ჯანსუღ ჩარკვიანი: „მთავარი ის კი არ არის, ილიას მშობელი ერი რომ ვართ, ილიას მკვლელებიც რომ ვართ, ეს არის უბედურება“

ჯანსუღ ჩარკვიანი: „მთავარი ის კი არ არის, ილიას მშობელი ერი რომ ვართ, ილიას მკვლელებიც რომ ვართ, ეს არის უბედურება“

[მანანა ნოზაძე]

2010 წლის მაისში, როცა ჯანსუღ ჩარკვიანს პოლიტიკური სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ, გვითხრა, მე ალასანიას ბევრ იდეას ვიზიარებ, რადგან ჭკვიანი და შეგნებული კაცია, მაგრამ ამაში ვერ ვერკვევი, ღირს კი არჩევნებში მონაწილეობის მიღება? მაშინდელმა თვითმმართველობის არჩევნებმა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების იმედი ვერ გაამართლა. ამის მიუხედავად, ჯანსუღ ჩარკვიანი ძველ პოზიციაზეა.  

ოპოზიციურმა „ექვსიანმა“ მთელ საქართველოში სამართლიანი არჩევანისთვის ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანია -მახსოვსდაიწყო. რისი მოლოდინი გაქვთ?

- ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის სურვილზე. იმ დღეს კალათბურთის სასახლეში „ექვსიანისა“ და საზოგადოების შეხვედრისას ისეთი ხალხი ვნახე, რომ ძალიან გამიხარდა. რაღაცნაირად საფუძველი ჩაეყრება იმას, რაც ქართველებს დიდი ხანია არ გვაქვს. ამას ჰქვია ერთობა, ერთი არის ღმერთი, ყველაფერი იქიდან მოდის, როგორც სიყვარული. სიძულვილით ქვეყანა არ შექმნილა. აქ სიყვარულით სავსე ხალხი ვნახე და იმედი მომეცა, რომ ხვალინდელი დღე გადაარჩენს საქართველოს. სიყვარულის ჟამი უნდა დადგეს. გვეყო ამდენი სიძულვილი. იყო დრო, როცა ნაციონალებს ერთმანეთი სძულდათ, მაგრამ შეიკრიბნენ და ერთნი გახდნენ, რათა მოეგოთ ვარდების თუ ეკლების რევოლუცია. იმდროინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ უბრალოდ ივაჟკაცა, სისხლი არ დაღვარა და თავისით წავიდა. თუმცა ისინი, ვინც მაშინ დროებით შეერთდა, ნახეთ, დღეს ერთად თუ არიან? მათგან არავინ ერთად აღარაა. იმიტომ ვამბობ, თუ ერთად არ დადექით, მეთავისეებო, არაფერი გამოვა. ადრე ოპოზიციას ხმამაღლა ვუთხარი კიდეც, ოცი კაცი მაინც ხართ ლიდერი, შეიკრიბეთ, სამი კაცი ამოარჩიეთ და მერე იმ სამმა კაცმა თვითონ თქვას, მათ შორის ერთი ლიდერი ვინ არის. ყველას თუ პრეზიდენტობა უნდა, მაშინ არაფერი გამოვა ქვეყანაზე, დაიღუპება საქართველო.

„რვიანი“ დაიშალა და „ექვსიანად“ ჩამოყალიბდა, არის კიდევ დაშლის საშიშროება?

- სიტყვა ექვსი ძალიან მომწონს, რადგან ახლოს არის და ერითმება სიტყვას „ლექსი“ - ლექსი და ექვსი. ასე რომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ამ ექვსმა, რვამ, თორმეტმა თუ ასმა, აღიაროს პიროვნება, მაგრამ პიროვნება როგორც კი გამოიკვეთა და ამ შემთხვევაში, მე ირაკლი ალასანიას ვგულისხმობ, ორივე მხარემ ომი დაუწყო. დღეს რაღაცნაირად სხვანაირად ვფიქრობ. ირაკლი ალასანია ჩემს დიდ სიმპათიას იმსახურებს. ამ ასაკში კაცი არავისი არ ყოფილა. გახლდათ დიპლომატი,  პოლიტოკოსი და საკუთარ საქმეს აკეთებდა. ალასანიას დროს, რომელიც ჩვენს აფხაზეთს განაგებდა, ეს იყო ერთადერთი კაცი, რომელსაც საერთო ჰქონდა აფხაზებთან. ჩვენი პოლიტიკოსებისგან არავის უთქვამს, - აფხაზო, წახვალ აფხაზეთიდან თუ არა, უმალ რუსად გადაიქცევი. ხოლო, თუ დარჩები საქართველოში, იქნები აფხაზი. ალასანია კი მათ ასეთნაირად ელაპარაკებოდა. „ნაცარქექია“ ყველას გვაქვს წაკითხული. როცა დევს ებრძვი და იცი, რომ მას ძალით ვერ მოერევი, ხერხის გამოყენებაც უნდა იცოდე.

