[ნანა მაისაშვილი]
ის, რაც გუშინ პრესაგე.ტვ-სთან ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, მეორე დილით უკვე რეალობად იქცა. ირაკლი გედენიძის და მისი ცოლის, ნათია გედენიძის შემდეგ ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, ქურციკიძის აღიარებითი ჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია მერაბიშვილის უწყების ადმინისტრაციის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მასალის გავრცელება მის კომპეტენციაში არ შედის.
უპირველესი მიზეზი, რის გამოც დღესვე არ გაავრცელეს, არის ის, რომ ქურციკიძის ჩვენება დამონტაჟებული არაა და ამიტომ გახდა უცებ „არაკომპეტენტური“ უტიაშვილი.
აქ არის მეორე მომენტიც - თუკი მთლიანად საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს გამოდის, რომ ქურციკიძის ჩვენებასაც ასაიდუმლოებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ ცნებას არ ცნობს.
დილით უკვე ცნობილი იყო ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების შესახებ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ადვოკატ ლალი აფციაურთან ქურციკიძის ბიძაშვილების ვიზიტი, როცა მათ ადვოკატს საქმიდან ჩამოშორება თხოვეს. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს და ეჭვქვეშ აყენებს ბიძაშვილების წარმომავლობას. საქმე ისაა, რომ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, თითქოს, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ აცილება მისცა ადვოკატ ეკა ბესელიას, რომელიც ამ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. ეს ინფორმაცია სააგენტოებს დაუდასტურა ციხის ადმინისტრაციამ.
დილით გავრცელებული ინფორმაცია შუადღით გაქარწყლდა. საპატიმროში ეკა ბესელიამ აბდალაძე მოინახულა, რომელმაც უარყო თითქოს საქმიდან ბესელიას ჩამოცილება მოითხოვა. პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ბესელიამ ასევე დაადასტურა ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების არსებობა. როგორც ჩანს, ახლა ჯერი აბდალაძეზეა.
როგორ და რა გზით მოიპოვა ქურციკიძის აღიარებითი ჩვენება საგამოძიებო ორგანომ? ეს ის კითხვაა, რომელსაც კულუარული მოარული ხმებისა და ვარაუდების დონეზე თუ გავცემთ პასუხს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ქურციკიძის ჩვენება კუდ-მა ჟურნალისტების ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის შემდეგ დადო.
მერაბიშვილთან შეხვედრის მეორე დღეს რამდენიმე ადვოკატი მიდის დაკავებულების მოსანახულებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არ აპირებენ უკან დახევას და არარსებული ბრალის აღიარებას. მეორე დღეს კი ქურციკიძის ჩვენების შესახებ ხდება ცნობილი.
როგორც ამბობენ, გვიან ღამით ციხეში მივიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც ქურციკიძე აიძულეს, ჩვენება დაეწერა. ერთ-ერთი წყარო ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „ზურას, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა - მასზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო“.
რა შეიძლება არსებითად შეცვალოს ქურციკიძის ჩვენებამ ამ საქმეში? თუ ადვოკატებს დავუჯერებთ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს. ამ ფონზე აღიარებითი ჩვენების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი უტყუარი მტკიცებულებებითაა გამყარებული, ან ეს ჩვენებები უტყუარი მტკიცებულებებია. ფოტორეპორტიორების დაკავებიდან საკმარისი დრო გავიდა და წუხანდლამდე არც ქურციკიძე და არც აბდალაძე დაკითხულები არ იყვნენ. აბდალაძე დღეის მდგომარეობითაც არაა დაკითხული. რატომ დააგვიანა კუდ-მა დაკავებულების დაკითხვა, რას ელოდნენ აქამდე და როდის დაკითხავენ აბდალაძეს? - ამ კითხვებს არავინ სცემს პასუხს, ის კი არა, უტიაშვილი, თურმე, უფლებამოსილი პირი არც კი ყოფილა, მერაბიშვილმა კი ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: „ეს ისტერია არ არის, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები“.
ოთხი დაკავებულიდან ერთი - აბდალაძე - თურმე იგორ გიორგაძის აგენტი ყოფილა. პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას იგორ გიორგაძის მომხრეობის ბრალდებით ნასამართლევმა არც ერთმა პირმა არ დაადასტურა აბდალაძის გიორგაძის გარემოცვაში ყოფნა: "არც ჩვენ ვიცნობდით გიორგაძეს და გასამართლებულთაგან ბევრი მისი პარტიის წევრიც კი არ იყო. მსგავსი „ბრალდებები“ დღევანდელ საქართველოში აღარავის უკვირს“.
კიდევ ერთი ფაქტი თუ რატომ დაჩქარდა ქურციკიძისგან ჩვენების მიღება. პირველი - მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მალე დაასრულებდა გამოძიებას და ეს „მალე დაასრულება“ დროში რომ არ გაიწელებოდა, ყველა ხვდებოდა. მეორე - მერაბიშვილთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ევროპის ფოტოსააგენტომ როგორც იქნა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თავის წარმომადგენელს საქართველოში ბოლომდე დაიცავდნენ და მათ არ ჯეროდათ, რომ ქურციკიძე აგენტი იყო. ახლა ევროპის ფოტოსააგენტო კი არა ევროპა ვერ იტყვის ვერაფერს, რომელიც ისედაც არაფერს ამბობს და როგორც პრესაგე.ტვ-სთან ჩეხეთის სათვისტომოს წარმომადგენელი გიორგი ალანია აცხადებს „აქ გავრცელდა მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ თემაზე სრული ინფორმაციული ვაკუუმია, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსში მიმდინარე ჟურნალისტის სასამართლო პროცესის შესახებ ჩეხეთის საინფორმაციო საშულებები უფრო ვრცელ და მეტ ინფორმაციას გადასცემდნენ. საქართველოს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ჩეხეთის და ევროპის ბევრი ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს მხოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილზე გავრცელებული ინფორმაცია. ერთადერთი „შეღავათი“ ისაა, რომ 26 მაისის შემთხვევაში უფრო ნაკლები ინფორმაცია იყო, ამჯერად ცოტა მეტია“.
ანუ საქმის სრული იზოლაცია უკვე სახეზეა. ერთადერთი დაკავებული, რომელიც ჯერჯერობით, ხმას არ იღებს და აღიარებით ჩვენებას არ იძლევა გიორგი აბდალაძეა. ჟურნალისტებისათვის გამოგზავნილი მისი ბოლო წერილიდან ირკვევა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ცოტა ძნელია ადამიანმა სიტყვა თქვა და შეინარჩუნო, მითუმეტეს, რომ აბდალაძე „რაღაც მანქანებით“ აიძულეს და შიმშილობის აქცია შეაწყვეტინეს...