„ვინც საქართველოში მარიხუანას წარმოებაზე საუბრობს, მას პირადი ინტერესი ამოძრავებს“

„ვინც საქართველოში მარიხუანას წარმოებაზე საუბრობს, მას პირადი ინტერესი ამოძრავებს“

 „ჩვენ დეკრიმინალიზაცია მოვახდინეთ, მაგრამ ის, რაზეც ახლა არის ლაპარაკი, ლეგალიზაციის ფარგლებს განეკუთვნება და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა. ვინც იმაზე საუბრობს, რომ შიდა ბაზარზე კონტროლს მოახდეს, მას პირადი ინტერესი ამოძრავებს და არა ეროვნული ან სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - საქართველოში მარიხუანას წარმოება ნებადართული ხდება და ამის შესახებ სამუშაო ვარიანტი შსს-მ დეპუტატებს „ქართული ოცნების“ ოფისში ორშაბათს უკვე წარუდგინა.

ამ საკითხთან, ასევე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით „რეზონანსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

რეზონანსი: საქართველოში მარიხუანას წარმოება შესაძლოა ნებადართული გახდეს. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ფაქტს და ამ შემთხვევაში რა შედეგი შეიძლება დადგეს?

ვახტანგ ძაბირაძე: მე ამის შესახებ გავიგე, მაგრამ სერიოზულად არის თუ არა საუბარი, არ ვიცი. განხილვის საგანია? - ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით უარყოფითია. საქართველოში არ უნდა მოხდეს მარიხუანას წარმოება და პლანტაციების გაშენება. ჩვენ არ ვართ მდგრადი ქვეყანა და არც საზოგადოება არის ჩამოყალიბებული. ჩვენნაირი სოცილურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ეს კატასტროფული იქნება.

საუბარი იმაზე, რომ მარიხუანას მთლიანად გაიტანენ საზღვარგარეთ, ეს არის ოცნებებისა და ფანტაზიის სფეროდან. თუკი ამის წარმოება იქნება, ძირითადი მომხმარებელი საქართველოში იქნება, რაც უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან ამის გამკონტროლებელი ხელისუფლება ნამდვილად არ არის.

ქართული ოცნება დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. რას იტყვით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

- მოულოდნელი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მათ განაცხადეს, რომ აპირებდნენ მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დაეჭირათ და ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი იგულისხმებოდა. თავად, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ კენჭი უნდა ეყარა, მიანიშნებდა მოლაპარაკებების არსებობაზე.

თუმცა, იყო მომენტი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, რომ მხარდაჭერაზე უარი ეთქვა და მართლაც, ნეიტრალური ყოფილიყო. საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, როდესაც ის მთლიანად არის დამოუკიდებული „ქართული ოცნების“ ფინანსურ რესურსებზე, დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. „ოცნებას“ თითქოს არ ჰყავს თავისი კანდიდატი, ეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას გულისხმობს.

როგორც ჩანს, ისინი ბოლომდე ფიქრობდნენ, ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინათ თუ ჩართულიყვნენ ამ ორთაბრძოლაში. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გარისკა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ზურაბიშვილის რეიტინგი იგივეა, რაც „ქართულ ოცნებას“ ექნება. ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, წარმატების რაიმე შანსი, ან მეორე ტურში ყოფნის შანსიც კი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ახლა ეს შანსი გაჩნდა და „ოცნების“ მხარდაჭერა, რომ იგი გახდეს პირველივე ტურში გამარჯვებული, დამოკიდებული იქნება იმაზე მივა თუ არა ამომრჩეველი არჩევნებზე და ჩვენ საზოგადოებას ეყოფა თუ არა უნარი იმისა, რომ ერთხელ მაინც უარი უთხრას, როგორც ძველ, ისე ახალი ხელისუფლების კანდიდატს.

თუ ამის შანსი გაჩნდება, მაშინ იმედიც გაჩნდება, რომ ხვალ თუ არა ზეგ მაინც, ჩვენ ნორმალური ქვეყანა ვიცხოვრებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ წრეზე ვიტრიალებთ, რა წრეზეც აქამდე ვტრიალებდით.

მეორე ტურს გამორიცხავთ?

