„პატრიარქი როგორც ბრძანებს, ისე მოვიქცევით ჩვენც,“ - მეუფე ანანია მარიხუანას კანონპროექტის შესაძლო მიღებაზე

„პატრიარქი როგორც ბრძანებს, ისე მოვიქცევით ჩვენც,“ - მეუფე ანანია მარიხუანას კანონპროექტის შესაძლო მიღებაზე

„პატრიარქმა ქადაგების დროს ყველაფერი თქვა და პატრიარქი როგორც ბრძანებს, ისე იქნება ყველაფერი და ისე მოვიქცევით ჩვენც,“ - აცხადებს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე მარიხუანას შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე „რეზონანსთან“ საუბარში.

მისი თქმით, საპატრიარქოში იმედი აქვთ, რომ საბოლოოდ ამ კანონის მიღება არ მოხდება და ჯერჯერობით არ განიხილავენ რაიმე სამოქმედო გეგმას იმ შემთხვევისათვის, თუკი პარლამენტმა მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონი მაინც მიიღო.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ამჟამად დროებით შეჩერებულია. საპატრიარქო გადაჭრით ითხოვს პარლამენტიდან მის გაწვევას, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონპროექტი იმან უნდა გაიწვიოს, ვინც მისი ინიცირება მოახდინა - საქართველოს მთავრობამ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანაც საშიშროებას წარმოადგენს მომავალისათვის და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა  მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი არ იქნას მიღებული.

„ფსალმუნებში ჩვენ ვკითხულობთ: „უფალმა ძალიერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთოს ერი თვისი მშვიდობით". ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ერი უნდა იყოს ღვთისა, უფალსა ძლიერსა თვისსა მისსა ნებისმიერ ერსა კიარა, ერსაა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ორჯერ იმეორებს დავით წინასწარმეტყველი სიტყვას "თვისსა". ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი ერი ღვთის ერი იყოს, ღვთისმოსავი და ღვთის ნების აღმსრულებელი.

„ჩვენ, უპირველეს ყოფლისა უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და სიკეთე დაგვიბრუნდება. აი, ამ ბოლო დროს თქვენ იცით, მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი, მათ შორის მარიხუანა ადამიანის დამღუპველია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისა და მომავალისთვის.

„ვთხოვეთ ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ გაწვეულიყო ეს კანონი მარიხუანის კულტივაციის შესახებ და არ მიღებულიყო. ჯერჯერობით, შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალში არ მიიღებენ. იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდებიან. შევთხოვთ უფალს, ისმინოს ჩვენი ლოცვა და უფალმა შთააგონა ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაწვევა საჭიროა,“ - აღნიშნა პატრიარქმა.