[რეზონანსი, მაკა ხარაზიშვილი]
კახეთში საზამთროს არნახული მოსავალია. წლევანდელი სიუხვე საზამთროს ფასს უკვე შეეტყო. სეზონი ახლა დაიწყო და საცალო ქსელში 1 კილოგრამი საზამთრო უკვე 35-40 თეთრი ღირს. გლეხები კი ადგილზე 20-22 თეთრად აბარებენ. ფასი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი ბაზრის სიმცირის გამო, მოსავლიანობა თუ მოუსავლიანობა, თითქმის, ერთი შედეგის მომტანია. რუსეთის ბაზრის დაკეტვამ ეს კულტურაც არარენტაბელური გახადა.
კახელები წუხილით იგონებენ იმ დღეს, როდესაც საზამთროს მოსავალს რუსეთის გზას გაუყენებდნენ. მაშინ შრომასაც ფასი ჰქონდა და ფულის ხარჯვასაც. რაც დრო გადის საზამთროს მოყვანა უფრო ძვირი ჯდება, ვინაიდან მინერალებისგან დაცლილი, გამოფიტული მიწა ძვირადღირებულ და დიდი ოდენობით სასუქს მოითხოვს. საზამთროს ფასი კი წლებია არ იცვლება, პირიქით, შარშანდელთან შედარებით, წელს, პროდუქტი ბევრად იაფია. ვაჭრების ვარაუდით კი, აგვისტოსთვის 1 კილოგრამი საზამთროს საცალო სარეალიზაციო ფასი 20-25 თეთრამდე ჩამოვა, საბითუმო კი 10-12 თეთრი იქნება.
„შარშან კიდევ რა გვიშავდა. ამ დროს კილოგრამ საზამთროს 35 თეთრად ვაბარებდი. ახლა კი, ვაჭრების 20 თეთრზე დაყოლიებაც ჭირს. გლეხს უხვი მოსავალის დანახვა უნდა გახარებდეს, მაგრამ ჩვენს დროში სიუხვე თავის ტკივილი გახდა. ველოდები, რომ „ბაღი“ (ანუ მთლიანი მოსავალი) 25 თეთრად მაინც გავატანო ვინმეს, მაგრამ არ არის მყიდველი. ამასობაში საზამთრო გადამწიფდა და ფუჭდება. იძულებული ვარ იაფად ჩავაბარო. მე რაღა უნდა დამრჩეს.
ყოველ წელს იმ აზრზე ვდგები, რომ „ბაღს“ აღარ მოვიყვან, მაგრამ გლეხმა სხვა რა გავაკეთო? მერე ჩვენ ხელისუფლებას უკვირს გლეხი სოფელს რატომ ტოვებსო. ა, ბატონო, ჩვენი საქმე გავაკეთეთ მოვიყვანეთ მოსავალი, ახლა შენ შენი საქმე გააკეთე ხელის შეუწყე რეალიზაციას, ექსპორტს. მოსავალი ბევრი მოვიდა, ხარისხი კარგია, ფული და ჯანი არ დავზოგეთ, ახლა მთავრობამ მაჩვენოს რას აკეთებს“, - ამბობს ყვარლელი ვანო ზუბიტაშვილი.
კიდევ ერთ კახელ გლეხს, ნოდარ ბერუაშვილს წლეულს 25 ტონა საზამთროს მოსავლის მიღება ეიმედება. ბაღის მოვლას დაახლეობით 3 ათასი ლარი დაახარჯა. საზამთროდან მიღებული შემოსავლით, 1 წლის განმავლობაში ოჯახიც უნდა გამოკვებოს, თბილისში 2 შვილის სწავლისა და ბინის ქირაც უნდა გადაიხადოს. დაბალი ფასის გამო კი, ბერუაშვილი ფიქრობს, საზამთროს შემოსავლით მხოლოდ შვილების სწავლის ფულს გადაიხდის.
„გაჭირვებულ კახელზე რამეს რომ გაიგებენ, უკვირთ. კახეთში კაცს როგორ უნდა უჭირდეს მადლიანი მიწააო. მიწა, ღმერთის წყალობით ნაყოფიერი გვაქვს. როდესაც, საზამთროს 20 თეთრად ყიდულობთ და ყურძენს 25 თეთრად, ხოლო ყველა სხვა პროდუქტს ცეცხლის ფასი ადევს, ამაზე დაფიქრდით და მიხვდებით თუ რატომ გვიჭირს კახელებს.
