ცაგარეიშვილი და ბაღათურია ოცნებებს ისრულებენ

ცაგარეიშვილი და ბაღათურია ოცნებებს ისრულებენ

[თეონა ხარაბაძე]

დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა, პარლამენტის პირველმა  ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მას რეგლამენტი მიუთითა. რეგლამენტის თანახმად, კომისიის შექმნის საკითხის დაყენების უფლება აქვს პარლამნეტის თავმჯდომარეს, ფრაქციას და  პარლამენტართა ერთ მეხუთედს.

იმ დროს მაჭავარიანი რეგლამენტის თანახმად სრულიად მართალი იყო და ცაგარეიშვილმა ვერაფერი უთხრა. ეტყობა, ცაგარეიშვილის მაჭავარიანის ეს შენიშვნა იმდენად ემწარა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ფრაქციის შესაქმნელად და გუშინ უკვე პრეზენტაციაც გაიმართა.

ფრაქციის სახელწოდება იქნება „ერთობა სამართლიანობისთვის“ და მასში გაწევრიანდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, უპარტიო დეპუტატი, ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, უპარტიო და დამოუკიდებელი დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელიც ბოლო დროს ნინო ბურჯანაძესთან ცდილობდა დაახლოვებას, ყოფილი ნაციონალი და დღეს დამოუკიდებელი დეპუტატი თამაზ დიასამიძე და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი და ნოღაიდელის პარტიის წევრი პეტრე მამრაძე.

მართალია, ეს ფრაქცია ისეთი ჭრელია, რომ კაცმა არ იცის, როდის დაიშლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანა შესრულებულია, ცაგარეიშვილს თამამად შეუძლია, ფრაქციის სახელით საგამოძიებო კომისიის შექმნა იმდენჯერ მოითხოვოს, რამდენჯერაც გაეხარდება. სხვა საკითხია, რომ ამ კომისიის შექმნას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ხმაურის ასატეხად უმრავლესობის მიერ საკითხის ჩავარდნა უფრო მეტად იქნება გამოსაყენებელი და დაშლამდე, როგორც თავად აცხადებენ, „ხელისუფლებას პარლამენტში მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან“. 

„ჩვენ ვართ მესამე ძალა პარლამენტში, რომელიც აქტიურად გამოიყენებს ბერკეტს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კარლო კოპალიანის თქმით კი, „პარლამენტის შიგნით შეიქმნა ისეთი ოპოზიცია, როგორიც ხელისუფლებას აქამდე გარეთ ჰყავდა“.

ეს ფრაქცია, დიდი ალბათობით, პარლამენტში „ექვსიანის“ დასაყრდენი იქნება. თუმცა, მეორე საკითხია, ამ კონფიგურაციის ფრაქცია ამას რამდენად შეძლებს. მით უმეტეს, რომ წევრების ნაწილი აშკარად „ექვსიანის“ გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებთან ასოცირდება.

საგულისხმოა ის, რომ თავად ფრაქციის წევრები თანამშრომლობას არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან არ გამორიცხავენ, ვისაც კი ამის სურვილი ექნება. ეს კი, ცხადია, უკვე მეორე პრობლემაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ „ექვსიანში“ შემავალი პარტიები აქამდე ბურჯანაძესა და ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.

როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ფრაქცია ოფიციალურად 15 ივლისს დარეგისტრირდა და სათანადო შეტყობინება პარლამენტის  ხელმძღვანელობას და საორგანიზაციო დეპარტამენტს უკვე გაუგზავნეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დღეს გია ცაგარეიშვილი ფრაქციის შექმნას კატეგორიულად უარყოფდა.

შესაძლოა, ამის მიზეზიც ჰქონდეს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას ამ ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გაეგო და არ ჩაეშალა.

სხვათა შორის, საპარლამენტო კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ცაგარეიშვილს ამ ფრაქციის შექმნა იგივე კონფიგურაციით, ოღონოდ ჯონდი ბაღათურიას გარეშე სურდა და მის ნაცვლად რომან მარსაგიშვილთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. მისი მხრიდან თავიდან თანხმობაც ყოფილა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებას შუტყვია და შვილთან დაკავშირებით დაუშანტაჟებია.

მარსაგიშვილი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ ფაქტია, რომ თავდაპირველად 26 მაისის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელი მოაწერა, მაგრამ შემდეგ ესეც უარყო. თუკი მის და მაჭავარიანის სიახლოვეს გავითვალისწინებთ, მისი საქციელი გასაკვირი აღარ იქნება. მით უმეტეს, რომ მას ბიზნესი აქვს გუდაურში და საკუთარ შვილსა და ბიზნესს პრობლემას ცაგარეიშვილის ფრაქციის გამო რომ არ შეუქმნიდა, ეს კი უნდა სცოდნოდათ.

ასეა თუ ისე, ფრაქციის შექმნის დამალვა მათი მხრიდან გასაგებია. მაგრამ გაუგებარი ის არის, რომ ჯონდი ბაღათურიამ ფრაქციის პრეზენტაციამდეც კი ვერ მოითმინა და პარლამენტის საროგანიზაციო დეპარტამენტში საკუთარი თავის ვიცე-სპიკერად წარდენის განცხადება თავად გუშინწინ შეიტანა.

არადა, მისი ვიცესპიკერობის საკითხი ისედაც ეჭვქვეშ დგას და, თუკი უმრავლესობა ამას დათანხმდება, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანი გახდება. საქმე ის არის, რომ პარლამენტის რეგლამენტის 115-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს, სამი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში და შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია.

ახალი ფრაქციის წევრები კი აცხადებენ, რომ ვიცე-სპიკერობა სწორედ ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის და მას წარადგენს პარტია „ქართული დასი“, როგორც ბარიერგადალახული პარტია.

შეგახსენებთ, რომ „ქართული დასი“ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ცალკე სუბიექტი არ მონაწილეობდა და იგი გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით გავიდა.

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გახდა. მართალია, მაშინ ამ საკითხზეც იყო კამათი, რადგან გაერთიანებული ოპოზციის დიდი ნაწილი პარლამენტში არ შევიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც შევიდა, მაშინ ერთი ფრაქცია შექმნა (ჯონდი ბაღათურიას გარდა) და ვიცე-სპიკერად სწორედ პაატა დავითაია დაინიშნა.

ახლა კი ახალი ფრაქციის ვიცე-სპიკერობა ჯონდი ბაღათურიამაც მოითხოვა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას წარმდგენი „საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი“ არ ჰყავს. ეს გარემოება კი, შესაძლოა ჯონდი ბაღათურიასთვის ვიცე-სპიკერობაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

პარლამენტში ვიცე-სპიკერობა საკმაოდ პრესტიჟულია, რადგან მათი ხელფასი დაახლოებით 3400 ლარია, ჰყავთ მდივანი, სპეციალისტი და თანაშემწე, რომელთა ხელფასიც პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამასთან, ვიცე სპიკერებს ემსახურებათ პაჯეროს მარკის ჯიპები 600 ლიტრი უფასო საწვავით და გარკვეული ლიმიტი სატელეფონო კავშირის უფასო მომსაუხრებისა. ასევე, პოლიტიკური დებატებისას ვიცე-სპიკერებს 15-15 წუთიანი გამოსვლის უფლება აქვთ.

ფაქტია, რომ ბაღათურიას საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და არც ის არის გამორიცხული, რომ არდამტკიცების შემთხვევაში მან ფრაქციის თავმჯდომარეობაც მოითხოვოს. თუმცა, მას პირობა აქვს დადებული, რომ ამას არ მოითხოვს.

რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს, როგორც ითქვა, ეს თანამდებობა ხუთ-ხუთი თვით გია ცაგარეიშვილსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის უნდა გადანაწილდეს. პირველი თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი იქნება. ხუთი თვის შემდეგ კი, მას როტაციის წესით დიმიტრი ლორთქიფანიძე შეცვლის. ეს ვადა მაისის ბოლოს იწურება. საპარლამენტო არჩევნები კი მომავალი წლის ოქტომბერში იმართება. ივნისიდან ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი ვინ იქნება ამ ფრაქციის თავმჯდომარე არავინ იცის.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება კარლო კოპალიანი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე. მდივანი კი იქნება დიმიტრი ლორთქიფანიძე ცაგარეიშვილის თავმჯდომარეობის პერიდში. ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობის დროს კი ვინ იქნება მდივანი, ეს ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც ჩანს, ყველაზე უპრეტენზიო წევრები პეტრე მამრაძე და თამაზ დიასამიძე არიან და ეს არც არის გასაკვირი. პეტრე მამრაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ „მე არაფერი მინდა, თუკი ხუთი კაცი შეიკრიბება, მეექვსე მე ვიქნებიო“.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს აშკარად ეკლექტიკური გაერთიანება მოქმედებას, როგორც გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, „ერთ სულ და ერთ ხორცად“ აპირებს. არადა, აქამდე იგივე ცაგარეიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ იგი ბაღათურიასთან ერთად არაფერს გააკეთებდა, ყველა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ.

თუმცა, იგი ამას იმით ხსნის, რომ „ახალ ფრაქციაში გაერთიანებულმა ადამიანებმა ყველა პიროვნულ თუ პარტიულ ამბიციების გადააბიჯეს სამართლიანობისთვის საბრძოლველად“. 

ცაგარეიშვილის თქმით, ახალი ფრაქცია უმრავლესობასა და უმცირესობას მონოტონურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს. როგორც იგი აცხადებს, პარლამენტში ჩამოყალიბებული მესამე პოლიტიკური ძალა, მკვეთრად ოპოზიციური იქნება, რომელიც ყველა გავლენიან ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. 

დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო ერთად-ერთი, ვინც ამ ფრაქციაში გაწევრიანებისთვის ფრაქცია დატოვა. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ დატოვების შესახებ მოლოდინი ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალზე აქტიური იყო. თუმცა, ერთი წლის წინ, როდესაც ამ მოლოდინმა პიკს მიაღწია, მან მოულოდნელად დავითაის პარტია დატოვა და ფრაქციაში დარჩა.

ახლა კი საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მისი ყოფილი ფრაქცია, „ოპოზიციური ფრაქციის ამოცანებს ვერ პასუხობს“.  შესაბამისად, დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ახალ ფრაქციაში, როგორც ოპოზიციური დეპუტატი, უფრო აქტიური იქნება და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მისი მარგიქმედების კოეფიციენტი, მეტად გაიზრდება.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ახალი ფრაქცია მუშაობას მთავრობის წევრების მოსმენებით დაიწყებს და პირველი მინისტრები, რომელთაც ახალი ფრაქცია დაიბარებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იქნებიან. 

როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ახალი ფრაქცია 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე დააყენებს.