"არც ერთი ტერაქტი ქვეყანაში არ მომხდარა, რაც ნიშნავს, რომ სუს-ი ნამდვილად კარგად მუშაობს"

"ამ ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად, ჩაქრა პანკისის თემა. იქამდე იყო, რომ პანკისიდან სირიაში საბრძოლველად მიდიან, ტერორიზმის ბუდეა და ა.შ. ეს თემა საერთოდ მოიხსნა და პანკისზე საუბარი ამ კონტექსტში არც ერთ დონეზე აღარ არის. ეს ყველაფერი ზედმეტი ხმაურისა და ლაპარაკის გარეშე გაკეთდა, რაც სპეცსამსახურების პლუსია," - აცხადებს ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული.

მისი აზრით, მოსახლეობა ტერორიზმის საფრთხეს ვერ გრძნობს და სწორედ ეს არის სპეცსამსახურების მუშაობის მთავარი მონაპოვარი.

"სუს-ის მუშაობა ისეთი რამეა, რომ სპეცსამსახურებმა უკეთესად იციან, მით უმეტეს, როდესაც ამერიკაზეა საუბარი. მაგალითად, ის სპეცოპერაცია, რაც თბილისში ჩატარდა და ხმაურია ატეხილი, მათ თბილისამდე როგორ მოაღწიესო. ამერიკელების შეფასება ამ მხრივ უფრო სანდოა. ვერც ერთმა ყველაზე ძლიერმა ქვეყანამ კი მსოფლიოში ვერ დაიცვა საზღვრები ისე, რომ შიგნით ტერორიზმს არ შეეღწია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩანს, რომ პრეტენზიებს, რასაც ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ ქართულ სპეცსამსახურებს უყენებდნენ, ოფიციალური ვაშინგტონი სერიოზულად არ მოეკიდა. სხვა მხრივ კი, ყველა ხაზი რაც საქართველოდან ტერორიზმის მხარდაჭერისა და გარცელების კუთხით არსებობდა, ჩაკეტილია.

"სუს-ის ფუნქცია არის ის, რომ უხმაუროდ დაიცვას ქვეყანა. ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში, სადაც ტერორისტული საფრთხე ყველა მხრიდან მომეტებულია, ქვეყანაში კი არც ერთი ტერაქტი არ მომხდარა, ნიშნავს, რომ სუს-ი ნამდვილად კარგად მუშაობს. გასაგებია, რომ სპეცსამსახურები ვერ დასხდებიან ეთერში და ვერ ილაპარაკებენ იმაზე, თუ რა გააკეთეს.

კარგია, რომ ქვეყნის გარედან ყველაზე ავტორიტეტული წრეებიც საუბრობენ, რომ ქართული სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სწორედ ეს არის ასახული, - აცხადებს დეპარტამენტის ანგარიშზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. იგი მოხარულია, რომ საქართველოს პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ.

 "რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურზე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, მაშინ, როცა კანონმდებლობას ვცვლიდით, ვამბობდით, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა უსაფრთხოების თვალსაზრისით, როცა საქმე ტერორისტულ საფრთხეებსა და უსაფრთხოებას ეხება. ამ განცხადებაში ესაა ასახული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ," - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმის დასტურია, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ.

"ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი და გლობალური გამოწვევაა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიმართ დადებითი გზავნილი ვნახეთ. ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც გლობალურ უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენი პრიორიტეტია, საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს. ანგარიში იმის დასტურია, რომ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ," - განაცხადა ქაცარავამ.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის პოზიტიური დასკვნის მიზეზი გასული წლის ნოემბერში სუს-ის მიერ ჩატარებული წარმატებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციაა.

"ეს ანგარიში ნამდვილად ეხმაურება იმ მოვლენებს, რაც 2017 წლის ნოემბერში თბილისში განვითრდა. როგორც წესი, ამერიკელები აფასებენ შედეგს, შედეგი კი იყო სამი ტერორისტის ლიკვიდაცია. მათთვის, ცხადია, ეს პოზიტიური მომენტია სუს-ის მუშაობაში.

"დღეს საქართველო გახდა სტაბილური ქვეყანა (ცნება სტაბილურობა, რა თქმა უნდა, პირობითია). როგორც შესაძლებელია, ამ რეგიონში მაქსიმალურად დაცულია ადამიანთა უსაფრთხოება, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ტურისტების. ეს არის გამოხატული ამერიკის მიერ შემუშავებულ ამ დასკვნაში. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს ბრძოლა კორუფციასთან. ეს მათი პრეროგატივაა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, საშუალო და დაბალი რანგის კორუფციის გარდა, დაწყებულია ბრძოლა ელიტურ კორუფციასთანაც. ეს ოფიციალურად პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა ღრმად მჯერა, რომ ასეთი საქმეების გადაწყვეტაში სუს-ი მონაწილეობს," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.