გია ხუხაშვილი: “კონფესიებისთვის პრივილეგიების მინიჭებით პანდორას ყუთი გახსნეს”

გია ხუხაშვილი: “კონფესიებისთვის პრივილეგიების მინიჭებით პანდორას ყუთი გახსნეს”

რელიგიური გაერთიანებებისთვის პრივილეგიების მინიჭების კანონის მიღებასთან დაკავშირებით მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავიდან მკვეთრი პოზიცია გამოიხატა, თუმცა სინოდის სხდომის შემდეგ მოვლენები ხელისუფლებასთან დაზავებით დასრულდა. ამან კატეგორიული გადაწყვეტილების მომლოდინე მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია.

უკვე გაკეთდა პირველი შეფასებებიც, რომ „დედაეკლესიამ დათმო“, რომ „ამ გადაწყვეტილებით მართლმადიდებლებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი“, რომ „რელიგიური გაერთიანებებისთვის კანონის მიღებით პატრიარქი ”დასაჯეს”, რომ „პატრიარქის ერთ დაძახებაზე ქუჩაში  გამოსული აურაცხელი ხალხი დედაეკლესიის მხრიდან ხელმეორედ მოწოდების შემთხვევაში, ასეთივე პათოსს აღარ გამოავლენს“... რომ „ლაშა თორდია არ არის ის პირი, რომლის ხატზე დაფიცებასაც შეიძლება ენდო“, რომ „შესაძლოა, ლაშა თორდია სულაც აღარ იყოს პარლამენტში მაღალ თანამდებობაზე და მაშინ ვინ დაუდგება თავდებად დედაეკლესიას?!“...  

სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი გაუგებრობა პარლამენტის ბიუროს მიერ უპრეცენდენტოდ დამტკიცებულმა, დაზუსტებული განმარტებითი ბარათის ერთმა აბზაცმა გამოიწვია. კერძოდ, ამ ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის ქონებას განეკუთვნება მართლმადიდებლური ტაძრები, ნანგრევები და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. თუმცა არაფერია ნათქვამი იმ სადაო ტაძრებსა და ნანგრევებზე, რომლებიც ეკლესიის ქონებად არ აღირიცხება. შესაბამისად, როგორც კი ეკონომიკის სამინისტრო მოისურვებს, ამ ქონებას გაასხვისებს კიდეც. იგივე შეიძლება ითქვას სადავო ეკლესიების გადაცემაზეც. 

ამასობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას კვლავაც რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების პრიზმით უდგებიან. შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები მიესალმებიან მართლმადიდებლების პოზიციას და მას რწმენის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავენ. 

სამაგიეროდ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბევრად უფრო ფხიზლად აფასებენ აზერბაიჯანლები და სწორედ გარეგინ მეორის სკანდალურ ვიზიტს უკავშირებენ ქართული ეკლესიისთვის პრობლემების შექმნის დაჩქარებას.

აზერბაიჯანულ ფორუმებზე უფრო თამამად წერენ ამ ვიზიტის შესახებ და გარეგინ მეორეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინაშე გამოვლენილ ”ეთიკას” უწუნებენ. აქვე, აზერბაიჯანლებს საქართველოს კათალიკოსის დარბაისლობაც არ გამოპარვიათ, რომელმაც გარეგინ მეორის მიმართ დიდსულოვნად შეიკავა თავი და მისი საქციელი მის ”ახალგაზრდულ ასაკსა”  და ”გამოუცდელობას” მიაწერა.

გარეგინ მეორის ქცევის მანერამ აზერბაიჯანლებს ქვის ხანა გაახსენა და იგი ისტორიაში ყველაზე ”მობლატავე” კათალიკოსად მოიხსენიეს. ეს იმის მიუხედავად, რომ ეჩმიაძინის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ მელიქიანმა ორი კათალიკოსოს შეხვედრის ამსახველ, ინტერნეტში განთავსებულ მასალას მონტაჟი უწოდა.    

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ  რელიგიური გაერთიანებებისთვის პრივილეგიების მინიჭებით ხელისუფლებამ პანდორას ყუთი გახსნა, რის შედეგადაც საქართველოს ეკლესიას სხვა ქვეყნებში საკუთარი უფლების დაცვა გაუჭირდება.

- რელიგიური კონფესიებისთვის პრივილეგიების შესახებ მინიჭების საკითხი სომეხთა პატრიარქისა და შემდგომ უკვე მათი საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უკავშირდება. სომხეთმა ჩართო ორივე კომპონენტი, როგორც რელიგიური, ასევე, -პოლიტიკური. რელიგიური ვიზიტის დროს მათ შედეგი ვერ მიიღეს, უნდოდათ საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა, რათა ქართული მხარე დათმობებზე წასულიყო, ხოლო თავად არაფერი დაეთმოთ. პატრიარქის პასუხი კი იყო, კი ბატონოო. აქ უარზე არ ყოფილა საუბარი, არამედ ადექვატური სტატუსი რომ მინიჭებოდა ქართულ ეკლესიას სომხეთში. როგორც ჩანს, ეს არ შედიოდა სომხეთის ინტერესებში, რის შემდეგაც უკვე პოლიტიკური კომპონენტი ჩაერთო და მათი მიზნები მიღწეულ იქნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად ჩანს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დამატებითი განმარტებები გვჭირდება. ისე უცნაურად, სწრაფად და ყოველგვარი განხილვის გარეშე გადაწყდა ეს საკითხი, რაც დროში ძალიან ემთხვევა სომხების ვიზიტს, რომ საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება გვქონდეს, რომ ეს ნამდვილად ასეა და არა-სხვანაირად.

როგორ გგონიათ, ამიერიდან ქართულ ეკლესიას სხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების დაცვა გაუჭირდება?

