„ვისაც მეტი ფული აქვს და მეტს იყიდის, ის მოიგებს არჩევნებს. ბუნებრივია, ეს უპირატესობა ხელისუფლებას აქვს“

„ვისაც მეტი ფული აქვს და მეტს იყიდის, ის მოიგებს არჩევნებს. ბუნებრივია, ეს უპირატესობა ხელისუფლებას აქვს“

„სამწუხაროდ, კორუფციული ჭია სისტემას მეტასტაზებივით ნელ-ნელა, მდორედ, მაგრამ მაინც ედება, თანაც ძალიან მძიმე ფორმებით," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილის დროს მუდმივად იყო საუბარი ელიტარულ კორუფციაზე, დღეს არ გამოვრიცხავ, რომ ამ სენმა რაღაც შემაშფოთებელი ფორმები და მასშტაბური სახე მიიღოს. პროცესი შეუქცევადი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა, არასწორი მიმართულებით მივდივართ.

„რეზონანსი": გორში გამართულ აქციასა და მომხდარ დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ ამ კუთხით საერთოდ არაფერი გააკეთაო, რომ ვთქვათ, ეს არ იქნებოდა სწორი. ამ ტრაგედიას მოჰყვა გარკვეული რეაგირება, მაგრამ სამწუხაროდ, ხარვეზებით, რომლის გამოსწორებაც რთულია და მამები იმას ითხოვენ, რისი მოთხოვნის უფლებაც აქვთ.

ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ამ ყველაფერს ადეკვატურად უპასუხოს და არა ისე საზიზრღად, როგორც ეს გააკეთა გორის საკრებულოს თავჯდომარემ. რაც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ მართალი ხარ, როდესაც შენ წინ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის მამა გიდგას, ის რაც არ უნდა აგრესიული იყოს, შენ თავს უფლებას აძლევ შეურაცხყოფა მიაყენო მას, ამ შემთხვევაში შენ თვითონ არ ხარ ჯანსაღი. საკრებულოს თავმჯდომარის საქციელი სერიოზულ დაგმობას იმსახურებს.

„რ": თქვენი აზრით, საქართველოში მარიხუანს წარმოების საკითხით, კონკრეტული პირები არიან დაინტერესებულნი?

გ.ხ: ასეთი გადაწყვეტილებები უფრო მძიმე და ხანგრძილივი ანალიზის შედეგად უნდა მიიღებოდეს და არა სწრაფად, ფართხა-ფურთხით და ისეთი არგუმენტებით, რომელიც არასერიოზულია.

არსებობს რაღაც ლობისტური ჯგუფი, რომელიც ცდილობს ისარგებლოს ამ მიმართულებით; მოდური გახდა ამ თემაზე საუბარი და ფაქტობრივად ამ თემამ მოიცვა როგორც ქუჩა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო და ა.შ. ვიღაცამ ჩათვალა, კარგი დროა იმისთვის, რომ ხელები აფათუროს ამ რთული მიმართულებით და თავისი გაიტანოს. თუმცა მისი წარმოება პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება.

„რ": სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც „მეზობელი აფხაზეთი" ისე მოიხსენია. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ფაქტს და რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი მის რეიტინგზე?

გ.ხ: ამ ქალის გამონათქვამების შეფასება უკვე ძალიან მიჭირს. ეს ყველაფერი უკვე აბსურდამდე მიდის. როგორ შეიძლება ამის შეფასება?! იმდენი სისულელე თქვა ამ მოკლე დროში, რომ უკვე შეფასებადაც კი აღარ ღირს.

რეიტინგი მას ისედაც არ აქვს და არჩევნებზე არც ამის იმედად წასულა. მას „ქართული ოცნების" რესურსების იმედი აქვს, რომლის გარეშეც ზურაბიშვილი ათეულშიც ვერ შევიდოდა და ეს თვითონაც იცის.

მთავარი ის არის, რომ ზურაბიშვილის გამონათქვამები სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. მათ შორის, პრობლემას უქმნის სახელმწიფოს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. ასევე, არ ვიცით მომავალში სად და როგორ დაგვხვდება მისი მარგალიტები წინ.

მეორე ტურს არ გამოვრიცხავ და რაც შეეხება გამარჯვების შანს, ხელისუფლების კანდიდატს აქვს უპირატესობა. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე უბედურ დღეში მყოფი ოპოზიცია, არამედ ეს არის რესურსების ჭიდილი. ვისაც მეტი ფული აქვს და მეტს იყიდის, ის მოიგებს არჩევნებს. ბუნებრივია, რომ ეს უპირატესობა ხელისუფლებას აქვს.

ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხელისუფლებას აძლევს ხმას, არამედ პირველი რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატივა არ არსებობს და შესაბამისად, ამომრჩეველი მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს და ამ შემთხვევაში მყიდველი არის ხელისუფლება.

თუკი ზურაბიშვილს პრეზიდენტობა სურდა, მას, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა დაეტოვებინა. გარანტირებული არაფერი არის, მაგრამ სერიოზული უპირატესობა აქვს არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ხელისუფლებას. მან ზურაბიშვილი უნდა აიღოს და დასვას პრეზიდენტად, - ამ პროცესში ვართ ახლა. ეს ხომ არ არის არჩევნები. ეს არის ზურაბიშვილის დანიშვნა პრეზიდენტად, რადგან ოპოზიცია კიდევ უფრო უბედურ დღეშია, რადგან პოლიტიკურმა ელიტამ ალტერნატივები ვერ შექმნა.