კანაფის შესახებ ახალს ვერაფერს იტყვი. კაცობრიობა მას ისტორიის დასაბამიდან იცნობს.
დანახშირებული თესლები ციმბირში, III ათასწლეულის ყორღანებში აღმოაჩინეს. ჩინელები კანაფს, როგორც სამკურნალო საშუალებას, უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ხანგრძლივი ისტორია აქვს მარიხუანას ამერიკაშიც. ჯორჯ ვაშინგტონს კანაფი მაუნტ-ვერნონში მოჰყავდა. ამერიკის ისტორიის უმეტეს პერიოდში კანაფი ნებადართული იყო და ძირითადად ნაყენებისა და ექსტრაქტების ინგრედიენტებად გამოიყენებოდა.
შემდეგ ამავე ქვეყანაში გადაიღეს ფილმი „მარიხუანის სიგიჟე". მარიხუანას უწოდებდნენ „ახალგაზრდების მკვლელს", „მკვლელ სარეველას", „სადებიუტო ნარკოტიკს". დაახლოებით 70 წლის განმავლობაში მცენარე იატაკქვეშეთში გადავიდა, თითქმის მთლიანად შეწყდა მისი სამედიცინო კვლევაც. 1970 წელს მარიხუანის შესწავლა კიდევ უფრო გართულდა - ფედერალურმა მთავრობამ იგი პირველი რიგის ნარკოტიკებს გაუთანაბრა - ნივთიერებებს, რომელთა ბოროტად გამოყენების რისკი მაღალია და თან არავითარი სამედიცინო ღირებულება არ აქვთ. ამავე კატეგორიაშია ჰეროინიც. ის, ვინც ცდილობდა კანაფის შესახებ ცოდნის გავრცელებას, ამერიკაში კრიმიმალად ითვლებოდა.
დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ამ ნარკოტიკს დაავადებების სამკურნალოდ, კანაფის მეცნიერება ხელახლა იბადება. როგორც აღმოჩნდა, მცენარე, რომელიც დღესაც პირველი რიგის ნარკოტიკად კლასიფიცირდება, უამრავ გასაოცარ სიურპრიზს გვთავაზობს. ხელახლა დაიწყეს მისი კვლევა ამერიკაშიც - ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ვივეკ მურთმა, რომელიც მარიხუანის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებს სწავლობს, აღნიშნა, რომ "წინასწარი მონაცემებით, ეს მცენარე, შესაძლოა, გარკვეული დაავადებების და მათი სიმპტომების შემთხვევებში დაგვეხმაროს ".
კანაფის გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის დაშვებულია აშშ-ის 23 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. ამერიკელთა უმეტესობა მისი გართობის მიზნით ლეგალიზაციის მომხრეა. მარიხუანის მიმართ მიდგომის შეცვლაზე ბევრს ფიქრობენ სხვა ქვეყნებშიც. ურუგვაიში ხმა მისცეს მის ლეგალიზაციას. პორტუგალიამ კანაფის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ისრაელში, კანადასა და ნიდერლანდებში მარიხუანის სამედიცინო პროგრამები მოქმედებს. ასევე, უკანასკნელ წლებში მთელ რიგ ქვეყნებში მარიხუანის ფლობასთან მიმართებაში კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მოხდა.
აშკარაა, რომ მარიხუანა სულ უფრო მეტად იჭრება ჩვენს გარემომცველ სივრცეში. სულ უფრო ხშირად ვგრძნობთ მისი მძაფრი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაფიქსირებულა მარიხუანის დოზის გადამეტების გამო ლეტალური შედეგი, ამ მცენარეს მხოლოდ უაზრო ხითხითი, ფეხსაცმელზე დაჟინებული მზერა ან სასუსნავების მიმართ ხარბი ლტოლვა როდი ახასიათებს. მარიხუანა, განსაკუთრებით კი მისი დღევანდელი ძლიერმოქმედი ნაირსახეობები, მძლავრი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნებელი ნარკოტიკია.
მარიხუანის მომხრეების აზრით, ეს მცენარე მნიშვნელოვნად ამცირებს ნერვულ დაძაბულობას. მრავალი ადამიანისთვის იგი ტკივილის შემსუბუქების, საძილე, მადის მასტიმულირებელი და ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავების საშუალებაა. ასევე, მიიჩნევენ რომ მას ტკივილგამაყუჩებელი, ღებინების საწინააღმდეგო, ბრონქების გამაფართოებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. დადგენილია, რომ ის შველის სლოკინის მძიმე შემთხვევებსაც. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, მცენარეში შემავალი გარკვეული ნივთიერებები ეხმარებიან ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციების რეგულირებაში - იცავენ ტვინს ტრავმისგან, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, სასიკეთოდ მოქმედებენ კატასტროფების შემდგომი „მეხსიერების დაქვეითების" შემთხვევებში.
დღეს მთელს მსოფლიოში აშკარაა მცდელობა, აქციონ კანაფი საყოველთაოდ მისაღებად - დააწესონ რეგულაციები, შემოიღონ გადასახადი, ანუ მოაქციონ მარიხუანა კანონის ჩარჩოებში და მას სასაქონლო სახე მისცენ. ამ ფონზე მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება: მაინც რას წარმოადგენს ეს მცენარე? როგორია იგი ბიოლოგიური და ქიმიური თვალსაზრისით? რეალურად რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმსა და ტვინზე? რა ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ მასში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს ჩვენი ნერვული სისტემის შესახებ? შეიძლება თუ არა ამ ნივთიერებებით ახალი სასარგებლო მედიკამენტების მიღება?
რა შეიძლება გვითხრას კანაფმა, თუკი მას მართლა აქვს რამე სათქმელი?
მიუხედავად იმისა, რომ კანაფს ადამიანი კაცობრიობის დასაბამიდან იცნობს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, მეცნიერებას მარიხუანის შესახებ რეალური ინფორმაცია არ ჰქონდა. გამოცანად რჩებოდა მისი შემადგენლობაც და მოქმედების მექანიზმიც. მეცნიერები საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ და თავს არიდებდნენ კანონგარეშედ გამოცხადებული და იმიჯშელახული მცენარის კვლევას.
1963 წელს ორგანული ქიმიის ახალგაზრდა სპეციალისტმა რაფაელ მეხოლამმა (თელ-ავივი. ვაიცმანის ინსტიტუტი) გადაწყვიტა გაერკვია, რა ქიმიური შემადგენლობის იყო ეს იდუმალებით მოცული მცენარე. მას უცნაურად ეჩვენა ის ფაქტი, რომ აქამდე მეცნიერებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა იყო მარიხუანის ძირითადი ფსიქოტროპული ინგრედიენტი. (და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1805 წელს მორფინი ოპიუმისგან, ხოლო 1855 წელს - კოკაინი კოკას ფოთლებისგან გამოყვეს). „ეს ერთი უბრალოდ მცენარე იყო, - ამბობს უკვე 84 წელს მიტანებული მეცნიერი, - დაუდგენელი ნივთიერებების ნარევი და სრული დომხალი".
