რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების მორიგი ოკუპაციის ათი წლისთავზე კვლავ ამოტივტივდა ისტორიულ მეხსიერებას შემორჩენილი მრავალი მტრის საძულველი ხატ-სახება; ჩინგიზ-ხანი, ჯალ-ალ-ედინი, თემურ-ლენგი შახ-აბასი, აღა-მაჰმად-ხანი, ლენინი. ახლა კიდევ არანაკლებ ვერაგი ვლადიმერ პუტინი გვექცა ასეთად. არსებობს თუ არა მისი რეაქციული რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლისა და დემოკრატიული, მშვიდობიანი ხელისუფლების მოსვლის შანსი, რომელიც მზად იქნება მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს? - ამ თემაზე for.ge პროფესორ ილია (აზიკო) სისვაძეს ესაუბრა.
უნდა გვქონდეს თუ არა მოლაპარაკებებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედი, რასაც რამდენიმე პარტია გვპირდება?
- რუსეთს არასოდეს შეუსრულებია ჩვენთან დადებული ხელშეკრულებები. უფრო მეტიც, ყველა მოლაპარაკებას იგი ჩვენი ყურადღების მოსადუნებლად და მოულოდნელი, კიდევ უფრო ვერაგული დარტყმებისათვის იყენებდა. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობას არა მარტო აზრი არა აქვს, არამედ უაღრესად სახიფათოცაა. ხოლო, თუ თვითონ რამდენად სჯერათ მოლაპარაკების მომხრე პოლიტიკოსებს ამ გზის წარმატებისა, ეს მათ სინდისზე იყოს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთს წართმეული ტერიტორიები უმნიშვნელო სასაზღვრო სადერმაკაციო დათმობების გარდა (თანაც ეს ხდებოდა უპირატესად ძლიერ ქვეყნებთან), უომრად არავისთვის დაუბრუნებია. გავიხსენოთ თუნდაც იაპონიის დაუსრულებელი დავა კურილიის რამდენიმე ხრიოკი კუნძულის გამო. გამონაკლისი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერია იმდენად იყო დაუძლურებული, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შესწევდა. ამიტომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ მის მესამე და საბოლოო დაშლას, საითკენაც თვითონვე მიჰყავს საქმე - ბოლო საუკუნეების აგრესიული იმპერიები გაქრნენ იმის გამო, რომ დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოს დაუპირისპირდნენ.
ფუჭია იმის იმედი, რომ რუსეთში პროგრესული ხელისუფლება მოვა და ჩვენი პრობლემებიც თავისთავად გადაწყდება. ეროვნული კონსერვატიზმის, შუასაუკუნოებრივი ჩამორჩენი იმპერიული აზროვნების და თანამედროვეობასთან შეუთავსებლობის გამო, ამჟამად რუსეთის დაშლის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპერიული განწყობის მოშლისა. ამიტომ, იქაური ამომრჩეველი ხელისუფლებაში მოიყვანს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის ეროვნულ მენტალობას შეესაბამება.
რუსეთი თანამედროვეობამდე ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მისი სახელმწიფოებრიობა იწყება მეათე საუკუნიდან. შესაბამისად, მან ვერ გაიარა პოლიტიკური სიმწიფის მისაღწევად აუცილებელი განვითარების ყველა სტადია და თავისი დესპოტიზმით, აგრესიულობით და იმპერიული სულისკვეთებით ივანე მრისხანეს ეპოქაში ჩარჩა. დღემდე რუსული მენტალობა ესაა პირველყოფილ თემური, ფეოდალური და ველური კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემებისათვის დამახასიათებელი ეთნოფსიქოლოგიის ეკლექტიკური ნაზავი, ხოლო თვითონ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო საფრთხობელად გადაიქცა.
ამდენად, მისი პოლიტიკური კათარზისი უახლოეს ათწლეულებში მოსალოდნელი არაა და თუ რაიმე გზით მაინც მოხერხდება რუსეთში პროგრესული ხელისუფლების მოსვლა, რეაქციული ძალები უმალვე დაამხობენ.
დაგვიცავს თუ არა ნეიტრალიტეტის გამოცხადება რუსეთის აგრესიისაგან, თუ თავდებად დაგვიდგებიან მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები და მათ შორის რუსეთი, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის?
