საქართველოს მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა–წარმოების საკითხს განიხილავს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს.
ინიციატივას მხარს არ უჭერს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ამ ინიციატივით შეიძლება ქართველების გულში გამოძახილი ჰპოვოს რუსულმა პოლიტიკამ, რომელიც დეკლარირების დონეზე მკაცრად უპირისპირდება ამ ტიპის მოვლენებს. შეიძლება ამ ყველაფერმა რუსულ გავლენას შეუწყოს ხელი.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ 30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად. მაგრამ გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შსს–ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. როგორ ფიქრობთ, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.
რამაზ საყვარელიძე: ერთია ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც დარწმუნებულია, რომ შეუძლია პროცესები მართოს და მეორეა, ჯერჯერობით, შექმნილი რეალური მდგომარეობა. ეჭვი არ მეპარება გახარიას მიაჩნია, რომ პროცესს გააკონტროლებს, მაგრამ საზოგადოების აზრი ამ მხრივ არის უარყოფითი და ამიტომაც დაძაბული შეხვდა ამ ინიციატივას.
მით უმეტეს, რომ გამოცდილებაში ჯერჯერობით არ გვაქვს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ახერხებდეს ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების კონტროლს...
– რა თქმა უნდა. როგორც კი ხელისუფლება მიაღწევს ამ კონტროლს და საზოგადოება დაინახავს, რომ კონტროლი ხერხდება, რა თქმა უნდა, ანალოგიური ინიციატივების მიმართ არანაირი რეაქცია არ ექნება. ფაქტია, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო იმ უბედურებასთან გამკლავება, რასაც ნარკომანია ჰქვია. ჯერჯერობით არც იმის წინაპირობა ჩანს.
ამას ვამბობ არა მარტო შსს–ს ანგარიშზე, საერთოდ მიმაჩნია, რომ შსს–თი ბრძოლა ნარკომანიასთან, უკვე თავისთავად არასწორი სტრატეგიაა. მთლიანობაში სახელმწიფოს ბრძოლა ნარკომანიასთან თუკი აღმოჩნდება შედეგიანი, სხვა რა პრობლემა დგას? არავინ არ არის ამ კულტივაციის წინააღმდეგი. ერთადერთი პრობლემა არის, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის არაშთამბეჭდავი შედეგები არის ის, რაც აღელვებს უმრაველესობას.
საზოგადოების უდიდეს ნაწილში შსს–ს ინიციატივას მოჰყვა უარყოფითი შეფასება. ასეთი მოსაზრებაც არის, რომ როდესაც მეზობელი სახელმწიფოდან, თურქეთიდან ვყიდულობთ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ამ დროს სახელმწიფო მარიხუანის მოყვანზე აკეთებს აქცენტს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს რაში დგას პრობლემა?
– ეჭვი არ მეპარება, სახელმწიფოს უნდა, მაგრამ ვერ ხერხდება, რაღაცა მექანიზმები უშლის ხელს, რომ სოფლის მეურნეობა იყოს მოწეული და გლეხისთვის სოფელში პენსიის შეტანა არ იყოს ყველაზე მეტი ხეირი. როდესაც მოახერხებს, რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის ნაწარმის ფეხზე დაყენებას, ამ პრობლმების მოგვარების ფონზე თუ დაამატებ რაიმეს, ვინ გახდება ამის წინააღმდეგი?! ეს არის გასაცნობიერებელი.
ეს ინიციატივა წამგებიანია იმ ფონზე, როცა ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა როგორც ნარკომანიასთან, ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ქვეყანას ჯერ არ გამოუვლენია იმის უნარი, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეძლოს. როგორც კი მოსახლეობა დარწმუნდება იმაში, რომ ქვეყანას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, ეს უკმაყოფილებაც აღარ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლოგიკურია მოსახლეობის ეს რეაქცია.
არის მთელი რიგი რგოლები ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც 30 წელიწადი ვერ მოგვარდა და ისეთი ინიციატივის შემოტანით, როგორიც მარიხუანას მოყვანაა, შეიძლება შედეგად მივიღოთ ის, რომ გლეხმა თავი დაანებოს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანას და დაიწყოს მარიხუანას მოყვანა. ეს ხომ არ არის მიზანი? თუ აქამდე მივალთ, რომ გლეხს მარიხუანისკენ ვაქნევინებთ პირს? ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ინიციატივა აღფრთოვანებას არ გამოიწვევს მოსახლეობაში.
მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, თუნდაც სამედიცინო დანიშნულებისთვის მარიხუანის მოყვანა–წარმოება, ეს ავტომატურად არის უკან გადადგმული ნაბიჯი?
