეროთ პროცესი. მაგალითად, ჩემს სტუდენტებს ვუხსნი ასეთ რამეს – ოდესღაც, სანამ არაბული ციფრების სისტემა შემოვიდოდა, მთელი ევროპა ლათინური ციფრებით ოპერირებდა. ახლა ძალიან ადვილია 30–ის 30–ზე გამრავლება, მაგრამ ახლა იგივე გააკეთეთ ლათინური რიცხვებით?... ანუ, ჩვენი კონცეპტუალური, ლინგვისტური თუ ყველანაირი აპარატი არის ერთი საუკუნის წინანდელი და სრულიად უვარგისია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღსაწერად.
ამას პირველ რიგში ხელს ჩვენი ტელევიზიები უწყობენ და მეორე რიგში – ხელისუფლების მომხრე ექსპერტები, რაც პირდაპირი უსინდისობაა. აქ მარტივად დგას საქმე, საქართველოს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, უბრალოდ, ეს მნიშვნელობა რა კონტექსტში ჯდება, ეს არის გასააზრებელი. ამერიკა იაზრებს და ეს ნიშნავს, რომ იგი არ განუსაზღვრავს საქართველოს ადგილს, საქართველო თავად რა ადგილსაც განუსაზღვრავს საკუთარ თავს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში, ის ადგილი ერგება. გვექნება ზიმბამბვეს ადგილი? – არ შემოიჭრება ძალით არავინ, ისევე, როგორც არც მუგამბეს ამხობენ. მაგრამ თუ საქართველო მოინდომებს ცივილიზებულ სახელმწიფოთა რიგში დგომას, ამაში დაგვეხმარებიან.
სააკაშვილი კი მიდის საპირისპირო მხარეს. მარტივი მაგალითი ავიღოთ. ათი წლის წინ უფრო მეტი შანსი გვქონდა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების თუ დღეს? ანუ, გვეუბნებიან გადაიჩეხებით უფსკრულში, გადაიჩეხეთ, ჩვენ რა გიყოთ. ჩვენ კი ველოდებით, რომ გამოგვიცვლიან ყოჩს და შემოაბრუნებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ მოხდება.
ოპოზიციაში ან საზოგადოებაში თუ შეიმჩნევა რაიმე რესურსი, რომ უკუსვლა მაინც შევაჩეროთ?
–ოპოზიციაში ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ, მაგრამ არ ვიცით რა რესურსი დევს საზოგადოებაში. საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა კრიტიკული მომენტი, როცა საზოგადოებას ამოუხეთქია და დაუბადებია ახალი რესურსები. ჩვენ არ ვიცით საზოგადოების მდგომარეობა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უნდა ეკვლია, ხან გამსახურდიას ხელისუფლების გუნდრუკის კმევით იყვნენ დაკავებულები, ხან – შევარდნაძის და ხან – სააკაშვილის. ეს ერთ–ერთი მაჩვენებელი იქნება, ვართ თუ არა ჩვენ საზოგადოება, შეიძლება ზიმბამვეზაციაც ჩავყლაპოთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არ ჩავყლაპავთ. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი ჩვენი გასაკეთებელი იქნება.