ცნობილი მსახიობები და მომღერლები, ვისაც ბინები ბანკში აქვთ ჩადებული

ცნობილი მსახიობები და მომღერლები, ვისაც ბინები ბანკში აქვთ ჩადებული

„მაინცდამაინც ფიროსმანივით ყველა კიბის ქვეშ უნდა დავიღუპოთ?!“
საქართველოში შოუბიზნესის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთ ცნობილ და პოპულარულ მსახიობსა თუ მომღერალს სერიოზული ფინანასური პრობლემები აქვს.

როგორც ცნობილია, ახლახან მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს სახლი გაუყიდეს. მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მძიმე ფინანსურმა პრობლემებმა მიიყვანა უკიდურეს მდგომარეობამდე. იგი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

„რეზონანსი“ დაინტერესდა, შოუბიზნესის რომელიმე წარმომადგენელი არის თუ არა მსგავსი საფრთხის წინაშე და, ზოგადად, რამდენად შემოსავლიანია შოუბიზნესი საქართველოში.

მომღერალი ირმა სოხაძე ამბობს, რომ პოპულარობა და პროფესიული წარმატებები შოუბიზნესში ხშირად არ აისახება ხელოვანის ფინანსურ მდგომარეობაზე:

„ამ ქვეყანაში კარგად არავინ არ ცხოვრობს იმ 2%-ის გარდა, რომლებიც ძირითადად ჩინოვნიკები არიან და ისინი კიდევ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდნენ. დანარჩენები თვიდან თვემდე ვანგარიშობთ, ეკონომიას ვეწევით. არ ვცხოვრობთ ლაღად, ამას არც უნდა საუბარი.

„ზურასნაირი მსახიობები ისეთ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, რომ არც ბინას აგირავებდნენ, არც ბანკში დებდნენ მას და გაყიდვისა თუ უბინაოდ დარჩენის საშიშროების წინაშე არ დგებოდნენ. უკვე დიდი ხანია, მთელი ქვეყანა სრულ გაუგებრობაში ვცხოვროთ. ბანკის ვალი ბევრს აქვს. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს.

„ამას არც როლი თეატრში და არც სცენაზე დგომა არ შველის, თუ არ ხარ მაღალანაზღაურებადი. რომელი მსახიობი დაფარავს ბანკის ვალს სპექტაკლებიდან შემოსული თანხით?! არავითარი განსხვავება არ არის, შენ მსახიობი ხარ, მომღერალი, უყვარხარ ხალხს თუ საერთოდ არ გიცნობს. არც ერთი პროფესიის ადამიანი არაა დაცული. გაწბილებულია ხალხი, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს, მე არ ვიცი.“

მომღერალ მარიკო ებრალიძის აზრით, საქართველოში შოუბიზნესის წარმომადგენელთა ეკონომიური მდგომარეობა მხოლოდ „თავის რჩენაა“, რადგან სოლიდური ჰონორარისა და ანაზღაურების მიღება სახელოვნებო დარგში რთულია:

„ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ახერხებს რაღაცის ხარჯზე თავის რჩენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შემოსავლიანები არიან. ჩვენს რეალობაში ეს თავის რჩენაა და მეტი არაფერი. ისეთი რანგის მსახიობი, როგორიც ზურა ყიფშიძეა, ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.

„მარტო მომღერლობით სოლიდური თანხის მოპოვება ძალიან რთულია. ამიტომაც მსახიობებსაც და სხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებსაც გვიწევს ათასგვარ ხერხს მივმართოთ იმისთვის, რომ შესახედავად მაინც გამოვიყურებოდეთ ნორმალურად. თუ ვინმეს მეტი შემოსავალი აქვს, ეს მხოლოდ საკუთარი პროფესიით არ ხდება.“

მუსიკოს ნუცა ჯანელიძეს მიაჩნია, რომ თუკი მოთხოვნადი ხარ, შემოსავალიც არის, მაგრამ, ზოგადი მდგომარეობით, შოუბიზნესი სახელმწიფოსგან მიტოვებულია და „უპატრონოდ არის მიგდებული“:

„ვისაც კარგი შესაძლებლობა აქვს, იმას ალბათ კარგი „პალასა“ აქვს. ზოგი არის მოთხოვნადი და იმიტომ აქვს კარგი შესაძლებლობა. ზოგს თავიდანვე აქვს ყველაფერი დაკარგული და ამიტომაც ვერ ახერხებს, რაიმე მიამატოს თავის ჯიბეს ან თავის ყოფა-ცხოვრებას.

