„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“

„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“

საპარკინგე ადგილები თბილისისთვის დილემად იქცა. მათზე მაღალი მოთხოვნაა და იმის გამო, რომ უკვე არსებული ტერიტორიები ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნილებას, ტროტუარებზე „ამომხტარი“ მანქანების რიცხვიც გეომეტრული პროგრესით იზრდება.

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ იქ, სადაც საპარკინგო ადგილებზე მაღალი მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არსებული სისტემა დარჩება.

თუმცა საინტერესოა, სად უნდა მოეწყოს დამატებითი საპარკინგე ადგილები და აქვს თუ არა თბილისს ამის რესურსი, განსაკუთრებით, ცენტრალურ უბნებში, სადაც სახლი სახლზეა მიბჯენილი და თავისუფალი სივრცე არ არსებობს?

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი გულწრფელნი ვიქნებით, ვერ გავექცევით რეალობას, რომ ცენტრალურ უბნებში საპარკინგე სივრცეების რესურსი არ არის და იქ საეჭვოა, აშენდეს საპარკინგე ადგილები. თანაც, გააჩნია, ცენტრალურ უბანს ვინ რას ეძახის. დიდი პროფესიონალური გამოცდილება არ სჭირდება, რომ რუსთაველსა და სხვა ცენტრალურ ადგილებში არ ჩანს საპარკინგე ადგილები და, თუ გამოჩნდება, ამას მომავალში დავინახავთ. უფრო მეტიც, კიდეც რომ იყოს ასეთი ადგილები, მათი გამოყენება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ვერ მოხერხდება, რადგან ამას ტენდერი, შემდეგ კი საპარკინგე ადგილების მოწყობა სჭირდება.

„როცა ვსაუბრობთ პარკირების ზონირებაზე, აქ იგულისხმება უკვე არსებული ადგილები, თუნდაც პარკირებისთვის გამოყოფილი ის სივრცეები, რაც „სითი-პარკს“ ჰქონდა. ამ ადგილებს უნდა დაედოს ფასი და ღირებულება და ცენტრალურ ნაწილში პარკირება უფრო ძვირი უნდა გახდეს, ვიდრე გარეუბნებში. დღესაც არის საათობრივი კერძო პარკირებები. სასტუმროებთან საათში ვიხდით სამ ლარს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მეტიც, ეს საერთაშორისო მოდელია და ევროპასა და ამერიკაშიც იგივე სტანდარტებია. პარკირების სისტემა კარგია და მისასალმებელია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იზღუდება ცენტრში მანქანების დაყენება, ჯერ ისედაც ადგილები შეზღუდულია, მაგრამ უკვე არსებულ შეზღუდულ ადგილებშიც მანქანების დაყენება გაძვირდება, ამიტომ მე შეიძლება ადგილი ვიპოვო, როგორც მოქალაქემ და მძღოლმა, მაგრამ იმის გამო, რომ იქ სამი ლარი უნდა გადავიხადო საათში, მე უკვე ვეღარ გავაჩერებ მანქანას. ამით შეიძლება, ცარიელი ადგილები დარჩეს, რადგან ვიღაცამ ეს სამი ლარიც ვერ გადაიხადოს.

თუმცა პრობლემა სხვა რამეშია, თუკი თბილისის მერიის დაპირებისამებრ, პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება შემდეგი წლიდან, თუკი გართულდება და გაძვირდება პარკირება, მაშინ რაღაც ალტერნატივას ხომ უნდა სთავაზობდნენ ქალაქს? თუკი ერთი წლის განმავლობაში ახალი სწრაფი ავტობუსები არ გვეყოლება, ეს ხომ არ გამოიწვევს დისკომფორტს და შეკითხვებს ხომ არ გააჩენს, რა გავაკეთოთ იმ ერთი წლის განმავლობაში, სანამ ყველა ავტობუსი არ ჩანაცვლდება? ხომ შეიძლება, მოქალაქემ დასვას შეკითხვა, სად წავიყვანო ავტომობილი? ამიტომ, როცა გვეტყვიან, დატოვე სახლში ავტომობილი და გადასარევი სატრანსპორტო ქსელით ისარგებლე, ნამდვილად გადასარევი უნდა იყოს სატრანსპორტო ქსელი. ამიტომ კარგი იქნებოდა, ჯერ ავტობუსები შეგვეცვალა და შემდეგ -პარკირებისა და ზონირების სისტემა“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე განმარტებით, რამდენდონიანი ავტოპარკინგიც არ უნდა იყოს, ერთი თუ ხუთდონიანი, თუ მე საშუალება არ მაქვს, პარკინგისთვის საათში სამი ლარი გადავიხადო, შეიძლება საერთოდ ვერ შევიდე იქ.

