[თეონა ხარაბაძე]
სვეტიცხოველში პრეზიდენტის მომხრეების მიყვანა ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმამ უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაცია პრესაჯი.ტვ-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, (რომელიც ვეფხვაძის ოჯახს კარგად იცნობს), მიაწოდა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.
როდესაც ქვეყანაში ადამიანს რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ პროტესტს ხმამაღლა, შიშის გამო, ვერ გამოთქვამს, ძნელია, დემოკრატია ეწოდოს. მაგრამ საქართველოში დღეს დემოკრატიად რატომღაც ის ითვლება, თუ ყველა კუთხეში „მიშა მაგარიას“ ყვირი.
ის, რაც სვეტიცხოვლობა დღეს სვეტიცხოვლის ეზოში მოხდა, საზოგადოების დიდმაა აწილმა შეურაცხყოფად მიიღო, რადგან წარმოუდგენელია, რელიგიურ დღესასწაულზე ეკლესიაში სალოცავად მისული ადამიანი პრეზიდენტის სახელს ყვიროდეს და მის დანახვაზე თვალებზე ცრემლები ადგებოდეს. მითუმეტეს, თუ ორი დღით ადრე, ეს საზოგადოება ამ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკმაოდ მწვავედ აპროტესტებდა.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ სვეტიცხოვლის ეზოში რიგითი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი და სააკაშვილს ხელებს უკოცნიდნენ.
მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხალხი ის „სანდო“ ადამიანები იყვნენ, ვინც სწორედ იმისთვის მიიყვანეს იქ, რომ სააკაშვილით აღფრთოვანება გამოეხატათ და მადლობები ეხადათ. პრინციპში, ეს ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის შესაგებებლად მუდმივად ხან მინაშვილის სიდედრი, ხან მსგავსი ფიგურების ახლობელი და ხან რომელიმე გამგებლის ბიძაშვილი და მამიდაშვილი მიჰყავთ. შემდეგ კი ნაციონალური ტელეარხების მიერ, ეს ისე პიარდება, თითქოს რიგითი ადამიანები ისე არიან ქვეყნის და საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილნი, რომ პრეზიდენტის დანახვისას მადლობის სათქმელად მიწაზე ხოხავენ.
ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ პრეზიდენტის სვეტიცხოველში მისვლა სწორედ ამ სცენარით წარიმართა.
სააკაშვილის მისვლამდე სვეტიცხოვლის ეზოში შესასვლელი დაცვამ გადაკეტა და არავის უშვებდნენ. შემდეგ უკვე შსს-ს „პიკაპებით“ მოიყვანეს ხალხი და შესასვლელთან ჩამწკრივდნენ. (ცნობისთვის, ასეთ მანქანაში ოცამდე ადამიანი ეტევა). სვეტიცხოვლის შესასვლელთან ასეთი მანქანები საკმაო რაოდენობით იყო გაჩერებული.
რა თქმა უნდა, ამ მანქანებში სპეცტანსაცმლიანი არავინ მჯდარა და მათი ძირითადი ნაწილიც ისე იყო ჩაცმული, რომ მორწმუნე მრევლს დამსგავსებოდა. მაგრამ, ამ ხალხის ეზოში შეყვანას და კონკრეტულად იმ ადგილას განლაგებას, სადაც პრეზიდენტს უნდა გაევლო შსს-ს მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ.
ცხადია, არც ეს არის გასაკვირი, რადგან ასეთ რამეებს უკვე მიჩვეულები ვართ. მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ამ ოპერაციას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმა მირიან ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.
მირიან ჩიქოვანი შსს-ში კუდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და სწორედ მისი მითითებებით მოქმედებდნენ იქ მიყვანილი ადამიანები და იგი ანიშნებდა, ვინ უნდა მოხვეოდა სააკაშვილს და ვინ არა.
თუკი ლევან ვეფხვაძის ცოლის თანამდებობას გავითვალისწინებთ, რომელიც წლების განმავლობაში გია ბარამიძის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს და ყველა იმ სტრუქტურაში ეს თანამდებობა უკავია, სადაც ბარამიძე ინიშნება, მისი ძმის შსს-ში თანამდებობაზე ყოფნა გასაკვირი ნამდვილად აღარ არის.
ჩვენ დავინტერესდით, რა რეაქცია ჰქონდა ლევან ვეფხვაძეს ამ ყველაფერზე, მაგრამ იგი ტელეფონის ზარებს დაჟინებით არ პასუხობდა.