პარლამენტმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა

პარლამენტმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა

ხელისუფლების ინიციატივას კანაფის კულტივაცია–ექსპორტთან დაკავშირებით, ეკლესია ღიად უპირისპირდება. კანონპროექტი იმდენად მიუღებელია, რომ სასულიერო პირები ხელისუფლებას ამბიონიდან მიმართავენ. სწორედ ამბიონიდან მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა შს მინისტრს და დაინტერესდა, რა ავტორიტეტი ექნება პოლიციას, თუ ახლა სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე ებრძოდნენ. როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა, ხელისუფლებას შეუძლია „გადახედოს“, რამდენი ადამიანი გაჰყვება მას და რამდენი ეკლესიას.

„დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას? იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან. გადახედონ და შეხედონ რამდენი გაყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ. მე კიდევ მჯერა და იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან ადამიანს უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო შეცდომაა, არამედ საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ, თავისი სახელიც დაერქმევათ და მოღალატეები დაერქმევათ.

რაც არ უნდა ინოვაციზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი, ადამიანი როცა მოდის მთავრობაში, ხომ ჰკითხავთ – მითხარი რა გაგიკეთებია?! აი, გვითხარით, რა გაქვთ გაკეთებული, რომ გენდოთ? ეს ბუნებრივი კითხვებია. ნუ დავუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ – ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, იქ ვიქნებით.

ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. არაფერზე, არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი. ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახიდან ყველა გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ არ უნდათ, დაიხევენ უკან“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა.

კანაფის წარმოებაზე კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას არ გამორიცხავს ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით, კანაფის წარმოება–კულტივაციის თემა სიღრმისეულად უნდა განიხილონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„თუ ამის შემდეგ კითხვები იქნება, ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით. შეიძლება ველოდოთ, რომ გაწვევა მოხდეს. საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, რა ცვლილებებზეა საუბარი. ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობენ მაშინ, როცა საუბარი სხვა პროდუქციაზეა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხარვეზია კომუნიკაციაშიც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კანაფის კულტივაცია–ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, სამუშაო ფორმატი შეიქმნას. ამ ფორმატში ჩაერთვებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, ექსპერტები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. აღსანიშნავია, რომ კანაფის კულტივაცია–ექსპორტის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, კონსულტაციები ამ თემაზე როგორც საპატრიარქოსთან, ასევე საზოგადოებასთან გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მოქალაქეებს კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ ექნებათ.

„უკვე ვიცით, რომ ინიცირებულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც არეგულირებს მარიხუანას მოხმარებას საქართველოში. მთავრობის მხრიდან ორი პაკეტი არის წარმოდგენილი, ერთი შეეხება მოხმარების რეგლამენტაციას, ხოლო მეორე ითვალისწინებს კულტივაცია–ექსპორტს სამედიცინო მიზნით და ასევე კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით. მეორე პაკეტის განხილვა ჯერჯერობით შეჩერებულია და მხოლოდ ამ კონსულტაციების შემდეგ დავიწყებთ პაკეტის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შსს–ს ინიციატივამ მმართველი გუნდი ორად გაყო. ნაწილი კი იმედოვნებს, რომ საპატრიარქოსთან დაწყებული მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება და „ქართული ოცნება“ დაარწმუნებს ეკლესიას კანაფის ბიზნესის სარგებლიანობაში. მეორე ნაწილი კი, კანონპროექტს ღიად უპირისპირდება.

შსს–ს ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიოში ჩნდება ახალი ბაზრები, რომელიც ამ მცენარის გამოყენებას ეხება სამედიცინო მიზნით.

