„არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან ჩერქეზების რაღაც ნაწილი იბრძოდა აფხაზების მხარეს, ე.ი. ყველა ჩვენ გვმტრობდა...

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან ჩერქეზების რაღაც ნაწილი იბრძოდა აფხაზების მხარეს, ე.ი. ყველა ჩვენ გვმტრობდა..."

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან ჩერქეზების რაღაც ნაწილი იბრძოდა აფხაზების მხარეს, ე.ი. ყველა აფხაზების მხარეს იყო და ჩვენ გვმტრობდა... ეს ოჯახური კონფლიქტი, რაც მოხდა, რუსეთის ხელშეწყობით იყო და ახლა არ უნდა დავიწყოთ დანაწევრება, რომ თითქოს ეს ხალხებს შორის კონფლიქტი იყო. ეს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი იყო და ეს გრძელდება დღესაც,"- აცხადებს ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია.

- ყაბარდო-ბალყარეთში რამდენიმე დღეა ეთნიკურ ნიადაგზე დიდი დაპირისპირებაა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის უკმაყოფილება ძალიან ხშირად ხდება და ამაზე რუსულ მედიაშიც ხშირად იწერება. ზოგადად, რამდენად ხშირია მათ შორის კონფლიქტები და რა მიზეზით?

- ანალოგია თუ გაინტერესებთ, დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ჩვენსა და ოსებს შორის იყო და იქ რამე რომ მოხდეს, იგივე განმეორდება, რაც ცხინვალში. ვგულისხმობ იმას, რომ ყბარადოელები უცებ დამოუკიდებლობის გზას რომ დაადგნენ და ჩერქეზების სახელმწიფოს შექმნა დაიწყოს, უმალვე თავს წამოყოფენ ბალყარელები და ყარაჩაელები, რომლებიც თურქული წარმომავლობის ხალხია.

-  ბალყარელები, ყაბარდო-ბალყარეთში უმცირესობას წარმოადგენენ, ბოლო დროს ძალიან ხშირად გამოდიან პროტესტით, რომ ყაბარდოელებმა დაისაკუთრეს ყველა ნოყიერი მიწები და ისინი მიწების გარეშე არიან დარჩენილები.

- არ არის ასე. ბალყარელებს იქ არავინ ავიწროებს და იგივე უფლებები აქვთ, რაც ყაბარდოელებს.

- ქართველებთან რაიმე კავშირი თუ აქვთ ყაბარდოელებს ან ბალყარელებს? ან, ამ ორი ეთნოსიდან 1990-იან წლებში, აფხაზეთის ომში ჩერქეზები, იგივე ყაბარდოელები იბრძოდნენ, ბალყარელები არა და თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

- არავინ არ იცის, ბალყარელები ომობდნენ თუ არა. რაც შეეხება ჩერქეზებს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან ჩერქეზების რაღაც ნაწილი იბრძოდა აფხაზების მხარეს, ე.ი. ყველა აფხაზების მხარეს იყო და ჩვენ გვმტრობდა. აფხაზები ჩვენი მონათესავე ერია, ასევე აფხაზების მონათესავე ერია ჩერქეზები. აფხაზებიც და ჩერქეზებიც გენეტიკურად ჩვენი მოდგმის არის. ამიტომაც, ეს ოჯახური კონფლიქტი რაც მოხდა რუსეთის ხელშეწყობით იყო და ახლა არ უნდა დავიწყოთ დანაწევრება, რომ თითქოს ეს ხალხებს შორის კონფლიქტი იყო. ეს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი იყო და ეს გრძელდება დღესაც.

-  თუმცა თავად ჩერქეზებმაც აღიარეს მოგვიანებით, რომ ისინი იბრძოდნენ აფხაზების მხარეს ქართველების წინააღმდეგ და ეს შეცდომა იყო. ყაბარდოელი მოხალისეების მეთაური იბრაჰიმ იაგანოვმაც კი, რომელიც აფხაზების მიერაა დაჯილდოვებული, აღიარა ეს.

-  კი, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთიდან ხელშეწყობით მოხდა. იყო პროპაგანდა, რომ დიდი ერი ჩაგრავს პატარა ერს - აფხაზებს და აფხაზების მონათესავე ხალხს სისხლმა უყივლა და გამოესარჩლნენ აფხაზებს. იმ ომში თავისით ვერავინ ვერ ჩაერთვებოდა, კა-გე-ბეს ჰქონდა თავისი რეზიდენტურა და ვინც იყო საჭირო, რომ ჩართულიყო, ისინი ჩართო. ჩართო იმიტომ, რომ ეთნიკური შუღლის სახე მიეცა. ბალყარელების ინტერესი კი არ ჰქონდათ. გამორიცხულია, რომ იქ ბალყარელებსაც არ ეომათ, თუმცა ალბათ უფრო ცოტანი იყვნენ, თანაც მათი აფიშრება რუსეთს პოლიტიკურად არ სჭირდებოდა და ამიტომაც არ გამახვილდა ყურადღება. კრემლის გეგმა იყო ეთნიკური შუღლი ჩამოეგდო ქართველებს, აფხაზებს და ჩერქეზებს შორის, რომლებიც ერთმანეთის მოძმე ხალხია და ეს შეასრულა. მაშინ ჩვენ არც გამოცდილება გვქონდა და ეს კრემლმა მოახერხა. არ შეიძლება მთელი ერის დადანაშაულება იქ, სადაც რუსეთი მონაწილეობს. ბალყარელები კი სხვა მოდგმის ხალხია.

-  ყაბარდო-ბალყარეთში ახლა არსებული ეთნიკური დაპირისპირების გაგრძელება რა იქნება? აფხაზებს, ასევე კრემლს ამ დაპირისპირებში რა პოზიცია უჭირავთ?

- ამ მომენტში არაფერი არ მოჰყვება. მალევე ჩაცხრება ეს ყველაფერი. ხშირად არის დაძაბული სურათი, თუმცა ჩერქეზებს აქვთ იმის ტვინი, რომ ეს არ გაამწვავონ. ჩერქეზები მათ მიწებს არასდროს დათმობენ. არც მოსკოვს აქვს ინტერესი, რომ იქ სიტუაცია გამწვავდეს. ახლა მტერი რესურსი სირიისკენ აქვს გადართული, ამიტომ ძირშივე მოკვეთს რაიმე მცდელობას. არ აფხაზების მხრიდანაც არანაირი გამოხმაურება არ იქნება. ჩერქეზებთან ურთერთობა ბოლო დროს ისედაც დაძაბული აქვთ აფხაზებს.