- ეს იდეა რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. 1918-1921 წლებში სამხედრო და პოლიტიკურმა ნეიტრალიტეტმა მისი ოკუპაციისაგან ვერ გვიხსნა. სულ ახლახან იგივე განმეორდა უკრაინის მიმართაც. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში რუსეთმა და უკრაინამ დადეს ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის, მეგობრობის და ურთიერთდახმარების შესახებ. ასევე, უკრაინის ბირთვული განიარაღარების სანაცვლოდ მსოფლიოს უდიდესმა სახელმწიფოებმა, მათ შორის რუსეთმა, იკისრა ვალდებულება, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა. თუმცა, თუ რა მოხდა შემდეგ, საყოველთაოდაა ცნობილი. ამ ე. წ. ნეიტრალიტეტის შემთხვევაში სრულიად უსუსური და დაუცველი აღმოვჩნდებით რუსული აგრესიის წინაშე. ასეთი პოლიტიკა გამართლებული იქნებოდა მხოლოდ ჩვენს მიმართ და ერთმანეთთან მშვიდობიანად განწყობილი სტაბილური დემოკრატიული ქვეყნების გარემოცვაში, როგორშიც მაგალითად შვეიცარიაა.
ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე ბიზნესი, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისაკენ მიისწრაფვიან იმ მოტივით, რომ საკმაოდ ტევად რუსულ ბაზარზე თვით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებიც არ ამბობენ უარსო. ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია ეს პროცესი?
- ეს არა მარტო მიზანშეწონილი, არამედ უკიდურესად სახიფათოცაა, რადგან რუსეთი ყოველგვარ ურთიერთობას პოლიტიკური აგრესიის იარაღად იყენებს. ამიტომ რაც უფრო გავაღრმავებთ მასთან სამეურნეო კავშირებს, მით მეტად დამოკიდებული გავხდებით და შესაბამისად, გაეზრდება ზემოქმედების ბერკეტებიც. მაგრამ, თუ მაინც არ გვინდა შეველიოთ არაპროგნოზირებად რუსულ ბაზრს, ექსპორტი უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მინიმალურად დასაშვები რისკის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს გარდაუვალი კრახი ელოდებათ, ხოლო მთლიანად ქვეყანას - მძიმე ფინანსური კრიზისი.
რაც შეეხება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, ისინი არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური აგრესიისაგან თავდაცვის ეფექტურ საშუალებებს ფლობენ, არამედ წარმატებული შეტევის განუზომლად დიდ შესაძლებლობებსაც, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ თვალსაზრისით მთლიანად უსუსურნი ვართ.
არსებულ პირობებში რამდენად გამართლებულია ოკუპანტ რუსეთთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება?
- რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენში პოლიტიკოსთა და ხელოვნების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ოკუპანტი ქვეყნის კეთილგანწყობის მოპოვება და აგრესიის შეჩერება მასთან კულტურული ურთიერთობებითაა შესაძლებელი, ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ კულტურას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს და ამდენად, ამ გზით პირადი გამორჩენა უზნეობა სულაც არაა.
რეალურად, რუსეთის მიერ თითქმის მთელი მსოფლიოსათვის გამოცხადებული ჰიბრიდული ომის პირობებში ეკონომიკასთან ერთად კულტურა, ხელოვნება, სპორტი და თვით რელიგიაც კი მან ისეთივე მომაკვდინებელ იარაღად აქცია, როგორიცა რაკეტა, ტანკი ან ქვემეხი, ოღონდ კეთილშობილური იერით შენიღბული.
ისტორიული გამოცდილება მეტყველებს, რომ კულტურული ექსპანსია პოლიტიკური აგრესიის უმძლავრესი იარაღი იყო ყოველთვის, თუდაც იმიტომ, რომ ადამიანთა ეროვნულ კუთვნილებას განსაზღვრავს არა წარმომავლობა და გენეტიკა, არამედ ამა თუ იმ კულტურისადმი კუთვნილება, აღზრდა-განათლება და ამ საფუძველზე ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია, მენტალობა და შეხედულებათა სისტემა.
ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც ასეთები საკუთარი ქვეყნის მოღალატეებად იქცნენ. განსაკუთრებით დიდ საფრთხეს შეიცავს ეს პროცესი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მტრული ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების გაიდეალება-გათავისების გარდაუვალი შედეგი გახდება ქართველი ერის სულიერი ოკუპაცია, მენტალური გადაგვარება და საბოლოო დამონება.
ამდენად, მტრის ბუნაგში მის გასართობად სანახაობების მოწყობა იმ იმედით, რომ გულს მოვუგებ და უკვე ჩაყლაპულს დამიბრუნებსო, არა მარტო სიბეცე, არამედ ეროვნული თავმოყვარეობის უქონლობაცაა. ხოლო, თუ ეს კეთდება პირადი გამორჩენის მიზნით, უკვე ზნეობრივ გადაგვარებასთან გვაქვს საქმე.
კიდევ უფრო სახიფათოა რუსეთთან ურთიერთობა ერთმორწმუნეობაზე დაყრდნობით, რადგან ჩვენი მოსახლეობის გულუბრყვილო ნაწილის გამოისობით, ამ გარემოებამ შესაძლოა უფრო იოლ ლუკმად გვაქციოს. ფაქტია, რომ რუსეთმა ამ მიზეზით ტერიტორიები წაგლიჯა არა მეზობელ მუსულმანურ სახელმწიფოებს, არამედ ერთმორწმუნე საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთი მასთან ყოველგვარ ურთიერთობას განიხილავს, როგორც ოკუპაციისადმი შეგუებასა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებს - ხომ ხედავთ ყველაფერი რიგზეა და რას მედავებითო.
ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ პრორუსული ორიენტაციის პარტიებისა და მათი მომხრეებიდან მოსალოდნელ საფრთხეზე. ისინი, თავისი მხარდამჭერებით ხომ საკმაოდ მცირერიცხოვანი არიან?
- ქვეყნის შიგნით ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ განწყობილი, თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფებისაგან მომავალი საფრთხის იგნორირება სრული გულუბრყვილობაა მაშინ, როდესაც მათ უკან ძლიერი და ვერაგი მტრული ძალა დგას. ეს უმცირესობანი ფაქტობრივად რუსული „ტროას ცხენის“ როლს ასრულებენ და მათი მსგავსნი არაერთხელ შემოძღოლიან მტერს და ქვეყანა სისხლის ზღვაში ჩაუხრჩვიათ. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად უნდა აიკრძალოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდება. ასევე, ასაკრძალია პოლიტიკოსთა არასანქციონირებული კონტაქტები მის ხელისუფლებასთან, თუმცა, ყოველმხრივ წასახალისებას საჭიროებს ურთიერთობები რუსეთის პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან, თუ კი იქ ასეთი არსებობს, და ისიც მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების თანხმობით უნდა მოხდეს.
რამდენად რეალურია ორი რუსეთის იდეა, თითქოს ერთ მხარეს არსებობს არადემოკრატიული, აგრესიული და იმპერიალისტური ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი უბრალო რუსი მოქალაქეები, რომლებიც იძულებული არიან პოლიტიკოსთა ბრძანებებს დაემორჩილონ?
- ამის რწმენა ასევე უდიდესი საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, მოსახლეობის უმრავლესობის განწყობასა და ნებას გამოხატავს. ხოლო, თუ მაინც არსებობს გამონაკლისები, ეს ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლის. ამიტომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მსგავსი აბსურდული იდეების შემოგდება და ჩვენს მიერ მათი მიღება, წარმატებული სამხედრო აგრესიის მცდელობის წინაპირობად უნდა განვიხილოთ.
თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და შესაბამისად, თითოეული მოქალაქე მტერს თავის სახელს არ დაარქმევს და მის წინააღმდეგ ფსიფოლოგიურად არ განეწყობა, მაშინ დიდია შანსი იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი ასაოხრებლად შემოსეულ რუს დამპყრობლებს ტყვიის ნაცვლად თაიგულებით შეეგებოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსთა მიერ გაუაზრებელი და სახიფათო ანტირუსული რიტორიკით მისი აგრესიის პროვოცირება მოვახდინოთ.
ევროსკეპტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს ჩვენთან მიმართებაში ამოძრავებთ არა გულწრფელი მეგობრული დამოკიდებულება, არამედ მხოლოდ საკუთარი
მერკანტილური ინტერესები. რამდენად რეალისტურია ეს თვალსაზრისი?
- ცივილიზებული ქვეყნების სამოკავშირეო ურთიერთობები ინტერესთა ერთიანობას და საერთო ღირებულებებს ემყარება და არა მხოლოდ ურთიერთსიმპათიებს. რაც შეეხება ჩვენს მიერ სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას, ამის გასარკვევად საკითხს ზოგადისტორიული კანონზომიერების თვალსაზრისით უნდა შევხედოთ.
კაცობრიობის განვითარების ისტორია ყოველთვის იყო მცირერიცხოვანი ერების მარადიული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის, ხოლო დიდი ერების სწრაფვა სხვების გავლენის სფეროში მოსაქცევად. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული ზესახელმწიფოები ამას ახერხებენ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო აგრესიული ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ვერაგობითა და ძალადობრივი მეთოდებით.
ამასთან, ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები იმდენად მჭიდროა, რომ თვით უძლიერეს სახელმწიფოებსაც არ შეუძლიათ მოკავშირეებისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარონ და მათი ინტერესები არ გაითვალისწინონ. სხვაგვარად, ასეთი ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა, აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებით.
ცხადია, რომ ამ პირობებში სრული დამოუკიდებლობის იდეა გულუბრყვილო ილუზიაა. შესაბამისად, მცირერიცხოვანი ერები, თუ კი ისინი საკმარისად ძლიერები არ არიან ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, იძულებული არიან ამა თუ იმ ზომითა და ფორმით დიდი ქვეყნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე მსოფლიოში არსებობს შესაძლებლობა არჩევანი გავაკეთოთ - მოვექცეთ ცივილიზებული და დემოკრატიული, თუ აგრესიული, ჩამორჩენილი და არაცივილიზებული მძლავრი ქვეყნის გავლენის სფეროში. ამ ვითარებაში მცირერიცხოვანი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი განპირობებულია მისი პოლიტიკური სიმწიფით, ეკონომიკის განვითარების დონითა და სამხედრო ძლიერებით. ამის კლასიკური მაგალითი ისრაელის სახელმწიფოა.
ნატოში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რუსეთის ხელისუფლება კი მუდმივად ახალი სამხედრო აგრესიით გვემუქრება იმ საბაბით, რომ ეს მის უშიშროებას შეუქმნის საფრთხეს. ამ პირობებში რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ?
- ყველაფრიდან ჩანს, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა რუსეთს აშფოთებს არა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ ნატო არავის ემუქრება, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი საბოლოო ოკუპაციის შესაძლებლობა მოესპობა.
დღესდღეობით ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემის დიდი ნაწილის გადაწყვეტა, მათ შორის, ეფექტური თავდაცვისა, რადიკალური რეფორმების განხორციელების გზით მაღალგანვითარებული ეკონომიკის შექმნაზე დაიყვანება. თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ცალკეული ქვეყნები ამ გზით „ეკონომიკურ ვეფხვებად“ იქცნენ შესაბამისი ანგარიშგასაწევი სამხედრო პოტენციალით. მათ შორის, მტრულ გარემოცვაში მყოფმა ისრაელმა 1967 წელს შეძლო წარმატებით მოეგერიებინა თანამედროვე რუსეთზე არა ნაკლებ მძლავრი არაბული კოალიციის შემოტევა და ეფექტური კონტრშეტევით ექვს დღეში მუხლებზე დააჩოქა იგი.
ამდენად, თუ მოვახერხებთ ისრაელის დონის ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების შექმნას, რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ვეღარასოდეს გაბედავს, ხოლო ნატო თვითონვე „მოგვიკაკუნებს კარზე“. ჩვენი ერის ინტელექტუალური და მენტალურ-ფსიქოლოგიური პოტენციალის გათვალისწინებით, რეფორმატორულად განწყობილი მაღალკვალიფიციური ხელისუფლების პირობებში ამის რეალური შანსი გვაქვს.