„ამბობენ, რომ შოუბიზნესი არ არის სახელმწიფოს საქმე, არამედ პირადად შემსრულებლის საქმეაო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, შოუბიზნესი და ხელოვნება ძალიან უპატრონოდაა მიგდებული ჩვენს ქვეყანაში.

„როდესაც ვხედავ, რა ხდება უცხოეთში, სადაც ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლები არიან გასული, როგორი მოთხოვნადები არიან და ამის პარალელურად ვხედავ, რა ხდება ქვეყნის შიგნით, ძალიან გულდასაწყვეტია - რესტორნებში მღერიან საუკეთესო მონაცემების მქონე ადამიანები, სხვადასხვა კონკურსში არიან გამარჯვებულები.

„მაინცდამაინც ოკეანის გაღმიდან უნდა მოვიდეს ბრძანება, რომ მიხედეთ თქვენს ხელოვნებას, რომელიც კარგია?! თუკი ადამიანს როლი არ აქვს და არ დგას სცენაზე, იგი განწირულია. მაინცდამაინც ფიროსმანივით ყველა კიბის ქვეშ უნდა დავიღუპოთ?!“

როგორც „რეზონანსმა“ გაარკვია, მომღერალ ეკა კვალიაშვილსაც მსგავსი სიტუაცია შეექმნა და ბანკში ჩადებული ბინა იძულებით აუქციონზე გაყიდვამდე სამი დღით ადრე გამოიხსნა. მაგრამ ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და, როგორც თავად აღნიშნა,  სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს:

„ბანკში მეც მქონდა ბინა ჩადებული და სამი დღით ადრე, სანამ გამიყიდიდდნენ, გამოხსნა მოვასწარი, მაგრამ დღესდღეობით უბინაოდ ვარ. ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ. ხელოვნების დაუფასებლობის მომენტია. გიჟი უნდა იყო, რომ ბინა ბანკში ჩადო, ეს ხდება მაშინ, როდესაც ძალიან გიჭირს.

„შოუბიზნესი ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს, რადგან ჩვენი შოუბიზნესის მუხლი დებულებიდან ამოღებულია. თუ რატომ, ეს  კულტურის მინისტრს უნდა ვკითხოთ. თურმე ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

„საქართველოში რომ ქართული სიმღერა არ უყვართ, ცხადია. ცდილობენ, რომ „ტაში-ტუში“ სიმღერები იმღერონ, რადგან ამაზე ქეიფობს ხალხი. ამბობენ, გაანძრიე ხელი და გექნებაო. როგორ უნდა გაანძრიო ხელი? რაღაცას რომ არ ვაკეთებდე, საერთოდ ვერ ვიარსებებდი. სახელმწიფოზე რომ ვიყოთ დამოკიდებული, შიმშილით დავიღუპებოდით. ხელოვნებაა მთლიანად განწირული ქვეყანაში და აქ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს." 

მსგავს მდგომარეობაშია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ზურაბ ნიჟარაძე, რის შესახებაც „მთელ კვირას“ თავად მოუყვა და დასძინა, რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბანკში ბინა ჩადებული, დღევანდელი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე:

„მე მსახიობი ვარ და აუცილებლად უნდა მქონდეს როლი. როდესაც არ გაქვს როლი, შესაბამისად, არ გაქვს შემოსავალი და ამ შემთხვევაში ცდილობ, რომ ყოველდღიური პრობლემები მოაგვარო - რაც გაქვს, იმას ყიდი, ან სახლს დებ ბანკში.

„პირადად ჩემზე გეტყვით, რომ ბინა ბანკში მაქვს ჩადებული, იპოთეკით მაქვს დატვირთული. როდესაც როლი აღარ გაქვს, სხვა საქმე უნდა მოიფიქრო, რომ მშიერი არ მოკვდე. ხელოვანი ადამიანები ცოტა სხვანაირები არიან. ჩვენ ეს საქმე ვიცით და ამ საქმეს ვემსახურებით.

„შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელოვნება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რაიმე სხვა პროფესია. სულიერებასთან გაქვს საქმე და ეს სულიერი საზრდოა. სხვას შეუძლია, უცებ შეიცვალოს პროფესია, ხოლო ჩვენ ამის გარდა სხვა არაფერი ვიცით და არც გული არ მიგვიწევს.“