„ნიტრატმზომები გააუქმეს იმ კორუფციული სისტემის კარნახით, რომლითაც იკვებებოდა ზოგიერთი ჩინოვნიკი“.

„ნიტრატმზომები გააუქმეს იმ კორუფციული სისტემის კარნახით, რომლითაც იკვებებოდა ზოგიერთი ჩინოვნიკი“.

საქართველოში მომხმარებლის უფლებები რომ დაუცველია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არის განიარაღებული ჩვენი მომხმარებელი და რატომ არ შეუძლია თავის დაცვა პროდუქციის შესამოწმებელი უბრალო აპარატით, როგორც ეს უცხოეთშია აპრობირებული?!

საუბარია ნიტრატმზომებზე, რომელიც ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. უცხოელ მომხმარებელს არავინ უკრძალავს ამ მეთოდით პროდუქციის ხარისხის შემოწმებას. სამაგიეროდ, საქართველოში იმის წარმოდგენაც რთულია, რა ბედი ელის ნიტრატმზომით აღჭურვილ მომხმარებელს, რომელსაც გამყიდველები ველური მეთოდებით გაუსწორდებიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ნიტრატმზომების გამოყენება მომხმარებლის უფლებების დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა და სასურველია, ის ქართველ მომხმარებლებსაც გააჩნდეთ.

„ერთმა ადამიანმა დამირეკა, რატომ არ იყიდება ნიტრატმზომებიო, რაც ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. ევროპაში დიდი მარკერისნაირი ფორმის ნიტრატომზომი ყველას ჯიბეში უდევს, ჩაარჭობს პროდუქციას და ისიც უჩვენებს, პროდუქტი კარგია, თუ ცუდი. სხვათა შორის, უცხოელი ფერმერებიც ამ მეთოდით ამოწმებენ საკუთარი პროდუქციის ვარგისიანობას. ჩვენთან ერთხელ შემოიტანეს ნიტრატმზომები იმ განზრახვით, იქნებ, ფერმერებმა იყიდონ და გაზომონ თავიანთ პროდუქციაში ნიტრატების შემადგენლობა, მაგრამ ერთ-ერთმა ფერმერმა დაუფარავად მითხრა, ამ აპარატს არ ვყიდულობ, რადგან ფერმერმა რომ გაზომოს თავისი პროდუქცია და ნიტრატები მეტი იყოს, განა არ გაყიდის საკუთარ პროდუქციასო? მართლაც ასეა, ჩვენი ფერმერები მაინც გაყიდიან უხარისხო პროდუქციას“,-აღნიშნა ამირან შენგელიამ.

მისივე განმარტებით, ნიტრატმზომის ღირებულება სადღაც 200-300 ლარის ფარგლებშია. არის უფრო პროფესიონალური ნიტრატომზომებიც, 380 დოლარის ფარგლებში, მაგრამ საქართველოში პრობლემაა ის, რომ გამყიდველები არ გაგაზომინებენ თავიანთ ნედლეულში ნიტრატების დონეს. მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან, რა ნაკლიც აქვს მათ პროდუქციას. პრობლემაა ისიც, რომ, თუკი იყიდი პროდუქტს და ნიტრატმზომით გაზომავ, გამყიდველი უკან აღარ დაიბრუნებს, რადგან პროდუქტს რომ უჩხვლეტ, მასზე 3-მილიმეტრიანი ნახვრეტი კეთდება.

„სასურველია, ყველას ჰქონდეს ნიტრატმზომი. ჩვენს ნებისმიერ ბაზარში ვერ იპოვით პროდუქტს, რომელსაც ნიტრატი არ ჰქონდეს, უბრალოდ, აქ საუბარია მეტ-ნაკლებობაზე. ეს იმისთვის კეთდება, რომ ერთ პატარა მიწის ნაკვეთზე რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოუვიდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ გამოსავალი შხამ-ქიმიკატების გაძვირებაშია, მაგრამ გამყიდველები მაშინაც ნახავენ გამოსავალს და პროდუქტს გააძვირებენ“.

