პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი და რუსული მედია ორკესტრირებულად მოქმედებენ. ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს არის მიზანმიმართული თამაში, რომელსაც კრემლი ქართველი ხალხის ნების გასაზომად და მოსასინჯად იყენებს.
"ზურაბიშვილი ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ეს ექსცენტრული ხასიათი მასაც და მმართველ გუნდს ძალიან აწყობს. მას თითქოს ეძლევა ხასიათიდან გამომდინარე უფლება, რომ ამდენი სისულელე ისაუბროს. ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც დიდი პასუხი შეიძლება მოეთხოვოს. ამ ქარაფშუტა ზედაპირული არსების იმიჯის უკან, სრულიად ღია და გათვითცნობიერებული მესიჯები ჩანს," ამბობს ლაგაზიძე.
მისი აზრით, უპრეცენდენტოა, როცა პრეზიდენტობისთვის შემზადებული ადამიანი საკუთარ ქვეყანას ბრალს დებდეს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო.
"ამიტომაც არის ის პრეზიდენტობისთვის შეუთავსებელი ფიგურა. ვერ აცნობიერებს, რომ სახელმწიფო ინტერესები პირადზე მაღლა დგას. სამწუხაროდ, არჩევნებმა ასეთი ელფერი მიიღო, რომ ეს არის რეფერენდუმი, სადაც ამ ქვეყნის ამომრჩეველმა უნდა გასცეს პასუხი, სურს თუ არა დასავლეთისკენ ქვეყანამ სვლა გააგრძელოს. ამ არჩევნებით არა მარტო ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, არამედ ავირჩევთ საგარეო კურსს.
"ახლა ოპოზიცია ვალდებულია ეს მესიჯები ამომრჩევლამდე მიიტანოს და ხალხს გააგებინოს, რა ხდება. გამწარებული ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მივალთ და ყველას გადავხაზავთ. ეს გამოსავალი არ არის. ეს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ნიშნავს.
"გინახავთ სადმე მთავარსარდალი, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ ჯარს და ქვეყანას აბრალებდეს და ამბობდეს, რომ ამას ინანიებს? ის თავის პოზიციას და ზრახვებს არ მალავს, ღიად თამაშობს. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ამ არჩევნებს, როგორც რეფერენდუმს, ისე აღიქვამს. ეს არის ქართველების საერთო სახალხო ნების დათვალიერება, რომელსაც რუსეთი ზურაბიშვილის მეშვეობით ახორციელებს. ვერცერთი სოცილური კვლევა ასეთ სურათს ვერ მისცემს, როგორც არჩევნები. რამდენი ადამიანიც მისცემს ზურაბიშვილს ხმას, ისეთ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთიც."