„თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია უნდა ჰქონდეს მასალის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, ერთადერთი მეუფე იაკობია, რომელმაც ეს ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გაასაჯაროვა და გამოაქვეყნა,“ – ამის შესახებ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ლეჟავამ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
საუბარია მეუფე იაკობის მიერ „რუსთავი 2“-სათვის მიცემულ ინტერვიუზე, რომელიც ინტერნეტში თავად მეუფემ გაასაჯაროვა. შემდეგ კი ამ ინტერვიუს ფრაგმენტები ტელეკომპანია „იმედმაც“ აჩვენა.
„რუსთავი 2“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამის გამო „იმედს“ საჯაროდ დაუპირისპირდა და „ფეისბუკში“ განცხადებაც გაავრცელა.
„ტვ იმედმა“ ის არ იმყოფინა, თანამშრომლების მთელი კორპუსი რომ წაიყვანა ერთ დღეს და პროდაქშენის გარეშე დატოვა არხი, ახლა დარჩენილების სიუჟეტების თუ ინტერვიუების პირატულ ვერსიებს ავრცელებს.
„ან ადამიანური თავმოყვარეობა არ გაქვთ მანდ მომუშავეებს, ან პროფესიული სინდისი? რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, არასდროს არც ერთ ცუდსა თუ კარგ ქართველ ჟურნალისტს არ უკადრია – პუტინის რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის მთავარი საინფორმაციო მანქანის ჭანჭიკები ხართ“, - დაწერა გვარამიამ.
ნანა ლეჟავას განცხადებით, გასაჯაროვებული ინტერვიუს აღება შეუძლია ყველას და ამაში უჩვეულო და არაეთიკური არაფერია.
„გასაჯაროვებულ ინტერვიუს იღებს ყველა; ასე აუღიათ „იმედის“ გასაჯაროვებული ინტერვიუ. მაგალითად, წინა კვირაში სალომე იყო ირაკლი ჩიხლაძესთან, რომელიც ატრიალა ყველამ, მაგრამ ამაზე პრეტენზია არავის ჰქონია და ვერც ექნებოდათ. მე ეს ინტერვიუ რომ გამეშვა „ფეისბუქზე“, ანალოგიურად აიღებდა ყველა. ჟურნალისტის იმ დანაშაულს ვერ ვხედავ, რომ მეუფის გასაჯაროვებული მასალა აიღო.
„შესაძლოა სხვა მიმართულებით ჰქონდათ წყენა და სხვა მიმართულებით წამოიღეს. ამაში რა არის მიუღებელი, ეს ხომ მეუფემ გაასაჯაროვა?! თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იხილოს მეუფე იაკობთან. გასაჯაროვებული ინტერვიუს გამოყენება როდის აქეთ ითვლება ქართველობის წართმევად, ვერ ვხვდები,“ - განუცხადა ლეჟავამ „რეზონანსს“.
ნანა ლეჟავამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა გვარამია „კოლეგიალობაზე არ უნდა საუბრობდეს.“
„რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და მის მხრიდან კოლეგიალობაზე საუბარს, ამასთან დაკავშირებით საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ. ნიკა გვარამია გვესაუბრება კოლეგიალობაზე?!“ - განაცხადა ნანა ლეჟავამ.