ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ კიბერ-არმიას ქმნის

ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ კიბერ-არმიას ქმნის

რუსი ჰაკერებისა და ჯაშუშებისგან შეწუხებული ბრიტანეთი აპირებს შექმნას, არც მეტი არც ნაკლები, კიბერ-არმია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. პროექტის განსახორციელებლად ლონდონი ასეულობით მილიონი ფუნტის დასახარჯადაა მზად.

ახალი ძალების ფორმირებაზე პასუხისმგებელია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის სამთავრობო კავშირების ცენტრი. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი "სქაი ნიუსი" იუწყება.

სიახლე ბრიტანეთის მიერ კიბერარმიის შექმნასთან დაკავშირებით არც ამერიკის შეერთებულ შტატებს გამორჩენია. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ეს რაზმი ქვეყანას მისცემს "გახსნილი ხელებით" მოქმედების საშუალებას და პასიურ თავდაცვით ხასიათსაც აღარ დასჯერდება - დაეხმარება კიბერთავდასხმების საპასუხოდ მოქმედებაშიც.

კიბერარმიის შექმნის მთავარ მიზეზად რუსეთის მხრიდან წამოსული სულ უფრო და უფრო ზრდადი საფრთხე სახელდება, რომლის აცილება იქნება მასშტაბური პროექტის მიზანი.

თუმცა პრობლემა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში არაა - კერძოდ, ამჟამად კიბერრაზმი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, იქნება თავდასხმითი ფუნქციის მატარებელი და ორიენტირებული იმ სახელმწიფოების შეჩერებასა და დასჯაზე, რომელიც შეეცდება დიდი ბრიტანეთისთვის ზიანის მიყენებას.

კიბერრაზმის ფორმირებაში 2 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ამ პროექტის განსახორციელებლად გამოიყოფა 250 მლნ ფუნტი, რაც არაა საბოლოოდ დადასტურებული და შესაძლოა, რომ ხარჯმა დათქმულ რიცხვს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამმართველოს ყოფილი მეთაური გენერალი რიჩარდ ბარონსი აღნიშნავს, რომ კიბერძალების განვითარება და მათთვის მეტი ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც რუსეთის მსგავსი ქვეყნები ცდილობენ თავდასხმას და ზიანის მიყენებას ბრიტანეთისთვის:

"თავდასხმითი კიბერტექნოლოგიების ქონა დიდ ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით საბრძოლო ველზე ვათანაბრებთ შანსებს ჩვენ წინააღმდეგ მოქმედ ქვეყნებთან და ასევე ვიღებთ ახალ საშუალებებს, რომელიც დაგვეხმარება ქვეყნის მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად და დასასჯელად,"-განაცხადა ბარონსმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფართოვა შესაძლებლობები, რომლის თანახმადაც ქვეყნის ხელისუფლებს შეეძლო კიბერიარაღის მოხმარება, ხოლო 2020 წლისთვის კი ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა შეექმნა კოსმოსური ძალები, რომელიც, თავის მხრივ, მეექვსე სახის ამერიკული ჯარი იქნებოდა.