„როგორ შეიძლება შახტში მუშაობა, თუკი იქ ჯარზე უფრო მეტი დისციპლინა არ არის?!“

„როგორ შეიძლება შახტში მუშაობა, თუკი იქ ჯარზე უფრო მეტი დისციპლინა არ არის?!“

რატომ ვუსწრებთ მეშახტეების ტრაგედიის მასშტაბით დანარჩენ მსოფლიოს და რა აუცილებელი კრიტერიუმებია საჭირო, რომ მეშახტის პროფესია სასიკვდილო პროფესიასთან არ იგივდებოდეს? ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ირაკლი მანჯავიძე ესაუბრა.

სტატისტიკის თანახმად, მეშახტეების ტრაგედიის მასშტაბს იმის მიხედვით ადგენენ, თუ მილიონ ტონა მოპოვებულ ქვანახშირზე რამდენი ტრაგიკული ფაქტი ფიქსირდება. ტყიბულის შახტში მილიონ ტონაზე არც არის საუბარი, მაგრამ ფატალური შემთხვევები შთამბეჭდავია. ამ მხრივ რატომ ვართ პირველები?

- ყველაზე ცუდი შემთხვევები ავიღოთ, რათა შევადაროთ ტყიბულში არსებულ სიტუაციას. მაგალითად, კუზბასის შახტში მაქსიმალური სიკვდილიანობა 5,6-ია ერთ მილიონ ტონა ქვანახშირზე. ყარაგანდაში ათი წლის საშუალო მონაცემებს რომ გადავხედე, 5,8 ფიქსირდება. საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამთო საქმეში ყარაგანდა ყველაზე გაუბედურებულ და უპატრონო ადგილად ითვლება. მიიჩნევა, რომ იქაურ შახტებში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და გამოსავალი არ ჩანს. მართალია, ახლა იქ შეაჩერეს მოპოვებითი სამუშაოები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საშუალოდ 5,8 დაღუპული მაინც მოდის ერთ მილიონ ტონა ქვანახშირზე. ტყიბულის სტატისტიკას თუ ავიღებთ, პროფკავშირების მონაცემები ძალიან გადაჭარბებულია. მე ავიღე ბოლო მონაცემები, 2016-დან 2018 წლამდე პერიოდი და მივიღე 11, 1 დანაკარგი, ანუ 11 კაცია დაღუპული მილიონ ტონაზე, ე.ი. ჩვენ ყველა ტრაგიკულ მაჩვენებელს ვაჭარბებთ. ყარაგანდას ლამის ორჯერ ვაჭარბებთ. სამთოელები ვერ შევეგუებით, რომ ტყიბულში ადამიანები ასე ადვილად იღუპებოდნენ.

მიზეზები კომპლექსურია, დაწყებული უსაფრთხოების დაუცველობიდან, დამთავრებული იმით, რომ ამფეთქებლის საქმიანობას ჩვენში პროფესიონალურად არავინ ეუფლება.

- მიზეზებზე თუ დავიწყებთ საუბარს, შახტებში არსებული პრობლემები ერთი-ერთზე თანხვდება ჩვენს პრობლემას. გეგონებათ, იქაც ტყიბულზეა საუბარი. იქაც ანალოგიური რამ მოხდა, 90-იანი წლების შემდეგ გაჩერდა შახტები, მრეწველობა. საწარმოებმა დაიწყეს კერძო ხელში გადასვლა, დაიწყო მტაცებლური მოპოვებები. ამიტომაც შედეგმა არ დააყოვნა-კუზბასის ერთ-ერთ შახტზე სასიკვდილო შედეგის მქონე ავარიის მიზეზი სპეციალისტების უმოქმედობა იყო, მათ შორის, უცოდინრობა. თუმცა ყველამ უშველა თავს, იქ უკვე აღარ მოიპოვება ქვანახშირი ასეთი სახით და ყველამ გამოსავალი იპოვა. ამიტომ ჩვენც გავიზიაროთ მათი გამოცდილება და ჩვენიც დავუმატოთ. ჩვენს რეკომენდაციებში ბევრი მათი გამოცდილება გაზიარებულია, მაგრამ არის სპეციფიკა, რომელიც მხოლოდ ტყიბულისთვისაა დამახასიათებელი.

ჩვენთანაც არის უცოდინრობა, იმის გამოც, რომ პაუზის შემდეგ პროფესიონალმა კადრებმა დატოვეს შახტები, კომერციულ საქმიანობას მიჰყვეს ხელი და შახტებს დარჩათ არაკვალიფიციური კადრები. არაკვალიფიციურმა კადრებმა, უცოდინრობამ, შრომის უსაფრთხოების დაუცველობამ კი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.

პროფესიონალიზმის ასამაღლებლად რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი და ტექნიკური პერსონალის ატესტაციის ჩატარება?

- როგორც ვიცი, ტყიბულში გადადგა მენეჯმენტის ძირითადი ბირთვი. რუსეთშიც დაიწყეს მმართველი და ტექნიკური პერსონალის ატესტაციების ჩატარება. ვინც ატესტაციას ვერ გაივლიდა, მართვაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ეს ჩვენთანაც გასაკეთებელია. ამას ემატება დისციპლინის გამკაცრება. დისციპლინა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ჯარში. როგორ შეიძლება შახტში მუშაობა, თუ ჯარზე უფრო მეტი დისციპლინა არ არის?! გახსოვთ, ალბათ, ტელევიზიით გამოვიდა მუშა, მითხრეს, გადიო, მაგრამ მე არ გავედი და დავრჩიო. ასეთი რამ არ შეიძლება. შრომითი უსაფრთხოება, ინსტრუქტაჟები, სამუშაო ადგილებზე პრაქტიკული მეცადინეობები ძალზე სერიოზული საკითხებია. ასევე, ამ ეტაპზე მაინც უნდა მოხდეს ყველა ტექნოლოგიური პროცესის ვიდეომონიტორინგი, რომელიც მიწისქვეშ მიმდინარეობს. სხვა ქვეყნებსაც დაახლოებითი ასეთი გამოცდილება აქვთ სამუშაო ადგილებზე. რა გახდა ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, აუცილებელია გაზების კონცენტრაციების კონტროლის აპარატურა და ა.შ.

შახტებზე ზედამხედველობა ვის უნდა დაევალოს?

- ცხადია, უსაფრთხოებას სჭირდება ზედამხედველობა. ტყიბულში ხორციელდება ადგილობრივი ზედამხედველობა თვითონ შახტზე, მაგრამ არის კიდევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორც ჩანს, უსაფრთხოების მხრივ ვერ არის საქმე კარგად. როდესაც ასეთი ამბავია ქვეყანაში ატეხილი და მომხდარი ფაქტის გამოძიებას ცდილობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს დადებული დასკვნა, თუ რა მოხდა. ორჯერ თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ამოწმებდნენ შახტებს. იანვარში იყვნენ ჩასულები, მერე სამი თვის წინ ავარია რომ მოხდა, მაშინაც ჩავიდნენ და ახლაც ჩავიდნენ. პირველი ინფორმაცია მათ უნდა ჰქონდეთ, რატომღაც ეს ხალხი არ ჩანს. არადა, იქ პროფესიონალი სამთოელები უნდა იყვნენ, რომლებიც ამ საქმეს მიხედავენ. აიყვანონ პროფესიონალები, რომელთაც პულსზე ედებათ ხელი, თუ რა ხდება შახტებში. ეს მარტო ტყიბულს არ ეხება, ჭიათურასაც... ათასი ობიექტია. ის, რაც პრობლემურია კემეროვოს ოლქში, ზუსტად შეიძლება ჩვენთანაც გადმოვიტანოთ, რომ საკმარისი რაოდენობით კვალიფიციური კადრები არ გვყავს.

ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ მიაწვდის შახტებს შესაბამის კადრებს?