კვლევის ჩასატარებლად მეხოლამმა ისრაელის პოლიციიდან ხუთი კილოგრამი ჩამორთმეული ლიბანური ჰაშიში გამოიყენა. მკვლევართა ჯგუფთან ერთად მან კანაფიდან გამოყო და, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელოვნური გზითაც მიიღო გარკვეულ ნივთიერებათა სერია, რომლებიც ცალ-ცალკე შეჰყავდა ცდებში მონაწილე მაკაკა-რეზუსების ორგანიზმში. „ჩვეულებრივ, მაკაკა-რეზუსი საკმაოდ აგრესიული ინდივიდია", - ამბობს მეხოლამი. თუმცა, ამ ნაერთის შეშხაპუნების შემდეგ მაიმუნები ემპათიურები და მშვიდები ხდებოდნენ. „ვიტყოდი, გაწონასწორებულებიც კი", - ღიმილით იხსენებს მეცნიერი.
მეხოლამის შემდგომმა ცდებმა გამოავლინა ის, რაც ახლა მსოფლიომ იცის: კანაფში შემავალი ეს ნაერთი მცენარის ძირითადი აქტიური ინგრედიენტია, გონებაზე მოქმედი სუბსტანცია, რომელიც აგზნებას იწვევს. სწორედ მეხოლამმა თავის კოლეგასთან ერთად აღმოაჩინა ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC). მან და მისმა გუნდმა გაშიფრეს მარიხუანის კიდევ ერთი მთავარი ინგრედიენტის - კანაბიდიოლის (CBD) ქიმიური სტრუქტურა. კანაბიდიოლს პოტენციურად საკმაოდ ბევრი სამედიცინო თვისება აქვს და ადამიანზე ფსიქოტროპულად არ ზემოქმედებს.
ამ და სხვა მრავალი აღმოჩენის გამო, მეხოლამმა როგორც კანაფის მეცნიერების პატრიარქმა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ის ბულგარეთში დაიბადა. თავაზიანი მამაკაცია, თხელი ჭაღარა თმითა და წყლიანი თვალებით, ტვიდის პიჯაკში, აბრეშუმის შარფსა და სუფთად დაუთოებულ განიერ „შლაქსებში" გამოწყობილი; ისრაელის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ებრაული უნივერსიტეტის „ჰადასას" სამედიცინო სასწავლებლის საპატიო პროფესორი და ჯერ კიდევ ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ოთხასზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორმა და ოცდახუთამდე პატენტის მფლობელმა კეთილმა ბაბუამ, მთელი ცხოვრება კანაფის შესწავლას მიუძღვნა. კანაფს იგი უწოდებს „საგანძურს, რომელიც აღმოჩენას ელოდება". მისმა შრომამ ბიძგი მისცა კანაფის კვლევის სუბკულტურას მთელ მსოფლიოში. მეხოლამს, როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს გაუსინჯავს მცენარე, რომლის კვლევასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. თუმცა, ის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებაა მარიხუანის მწეველთა სამყაროში. მის ელექტრონულ მისამართზე სისტემატურად უამრავი თაყვანისმცემლის წერილი მოდის.
„სულ თქვენი ბრალია!" - ვეხუმრები მეცნიერს. „Mea culpa!" (ლათ. „ჩემი ბრალია!") - მპასუხობს ღიმილით.
მეხოლამს მის სამუშაო კაბინეტში ვხვდები, მინდა ვისაუბროთ მარიხუანაზე, იმაზე, თუ რატომ დაინტერესდა იგი ამ მცენარის კვლევით. ოთახის კედლები მთლიანად წიგნებით სავსე თაროებითა და სხვადასხვა ჯილდოებითაა დაფარული.
ისრაელს მსოფლიოში მარიხუანის ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო პროგრამა აქვს. მეხოლამმა აქტიური როლი ითამაშა მის შექმნაში და შედეგებითაც ამაყობს. 20 000-ზე მეტ პაციენტს მარიხუანის მოხმარების ლიცენზია აქვს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: გლაუკომა, კრონის დაავადება, ანთება, მადის დაკარგვა, ტურეტის სინდრომი და ასთმა.
მიუხედავად ამისა, კანაფის მეცნიერების პატრიარქი გართობის მიზნით კანაფის მოხმარებასა და ლეგალიზებას მაინცდამაინც არ ემხრობა. არა, იგი არ ფიქრობს, რომ ვინმე ციხეში უნდა იჯდეს მისი შენახვისთვის, მაგრამ ამტკიცებს, რომ მარიხუანა სულაც არ არის „უწყინარი ნივთიერება", განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იგი იმოწმებს კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ მაღალი THC-შემცველობის მქონე მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარებას განვითარებადი ტვინის ზრდის პროცესი შეცვლა შეუძლია. ის აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანში მარიხუანას შეუძლია სერიოზული შფოთის შეტევების პროვოცირება და მიუთითებს კვლევებზე, რომელთა ვარაუდით, მარიხუანამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შიზოფრენია ამ დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილებების მქონე ადამიანებში.
მისი აზრით, გართობის მიზნით მარიხუანას მოწევის ხშირად უპასუხისმგებლო და სულელური კულტურა მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს კანაფის, როგორც მკაცრად რეგულირებული და მუდმივი დაკვირვების ქვეშ მყოფი სამკურნალო ნივთიერების, სერიოზული მოხმარებით. „დღეს ადამიანებმა წესიერად არც იციან რას იღებენ, - უკმაყოფილოდ ამბობს მეცნიერი, - სამკურნალოდ გამოყენებისას, ის დოზირებული უნდა იყოს. თუკი ვერ ითვლით დოზას, ეს უკვე არ არის მეცნიერება".
1992 წელს კვანტიფიკაციის ძიებამ მეხოლამი მცენარიდან ადამიანის ტვინის ლაბირინთების ღრმა სამალავებამდე მიიყვანა. იმავე წელს მან, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, არაორდინარული აღმოჩენა გააკეთა - ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ქიმიური ნაერთი, რომელიც ტვინში იმავე რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც THC. მეხოლამმა მას ანანდამიდი უწოდა, რაც სანსკრიტზე „უმაღლეს მხიარულებას" ნიშნავს (როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ არ მიანიჭა ებრაული სახელწოდება, მან გვიპასუხა: „იმიტომ, რომ ივრითში არც ისე ბევრია ბედნიერების გამომხატველი სიტყვა. ებრაელებს არ უყვართ იყვნენ ბედნიერები").