– გადაუწყევეტელი პრობლემები ქმნის ამ სირთულეებს. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ეს ინიციატივა ძალიან მძიმად იქნა აღქმული და არ არის გასაკვირი ეს მძიმე აღქმა. ფაქტია, ჯერჯერობით ქვეყანამ ვერ მოახერხა პრობლემის გადაჭრა. როცა მოახერხებს სხვა მძიმე პრობლემის მოგვარებას, მერე დასვას ეს საკითხი. ეფექტურობა აჩვენოს რაღაცა რგოლებში, დაწყებული ნარკომანიის დაძლევიდან, დამთავრებული იგივე სოფლის მეურნეობის ნაწარმის ხელშეწყობით, რომ გლეხი სტიმულირებული იყოს. ჯერ ეს აჩვენოს და მერე მეეჭვება, რომ ამ საზოგადოებას მარტო იმიტომ, რომ მარიხუანა ჰქვია, ასეთი მძიმე რეაქცია ჰქონდეს. საქმე არ გახლავთ იმაში მარიხუანას კულტივირება ქვეყანას დააქცევს თუ არა, საქმე სწორედ პოლიტიკურ შეფასებაშია. ქვეყანა, რომელიც ამდენ თემას ვერ უვლის, დღეს გვინდა კიდევ უფრო რთული სიტუაცია შევქმნათ. გლეხი, რომელიც გამწარებულია თავისი მდგომარეობით, ყურძენს გაჩეხავს და მარიხუანას მოიყვანს – გასაკვირი იქნება? – რა თქმა უნდა არა.
არჩევნების წინ პოლიტიკურად რამდენად წამგებიანია და რამდენად სუსტ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებას ეს ინიციატივა? როგორ ფიქრობთ, გახარიამ დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, არის აქ პოლიტიკური ინტერესი?
– მიჭირს ეკონომიურ ასპექტზე ლაპარაკი. შეიძლება ეკონომიურად მომგებიანი იყოს და გახარიამ, როგორც ეკონომისტმა ეს დასკვნა გააკეთა, ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ არის პოლიტიკური მხარეც. პოლიტიკას ექსპერიმენტები არ უყვარს, მოსახლეობა არ გაპატიებს ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე. ადამიანს არ სიამოვნებს როდესაც მასზე უსამართლო ექსპერიმენტებს ატარებენ.
პოლიტიკაშიც ასეთი ექსპერიმენტი გვაძლევს უარყოფით შედეგებს, თუკი ვერ ხედავას დამაჯერებელ არგუმენტებს იმისა, რომ არჩეული გზა არის სწორი. დამაჯერებელი არგუმენტები იმისა, რომ მარიხუანის თემა ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ინიციატივაშია წარმდგენილი, ასეთი დამაჯერებელი არგუმენტები ძალიან ცოტაა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ რეაქციას მისცემს მოსახლეობა.
როცა საუბრობენ კომერციულ ბაზარზე, საქართველო ვერ იქნება ამ მხრივ წამყვანი, ბევრი კონკურენტი ეყოლება აღმოსავლეთში. მეორეც, ლაპარაკია მხოლოდ სამკურნალო და კოსმეტიკუტ სფეროებზე. რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება ამ სფეროებში მარიხუანამ მოიტანოს იმხელა, რაც ამ ნაბიჯს ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მიმართულებით?! შეიძლება ხვალ–ზეგ ჩაიაროს, ამ არჩევნებზე უარყოფითი შედეგები არ მოჰყვეს, მაგრამ ეს ყველაფერი უარყოფითი ნელ-ნელა გროვდება და სადღაც ფეთქდება ხოლმე.
შეიძლება სამომავლოდ იმისთვის, ვინც ამაზე ააწყობს თავის პოლიტიკურ იმიჯს, მომგებიანი აღმოჩნდეს.
– ეროვნული ღირებულებები ზიანდება და ამ ღირებულებების გამო, შეიძლება ქართველების გულში გამოძახილი ჰპოვოს რუსულმა პოლიტიკამ, რომელიც დეკლარირების დონეზე მკაცრად უპირისპირდება ამ ტიპის მოვლენებს. შეიძლება ამ ყველაფერმა რუსულ გავლენას შეუწყოს ხელი. რაღა მარიხუანას ავითარებ, ჯერ ის განავითარე, რაც ადამიანს შეერგება მაინც.
ამ ინიციატივის უკან დგას კონკრეტული ბიზნეს ინტერესი?
– ყოველი შემთხვევისთვის, თუ გაჯიუტება გაგრძელდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვერსია სწორია თუ არა, ეს ვერსია გააგრძელებს არსებობას და უკვე წამგებიანი იქნება. პოლიტიკაში ძალიან ხშირად წამგებიანი ყოფილა ის, რაც შემდეგ აღმოჩენილა, რომ სიცრუე ყოფილა. ძნელია იმის თქმა, ვინმეს ინტერესები არის თუ არა რეალურად, მაგრამ ამის პოლიტიკური შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მძიმე იყოს.
წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც სიგარეტს კრძალავს, მარიხუანას ლეგალიზაციას იწყებს, ამას საზოგადოების მძიმე რეაქცია მოჰყვა და სწორია. ეს ნაბიჯები გაუგებარია. მარიხუანას ძლიერი ნარკოტიკული ეფექტი აქვს. ეს არ არის მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ ადამიანი მსუბუქ ნარკოტიკს რომ შეეჩვევა, მერე მძიმეზე უფრო ადვილად გადადის.
ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს. პოლიტიკური ფსიქოლოგიის მხრიდან კიდევ ერთი საკითხია საინტერესო – ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს და წინაა არჩევნები, ნაბიჯი მოსახლეობის დიდ ნაწილში არ არის პოპულარული, მით უმეტეს, ემატება, რომ ამასთან დაკავშირებით სამღვდელოებამ პროტესტი გამოთქვა, მას კი თავის მრევლი ჰყავს, დიდი გავლენა აქვს. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს. ისედაც რთული არჩევნები იქნება „ქართული ოცნებისთვის“, კიდევ ეს მარიხუანის თემა ანტირეკლამა გამოდის პარტიისთვის.