- მეორე ტურს უკვე არ გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა თავად „ოცნების“ მიმართ. ძალიან სწარაფად კარგავს „ქართული ოცნება“ რეიტინგს და უფრო სწრაფად, ვიდრე მოლოდინები იყო. კრიზისში, რომელშიც ეს ქვეყანა ნელ-ნელა შედის, შანსი ჯერ კიდევ დარჩათ, მაგრამ ტემპი კრიზისის გაძლიერებისა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მე ამას ველოდი. მეორე ტური თუ იქნება, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი იქნება.

წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან, ვის გამოყოფდით და რამდენად ნორმალურია იმ საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობა, რაც დღეს არსებობს?

- იმ კანიდატებიდან, ვინც არის დასახელებული, გამოვლენილია ოთხი ფიგურა, ეს არის ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი და ზურაბიშვილი. ეს ოთხი პერსონა, საზოგადოებისთვის აქტუალურია. ბაქრაძესა და ვაშაძეს მშვენიერი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვთ და მათ ჰყავთ ამომრჩევლები ადგილობრივ არჩევნებშიც.

„ოცნების“ მიერ ზურაბიშვილის მხარდაჭერა კი ნიშნავს, რომ მას აფინანსებენ. რაც შეეხება უსუფაშვილს, ის ამ სამიდან გამოირჩევა იმით, რომ იგი არის გაწონანსწორებული და სერიოზული პიროვნება, რაც მთავარია, კარგად არის ჩახედული კონსტიტუციის საკითხებში. თუ უსუფაშვილი გახდება პრეზიდენტი, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდება პრეზიდენტის ინსტიტუტი.

დანარჩენებს, რაც შეეხებათ, ყველაზე მეტად ნათელაშვილი აქტიურობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იგი ქრონიკული კანდიდატია პრეზიდენტობის, რადაგნ იგი ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, რაც კი საქართველოში ყოფილა. სხვა კანდიდატები აქტიურობით არ გამოირჩევიან. ამ ოთხეულში გადაწყდება ვინ იქნება პრეზიდენტი.

განახლებულ აქციებსაც შევეხოთ, როგორ შეაფასებთ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ განახლებულ აქციებს? რას გამოიწვევს ეს აქციები?

- არაფერს ეს აქციები არ გამოიწვევს ახალს. მგონია, რომ მათ არასწორად შეარჩიეს დრო, რადგან ეს თემა ქართული საზოგადოებისთვის უკვე გავლილია. როგორც არ უნდა თავგანწირული იყოს მათ ქმედება, არა მგონია მას ადეკვატური რეაქცია მოჰყვეს. ცხოვრებას თავისი გააქვს და საზოგადოებას კი არ ავიწყდება, მუხტი იკარგება. ეს პრობლება საზოგადოების ცნობიერებაში დაილექება და მუდმივად იქნება „ოცნებისთვის“ პრობლემატური.

იმდენად აქტუალური არ არის, რომ ამ ყველაფერმა საპროტრესტო ტალღა გამოიწვიოს. ეს საპროტესტო ტალღა იყო ერთხელ უკვე და მეტის მიღწევა ამ პროტესტით შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებას მეტის გაღების უნარი არ აქვს.

ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და ის პარტიული ჯგუფები, ვინც თავის დროზე მხარში ედგა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, მაშინ ერთიანი იყო და ახლა, ისინი დაპირისპირებულები არიან. ეს ელექტორატი ამ ყველაფერს ვერ გააერთიანებს, თუმცა ეს ფაქტორი, რომც არ იყოს, იგი არის პირველადი პროცესი.

საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობის პარალელურად, რომელიმე პარტიის მიერ თუ იქნება პოლიტიზირებული აღნიშნული აქციები?

- როგორც არ უნდა იყოს ეს პოლიტიზირებული, თვითონ ეს საარჩევნო პროცესი არის ურთიერთდაპირისპირება და ვერ იქნება ეს თემა საპრეზიდენტო არჩევნებზე გატარებული, ვერ მოხერხდება საპროტესტო ტალღის აგორება.

მოსახლეობაში საპროტესტო რესურსი არ არის იმისთვის, რომ ახალი ტალღა წარმოიქმნას. საპრეზიდენტო არჩევნებია და ისინი ერთად ვერ დადგებიან, რადგან ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან.