"ოცნებამ", შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაიფიქროს"

სალომე ზურაბიშვილის ისედაც შედარებით დაბალი რეიტინგი, რაზედაც ანალიტიკოსები საუბრობენ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაეცეს; ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს არა მარტო "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატისა და სასულიერო პირების დაპირისპირება, არამედ ზურაბიშვილის განცხადებებიც; მმართველმა გუნდმა საკუთარ იმიჯზეც უნდა იფიქროს და არ არის გამორიცხული, "ოცნებამ" ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი თქვას, - აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევს, რამაც "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენა.

"ზურაბიშვილის განცხადებები არა მარტო სასულიერო პირებში იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას, არამედ საზოგადოებაშიც, რაც მის რეიტინგზე ძალიან მოქმედებს. იგი, ფაქტობრივად, მძიმე და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა ზურაბიშვილის განცხადებების მიმართ, რაც არჩევნების შედეგებზე აისახება.

"საქმე ისე მიდის, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ პრობლემა ისაა, ზურაბიშვილი გავა თუ ვერა მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, შესაძლოა, იგი მეორე ტურში ვერ გავიდეს, თუ მანამდე "ქართულმა ოცნებამ" არ გადაიფიქრა მისი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი არა მარტო ზურაბიშვილის რეიტინგზე, არამედ "ოცნების" რეიტინგზეც მოქმედებს და მის მიმართ დამოკიდებულებას მკვეთრად ცვლის.

"მმართველ პარტიას თავის თავზეც საფიქრალი აქვს, როდესაც ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამიტომაც მეორე ტურში გადასვლის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს ზურაბიშვილს, თუკი მან ასე გააგრძელა, ყოველ მეორე სიტყვაზე პირველად ნათქვამს რადიკალურად რომ ცვლის.

"საერთოდაც, ასეთი კამპანია რომელიმე კანდიდატს ოდესმე წარემართა, არ მახსოვს. თუკი ზურაბიშვილი მეორე ტურში მაინც გავიდა, მისი გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება მოწინააღმდეგე. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან გამარჯვების შანსი შეიძლება ისევ ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში კი ვერ გაიმარჯვებს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისათვის, ზურაბიშვილმა მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სასულიერო პირები ზედმეტად ერევიან საქმეში" და თუკი პრეზიდენტად მისი არჩევა მოხდება, სასულიერო პირების ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევაზე მწვავე რეაქცია ექნება.

"არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. როგორც პრეზიდენტს, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს, მე ამაზე მექნება ძალიან დიდი პროტესტი. ვინაიდან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმებისა, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით.

"ეკლესიის მაღალი დონის ფიგურები პირდაპირი ბრალდებებით ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ არც ერთი მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.