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ყველა პროდუქტი 200-300%-ით გაძვირდა ყურძნისა და საზამთროს გარდა. ასევე გაძვირდა საწვავი, შხამ-ქიმიკატები, ამიტომაც კახელი გლეხის შრომა ყოველ წელს წყალში იყრება. „ბაღი“ ახლა მოვიდა და საზამთროს ჩაბარება 20 თეთრადაც კი გვიჭირს. აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მოსავლის რაოდენობა პიკს მიაღწევს, მისი ფასი, ალბათ, 5 თეთრი იქნება. ანუ ერთი ცალი ასანთის ფასი. აი, ამიტომაც გვიჭირს კახელებს. 5 თეთრი კი არა 15 თეთრადაც გაყიდვა ზარალზე წასვლას ნიშნავს.
ჩვენ მეტი არაფერი გვაბადია, ვშრომობთ და მაინც სიღარიბეში ვიხრჩობით. საქართველოში, ყველა ქვეყნიდან შემოდის ნაგავი პროდუქტი, საქართველოდან კი სხვა ქვეყნებში არაფერი გადის. რუსეთის ბაზარი რომ არ დაკეტილიყო, ჩვენ შრომას უფრო მეტი ფასი დაედებოდა. წელებზე ფეხს დავიდგამდით უფრო მეტს მოსავალს მოვიყვანდით, კარგადაც გავყიდიდით და სიღარიბეში აღარ ვიცხოვრებდით“, - ამბობს ნოდარ ბერუაშვილი.
დაბალი ფასის მიუხედავად, რეალიზაციას ვაჭრებიც კი უჩივიან. თბილსისი ქუჩებში საზამთროები მანქანებით არის ჩამწკრივებული და რჩება შთაბეჭდილება, რომ მყიდველზე მეტი გამყიდველია.
„1 კილოგრამს 40 თეთრად ვყიდით, მაგრამ ვაჭრობა არ არის. მიუხდავად იმისა, რომ შარშან საზამთრო უფრო ძვირი ღირდა, კარგი ვაჭრობა იყო. მაგალითად, შარშან დღეში 400-500 კილო საზამთროს ვყიდდი, საზონზე, დაახლოებით, 4 ათასი ლარი რჩებოდა. ახლა 200 კილომდე თუ გავყიდეთ, ესეც მიღწევაა. მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ყველამ საზამთროს გაყიდვა დაიწყო. გაიხედეთ, მარტო ამ ქუჩაზე რამდენი მანქანა დგას. საზამთრო ბევრია, მყიდველი კი ცოტა ან შეიძლება მყიდველი იმდენივეა, მაგრამ ვაჭარია ბევრი. ხალხს სამუშაო არ აქვს და ფულის შოვნას ყველა ვაჭრობით ცდილობს“, -ამბობს ლადო ცხადაძე.
გადასახადს იხდით?
– არა, გადასახადს არავინ გვთხოვს. საზამთროს გასაყიდად ნებართვის მიღებაც უფასო და მარტივია. სადაც საზამთროს გაყიდვას აპირებ, იმ რაიონის გამგეობაში მიხვალ, კონკრეტული ადგილისთვის ნებართვას იღებ. აკრძალვა მარტო ის არის, რომ ქუჩაში მაგიდები არ უნდა მოაწყო, როგორც შარშან იყო, საზამთრო არც მიწაზე უნდა დაალაგო. მანქანით, სადაც გინდა იქ დადექი და ივაჭრე. ამ მხრივ პრობლემა არ არის, პრობლემა რეალიზაციაშია. ეს დალოცვილი იმდენია, რომ პრობლემა შეექმნა გლეხსაც და ვაჭარსაც.
სხვათა შორის, 24 ივნისს ლაგოდეხში მოსულმა სეტყვამ საზამთროს ბევრი ბაღი დააზიანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან მოსავლის სიუხვეზე არ იმოქმედა. ერთი კი ცხადია, არსებულ პრობლემაზე ხელისუფლება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა დაფიქრდეს და შეიმუშავოს სტრატეგია თუ როგორ დაეხმაროს გლეხს, სად შეიძლება საზამთროს ექსპორტირება.