„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ რამდენიმე წლის წინ შესაბამისი დადგენილებით ნიტრატმზომები ამოიღეს ხმარებიდან. ეს ის პერიოდი იყო, როცა პროდუქციის მავნებლობის შესახებ საგანგაშო მონაცემები ფიქსირდებოდა, ბევრი მომხმარებელი განათლდა იმ კუთხით, რომ უხარისხო პროდუქცია აღარ უნდა ეყიდა, ამიტომაც ბაზარში ნიტრატმზომებით აღჭურვილები მიდიოდნენ და ნიტრატმზმების შემოტანაც დაიწყო რომელიღაც კომპანიამ საქართველოში, რადგან ამ აპარატზე დიდი მოთხოვნილება იყო. მომხმარებელს შეძლო, ჩაერჭო და იქვე ადგილზე შეემოწმებინა პროდუქციის ხარისხიანობა.

„ნიტრატმზომები აჩვენებდა, რომ მდგომარეობა საგანგაშო იყო, ამიტომ ბაზარში მხოლოდ ერთეულ ადგილებზე ხდებოდა შედარებით ვარგისიანი პროდუქტების შესყიდვა. ეს სტატისტიკა როდესაც დაიდო და შესაბამისი სამსახურები როცა დარწმუნდნენ, რომ სიტუაცია ახლო მომავალში აფეთქდებოდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარი დადგენილებით ნიტრატმზომები საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან. მომხმარებელს არ უნდა ენახა, რა საწამლავს მიირთმევდა თავად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. ნიტრატმზომების გაუქმება მოხდა იმ კორუფციული სისტემის კარნახით, რომლითაც იკვებებოდა ზოგიერთი ჩვენი ჩინოვნიკი“,-აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და აინტერესებს, როდესაც კილოგრამიან კარტოფილს წავაწყდებით ბაზარში, განა ეს ნორმალურია?!

მისივე თქმით, ყველას გვახსოვს ჩვენი პატარაობა, უფროსი თაობის ადამიანებს მაინც უნახავთ სოფელი და კარგად იციან, რომ ბებია-ბაბუებთან ერთად როცა გავდიოდით ბოსტანში, მაქსიმუმ, სტაფილო უნდა ყოფილიყო დაახლოებით ერთი მტკაველის ხელა. ახლა კი 30-სანტიმეტრიანი დახეთქილი სტაფილოები იყიდება. ასეთი ზომის საკვები პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული სწორედ იმ ქიმიური დანამატების შედეგია, რომელიც უზომოდ ზრდის პროდუქციას და მასში სასარგებლო არაფერია. პირიქით, მავნებელიცაა. სტაფილოში ნიტრატის შემცველობის გამომჟღავნების ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ნახეთქები უჩნდება ამ პროდუქტს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ უნდა აღდგეს ნიტრატმზომი, მაგრამ, თუ ბაზარში წასულს გამყიდველი არ დაგრთავთ უფლებას, მის პროდუქციაში ჩაარჭოთ ნიტრატმზომი, მაშინ პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება. კანონი არ გვიკრძალავს და შეგვიძლია, ერთი კილოს ნაცვლად, მხოლოდ ერთი ცალი სტაფილო ან კარტოფილი შევიძინოთ. სუპერმარკეტში სულაც ორ სტაფილოს ყიდულობს ხალხი და საზღვარგარეთაც თითო კარტოფილის შეძენა არავის უკვირს. პანიკა რომ არ გამოვიწვიოთ, ავიღებთ ერთ ცალ სტაფილოს, გამოვალთ გარეთ, ჩავარჭობთ ნიტრატმზომს შიგნით და გადავწყვეტთ, უკან დავბრუნდეთ და დამატებით კიდევ შევიძინოთ აღნიშნული პროდუქცია, თუ აღარ ვიყიდოთ.