- 2015 წელს კადრებთან დაკავშირებით მომმართეს ტყიბულიდან, სპეციალისტი სჭირდებოდათ ტექნიკურ საკითხებში. მაშინ ჩვენი პროფესორი გელა მაჩაიძე წასული იყო საზღვარგარეთ თავისი პროფესიით სამუშაოდ. ჩამოვიყვანეთ, გავუშვით ტყიბულში, იმუშავა ცოტა ხანს და ვერ გაძლო ამ კაცმა, მიატოვა ყველაფერი და წამოვიდა. იქ მან გააკეთა ანგარიში - „საქნახშირი- ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით უზრუნველყოფის პრობლემები და გადაწყვეტის გზები“. ამ ანგარიშში პირდაპირ ჩანს სერიოზული პრობლემა, მისი დასკვნით, უახლოეს პერიოდში ტყიბულს სჭირდებოდა ინჟინერ-ენერგეტიკოსი 8-12 კაცი, ინჟინერ-ტექნიკოსი 10-15 კაცი, ინჟინერ-ავტომატიკოსი 5-10 კაცი, ინჟინერ-ტექნოლოგი 15-22 კაცი, მარკშეიდერი და ა.შ. ამ რეკომენდაციებიდან არც ერთი არ შესრულდა, არავინ წასულა ჩვენიდან იქ სამუშაოდ, რადგან რომელი მშობელი გაუშვებს ასეთ საწარმოში შვილს? ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეივსოს ტყიბული კვალიფიციური კადრებით. პრობლემაა, რომ არ გვყავს ამფეთქებლები. საქართველოში არ არის ორგანიზაცია, რომელიც გამოუშვებს ამფეთქებლებს. ადრე ეს პროფესია მხოლოდ ჩვენს კათედრაზე იყო, მერე მოიშალა და ამის გამო წარმოებებსაც გაუჭირდათ. მათ სჭირდებათ პროფესიული განათლების მქონე ამფეთქებლები, რომელთაც ექნებათ დიპლომი. შევიკრიბეთ სპეციალისტები და ბრწყინვალე პროგრამა შევადგინეთ, თუ როგორ უნდა გაიაროს ადამიანმა ჩვენი კურსები. ეს არ იყო ხანგრძლივვადიანი კურსები, ოთხთვიანი იყო. ამჟამადაც მირეკავენ წარმოებებიდან, მეკითხებიან, როდის გაიხსნება თქვენთან ასეთი კურსები, გვჭირდება ამფეთქებლები, ვერ ვმუშაობთო. ამიტომ განათლების სამინისტროს უნდა ვთხოვოთ, ან დაგვიჩქაროს ეს პროექტი, ან, თუკი უარს გვეუბნებიან, გვითხრან, რატომ გვეუბნებიან უარს. გარდა ამისა, უსაფრთხოების წესები თავიდან შესადგენი და დასახვეწია და სხვა ქვეყნებს უნდა გავუსწორდეთ, რომელთაც ანალოგიური პრობლემები გადაწყვიტეს. მაგრამ ის, რაც უწერიათ უკვე არსებულ უსაფრთხოების წესებში და იმასაც არ იცავენ, ეს არის უბედურება. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა სქელი ციცაბო კედლის დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, რადგან, რითაც მუშაობენ დღეს ტყიბულში, ეს არ არის თანამედროვე ტექნოლოგიები.

ვთქვათ, უსაფრთხოდ მოვიპოვეთ ქვანახშირი, მაგრამ ქვანახშირს რეალიზაციის ბაზარი სჭირდება. ამ მხრივ ხარვეზებია?

- ნამდვილად არის პრობლემა, თუ რა უნდა ვუყოთ ამ პროდუქციას. სად წავიღოთ პროდუქცია? დღეს ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია ცემენტის წარმოება, რადგან კლინკერის (ცემენტის ძირითადი ნედლეული) დამზადების დროს იყენებენ ქვანახშირს. ათი წლის წინ საქართველოში გაზზე მომუშავე ღუმელები გადაიყვანეს ქვანახშირზე, რადგან წვის პროცესში კლინკერი უფრო ხარისხიანი გამოდის და ქვანახშირით უფრო მაღალი ხარისხის ცემენტი მიიღება, ვიდრე გაზის ღუმელებში. თუმცა სამწუხაროა, რომ ნელ-ნელა მოიმატა გაზზე გამომწვარი კლინკერების მოცულობამ, რომელიც 20-25%-ით იაფია, მაგრამ უხარისხოა. ამიტომაც გაანახევრეს მოთხოვნა ჩვენს ქვანახშირზე, უხარისხო კლინკერის ნახევარი შემოაქვთ ირანიდან, ურევენ ერთმანეთში და მიდის ცემენტის წარმოება ამ არასწორი გზით. ეს მაშინ, როცა აქაურ წარმოებას უნდა შეწყობოდა ხელი. ასეთი შერევით მოხდება ის, რომ, ვინც ყიდის ამ ცემენტს, ის მოითბობს ხელს, ფასს არ დაუწევს, ეკონომიას გააკეთებს და ხარისხს დააგდებს.

