მურმან დუმბაძის ცემა-წამების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მურმან დუმბაძის ცემა-წამების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე, თბილისის პროკურატურაში 15 ივლისს, 12 საათზე, მისი ცემა-წამების ფაქტზე ჩვენებას მისცემს. ამის შესახებ ”ობიექტივს” თავად მურმან დუმბაძემ განუცხადა.

მურმან დუმბაძე: 13 ივლისს თბილისის პროკურატურიდან გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ 26 მაისს, გამთენიისას, თქვენზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გთხოვთ, 15 ივლისს, 12 საათზე ჩვენება მომცეთო.

გამოძიება რის საფუძველზე დაიწყო?

-როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, გამოძიება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

ვინ დაიცავს თქვენს უფლებებს?

-ადვოკატი მედეა ვასაძე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ საქმის გაწელვას და გაჯანჯლებას არ ვაპირებ, რადგან პრაქტიკულად ვერ ვადასტურებ ვინ იყვნენ ეს პოლიციელები. მე მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ მათ სახელმწიფო ფორმა ეცვათ. მე მათი გვარი და სახელი არ ვიცი. მათი სახეზე ამოცნობაც კი არ შემიძლია, რადგან ჩემთან მიმართებაში იმდენად მძიმე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, რომ მათი სახეების დამახსოვრება ვერ შევძელი.

ასე რომ გვარს ვერ ვასახელებ, სახელს ვერ ვასახელებ - მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რაც ტელეეთერით და საგაზეთო ინტერვიუებში ვთქვი.

როგორ აფასებთ იმას, რომ პროკურატურამ თქვენი ცემა-წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო?

-განცხადებები გაკეთებული ჰქონდათ: ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, ”რესპუბლიკურ პარტიას”, ”თავისუფალ საქართველოს”, ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატებს - მედეა ვასაძეს და ჯუმბერ მილორავას, რომელიც ამავდროულად, მედეა-კავშირ ”ობიექტივის” ადვოკატთა ჯგუფის წევრია. თავად მე გავაკეთე განცხადებები ”ობიექტივის”, ”ტვ25”-ის და ”კავკასიას” ეთერში. როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, ესაა იმის საფუძველი, რომ დავიკითხო. ასე რომ ვალდებული ვარ ჩვენება მივცე.

რას ელით ამ გამოძიებისგან?

-არაფერს არ ველი. ეს არის დროის გაყვანის და ქაღალდის ხარჯვის ტაქტიკა, მეტი არაფერი, რადგან ამ სახელმწიფოში სასამართლო და სამართალწარმოება, როგორც ასეთი, არ არსებობს და გამომდინარე აქედან, სამართლიანობის მოპოვება ამ თვალსაზრისით შეუძლებელია.

ჩვენი ამოცანა რეჟიმის შეცვლა უნდა იყოს, რაც პირადად ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესია, რეჟიმი აუცილებლად დასრულდება და ჩემი ამოცანაა რეჟიმის ცვლილება უფრო დაჩქარდეს და ამაში მონაწილეობა მეც მივიღო.

რა მოხდა გუშინ, 13 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 21 მაისს დაკავებული 7 ადამიანის პროცესი გაიმართა?

-საქმის არსებითი განხილვა მიდიოდა და მორიგი პროცესი 28 ივლისისთვის ჩანიშნეს. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ მე და თემურ შაშიაშვილი ალბათ, 28-ში მოწმის სტატუსით დავიკითხებით, რადგან გუშინდელ პროცესზე სასამართლომ ჩვენი გვარები მოწმის სტატუსით დასაკითხ პირთა სიაში ამოიკითხა. ჩვენ საკმაოდ დიდი სიცხადის შეტანა შეგვიძლია სასამართლო პროცესში.

http://www.obieqtivi.net/?newsDetail=4253