მას შემდეგ კიდევ აღმოაჩინეს რამდენიმე ე. წ. ენდოკანაბინოიდი და მათი რეცეპტორი. მეცნიერები მიხვდნენ, რომ ენდოკანაბინოიდები ურთიერთქმედებენ გარკვეულ ნერვულ ქსელთან - უმეტესწილად ისე, როგორც ენდორფინები, სეროტონინი და დოფამინი. მეხოლამი აღნიშნავს, რომ სავარჯიშომ აჩვენა ენდოკანაბინოიდების დონეების აწევა ტვინში, რაც „სავარაუდოდ, ხსნის იმას, რასაც ძუნძულის მოყვარულები „მორბენალის ეიფორიას" უწოდებენ. ეს ნაერთები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისეთი ძირითადი ფუნქციების ნორმალურად მუშაობაში, როგორიცაა მეხსიერება, კოორდინაცია, მოძრაობა, კარგი იმუნიტეტი და ნეიროპროტექცია.
როგორც წესი, კანაფისგან მედიკამენტების დამზადებისას ფარმაცევტული კომპანიები ამ მცენარისგან ცალკეული კომპონენტების გამოყოფას ცდილობდნენ. თუმცა, მეხოლამი ეჭვობს, რომ ეს ნივთიერებები მარიხუანაში ნაპოვნ სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედებისას ბევრად უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. იგი ამას „თანხლების ეფექტს" უწოდებს, რაც კანაფის ერთ-ერთი საიდუმლოა იმ უამრავ საიდუმლოებას შორის, რომლებიც, მისი თქმით, შემდგომ შესწავლას საჭიროებს.
„ჩვენ ჯერ მხოლოდ ზედაპირი გადავფხიკეთ და ვწუხვარ, რადგან აღარ მაქვს კიდევ ერთი სიცოცხლე, რომ ის მთლიანად ამ სფეროს მივუძღვნა, რათა გავარკვიოთ, იღებენ თუ არა კანაბინოიდები (თუ იღებენ, რა გზით) მონაწილეობას ადამიანის ყველა დაავადებაში", - ამბობს ის.
ბოტანიკოსი. სინათლისაკენ
4000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა დენვერის ინდუსტრიულ ნაწილში მდებარეობს და „გრინ-მაილის" სახელითაა ცნობილი. ვერაფრით მიხვდებით რას აკეთებენ ამ საწარმოში. კარი ღრჭიალით იღება და „მაინდფულის", მსოფლიოში კანაფის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მთავარი მებაღე დიდი ამბით მეგებება. სახეზე დრუიდს ჩამოჰგავს, 38 წლის ცისფერთვალება ფილიპ ჰეიგი ე.წ. საფარის სტილის ტანისამოსსა და სალაშქრო ფეხსაცმელშია გამოწყობილი. უნდობლად მიღიმის, ეტყობა ისეთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი მოწოდება ნამდვილად იპოვა, თუმცა მანამდე მისი ცხოვრება ისე მიდიოდა, დღემდე ვერ იჯერებს რომ ეს შეძლო.
ჰეიგი საკუთარ თავს მებაღეობის ექსპერტს უწოდებს. ამ საქმით რვა წლის ასაკიდანაა გატაცებული და სოფლის მეურნეობის დიდი მეცნიერის - ლუთერ ბერბანკის მიმდევარია. წლების განმავლობაში ჰეიგს ტეხასში, საოჯახო სანერგეში პოინსეტია, კალადიუმი, ქრიზანთემა და სხვა სახეობები მოჰყავდა. ახლა კი მთელი ყურადღება ბევრად უფრო სარფიან მცენარეებზე აქვს გადატანილი.
ჰეიგი „მაინდფულის" ადმინისტრაციის მოფუსფუსე ოფისებსა და შიდა დერეფნებში მიმიძღვის. საყინულეებში მსოფლიოს ყველა მხრიდან (აზია, ინდოეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, კარიბის აუზის ქვეყნები) ჩამოტანილ სათესლე მასალას ინახავს. ჰეიგს მარიხუანის ისტორიული ბიომრავალფეროვნება აინტერესებს. მისი სათესლე ბანკი, რომელშიც მარიხუანის იშვიათი, ველური და უძველესი ჯიშების სათესლე მასალა ინახება, „მაინდფულის" ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. „უნდა ვაღიაროთ, რომ კაცობრიობა უძველესი დროიდან კანაფთან ერთად ვითარდებოდა, - ამბობს ის, - ეს მცენარე დამწერლობაზე უფრო ძველია. კანაფის მოხმარება ჩვენი ნაწილია. ეს ყოველთვის ასე იყო. ცენტრალური აზიიდან ის ბოლო გამყინვარების პერიოდის (ვიურმული ეპოქა) შემდეგ გავრცელდა და ადამიანთან ერთად მთელ პლანეტას მოედო".
კოლორადოს „მწვანე რევოლუციას" ჰეიგი თითქმის დასაწყისში შეუერთდა. 2009 წელს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ დაიწყებდა იმ ადამიანების სამართლებრივ დევნას, რომლებიც მარიხუანასთან დაკავშირებულ სამედიცინო კანონმდებლობას დაემორჩილებოდნენ. ეს რომ გაიგო, მან ცოლს გადახედა და უთხრა „გადავდივართ დენვერში". ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანერგეს ხელმძღვანელობს, სადაც 20 000-ზე მეტი ძირი კანაფი ხარობს.
დავდივართ ოთახებში, სადაც მარიხუანის ფოთლები ჰერმეტულ გარემოში ქიმიურ გარდაქმნას განიცდის. შემდეგ დერეფნისკენ ვეშვებით, სადაც ტუმბოები, ვენტილატორები, ფილტრები, გენერატორები და საკრეჭი მანქანები გუგუნებენ. ჩვენ გვერდით სატვირთო მანქანა მიგორავს. სათვალთვალო კამერები ყველაფერს აფიქსირებენ - ახალგაზრდა მუშები საექიმო ხალათებში დაფუსფუსებენ. „მაინდფულს" დიდი გეგმები აქვს, გაფართოებასა და სხვა შტატებში ანალოგიური ობიექტების აშენებას აპირებს. „მოსაწევი მოდაშია! - რაღაცნაირად გამოფიტულად იცინის, - ძალიან უცნაურია ის, რაც აქ ყოველდღე ხდება".
კარს აღებს. პლაზმური ნათურების კაშკაში თვალებს მწვავს. უზარმაზარ თბილ ოთახში შევდივართ, რომელიც ბრიტანული როკ-ჯგუფის Yes-ის კონცერტების სურნელითაა გაჟღენთილი. თვალი შევაჩვიე და მცენარე ჩემ წინაშე მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა - ორი მეტრი სიმაღლის ათასობით მდედრობითი სქესის მცენარე საკვები ნივთიერებებით სავსე წვენში ჩაძირული ფესვებით. წვეტიანი ფოთლები ვენტილატორების მონაბერ ნიავზე ირხევიან. აქ, თვალის ერთი შევლებით, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კუსტარული მოსაწევია.
წინ ვიხრები, მინდა ამ ფხვნილისებრი, მჭიდროდ შეკრული კვირტებიდან (კვირტი იისფერ-ყავისფერია და თეთრი ზოლებითაა დაღარული) ერთ-ერთს ვუყნოსო. ეს პაწაწინა ტრიქომები საკმაო რაოდენობით გამოყოფენ კანაბინოიდებით მდიდარ ფისს. მას „Highway Man"-ს უწოდებენ, ვილი ნელსონის სიმღერის მიხედვით. ჰეიგის გამოყვანილი ეს ჰიბრიდული ჯიში THC-ს მაღალი შემცველობით გამოირჩევა. საუკეთესო ნაწილებს ხელით მოაჭრიან, გააშრობენ, დააკონსერვებენ, შეფუთავენ და „მაინდფულის" ერთ-ერთ აფთიაქში წაიღებენ. „რამდენიმე დღეში მოსავალს ავიღებთ", - ამას ისეთი თვითკმაყოფილი ტონით აცხადებს, გეგონებათ, ავტორიტეტული სელექციონერია, გამოყვანილი ჯიშებისთვის საერთაშორისო ჯილდოები რომ მოიპოვა.
თუმცა ჰეიგმა კიდევ უნდა მაჩვენოს რაღაც... შევდივართ ერთ მაღალტენიან, თითქმის ჩაბნელებულ სანაშენე ოთახში. ეს ყვითელიარლიყიანი ნორჩი მცენარეები მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის მოჰყავთ. ისინი ყველანი დედა-მცენარისგან არიან კლონირებული. ჰეიგი ამაყობს ამ ჯიშით, რადგან ის თითქმის არ შეიცავს THC-ს, თუმცა მდიდარია CBD-თი და სხვა კომპონენტებით. მართალია, სამეცნიერო შედეგებით ჯერ არ დამტკიცებულა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამ მცენარით შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ფსორიაზი, პოსტტრავმული სტრესის სინდრომი, დემენცია, შიზოფრენია, ოსტეოპოროზი და ლატერალური ამიოტროფული სკლეროზი (ლუ გერიგის დაავადება).
„რა შეუძლიათ THC-ს დაბალი შემცველობის ამ სახეობებს? ამაზე ფიქრი არ მასვენებს, ღამით ძილს მიფრთხობს", - ამბობს ჰეიგი და ამატებს, მარიხუანა უამრავ ისეთ ნივთიერებას შეიცავს (კანაბინოიდებს, ფლავონოიდებს, ტერპენებს), რომელთა სიღრმისეული კვლევა არასდროს განხორციელებულაო.
„სულელურად მოგეჩვენებათ ჩემი სიტყვები, მაგრამ მჯერა, რომ კანაფს ცნობიერება აქვს. ის დაიღალა მუდმივი დევნით და მზად არის სინათლეზე გამოვიდეს," - ამბობს ჰეიგი და მოსიყვარულე მამასავით ეფერება ერთ-ერთ კალამს.
ბიოქიმიკოსი. უებარი წამალი?
დღეს თითქმის ყველას გაუგია, რომ კანაფი აქტიურად გამოიყენება კიბოთი დაავადებულებისთვის პალიატიური მკურნალობის დროს; განსაკუთრებით, ქიმიოთერაპიის ზოგიერთი უსიამოვნო გვერდითი ეფექტის შესამსუბუქებლად. ეჭვგარეშეა, რომ მოსაწევს გულისრევის თავიდან აცილება, მადის გაუმჯობესება, ტკივილთან და უძილობასთან გამკლავება შეუძლია. მაგრამ შეუძლია კი კიბოს დამარცხება? მოძებნეთ ინტერნეტში და ათასობით თუ არა, ასობით მსგავს მტკიცებას ნახავთ. Google-ს მინდობილი გულუბრყვილო მაძიებელი ადვილად დაიჯერებს, რომ კაცობრიობამ ჯადოსნური სამკურნალო საშუალება აღმოაჩინა.
ამგვარი მტკიცებების უმეტესობა, საუკეთესო შემთხვევებში მეცნიერულად დაუსაბუთებელია, ხოლო უარეს შემთხვევებში - თაღლითური. თუმცა, ამასთან ერთად, მართლაც არსებობს ლაბორატორიული მონაცემები, რომელთა მიხედვით, კანაბინოიდებს, შესაძლოა, კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდეს. ამ მონაცემების დიდ ნაწილს მივყავართ ესპანეთში, ერთ ლაბორატორიამდე, რომელსაც გონიერი და წინდახედული ადამიანი, მანუელ გუზმანი ხელმძღვანელობს.
გუზმანი ბიოქიმიკოსია, კანაფს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში სწავლობდა. მასთან შესახვედრად მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში მივდივარ. 50 წელს ოდნავ გადაცილებული სიმპათიური მამაკაცი, ცისფერი თვალებითა და ჭაღარაშერეული, წაბლისფერი გაბურძგნილი თმით, ისე სწრაფად და ისე ხმადაბლა ლაპარაკობს, მისკენ თუ არ დაიხარე, ვერაფერს გაიგებ. „საგაზეთო სტატია მყვირალა სათაურით: „ტვინის კიბო კანაფმა დაამარცხა!" - ნამდვილად ტყუის. ინტერნეტშიც ნახავთ ბევრ, მაგრამ ძალიან სუსტ მტკიცებულებას".
ეს თქვა და რამდენიმე წამს თვალებმოჭუტული ჩაფიქრდა, მერე კვლავ კომპიუტერს მიუბრუნდა, „თუმცა, შემიძლია რაღაც გაჩვენოთ," - განაგრძო მან. ეკრანზე ვირთაგვას ტვინის ორი ტომოგრამა გამოისახა. ცხოველს მარჯვენა ნახევარსფეროში დიდი ზომის სიმსივნე აქვს. ის გუზმანის თანამშრომლებმა ადამიანის ტვინის სიმსივნის უჯრედების შეყვანით წარმოქმნეს. გუზმანი გამოსახულებას ადიდებს. სიმსივნე საზარლადაა გამობერილი. მე მგონი ვირთაგვა სასიკვდილოდაა განწირული. „ამ კონკრეტულ ცხოველს ერთი კვირა THC-ს ვაძლევდით, - განაგრძობს გუზმანი, - და ნახეთ, რა მოხდა მერე". ეკრანზე ტვინის ორი გამოსახულება მოჩანს. სიმსივნე არა მხოლოდ დაპატარავდა, სრულიად გაქრა. „როგორც ხედავთ, სიმსივნე საერთოდ აღარ არის".