- რაც შეეხება საკუთრივ საკითხს, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, მინიმუმ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკლესიას იმისთვის, რათა თავისი ინტერესები დაეცვა სხვა ქვეყნებში, ეს ერთადერთი ბერკეტი რჩებოდა. ამით შეიძლებოდა ბალანსისა და საკუთარ ინტერესთა დაცვა. საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ კი ჩვენს ეკლესიას ეს ბერკეტი წაართვა და მას არანაირი საშუალება არ დაუტოვა, რომ ქართული ეკლესიების ინტერესი დაიცვას უცხო ქვეყნებში. თუნდაც ტაო-კლარჯეთსა და ბევრ სხვა ადგილზე, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშიც და იმავე, კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობაშიც.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს სახელმწიფოებრივად, რბილად რომ ვთქვათ, უმძიმესი შეცდომაა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს შეჩვეულნი ვართ. გარდა ამისა, სომხეთის ეკლესიას ფაქტობრივად საშუალება მიეცა, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიიღოს, ის, რასაც ითხოვდა. ანუ, გარდა სტატუსისა, მიიღოს, აგრეთვე, ქონება, ეკლესიები. მათი პრეტენზიები ძალიან შორს წავა, რასაც ძალიან მალე ვნახავთ. მხოლოდ ორ და სამ ეკლესიაზე საუბარი არ იქნება. ვიღაცას ჰგონია, რომ სომხეთთან პრობლემა მოაგვარა... ვფიქრობ, სინამდვილეში, ამით გახსნეს პანდორას ყუთი, რასაც შეიძლება ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვეს.

ქრისტიან-დემოკრატებმა მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების თაობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მაგრამ ასეთი ქმედება უშველის ამ პრობლემის გადაწყვეტას?

- ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების თაობაზე მათ მართლაც დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. იმის ნაცვლად, რომ საგნობრივ საკითხზე ელაპარაკათ, ისევ პოპულიზმით დაკავდნენ. ამ თემის დისკრედიტაციის მიზნით აკეთებენ ამას თუ რა მიზნით, ჩემთვის გაუგებარია. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში აქტიურად გაეპროტესტებინათ მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ოფიციალურ რელიგიად ჩვენი რელიგიის გამოცხადება ამ საქმესთან ირიბ კავშირშია, მაგრამ ეს არ არის საგნობრივი საუბარი. ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვის რა შეფასებას მისცემს დღევანდელ პროცესში.

რა ბერკეტი აქვს ქართულ ეკლესიას?

- ქართულ ეკლესიას არანაირი ბერკეტი არ აქვს, რადგან სამართლებრივად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია გამოთქვა. ერთადერთი, რაც გახლდათ დარჩენილი, ეს იყო უზენაესი ნება, ანუ პრეზიდენტის ხელმოწერა ამ კანონზე. თუმცა თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდით, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი“. 

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე იხსენებს, რომ საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისთვის პრივილეგიების კანონის მინიჭების  საკითხი სხვა დროსაც მდგარა.

”თუ არ ვცდები, 2002 წელს ამის განხილვა მოხდა უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიაში, პარლამენტის სხდომაზე და საბოლოოდ  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება შედგა. ახლა ისე გააკეთეს, თითქოს ეს კანონი არ არსებობს. ან რა ეჩქარებათ, ან რატომ აკეთებენ - ჩემთვის გაუგებარია. სომხების გარდა, რომელი რელიგიური უმცირესობა აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია ან მოსახლეობა მას ავიწროებს?! გახსენდებათ ერთი ფაქტი მაინც, თითქოს ქართველებმა ეროვნული და სარწმუნეობრივი ნიშნით, ვინმეს ზიანი მიაყენეს?!” - კითულობს მარიკა ლორთქიფანიძე პრესაგე. ტვ-სთან საუბარში.

ამდენად, ისტორიკოსისთვის სრულიად გაუგებარია ის მოთხოვნები, რომლითაც ზოგიერთი ხალხი მკვიდრ ქართულ მოსახლეობაზე მეტ უფლებებს მოითხოვს ქართულ სახელმწიფოში.

”ასეთი რამ სხვაგან სრულიად მიუღებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ჩვენი პრეზიდენტისთვის მისაღებია. ამავე დროს, არ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ მათი ეკლესიებისთვის კანონი, მაშინ, როცა ჩვენი ეკლესიებისთვის არსად არანაირი კანონი არ არსებობს. აქ უნდა იყოს თანაბარი მდგომარეობა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის ისტორიაში, ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში, ამ თვითშეგნების შენარჩუნებაში. არ შეიძლება, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამ ეკლესიის როლი გავუთანაბროთ იეღოველებს, ბაპტისტებს. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია”, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, როდესაც ჩამოვიდა სომეხთა პატრიარქი და ორ პატრიარქს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სომხების პატრიარქმა საქართველოში სომხური ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რაზეც ჩვენმა პატრიარქმა უპასუხა, რომ მაშინ ქართული ეკლესიისათვისაც სომხეთში სტატუსი უნდა არსებობდეს.

”საზეიმო მიღებაზე, როცა ჩვენმა პატრიარქმა სიტყვა წარმოთქვა, ასეთნაირად ბრძანა: „შევთანხმდით და, თუ ამას მივიღებთ, სომხებმაც უნდა მიიღონო. თუმცა ამის შემდეგ გამოვიდა სომეხთა პატრიარქი და ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. ვერ გავიგე, რაშია საქმე? სწორედ სომხების პატრიარქის ვიზიტით აიხსნება საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილება. ისტორიული თვალსაზრისითაც, ეს სრულიად მიუღებელია, რადგან ჩვენთან სახელმწიფოს რანგში უნდა იყოს აყვანილი მართლმადიდებელი ქრისტიანობა”.