არასრულწლოვნებს შორის ძალადობა კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად და გამოწვევად რჩება. სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე სულ უფრო დიდია რისკი, რომ ბავშვებს შორის აგრესიის გაკონტროლება და კრიმინალის თავიდან აცილება გართულდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სკოლებში 2017-2018 სასწავლო წელს ამ მიმართულებით 96 084 დარღვევა გამოვლინდა, ამოღებულია დანები, კასტეტი და სხვა ბასრი საგნები.
უფრო კონკრეტულად კი, 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლებიდან 176 ერთეული მაღალი რისკის შემცველი ნივთია ამოღებული, მათ შორის დანა, ბასრი საგანი და კასტეტი - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.
წელს კი მოზარდთა შორის სისხლიანი გარჩევები უკვე სკოლებში სწავლის დაწყებადმე დაიწყო. 15 სექტემბერს ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ჭადრების ბაღში, მოზარდი დაჭრეს. როგორც "მთელ კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად კი, დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ოპერაცია ჩაუტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოზურგეთში რუსთავიდან დასასვენებლად იყო ჩასული.
შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ ცხელ კვალზე თბილისში 20 წლის რ.ჩ. დააკავა, რომელსაც 16 წლის შ.ჯ.-ს დაჭრა ედება ბრალად. შსს-ის ცნობით, დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაკავებულისათვის წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. შსს-ში ამბობენ, რომ დიღმის მასივში მან ფეხის არეში დაჭრა არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში ბავშვებს შორის აგრესია და ბულინგი თითქმის უკონტროლოა, რადგანაც ქართულ სკოლებში ამ პრობლემის არსებობას თავად მასწავლებლები არ აღიარებენ და ხშირია ფაქტები, რომ მასზე თვალსაც კი ხუჭავენ. ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა მოზარდების მიერ ერთმანეთის ჩაგვრას, დამცირებასა და ღირსების შელახვას დღეს უკვე სხვა ფორმები და მასშტაბები აქვს, რასაც განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები საზოგადოებაში არსებული პრობლემებით ხსნიან.
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ მაისში საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, სამიზნე ჯგუფი მე-7-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. კვლევის მიზანი სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლების მდგომარეობა და სასკოლო გარემოს შესწავლა იყო. კვლევაში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბულინგის თემას.
მკვლევარებისთვის საგულისხმო აღმოჩნდა გამოვლენილი ახალი სპეციფიკა - ფიზიკურ, სიტყვიერ და კიბერბულინგთან ერთად, სოციალური ნიშნით გამოხატულმა ბულინგმაც იმატა. აქამდე ჩატარებულ კვლევებში სოციალური და ეკონომიური პირობების გამო ბულინგის შემთხვევები თითქმის არ იყო.
შსს-ს მონაცემებით, გასულ წელს არასრულწლოვნებმა დაახლოებით 1000 დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან, გაიზარდა იმ 14-წლამდელთა რაოდენობა, რომლებმაც სამართალდამცველთა ყურადღება მიიპყრეს. ყველა უწყება თანხმდება, რომ ბავშვებს შორის მკვლელობის და დაჭრის ფაქტებმაც იმატა.
როგორც ფსიქოლოგი გიორგი დევდარიანი "მთელ კვირასთან" აღნიშნავს, ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ინფორმაციას ბულინგის მსხვერპლთა ან მოძალადეთა შესახებ, კრიმინალის სტატისტიკას და სხვა მრავალს, თუმცა ყურადღება ნაკლებად ექცევა თავად პრობლემის არსს, მის გამომწვევ მიზეზებს, აღმოფხვრის გზებს.
ფსიქოლოგი სვამს კითხვას - რატომ ან როგორ იმეტებენ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სასიკვდილოდ? რას შეიძლება მივაწეროთ ეს - მშობლებს თუ გარემო ფაქტორებს? ან იქნებ არსებობს სხვა მიზეზიც და განმარტავს, რომ ამ ასაკში მოზარდი განსაკუთრებულად გაღიზიანებულია, რაც შეიძლება გახდეს მათ მიერ ძალადობრივი ფორმების გამოვლენის ერთ-ერთი წინაპირობა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში იზრდება მოზარდი, რა მაგალითებს და ღირებულებებს იღებს საზოგადოებისგან. მნიშვნელოვანია, მას მშობელმა ასწავლოს, როგორ გამოხატოს საკუთარი ემოციები.
