"გულში აქვს დანა ჩარტყმული": დიმიტრი ტატიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას ახლობლები ვერ იჯერებენ

დიდ დიღომში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დიმიტრი ტატიშვილი სახლში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, იმ დღეს ტატიშვილი, სავარაუდოდ, სახლში მარტო იმყოფებოდა. 

გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ეზოში, მეზობლის სიცხით შეწუხებულ ბავშვებს აუზი დაუდგა.  მან ეს სიუპრიზი მათ ღამით მოუწყო და აუზი სპეციალურად მათთვის ააწყობინა, რათა  საჩუქარი დილით მოულოდნელად ენახათ. ამის შემდეგ, მის შესახებ სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში საუბრობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ ტატიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებისას, როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება,  ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული. 

„რეზონანსი“ ტატიშვილის მეგობრებს და ახლობლებს ესაუბრა. მათთვის დაუჯერებელია ინფორმაცია, რომ ტატიშვილმა შესაძლოა თავი მოიკლა. მათი განცხადებით, ის  მცირე ბიზნესით იყო დაკავებული და გამორიცხულია, რომ  ან ფინანსური ან პირადი პრობლემები ჰქონოდა. 

მას როგორც კარგ მამას და მეუღლეს ისე ახასიათებენ. ტატიშვილი წარსულში ანსამბლ  „ქართულ ხმებში“ მღეროდა და ასევე ცეკვავდა. ის ერთ-ერთი ცეკვის  ანსამბლის სოლისტიც კი იყო. ახლობლები და მეგობრები „რეზონანსთან“ მას როგორც ალტრუიზმით დაკავებულ ადამიანს ისე მოიხსენიებენ. ამბობენ, რომ  უანგაროდ ყველა გაჭირვებულის დახმარება შეეძლო. 

მსგავსს ყვებიან „რეზონანსთან“ მისი მეზობლებიც. მას დიდ დიღომში, ჯანაშვილის ქუჩაზე ყველა კარგად იცნობდა. მხიარულ და კონტაქტურ ადამიანად ასახელებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ტატიშვილს ოჯახი განსაკუთრებულად უყვარდა და გამორიცხულია თავი მოეკლა. 

„არ ვიცით რა გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელი და მოულოდნელი ამბავია. თავიდან ვერც კი დავიჯერე, როცა ეს ინფორმაცია ვნახე. მეგონა, რომ ტყუილი იყო. ჩემი ანსამბლის სოლისტი იყო. არ მჯერა, რომ თავი მოიკლა, ისეთი ბიჭი იყო ვერც კი წარმოიდგენთ. ირგვლივ სულ დადებითს აფრქვევდა. ადამიანი პოზიტივი, რომელსაც შეეძლო, რომ სულ კარგი ეკეთებინა და ამით სიამოვნება მიეღო“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ციური მჭედლიძე. 

ტატიშვილის ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მან ის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნახა. მისი თქმით, დიმიტრის რაიმე პრობლემა ვერც კი შეატყო. პირიქით, მხიარულ ხასიათზე იყო, როგორც ყოველთვის და თბილად მოიკითხა. მისთვისაც გაუგებარია რა შეიძლება მომხდარიყო. მეზობელმა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სასწრაფო და პოლიცია მათ კორპუსთან მივიდა. 

„მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წუხელ გავიგე. რამდენიმე საათი როგორც ამბობენ ურეკავდნენ და ტელეფონს არ პასუხობდა.  გულში აქვს ჭრილობა, ამბობენ თავად ჩაირტყაო. გარდაცვლილი მისმა ძმამ ნახა. სისხლში ცურადვა.  სასწრაფო, როდესაც  მოვიდა მაშინ გავიგე.  შოკში ვართ ყველა. ის შვილებს და ცოლს ასე არ დატოვებდა, გამორიცხულია. 

ოჯახზე გადარეული მამა და ქმარი იყო. მეზობლის ბავშვებზეც კი დარდობდა. როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა თავი მოიკლას. გარდაცვალების დღეს კორპუსთან შემხვდა. თბილი სალამი და მოკითხვა. დარდიანის და თვითმკვლელობის სურვილის მქონე ადამიანის ვერაფერი შევატყე.  გული  ძალიან დაგვწყვიტა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს“,-აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი დიმიტრი ტატიშვილის მეზობელი.