ეკა ლალიაშვილის აზრით, სულაც არ არის საჭირო, ცენტრალურ ნაწილში რამდენიმედონიანი პარკირების ადგილები იყოს აშენებული. მთავარია, პარკირება იყოს ცალკეულ უბნებში, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ იქვე უნდა იყოს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გააჩერო მანქანა სადგომზე და შემდეგ უკვე ცენტრალურ ნაწილში შეხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით. ასე ხდება უცხოეთშიც, სადაც ქალაქის ცენტრში შესვლა ფასიანია. იქ ცენტრში შედიან ადამიანები, რომელთაც უღირთ ამ თანხის გადახდა, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ასე ხდება თუნდაც ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ავტომობილის შესვლა ძვირია, პარკირებაც ძვირია. სამაგიეროდ, ალტერნატივას სთავაზობს ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით. ამიტომაც იქ უკვე აღარავინ დადის კერძო ავტომობოლით, რაც ძვირი სიამოვნებაა, მათი გონებაც ისეა მოწყობილი, რომ, თუ რაღაც სასწაული არ ხდება, არც უღირთ დედაქალაქში მანქანით შესვლა.

„ასეთი განწყობა, მგზავრობის სწორად დაგეგმვა ჩვენთვის ახალია და მენტალური გადაწყობა დაგვჭირდება“.

ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარკირება ცენტრალურ ადგილებში ყველგან საათობრივია, ასე ხდება ევროპაშიც, აზიაშიც. პარკინგიც იგივე სერვისია, მომსახურებაა, რისთვისაც მოქალაქეები ვიხდით შესაბამის საფასურს - გზის მოწყობისთვის, სივრცის დაკავებისთვის. ქართველებიც ვერ ავიცილებთ ამას, თუმცა აქედან შემოსავლები ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

„არსებობს სხვადასხვა საპარკინგე სისტემა - ერთდონიანი, ორდონიანი საპარკინგე სისტემა. არის კიდევ „დაპარკინგდი და გადაადგილდი“, ეს უფრო მეტროსადგურებთანაა. მაგალითად, ტაბიძის ქუჩაზე კაცს აქვს ეზო და იქ აქვს მოწყობილი საპარკინგე ადგილი. ერთი საათით მანქანის გაჩერება ორი ლარი ღირს. არჩევანი უნდა მივცეთ ადამიანებს, მაგრამ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა გვყავდეს, რომ ადამიანმა იცოდეს, პარკინგის წესებს რა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს. მთავარია, შევქმნათ პარკინგის ხედვის ერთიანი გეგმა, რაც იმის მიხედვით განხორციელდება, თუ სად რა მოთხოვნებია. ამისთვის ახალი ინფრასტრუქტურა, საპარკინგე მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეები უნდა განვითარდეს, რადგან მთავარ ქუჩებზე, რომლებზეც გადაადგილება ხდება ავტობუსებით და ავტომანქანებით, ხშირად პარკინგისგან მოუწესრიგებელი გზები ჩახერგილია. ამის მოგვარება აუცილებელია. დღეს არ არსებობს სისტემა და სჭირდება თუ არა ადამიანს, ავტომანქანა მაინც პარკინგზე უყენია“, - აცხადებს გელა კვაშილავა.

მისივე თქმით, საპარკინგე ადგილები ბევრ დაწესებულებას, კერძო ორგანიზაციას გააჩნია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი საპარკინგე გეგმის შექმნა. რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ მანქანით პირდაპირ სახლში შევიდეთ, ასე ვერასდროს მოხდება, რომ მანქანით პირდაპირ „შევაბიჯოთ“ ჩვენს ბინებში.