[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩინეთის ცენტრალური ბანკი თავისი გიგანტური სავალუტო რეზერვებიდან ყოველდღიურად ორ მილიარდ დოლარს ყიდის და მიღებული სახსრების ნაწილი ევროში გადაჰყავს. გარდა ამისა, ჩინელები აგრეთვე თავიდან იშორებენ ამერიკულ სახაზინო ფასიან ქაღალდებს. ექსპერტების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ფინანსური პრიორიტეტები ევროპისაკენ გადაიხარა.
როგორც ცნობილია, ჩინეთის სავალუტო რეზერვები 3 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. ამასთან, ჩინეთი უარს ამბობს სავალუტო ბაზარზე თავისი ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობაზე და ზუსტი ციფრების გამოთვლა საკმაოდ რთულია. მაგრამ ამერიკული ბანკის Merrill Lynch-ის ექსპერტებმა მოახერხეს ჩინური ფულადი ნაკადების გაანალიზება და ზემოთ აღნიშნული დასკვნები გამოაქვეყნეს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ამერიკული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ჩინეთში 300 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, არადა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ ეს მაჩვენებელი 326,1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. როგორც ცნობილია, ამერიკული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობის მოცულობის მიხედვით ჩინეთი იაპონიის შემდეგ მსოფლიოში მეორეა.
ევროპული ვალუტით ჩინეთის დაინტერესებას ანალიტიკოსები იმით ხსნიან, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ევროპულ საკრედიტო ბაზარზე ინვესტირების ინტერესი გაუღრმავდა. ამას მოწმობს ჩინეთის პრემიერის ვენ ძიაბაოს ვიზიტი ბებერ კონტინენეტზე.
თავისთავად ცხადია, ჩინელები შეეცდებიან ევროპაში არსებული სიტუაციით ხელი მოითბონ. ტყუილად როდი აღნიშნა ძიაბაომ, რომ მისი ქვეყანა მზად არის ევროპელებს რთულ ვითარებაში დახმარების ხელი გაუწოდონ. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა ესპანეთის სახელმწიფო ვალი, რომელიც იმ დროისათვის 6 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული, შეეძინა. კიდევ უფრო ადრე, კერძოდ კი, გასული წლის ნოემბერში ჩინეთი აპირებდა 5 მილიარდი ევროს ღირებულების პორტაგალიური ობლიგაციები შეეძინა.
თავისთავად ცხადია, განვითარებული ქვეყნებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბაზარზე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა, რაც სახელმწიფო ობლიგაციების ფასის მატების საწინდარია. როგორც ცნობილია, ობლიგაციების მიმართ ნდობა ინფლაციის ზრდისა და ევროპაში არსებული პრობლემების გამო გვარიანად შეირყა. ისიც აშკარაა, რომ ჩინეთის მიერ წამოწყებული თამაში გვარიანად გაზრდის ევროს კურსს, განსაკუთრებით კი დოლართან მიმართებაში.
თუ ევროპასთან მიმართებაში ჩინეთის პოლიტიკა ერთობ თბილი და საქმიანია, რაც ყველაფერთან ერთად ტვირთბრუნვის ზრდას გულისხმობს, აშშ-სთან ურთიერთობა ჯერ კიდევ დაულაგებელია. ახლახან ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებეში ამერიკის პოზიციას გაურკვეველი უწოდა. გარდა ამისა, აშშ-მ მხარი დაუჭირა ფილიპინებს, რომელსაც მწვავე უთანხმოება აქვს ჩინეთთან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ნავთობით მდიდარი კუნძულების გამო.
ასე რომ, როგორც ჩანს, ჩინეთი, გარდა იმისა, რომ თავის საქმეს აკეთებს, გარკვეულწილად ამერიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ასე რომ, უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ორი სახელმწიფოს ბრძოლა კვლავ გრძელდება.