ამ კვლევის შედეგად გუზმანმა და მისმა კოლეგებმა (რომლებიც 15 წლის განმავლობაში აძლევდნენ კანაფის კომპონენტებს კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებულ ცხოველებს) აღმოაჩინეს, რომ ვირთაგვების ერთ მესამედში სიმსივნე აღმოიფხვრა, ხოლო მეორე მესამედში – დაპატარავდა.
ასეთი აღმოჩენა მსოფლიოს ძალიან ააფორიაქებს. გუზმანი ნერვიულობს, რომ მისი წარმატებული კვლევა ცრუ იმედებს ჩაუსახავს სიმსივნით დაავადებულებს და გაზრდის მოჩვენებითი ინტერნეტ-მტკიცებულებების რაოდენობას. „პრობლემა ისაა, რომ თაგვი არ არის ადამიანი, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ადამიანების შემთხვევაში".
გუზმანი მათვალიერებინებს თავის პატარა ლაბორატორიას; ცენტრიფუგები, მიკროსკოპები, მენზურები, პეტრის ჯამები და თეთრხალათიანი მეცნიერ–ასპირანტი, რომელიც ჩახჩახა სინათლის ქვეშ თაგვის უსიცოცხლო სხეულიდან ქსოვილს იღებს. ეს ჩვეულებრივი ბიოლოგიური კვლევითი ლაბორატორიაა ერთი გამონაკლისით: აქ ყველაფერი ორგანიზმსა და ტვინზე კანაფის ზემოქმედებას ეძღვნება. ლაბორატორია ფოკუსირებულია არა მხოლოდ სიმსივნეზე, არამედ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზეც და იკვლევს, რა გავლენას ახდენენ კანაბინოიდები ტვინის ადრეულ განვითარებაზე. ამ უკანასკნელ საკითხთან მიმართებაში, გუზმანის ჯგუფის კვლევა ერთმნიშვნელოვანია: იმ დედების მიერ ნაშობ თაგვებში, რომლებსაც მაკეობისას რეგულარულად აძლევდნენ THC-ს მაღალ დოზებს, აშკარად გამოხატული პრობლემები მჟღავნდება: მათ დარღვეული აქვთ კოორდინაცია, სირთულეები აქვთ სოციალურ ურთიერთობაში და შფოთიანობის დაბალი ზღვარი გააჩნიათ - ხშირად ეშინიათ და პარალიზდებიან ისეთი გამღიზიანებლებით, როგორიცაა მათ გალიასთან მოთავსებული კატის ტიკინა. ახალგაზრდა, ჯანმრთელი თაგვები, როგორც წესი, აინუნშიც არ აგდებენ ამ სათამაშოს.
ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანანდამიდი მის ტვინს ფიზიკური თუ ემოციური ტრავმებით გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებისგან იცავს. გუზმანის ლაბორატორიაში იკვლევენ, ხომ არ ასრულებენ იმავე ფუნქციას კანაფში შემავალი ქიმიური ნივთიერებები და ასევე, კანაბინოიდები? „რასაკვირველია, ჩვენს ტვინს რაღაცების დამახსოვრება სჭირდება, - ამბობს გუზმანი, - თუმცა, მისთვის აუცილებელია დაივიწყოს საზარელი თუ მისთვის არასაჭირო ამბებიც. ეს ძალიან ჰგავს კომპიუტერის მეხსიერებას - პერიოდულად თქვენ შლით გამოუსადეგარ ძველ ფაილებს. ასევე უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც შეარყევს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას - ომი, ტრავმა, უსიამოვნო ისტორიები. კანაბინოიდების სისტემა მნიშვნელოვანია მძიმე მოგონებებისგან გასათავისუფლებლად".
პრესასა და ფარმაცევტულ კომპანიებს ყველაზე მეტად მაინც გუზმანის ტვინის სიმსივნის კვლევა აინტერესებთ. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად, მეცნიერი დარწმუნდა, რომ THC-ს, CBD-ს და ტემოზოლომიდის (ზომიერად წარმატებული და საყოველთაოდ აღიარებული პრეპარატი) კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა თაგვებში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას. როგორც ჩანს, ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი კოქტეილი სხვადასხვანაირად უტევს თავის ტვინის სიმსივნურ უჯრედებს, ხელს უშლის გავრცელებას და, ამავე დროს, თვითგანადგურებისკენ უბიძგებს მათ.
ამჟამად, გუზმანის შრომაზე დაფუძნებული ინოვაციური კლინიკური ექსპერიმენტი მიმდინარეობს ინგლისში, ლიდსის სენტ-ჯეიმსის უნივერსიტეტის კლინიკაში. ნეიროონკოლოგები აგრესიული ტვინის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ტემოზოლომიდითა და სატივექსით მკურნალობენ. სატევექსი ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის (GW Pharmaceuticals) მიერ შემუშავებული THC-CBD-ს შემცველი ორალური აეროზოლია.
გუზმანი ნამდვილად არ არის ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა მიესალმება, რომ კვლევა უშუალოდ ადამიანებზეც დაიწყო. „ობიექტურები უნდა ვიყოთ. დღეს მსოფლიოში აზროვნების ოდნავი გადაფასება მაინც ხდება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე იციან, რომ მარიხუანა არის მეცნიერული თვალსაზრისით სერიოზული, თერაპიული თვალსაზრისით იმედის მომცემი და კლინიკურად რელევანტური პრეპარატი".
დაგვეხმარება კანაფი კიბოსთან ბრძოლაში? - ვეკითხები მას. „ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს რეალურია", პასუხობს გუზმანი.
მომვლელი. სამედიცინო მიგრანტები
შეტევები 2013 წლის მაისში დაეწყო, მაშინ სულ 6 თვის იყო. ინფანტილური სპაზმები, როგორც უწოდებდნენ. შიშის რეფლექსს ჰგავდა - ხელები ტანისკენ ეგრიხებოდა, სახეზე შეშინებული და გაყინული გამომეტყველება ჰქონდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ადელინ პატრიკის პატარა ტვინი ბორგავდა, თითქოს მასში ელექტრომაგნიტური ქარიშხალი ტრიალებდა. „ეს იყო ყველაზე საშინელი კოშმარი, რაც კი შეიძლება დედამ გადაიტანოს. უბრალოდ იტანჯები, როცა საკუთარი შვილის ტკივილსა და შიშს უყურებ და აბსოლუტურად უმწეო ხარ, ვერაფერს აკეთებ ამის შესაჩერებლად", - იხსენებს მეიგანი. მეიგანმა და მისმა მეუღლემ, კეინმა ადი (ადელინი) მეინის შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქიდან ბოსტონში, ნევროლოგებთან საკონსულტაციოდ ჩაიყვანეს. ექიმის დასკვნით, ეს ეპილეფსიური შეტევები შიზენცეფალიად წოდებული ტვინის თანდაყოლილი პათოლოგიის შედეგი იყო. ადის თავის ტვინის ერთ-ერთი ნახევარსფერო საშვილოსნოში სრულად ვერ განვითარდა და პათოლოგიური ნაპრალი დატოვა. მას ასევე ჰქონდა ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული სინდრომი – თვალის ნერვის ჰიპოპლაზია, რის გამოც თვალებს აცეცებდა. ამ სინდრომმა, როგორც შემდგომმა დაკვირვებებმა გამოავლინა, ბავშვი თითქმის დააბრმავა. ზაფხულში ადის დღეში 20–30 შეტევა ჰქონდა. შემდეგ - 100, შემდეგ უკვე 300. „თითქოს ყველაფერმა ერთდროულად უმტყუნა, - ამბობს მეიგანი, - გვეშინოდა, რომ დავკარგავდით".
პატრიკებმა დაუჯერეს ექიმის რჩევას. პატარას დიდი დოზებით აძლევდნენ ანტიკონვულსანტებს. ძლიერმოქმედმა პრეპარატებმა შეამცირეს შეტევების რაოდენობა, თუმცა ადი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ძილად მიეგდო. „ამ ქვეყანას არ იყო, - ამბობს მეიგანი, - მხოლოდ იწვა და სულ ეძინა. ჭინჭის თოჯინას ჰგავდა".
ქალიშვილისთვის რომ მოევლო, მეიგანმა მასწავლებლობა მიატოვა. ცხრა თვის განმავლობაში ადი ოცჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ერთხელ, ქმრის ნათესავებმა ურჩიეს, სამკურნალო მარიხუანისთვის მიემართა. ქალს შიშისგან თავზარი დაეცა: „ჩვენ ისეთ რამეზე ვსაუბრობდით, რაც ფედერალური კანონებით აკრძალული ნარკოტიკია", - იხსენებს ის. თუმცა, ამის შემდეგ იგი მაინც დაინტერესდა მარიხუანის თვისებებით და თავად დაიწყო ინფორმაციის ძიება. მიუხედავად სიმწირისა, ამ შინაარსის სამედიცინო ლიტერატურას საოცრად დიდი ხნის ისტორია აქვს. უამრავი არაოფიციალური მტკიცებულების მიხედვით, CBD-ს მაღალი შემცველობის კანაფს შეიძლება ძლიერი კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს. ჯერ კიდევ 1843 წელს ბრიტანელი ექიმის უილიამ ო' შონესის მიერ გამოაქვეყნებულ სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ შეუჩერა ჩვილს გამუდმებული კრუნჩხვები კანაფის ზეთმა.
2013 წლის სექტემბერში ბოსტონში მდებარე მასაჩუსეტსის მრავალპროფილიან ჰოსპიტალში პატრიკებმა გაიცნეს ბავშვთა ნევროლოგი ელიზაბეტ თილი, რომელიც ბავშვთა რეფრაქტერული ეპილეფსიის მკურნალობისას CBD-ს გამოყენების კვლევაში იღებდა მონაწილეობას. თილი ლეგალურად ვერ გამოუწერდა ბავშვს მარიხუანას და ვერც რეკომენდაციას გაუწევდა. მაგრამ მან კატეგორიულად ურჩია პატრიკებს, სერიოზულად განეხილათ მკურნალობის ყველა საშუალება.
იმედით ფრთაშესხმული მეიგანი კოლორადოში გაემგზავრა და შეხვდა მშობლებს, რომელთა ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებიც სამკურნალოდ მარიხუანას იღებდნენ. პროგრამას „შარლოტას ქსელი" უწოდეს, პატარა გოგონას - შარლოტა ფიჯის სახელი, რომელზეც განსაცვიფრებლად დადებითად იმოქმედა კოლორადო-სპრინგსის მახლობლად წარმოებულმა THC-ს დაბალი შემცველობისა და CBD-ს მაღალი შემცველობის ზეთმა.
კოლორადოში ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეიგანზე: კანაფის მწარმოებელთა ცოდნამ, საერთო განსაცდელის მქონე მშობლების ურთიერთმხარდაჭერამ, აფთიაქების ხარისხმა და საცდელ ლაბორატორიებში კანაფის მუდმივმა კვლევამ. კოლორადო-სპრინგსი სამედიცინო მიგრაციის მექად ქცეულიყო. ასზე მეტმა ოჯახმა, რომელთა ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები ჰქონდათ, მიატოვა მშობლიური მხარე და კოლორადოში დაიდო ბინა. ეს ოჯახები, (ბევრი მათგანი დაკავშირებულია არაკომერციულ ორგანიზაციასთან „ზრუნვის სამეფო") საკუთარ თავს „სამედიცინო ლტოლვილებად" თვლიან. ბავშვების უმეტესობა ვერაფრით შეძლებდა საკუთარ შტატში მკურნალობას. მშობლებისათვის ეს დიდი რისკი იყო, ისინი შეიძლება დაეპატიმრებინათ ტრეფიკინგის ან სულაც ბავშვების არასათანადო მოპყრობის ბრალდებით.
მეიგანმა CBD-ს მაღალი შემცველობის ზეთის გამოყენება სცადა. კრუნჩხვები თითქმის მთლიანად შეწყდა. ბავშვს ექიმების მიერ გამოწერილი ზოგიერთი პრეპარატისაც აღარ აძლევენ. თითქოს, ბავშვი კომიდან გამოვიდაო. „ვითომ დიდი არაფერია, - ამბობს მეიგანი, - მაგრამ, როდესაც თქვენი შვილი მრავალი თვის შემდეგ პირველად გაიღიმებს, იმ წუთიდან თქვენი სამყარო მთლიანად იცვლება".
გასული წლის დასაწყისისთვის პატრიკებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საცხოვრებლად კოლორადოში გადავიდოდნენ და მოძრაობას შეუერთდებოდნენ. „ამას ბევრი ფიქრი ნამდვილად არ სჭირდებოდა, მარსზეც რომ ხარობდეს ისეთი რაღაც, ადის რომ უშველის, ჩემს საკუთარ ეზოში კოსმოსურ ხომალდს ავაგებდი!"
2014 წლის მიწურულს პატრიკები მოვინახულე. ისინი კოლორადო-სპრინგსის ჩრდილოეთ ნაწილში, ახალ ბინაში ცხოვრობდნენ. მათი მისაღები ოთახის ფანჯრიდან პაიკსის მწვერვალი მოჩანდა. ადი კარგადაა. CBD-ს შემცველი ზეთის პირველი მიღების შემდეგ, ის ჰოსპიტალში აღარ ყოფილა. ჯერ კიდევ აქვს შეტევები - დღეში ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ ნაკლები ინტენსივობის. თვალებიც ნაკლებად გაურბის. მეტს ისმენს. იცინის. ჩახუტება ისწავლა და ხმის იოგების ძალაც აღმოაჩინა, გვარიანად ყვირის.
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ზრუნვის სამეფოში" მშობლები შვილებს ისე ექცევიან, როგორც ლაბორატორიულ ვირთხებს, რომ არასაკმარისი კვლევაა ჩატარებული, რომ გამოჯანმრთელების ბევრი, თუ არა უმეტესი შემთხვევა, შესაძლოა, პლაცებოს ეფექტს მიეწეროს. „ეს მართალია. ჩვენ არ ვიცით CBD-ს გრძელვადიანი შედეგები და ეს გამოსაკვლევია. მაგრამ ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ამის გარეშე ადი კარტოფილის ტომარასავით იქნებოდა" და ამატებს: "რატომღაც არავინ ინტერესდება, როგორი იქნება იმ ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტის გრძელვადიანი ეფექტი, რომელიც ჩემი ორი წლის გოგონას მუდმივად ჰქონდა გამოწერილი". „ჩვენი დაზღვევა ულაპარაკოდ, ყოველგვარი კითხვების გარეშე იხდის მასში ფულს. არადა ხომ ვიცით, რომ ის ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევია, მაღალტოქსიკური, შეუძლია ზომბად გადაგაქციოს და ფაქტიურად მოგკლას. მაგრამ მაინც, ეს მედიკამენტები სრულიად ლეგარულია".
თილის თქმით, მართალია, CBD-ს კვლევის პირველადი შედეგები ძალიან იმედისმომცემია, „მაგრამ, CBD პანაცეა არ არის და ყველასთვის არ გამოდგება. თუმცა, განცვიფრებული ვარ, რადგან ბევრისთვის შეიძლება აშკარად მეტად ეფექტიანი საშუალება იყოს. ჩემს კვლევაში რამდენიმე ბავშვი მონაწილეობს, რომელთაც მთელი წელია საერთოდ აღარ ჰქონიათ შეტევა".
ასეთი ინფორმაციების მოსმენისას, მეიგანს მარიხუანასთან დაკავშირებული უგუნური ფედერალური კანონების მიმართ უნდობლობა უმძაფრდება. ის შეიძლება დააპატიმრონ შტატის საზღვარზე იმ ნარკოტიკის გადატანის გამო, რომელიც თაგვსაც ვერაფერს დააკლებს. „არაფრით არ შეიძლება შენი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ასე დატანჯო".
მაგრამ ახლა პატრიკები კარგ ადგილას არიან - უფრო ბედნიერები, ვიდრე წლების განმავლობაში. „ჩვენ ადი დაგვიბრუნდა, - ამბობს მეიგანი, - ეს გზა თავად რომ არ გამევლო, ალბათ არც დავიჯერებდი. სულაც არ მგონია, რომ კანაფი უებარი წამალია. თუმცა ვფიქრობ, რომ ის მთელი ქვეყნის ყველა ნევროლოგის არსენალში აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს".
გენეტიკოსი. რუკის შედგენა
„ეს მცენარე რამდენადაც ღირებული, იმდენადვე საინტერესოა, - ამბობს ნოლან კეინი, ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი, - მისი ისტორია მილიონობით წელს ითვლის და კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მაგრამ ჯერ კიდევ ჩნდება უამრავი პასუხგაუცემელი, საკმაოდ საფუძვლიანი შეკითხვა: საიდან მოვიდა? როგორ და რატომ განვითარდა? რატომ შეიცავს ასეთ კომპონენტებს? ჯერ ისიც კი არ დაგვიდგენია რამდენი სახეობა არსებობს".
კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ლაბორატორიის სათბურში ვართ და ათ ძირ კანაფს შევცქერით. კეინმა ისინი სულ ცოტა ხნის წინ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის შეიძინა. ეს უშნოდ აწოწილი მცენარეები მოუხეშავ მოზარდებს ჰგვანან და სრულიად განსხვავდებიან იმ დახვეწილი იერის მცენარეებისგან, ჰეიგმა რომ მაჩვენა. ესენიც, კანაფის თითქმის ყველა ჯიშის მსგავსად, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ THC-ს.
იქნებ არც ისე საშიშად გამოიყურებიან? უბრალოდ, აქ, უნივერსიტეტის მთავარი ლაბორატორიის საზღვრებში, მათი არსებობაც კი, მრავალწლიანი ბრძოლისა და წვალების შედეგია. არ იყო იოლი ფედერალური უწყებებისა და უნივერსიტეტის თანხმობის მოპოვება. ამჟამად კეინს მხოლოდ კანაფის სხვადასხვა ფორმების მოყვანის უფლება აქვს. მისი კვლევის დანარჩენი მასალაა კანაფის დნმ, რომლითაც მას კოლორადოელი მწარმოებლები ამარაგებენ. დნმ-ს გამოყოფის მეთოდი მწარმოებლებს თვითონვე ასწავლა.
კეინი თითებით ეხება ამ უწყინარ მცენარეს და ცოტა უკვირს, რატომ იკრძალება აშშ-ში კანაფის კომერციული მოყვანა: „ის ხომ საუცხოო ხარისხის ბოჭკოს წარმოქმნის, ეს კულტურა დიდი რაოდენობით ბიომასას ქმნის, რაც ნიადაგს ამდიდრებს. ამასთან, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ვინაიდან ფედერალური პოლიტიკის წყალობით, კანაფის კანონიერი გზით მოყვანა არ შეგვიძლია, ყოველწლიურად ტონობით მცენარე შემოგვაქვს ჩინეთიდან და კანადიდანაც კი. არის ადგილები, სადაც ამერიკელ ფერმერებს, პირდაპირი გაგებით, შეუძლიათ გადახედონ კანადის საზღვრებს და დაინახონ სავარგულები, რომელთაც უზარმაზარი შემოსავალი მოაქვთ".
კეინი პროფესიით გენეტიკოსია. ის კანაფს უნიკალური კუთხით იკვლევს - მის დნმ-ს სწავლობს; კაბინეტურ სამუშაოს ვერაფრით ეგუება, საოცრად თავაზიანი ადამიანია ნათელი სახითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით. ადრე იკვლევდა შოკოლადს, მერე მრავალი წლის განმავლობაში - მზესუმზირას და საბოლოოდ მისი გენომიც გაშიფრა - 3,5 მილიარდზე მეტი ნუკლეოტიდის თანამიმდევრობა. ამჟამად, მარიხუანაზე მუშაობს. თუმცა, მისი გენომი ბევრად მოკლეა და დაახლოებით 800 მილიონ ნუკლეოტიდს მოიცავს. მიაჩნია, რომ საკვლევად ბევრად მიმზიდველი მცენარეა.
კანაფის გენომის ზედაპირული მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა ის ძლიერ ფრაგმენტირებულია და 60 000 ნაწილადაა გაფანტული. კეინის ამბიციურ მიზანს (რის მიღწევასაც მრავალი წელი დასჭირდება) წარმოადგენს ამ ფრაგმენტების სათანადო რიგში დალაგება. „წარმოიდგინეთ იატაკზე ძალიან საინტერესო წიგნის 60 000 ფურცელი რომ იყოს მიმოფანტული, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მოვარგოთ ეს ფურცლები ერთმანეთს, ბოლოს კარგი მოთხრობა რომ გამოგვივიდეს". უამრავ ადამიანს აინტერესებს, როგორი გამოვა კეინის მოთხრობა. „ვგრძნობ, ამ კვლევებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება. უბრალოდ, ხალხს უნდა რომ ასე მოხდეს. მაგრამ გარკვეული ზეწოლა არსებობს. რასაც ამ ლაბორატორიაში ვაკეთებთ, საკმაოდ დიდი კონტროლის ქვეშაა".
სტრუქტურის შესწავლის დასრულების შემდეგ, კომერციულ გენეტიკოსებს მისი გამოყენება უამრავი გზით შეუძლიათ. მაგალითად, მცენარის ისეთი ფორმების გამოყვანა, რომელთაც სამკურნალო კომპონენტების ბევრად მაღალი შემცველობა ექნებათ. „ეს მუსიკალურ ნაწარმოებში ღრმად დამალული მოტივის აღმოჩენას ჰგავს, - ამბობს კეინი, - გარემიქსებით შეგიძლიათ გამოკვეთოთ ეს მოტივი, ხმას აუწევთ და მას სიმღერის მთავარ თემად აქცევთ".
კეინი თავის ლაბორატორიაში დამატარებს. აშკარად ვატყობ ისიც და მისი ახალგაზრდა თანამშრომლებიც აჟიტირებულები არიან. მათი ემოციები ჩემთვის სრულიად გასაგებია, რადგან: „ზოგადად, მეცნიერება ნელა მიიწევს წინ, მაგრამ მარიხუანასთან მუშაობა ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს. ეს ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ ჩვენს წარმოდგენას მარიხუანაზე, არამედ პირადად ჩვენც - ჩვენს ტვინს, ჩვენს ნევროლოგიასა და ფსიქოლოგიას. ტრანსფორმაცია მოიცავს მისი შემადგენელი კომპონენტების ბიოქიმიასაც, მის გავლენას მრეწველობის სხვადასხვა დარგებზე, მათ შორის მედიცინაზე, სოფლის მეურნეობასა და ბიოსაწვავზე. მან, შესაძლოა, ჩვენი კვების რაციონიც კი შეცვალოს - კანაფის თესლი ცნობილია როგორც მეტად ჯანსაღი და ცილით მდიდარი ზეთის წყარო".
კეინის თქმით, „მარიხუანა უზარმაზარი სიმდიდრის მატარებელია".
მარიხუანის დრო
2013 წელს მარიხუანას 20 მილიონზე მეტი ამერიკელი მოიხმარდა. შენახვა - გაყიდვა ფედერალური კანონით აკრძალულია, თუმცა მისი სამედიცინო მიზნით გამოყენება დაშვებულია 23 შტატში და კოლუმბიის ოლქში. მრავალ შტატში საჯარიმო სანქციები გართობის მიზნით მოხმარებაზეც შეამცირეს ან გააუქმეს.
სამკურნალო დანიშნულება
კანაფით მკურნალობდნენ ძველ ჩინეთში, ინდოეთსა და საბერძნეთში. მარიხუანის სამკურნალო პოტენციალის შემსწავლელ მეცნიერებს ხელს უშლის ფედერალური კანონი. სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ მხოლოდ ორი სინთეზური პრეპარატია ნებადართული; ნატურალური ნაწარმი განხილვაშია.
გლაუკომა
მეცნიერები მუშაობენ პრეპარატზე, რომელიც მარიხუანის ანალოგიურად თვალის წნევას ამცირებს, ოღონდ მცენარისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების გარეშე.
გაფანტული სკლეროზი
ექსტრაქტი, რომელიც პაციენტებში ტკივილსა და კუნთების სპაზმს ხსნის, ევროპასა და კანადაში დაუშვეს, თუმცა არა აშშ-ში.
შიდსი
მარიხუანაში აღმოჩენილი ნივთიერება, FDA-ის მიერ ერთ-ერთი ნებადართული სინთეზური ვარიანტი, შიდსით დაავადებულებში მადისა და წონის მომატებას უწყობს ხელს.
კიბო
მეორე სინთეზური პრეპარატი ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის სამკურნალოდ გამოიყენება.
გართობის მიზნით
მარიხუანას შემადგენელი ძირითადი ფსიქოტროპული ნივთიერება - THC ტვინზე ზემოქმედებს და შეიძლება ფერების, ხმებისა და შეხების შეგრძნება გააძლიეროს, დრო შეანელოს. გართობის მოყვარული მომხმარებლები სწორედ ამას ეძებენ. თუმცა, კანაფი ასევე ამწვავებს დეპრესიასა და შფოთიანობას.
ტვინი
მარიხუანაზე ტვინის მრავალი უბნის რეცეპტორები რეაგირებენ. ზოგი აღვიძებს მადას, ზოგიც ეიფორიას იწვევს.
სუნთქვის სისტემა
ეფექტი შესუნთქვიდან წამებში იგრძნობა, პიკს 30 წუთში აღწევს. ღრმად შესუნთქული გაუფილტრავი კანაფიდან სიგარეტზე მეტი ნახშირჟანგი და კუპრი მიიღება.
გული
ზოგჯერ გულისცემა შესაძლოა გაორმაგდეს და პანიკური შეტევები გამოიწვიოს. კვლევები უჩვენებს, რომ გამოყენებიდან მცირე ხანში გულის შეტევის რისკი, შესაძლოა, საკმაოდ გაიზარდოს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
თუ კანაფს შეჭამთ, იგი უფრო ნელა, თუმცა ხანგრძლივად მოქმედებს ორგანიზმზე, რაც ართულებს დოზის რეგულირებას.
მარიხუანას პოპულარობა იზრდება
გართობის მიზნით მომხმარებლები ბევრად აღემატებიან სამკურნალო დანიშნულებით მომხმარებლებს. მოზარდების 1/3 ამბობს, რომ გასულ თვეში მარიხუანა მოიხმარა.
სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება აშშ-ში
ზოგიერთ შტატში მარიხუანაზე კონტროლის შესუსტებას იმით ხსნიან, რომ ამ მცენარეში შემავალი ერთ-ერთ კომპონენტს -კანაბიდიოლის (CBD) ზეთს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს და არ იწვევს კაიფს.
ქმნის მომგებიან ახალ ბაზარს
მარიხუანის უკანონო მოხმარება მცირეა სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან შედარებით. ლეგალურ მარიხუანაზე მოთხოვნის ზრდის გამო, ბიზნესმენები ამ ახალ ბაზარს აკვირდებიან.
https://www.nationalgeographic.com/magazine/2015/06/marijuana-science-drug-research-legality/