სხვათა შორის, ცემენტიც ირანიდან შემოდის და ფასიც უფრო დაბალია, ვიდრე აქაური ცემენტის. ხომ შეიძლება, მივმართოთ მთავრობას, რომ საგადასახადო პოლიტიკაში აისახოს, საბაჟო გადასახადი ცოტა მოუმატონ შემოტანილ პროდუქციას, რის შემდეგაც ჩვენი ნახშირი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და კლინკერიც უკეთესი ხარისხის იქნება. თორემ ასე თუ გავაგრძელებთ, ცოტა ხანში შემოტანილი ცემენტი წალეკავს აქაურობას და ჩვენი მწარმოებლები ამ საქმეს თავს დაანებებენ. სხვათა შორის, ცემენტის შემოტანისას იხდიან მხოლოდ საბაჟო გადასახადს მაშინ, როცა ჩვენი მწარმოებლები იხდიან საშემოსავლოსაც, მოგების გადასახადსაც, დღგ-საც და ეს ბევრად მეტია, ვიდრე მათი საბაჟო გადასახადი.

გარდა ამისა, ტყიბულში არის მცირე ზომის -13,2 მეგავატის მქონე თბოელექტროსადგური, რომელიც დღეს გაჩერებულია. სამთოელებს დიდი ხანია გვპირდებიან, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს ავაშენებთო. 20 წელია, ამაზე საუბრობენ, არადა, დღეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების შენების ტენდენციაა. მით უმეტეს, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები ზამთარში ნაკლებს გამოიმუშავებენ, ზაფხულში ბევრს გამოიმუშავებენ და ელექტროსადგურები საჭიროა. ამიტომ 150-200 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის აშენება ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე გააუმჯობესებდა ქვეყანაში ენერგეტიკულ მდგომარეობას.

როგორც ვიცი, სამთოელების იდეაა, ტყიბული მაღალმთიანი რეგიონების ნუსხაში შეიყვანოთ. ეს გადაარჩენდა ტყიბულს?

- ჩვენი ქვანახშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის და იმისთვის, რომ ტყიბული არ მოკვდეს საბოლოოდ, აუცილებელია ტყიბულის მაღალმთიანი რეგიონების ნუსხაში შეყვანა და ამ კანონის სრულად ამოქმედება ტყიბულისთვის. ზოგადად, ეს კანონი ასეთ რეგიონად მოიაზრებს ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ არსებულ დასახლებებს, თუმცა ამავე კანონში წერია, რომ შესაძლებელია უფრო დაბალ ნიშნულებზეც ამოქმედდეს ეს კანონი, თუკი ამის სათანადოდ დასაბუთება მოხდება. ამიტომ ამ ნუსხაში შეყვანა ბევრ სიკეთეს მოუტანს ტყიბულს, ვინაიდან აქ არის სერიოზული სოციალური შეღავათები მთელი მოსახლეობისა და წარმოებისთვის. კანონი იმასაც ითვალისწინებს, რომ რაღაც პერიოდში მოიხსნას გადასახადები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტყიბულში წარმოებამ იმუშაოს და არაფერი არ გადაიხადოს არასდროს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ამ კანონის ტყიბულზე გავრცელება ნამდვილად კარგი იდეა იქნება. დაბოლოს, სამთოელების მოსაზრებაა, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით შევქმნათ სამთო დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო 3-5 წევრის შემადგნელობით. სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება კი დაევალოს სამთო საზოგადოებასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.