როგორც ვიცი, ნინო ბურჯანაძე თქვენი ნათლულია, მან იმედი გაგიცრუათ?

– მე იმედს არავინ მიცრუებს, იმედებს საკუთარ თავს უცრუებენ. ნინო ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი გოგოა, მისთვის ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 7  ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებიდან უნდა წამოსულიყო  და ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

ფიქრობთ, რომ 26 მაისის გამო პასუხისმგებელი  ნინო ბურჯანაძეცაა?

– ახლა რომელ პასუხისმგებლობაზეა საუბარი? ხალხი გამოვიდა და საზოგადოება თავის თავზე და საქციელზე აგებს პასუხს, როცა გამოდის. რა დააშავა იმ ხალხმა, თავისთვის რომ იდგა? ახლა ვუყურებ, საბერძნეთში, იტალიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ყველგან საპროტესტო გამოსვლებია. აქეთ ერთი მხარე დგას, იქით – მეორე.  შესაძლოა, პოლიცია არ უშვებდეს მომიტინგეებს მეორე მხარეს, შესაძლოა, მომიტინგე ჩხუბობდეს, ქვებიც ესროლოს პოლიციელს, მაგრამ დაიჭირო და ურტყა, ასეთი რამ არსად არ მინახავს. თორემ ნახეთ, რაც ხდება ტელევიზიით და თავად დარწმუნდებით. ჩვენ უბედური ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ქართველი კაცი არ უნდა დაშინდეს, ახლა ბადრი ბიწაძის დაჭერა რატომ უნდათ? იმიტომ, რომ ის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა. ხოლო ნინო რომ დაიჭირონ, ეს მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამიტომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ და იჭერენ მის ქმარს.

ბურჯანაძის ადგილს თუ ხედავთ „ექვსიანთან“?

– ვფიქრობ, რამდენი პარტიაცაა საქართველოში, უნდა გაერთიანდეს. რაც უნდა ის დაირქვან, ოღონდ ერთად იყვნენ. მთავარია, საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი. დღეს „ექვსეულში“ ვინცაა, მე ყველას პატივს ვცემ, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, მომეცით ხმა, ახლავე მე უნდა გავხდე პრეზიდენტიო. ალასანიას ეს არასდროს არ უთქვამს.

როგორ ფიქრობთ, არ სურს პრეზიდენტობა?

– არა, პრეზიდენტობის ნდომა-არნდომაზე არაა საქმე. მთავარია, ხალხს უნდოდეს მისი პრეზიდენტობა. მაგალითად, მე სიამოვნებით მივემხრობოდი, მაგრამ არ გამიგია მისგან, ხალხო, მოდით ჩქარა, მომეცით ხმა და მე უნდა ვიყო პრეზიდენტიო.

რელიგიური უმცირესობებისთვის პრივილეგიების მინიჭებას რით ახსნით?

– ამას დიდი შეფასება არ უნდა, ასეთ დროს ორი მხარე იკვეთება: ხელისუფლება და დედა ეკლესია, ცალკე არის უწმინდესი და უნეტარესი და, იმავდროულად, ცალკე არის პრეზიდენტი. მე ვემხრობი უწმინდესსა და უნეტარეს. უნდა მორიგდნენ ესენი, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის, ახლა მთავარია, ამ ხელისუფლებამ სომხებს „გაუგოროს“, რათა საქართველო სომხების გახდეს. სწორედ ამის მიღწევა უნდათ. ამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, მთავარი ის კი არ არის, ილიას მშობელი ერი რომ ვართ, ილიას მკვლელებიც რომ ვართ, ეს არის უბედურება.