კანაფის ბიზნესის ლეგალიზაციის წინააღმდეგ დარაზმულ სამღვდელოებას პატრიარქის ქადაგების შემდეგ საპროტესტო თემა გამოეცალა და აქციებიც შეწყდა. ილია ||-მ საკვირაო ქადაგებაზე ერთგვარად ცივი წყალი გადაასხა კანაფის კულტივაციის წინააღმდეგ აღშფოთებულ სასულიერო პირებსა და მრევლს, რომლებიც ელოდნენ, რომ პატრიარქი ქადაგებისას დაგმობდა ხელისუფლების ინიციატივას და მათთან ერთად მკაფიოდ შეეწინააღმდეგებოდა "საქართველოს ბარიგების ქვეყნად" გადაქცევის გეგმას.
პატრიარქის გუშინდელი განცხადება კი გაცილებით ლოიალური აღმოჩნდა. იგი, პრაქტიკულად, დაეთანხმა კანაფის კულტივირების გეგმას მხოლოდ ერთი დათქმით, რომ ეს საქმე სახელმწიფოს მონოპოლია იყოს და არა კერძო ბიზნესი.
ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ხელისუფლებამ ეკლესიასთან ბრძოლა მოიგო, კანონს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა პატრიარქისგან წამოსული კეთილგანწყობის საპასუხოდ გარკვეულ დათმობაზე წასვლაც მოუწია - კანონპროექტის ნაწილი, რომელიც კულტივაცია-ექსპორტს ეხება, დროებით გადაიდო და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რა ფორმით მოხდეს კანაფის მოყვანა, ამაზე ეკლესიის აზრს გაითვალისწინებენ.მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია მიიჩნევს, რომ პატრიარქთან გარიგება მოხდა და ამჯერად ხელისუფლებამ ეს რაუნდი მოიგო - მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონს გაიტანს.
"როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ეკლესიის ოპოზიცია იყო პრობლემა და ამას აგვარებს, პარტიაში შიგნით კი პრობლემა არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს რაუნდი მოუგო ეკლესიას და არა მარტო ეკლესიას. აშკარაა, რომ ხელისუფლება ძალიან დარწმუნებულია თავის ძალებში, რადგანაც, ზოგადად, არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება ერიდება პოლიტიკურად სარისკო გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში კი "ოცნება" არ მოერიდა და არც უკან იხევს.
"განხილვის გადადება თავისთავად უკან დახევას არ ნიშნავს. შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე დოზით უკან დაიხია ხელისუფლებამ, კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ პატრიარქის სახით ეკლესიამ უფრო მეტად დაიხია უკან," - აცხადებს ნოდია.
კანაფის კულტივაცია-ექსპორტის ნებართვაზე კანონპროექტის არსებობა გასული კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი და მას შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. ეკლესიიდან ისმის მუქარანარევი განცხადებები, რომ ეკლესია ხელისუფლებას ძალას აჩვენებს და საქართველოს "ბარიგების ქვეყნად" გადაქცევას არ დაუშვებენ.
დაანონსდა აქციები. შაბათს თბილისის საკრებულოს წინ სასულიერო პირებმა საპროტესტო აქციის სახით პარაკლისიც გადაიხადეს. როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, "მარიხუანას ლეგალური კულტივაცია დამღუპველია ჩვენი ერისთვის და ამას ეკლესია არ შეეგუება". მან მრევლს მოუწოდა კიდეც, კვირას სამების ტაძარში პატრიარქის ქადაგებას დასწრებოდნენ.
დეკანოზის თქმით, "პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ და ამის თაობაზე იგი კვირას ქადაგებაში იტყვის ". თუმცა კვირას ილია ||-ის ქადაგება მრევლის ნაწილისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა.
საკვირაო ქადაგებაზე ილია ||-ის მთავარი გზავნილი იყო, რომ მარტო ეკლესიას არ შესტკივა გული ჩვენი ახალგაზრდობისათვის, არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ხელისუფლებას. კერძო სექტორში კანაფის მოყვანამ, შესაძლოა, გაზარდოს ნარკომანია და ასეთი ეკონომიკა ქვეყანას არ სჭირდება, ამიტომაც "მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი".
"კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში.
"აი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!
"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი," - განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქის ქადაგებას უმალვე გამოეხმაურა "ქართული ოცნება". პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გადაიდო, "მათ არსად არ ეჩქარებათ" და იმ საკითხზე, რომელიც ეხება მცენარე კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები გაიმართება.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განხილვის გადადება მოიწონეს სასულიერო პირებმაც. დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებას კანონპროექტის განხილვის გადადებაზე იწონებს, რადგან მათი დიდი აღშფოთება სწორედ იმან გამოიწვია, რომ საპატრიარქოსთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვიტეს კანონის მიღება და არ ახსნეს, რაზეა საუბარი.
დეკანოზი მიიჩნევს, რომ რეგულაციის განხილვაში ყველა უნდა მონაწილეობდეს და უნდა განიხილონ, რაში და როგორ ეთანხმებიან ხელისუფლებას. თუმცა დეკანოზმა "მთელ კვირასთან" მოუცლელობა მოიმიზეზა და არ გასცა პასუხი კითხვას, ეთანხმება თუ არა პატრიარქის იდეას, კანაფის კულტივაცია სახელმწიფოს მონოპოლია იყოს.
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, "აშკარად და თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ხელისუფლება დაელაპარაკა პატრიარქს, შესაძლოა, უმაღლეს სამღვდელოებაში რაღაც ჯგუფსაც, რაღაცაში დაარწმუნა და გარიგება მოხდა".
"კონკრეტულად რაზე და როგორ მოელაპარაკა, ცხადია, ჩვენ არ ვიცით. გასაგებია, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი ეკლესიაზე ზემოქმედებისთვის. ეკლესიის თვალსაზრისითაც, ეს ხელისუფლება მაინც უკეთესია, ვიდრე მისი შესაძლო ალტერნატივა. ამიტომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, შეთანხმდეს და შეთანხმდნენ კიდეც.
"ცხადია, რომ დღევანდელ ეტაპზე პატრიარქი, შესაძლოა, ვერ აკონტროლებდეს ყველა სასულიერო პირს და ვიღაცამ გააგრძელოს ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ დაარწმუნა პატრიარქი და არ იქნება ეკლესიის საერთო წინააღმდეგობა, ცალკეული მღვდლისა და ეპისკოპოსის ოპოზიციას აიტანს.
"ხელისუფლება ამ კანონპროექტით არა მხოლოდ ეკლესიასთან შევიდა კონფლიქტში, არამედ საკუთარი მომხრეების დიდ ნაწილთანაც. ამ დღეებში ძალიან ბევრი გამიგია იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასე თუ ისე "ქართული ოცნების" მომხრეები იყვნენ, ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ ამ კონკრეტულ კანონპროექტს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ შეუძლია, ყურადღება ნაკლებად მიაქციოს ამ უკმაყოფილებას," - ამბობს ნოდია.