"თუ რაიმე სახის პრობლემაა ურთიერთობაში და შეინიშნება სახიფათო ქცევა, მთავარი გამოსავალია, მშობელმა ბავშვს ჰკითხოს, რას გრძნობს, აუხსნას, რა დამახასიათებელი პერიოდი აქვს და მაქსიმალურად იყოს ჩართული მის ცხოვრებაში. თუ ამით ვერ მოგვარდება პრობლემა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მიმართოს ფსიქოლოგს.
"მშობლებს ვურჩევდი, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხონ - ხომ არ ვთხოვთ მოზარდს იმაზე მეტს, ვიდრე მას შეუძლია, გააკეთოს? უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, თუ რა მაგალითს აძლევენ ბავშვებს. ჩვენ მათგან სანიმუშო სწავლას და კარგად მოქცევას მოვითხოვთ, თუმცა მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს. არადა, მთავარია, ყურადღება გამოვიჩინოთ მათი ემოციების მიმართ.
"რაც შეეხება სკოლას და ჩვენს განათლების სისტემას, კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. ხშირია ფაქტები, როდესაც სკოლა ბულინგის ფაქტებს არ აღიარებს, რაც, რა თქმა უნდა, მის წახალისებას უწყობს ხელს და სწორედ ამის არაღიარების შემდეგ იწყება არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა, რადგანაც მოზარდი უკვე საკუთარი თავის დაცვას ამ ფორმით ცდილობს. ესეც საზოგადოებაში და ოჯახში არსებული მენტალობის პრობლემაა.
"რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე მოზარდებს შორის მკვლელობის რისკიც იზრდება და ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რომ ამ აგრესიის კონტროლი მოვახდინოთ", - აცხადებს ფსიქოლოგი.
პედაგოგი, განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ბავშვებს შორის კრიმინალი საკმაოდ სიღრმისეული და მძიმეა, მოზარდთა შორის არსებული სისასტიკე კი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც რაიმე მძიმე შემთხვევა მოხდება.
მისი აზრით, სამწუხაროდ, ბავშვთა შორის კრიმინალის ამოძირკვა შეუძლებელია, რასაც საზოგადოება უნდა შეეგუოს, თუმცა ტრაგიზმი რომ შემცირდეს, ამას ყველა დონეზე ძალისხმევა სჭირდება.
მურღულია ამბობს, რომ ბოლო დროს მოზარდებისთვის განსაკუთრებულ პრობლემად ოჯახი იქცა. მოუცლელობის გამო ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რას და როგორ აკეთებენ მათი შვილები, ვერ ახერხებენ მათი ქცევისა და ემოციებისთვის თვალყურის მიდევნებას. მშობლები მოზარდების სულიერი სამყაროს შექმნაში ვერ მონაწილეობენ.
"ოჯახის შემდეგ, მეორე მთავარი პრობლემა მოზარდებისთვის სკოლის სისტემაა. პედაგოგები ძირითად აქცენტს მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე სვამენ და ნაკლები ყურადღება ექცევა უნარების ჩამოყალიბებას. ღირებულებების ჩამოყალიბებას ნაკლებად ცდილობენ.
"ეს არის კომპლექსური პრობლემა. სამწუხაროდ, მასწავლებლებს სათანადო კომპეტენცია არ გააჩნიათ. პედაგოგებს შორის განწყობაც დამაფიქრებელია. ჩვენი მასწავლებლები უარყოფენ, რომ მათ ეს პროფესიული განვითარება ესაჭიროებათ.
"ამას კიდევ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი ემატება. როდესაც სასკოლო სისტემის გამართვაზე ვსაუბრობთ, ასევე, უნდა ვიფიქროთ, ჩვენი ხასიათი როგორია. რა თვისებები გვაქვს, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ პრობლემას ვებრძოლოთ.
"ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია - ადრეც და ახლაც - კრიმინალური მენტალობის ვართ. ვაჟკაცობა, ღირსება ასოცირდება იმასთან, გარჯის გარეშე ადამიანმა როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი, რაც კრიმინალის გზაა. სხვა გზა კი უფრო მეტ შრომას და წვალებას მოითხოვს. ეს ყველაფერი კომპლექსურად, დიდი ხანია, ცნობილია.
"ვინმემ მოიკითხა, ის დაპირისპირებული ბავშვები, ხორავას ქუჩაზე რომ ერთმანეთი დაჩეხეს, თუ შერიგდნენ? თუნდაც 51-ე სკოლაში ბავშვები როგორ არიან, დასრულდა დაპირისპირება? ვინ იმუშავა მათთან? ვინ შეარიგა ისინი? - ამას ვინმე ვკითხულობთ? რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ კვლავ ერთმანეთს არ დახოცავენ შურისძიების მიზნით? არანაირი", - აცხადებს მურღულია.