„ყველა ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ახალი ბაზარი ჩნდება, რომელიც სამკურნალო მიზნით ამ მცენარის გამოყენებას ეხება. ჯერჯერობით მოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას. როგორც ბიტკოინზე იყო. უცებ დაიწყო ბიტკოინების წარმოება, დღეს კი ეს პოპულარული თემა აღარ არის იმდენად, რამდენადაც ადრე იყო. დაახლოებით ასეთივე არის ამ პროდუქტთან. ჩვენ ექსპორტზე უნდა გავიტანოთ ყველაფერი თუ ამ გაყიდვის შედეგად თითოეული მოქალაქე სარგებელს ნახავს. მე დავეთანხმები ერთ–ერთ ცნობილ ადამიანს –სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ზოიძესგან განსხვავებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია არ თვლის, რომ სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. დეპუტატის განცხადებით, საპატრიარქოს, მათ შორის ბოლო მოწოდების შემდეგ, ყველა ნორმალურად და გონივრულად მოაზროვნე ხელისუფლება კი არ იჩქარებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მხოლოდ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„საზოგადოების საკმაოდ დიდი ჯგუფის მხრიდან არის საკმაოდ ემოციური დამოკიდებულება. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. საპატრიარქოს, მათ შორის ბოლო მოწოდების შემდეგ, მე მგონია, რომ ყველა ნორმალურად და გონივრულად მოაზროვნე ხელისუფლება კი არ იჩქარებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ ისე მოიქცევა, როგორც ვთქვით – გავიაროთ კონსულტაციები, ვიმსჯელოთ და მივიღო გადაწყვეტილება. ამ საკითხის განხილვის გადაწევა არ არის დაკავშირებული არჩევნებთან, ეს არის დაკავშირებული, რომ არ მოხდეს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება კარგად გასაგები და შეთანხმებული საზოგადოებასთან“, – აცხადებს ეკა ბესელია.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ნაწილი მოითხოვს, რომ პარლამენტმა საერთოდ არ იმსჯელოს კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მარიხუანის კულტივაციას ლეგალურს ხდის. დეპუტატი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსენსუსი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გადაიდო მისი განხილვა.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ჩვენი მხრიდან ვიქნებით წინააღმდეგი მუდმივად. ყველანაირი ტიპის კულტივაციის და შემდეგ რაღაც ბიზნესის წამოწყების, ლიცენზიების გაცემის და ა.შ. რაც შეეხება თვითონ უმრავლესობას, კონსენსუსი არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ კონსენსუსი არ იქნება, რა თქმა უნდა ეს კანონი მიღებული ვერ იქნება.

ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ გადაიდო. რა კულტივაცია ხალხო, რა არის კარტოფილია, ვერ გავიგე?! რა კულტივაცია და რა უნდა მოვიყვანოთ და რა უნდა გავყიდოთ, წინააღმდეგები ვართ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები ვართ. არსებობს რაღაც ტიპის მოსაზრებები, რომ ვითომ ეს არის კარგი, მაგრამ არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებებს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კანონპროექტის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც მარიხუანას კულტივაცია–ექსპორტს გულისხმობს უპირისპირდება ოპოზიცია. „ევროპულ საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ სარგებელს მარიხუანას პლანტაციების მოშენებით ნახავს კონკრეტულად ერთი პირი და არა ქვეყანა.

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ნამდვილად მარიხუანას მოწევის გამო არ შეიძლება ადამიანებს ვსვამდეთ ციხეში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა უნდა იყოს განხილვის მთავარი საგანი და არა რაღაც მითიური პლანტაციები და გაურკვეველი და გაუგებარია კიდევ ვინ ნახავს, ქვეყანა ნახავს თუ სხვა ვინმე ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებისგან“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს უაღრესად საშიში იდეის გატანას. დეპუტატი აცხადებს, რომ კანაფის პლანტაციების გაშენება მეხის გავარდნასავით დაეცა თავზე ყველას, მათ შორის მთავრობის წევრებს და საპარლამენტო უმრავლესობას. გოცირიძე სიცრუეს უწოდებს ფინანსთან მინისტრის განცხადებას, რომ კანაფის ექსპორტით საქართელომ შესაძლოა, მილიარდი ლარის შემოსავალი ნახოს.

„კანონპროექტი შემოვიდა ახლა, სადაც არის საუბარი, რომ მარიხუანას მოწევა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ოთახში. მხოლოდ საკუთარ სახლში და ოთახში უნდა მისცე ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრის უფლება ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თურმე კანაფის ექსპორტით საქართველო 2–3 წელიწადში მიიღებს მილიარდ ლარს.

ეს არის სისულელე. სამედიცინო და პარფიუმერული კუთხით კანაფის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით არის უკიდურესად შეზღუდული. ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი, მაგრამ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.